Baby Bag

„გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე!“ - შალვა ამონაშვილის რჩევები ცელქი ბავშვების მშობლებს

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს ურჩია ბავშვს სიცელქე არ აუკრძალონ:

„თქვენს ბავშვებს დააკვირდით, მათ მრავალმხრივი ნიჭი აქვთ, მოუსვენრები არიან ძალიან. მეც მოუსვენარი ვიყავი, მაგრამ ახლანდელი ბავშვი ნებისმიერი ათჯერ გადააჭარბებს ჩემს მოუსვენრობას. მათ ჰიპერაქტიურები დაარქვეს. ამით უფროსებმა თითქოს თავიანთი თავი დაიცვეს, განსაკუთრებით მასწავლებლებმა: „ბავშვი თუ ჰიპერაქტიურია, მე რა ვქნა?! მოუარე, მოაჭკვიანე და მომიყვანე, თორემ ჰიპერაქტიურია, ხელს მიშლის, გაკვეთილი ჩამიშალა, არ მისმენს, არ აკეთებს.“

ჰიპერაქტიურობა რითი იზომება? ამისი მზომელი არის მასწავლებელი ან მშობელი, რომელიც ვერ იმორჩილებს ბავშვს. რა უნდა ბავშვს იცით? თუ მასწავლებელი ხარ, ბავშვზე უფრო აქტიური იყავი. გადააჭარბე იმის აქტიურობას, უფრო შემოქმედი იყავი და ვეღარ დაინახავ ჰიპერაქტიურობას.

თუ სახლშია ბავშვი, როგორი გირჩევნია ცელქი თუ დამშვიდებული, მოწესრიგებული, ყველაფერი თავის ადგილზე რომ აქვს? ცელქი ბავშვები ცხოვრების მარილია. იმათ მიჰყავთ ცხოვრება. თუ ვინმე ცელქი იყავით ბავშვობაში, ლიდერები გახდებით ცხოვრებაში. ცელქი ბავშვები მომავალში ხდებიან გამოჩენილი მსახიობები, მეცნიერები, პოლიტიკოსები. ბავშვი თავის ცელქობაში თითქოს მომავალს იჭერს. თუ იცი, რომ ბავშვი, რომელიც სკამებს ააყირავებს და გემს აშენებს, ის ამით მომავალს დაეძებს თავის თავში, თვისებებს ივითარებს, უნდა ჩაჯდე შენც ამ გემში და უთხრა: „წამო, ერთად გავცუროთ.“ გიყვარდეთ ცელქი ბავშვები და არ აუკრძალოთ სიცელქე! იმათთან ერთად იცელქეთ, თუ გინდათ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს ყველაზე კარგი თვისება, რითაც ამ ცხოვრებაში უნდა გაიმარჯვოს. უნდა გააცელქო ბავშვი, რომ მასში გააღვივო მომავალი,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​„ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

სმარტფონის დატენვისას ამ შეცდომას ხშირად ვუშვებთ, რაც ელემენტს სწრაფად აფუჭებს

სმარტფონის დატენვისას ამ შეცდომას ხშირად ვუშვებთ, რაც ელემენტს სწრაფად აფუჭებს

კვლევებით ოფიციალურად დადასტურებულია, რომ სმარტფონის ელემენტის ბოლომდე დატენვა მას ძალიან აზიანებს. ადამიანები მობილური ტელეფონების დატენვის დროს ძალიან ხშირად უშვებენ შეცდომებს, რის გამოც სმარტფონის ელემენტი მალე ფუჭდება და თავის ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს.

მობილურის ელემენტი ძალიან მარტივად ფუჭდება, თუ მას ყოველთვის 0%-მდე ცლით და შემდეგ 100 %-მდე ტენით. როდესაც ადამიანები სმარტფონების ელემენტის რესურსს სრულად იყენებენ და შემდეგ მას ბოლომდე ტენიან, მისი რესურსი მნიშვნელოვნად მცირდება, დაახლოებით 300-500 ციკლით.

სმარტფონის ელემენტისთვის იდეალური შუალედი 40-80 % -მდე მარაგია. iPhone-ის ბოლო მოდელებისთვის ჭკვიანი დამტენები შექმნეს, რომლებიც 80 %-მდე დამჯდარ ელემენტს ნელ-ნელა, ეტაპობრივად ტენის 100 %-მდე. ტექნოლოგიების მწარმოებლები მომხმარებლებს ურჩევენ, რომ გაჯეტები 100 %-მდე არ დატენონ და ისე გამოიყენონ.

სმარტფონებს ძალიან აზიანებს ელემენტის დატენვის პროცესში რთული ოპერაციების განხორციელებაც, როგორიცაა თამაშები. პროგრამები, რომლებიც ელემენტის სწრაფად დაჯდომას უწყობს ხელს, მას ახურებს და ასუსტებს. თუ მსგავს პროგრამებს ელემენტის დატენვის პროცესში იყენებთ, ელემენტზე ზეწოლა ორმაგდება და მისი სიცოცხლისუნარიანობა მნიშვნელოვნად მცირდება.

მომზადებულია ​news.day.az - ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად