Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდის დროს 73 %-მდე ხდება თირკმლის გართულებები. ეს დადგენილი სტატისტიკაა,“ - ექიმი-უროლოგი გიორგი ბოჭორიშვილი

„კოვიდის დროს 73 %-მდე ხდება თირკმლის გართულებები. ეს დადგენილი სტატისტიკაა,“ - ექიმი-უროლოგი გიორგი ბოჭორიშვილი

ექიმმა-უროლოგმა გიორგი ბოჭორიშვილმა კოვიდ 19-ით გამოწვეული უროლოგიური გართულებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კოვიდი ძალიან ვერაგი დაავადებაა და მედიკოსებისთვის ის კვლავ ძალიან რთულ პრობლემად რჩება:

​კოვიდი ძალიან რთული პრობლემაა, ძალიან ვერაგი დაავადებაა. თავისი მიმდინარეობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი გახლავთ ანგიოტენზინ გარდამქმნელი ენზიმი 2, რომელიც არის ბევრ სხვადასხვა ორგანოში. სწორედ ამ ენზიმის დაზიანებით აღწევს ვირუსი ორგანიზმში. ვირუსი ენზიმის დაზიანებით შედის უჯრედში, აზიანებს უჯრედს. ანგიოტენზინ გარდამქმნელი ენზიმი 2 აწესრიგებს არტერიულ წნევას, ებრძვის ინფექციას, აუმჯობესებს შეხორცებას. ეს ენზიმი ჭარბი რაოდენობით არის ფილტვებში, გულში, ნაწლავებში, სისხლძარღვებში. პრაქტიკულად ორგანო არ არის, რომ ეს არ ჭარბობდეს. ეს ენზიმი 2 განსაკუთრებით აქვთ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, გულის დაავადებები.“

გიორგი ბოჭორიშვილის თქმით, ადამიანებს, რომლებსაც კრეატინი მომატებული აქვთ, კოვიდის შემთხვევაში მეტი საფრთხე ემუქრებათ:

„როდესაც მომატებულია კრეატინი,​ ეს ჯგუფი ძალიან დიდი ხიფათის შემცველია კოვიდის შემთხვევაში. თუ კოვიდ დისტრესი განვითარდა, შესაძლებელია თირკმლის მწვავე უკმარისობა განვითარდეს. რა არის თირკმლის მწვავე უკმარისობა? ეს არის კრეატინის მომატება, რომელიც აუცილებლად საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას, ისეთს, როგორიც არის დიალიზი. მისი მეშვეობით ხდება სისხლის გაწმენდა, ცხოველმყოფელობის შენარჩუნება ადამიანის.“

გიორგი ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ კოვიდის დროს 73 % -მდე ხდება თირკმლის გართულებები:

„კოვიდის დროს 73 % - მდე ხდება თირკმლის გართულებები. ეს დადგენილი სტატისტიკაა. ​სიმსივნეები ხომ ვერ შეჩერდება, სიმსივნეები ხომ არსებობს. ბევრია დაავადებული შარდსასქესო სისტემის სიმსივნეებით. აღმოჩნდა, რომ ამათი ოპერაციები უაღრესად დაცულ საოპერაციოებში უნდა გაკეთდეს. 20 % -მდე იზრდება სიკვდილიანობა, თუ ამას არ გააკეთებ. ეს ძალიან პრობლემური თემაა.“

„უროლოგიურ პრობლემებს სეზონურობა, რასაკვირველია, ახასიათებს. რამდენიმე დღის წინ თოვლი რომ მოვიდა, ტრავმატოლოგიური დაწესებულებები გავსებული იყო. მოიმატა საყოფაცხოვრებო ტრავმამ, საავტომობილო ტრავმებმა. სიცივეში უფრო ჭარბობს საშარდე სისტემის ინფექცია, რომელიც უხშირესად უფრო ქალებში ვითარდება. ​რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი კოვიდის დროს ე.წ. კოვიდური ცისტიტის. ძალიან საინტერესო ცვლილებებს ნახულობენ თვითონ შარდის ბუშტის კედელში. ეს გარედან არანაირად არ ჩანს. ბაზალური მემბრანის დაზიანება ხდება. ამ პაციენტების შარდში კოვიდის რიბონუკლეინის მჟავა ვერ აღმოაჩინეს. არც სხვა ინფექცია იყო რამე, მაგრამ გამოვლინება ჰქონდა ერთ-ერთი ძალიან მძიმე დაავადების - ინტერსტიციური ცისტიტის. მისი მსგავსი გამოვლინება აქვს სწორედ ამას,“ - გიორგი ბოჭორიშვილმა აღნიშნულ თემაზე Euronews Georgia-ს გადაცემაში „გამარჯობა ევროპა“ ისაუბრა.

წყარო:​ Euronews Georgia

წაიკითხეთ სრულად