Baby Bag

„თუ ბავშვი მორიდებულია, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა... მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ,“ - შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მორიდებული ბავშვების შესახებ ისაუბრა და მშობლებს ურჩია, რომ შვილებში ამ თვისებას არ შეეწინააღმდეგონ. შალვა ამონაშვილის თქმით, მორიდებულობა ადამიანს ამშვენებს და ასეთი ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს საზოგადოებაში:

„მორიდებულობას რა სჯობს?! ბავშვი თუ რამეში მორიდებულია, დაუტოვეთ ეს მორიდებულობა, შეუნარჩუნეთ. მერე ის რაღაც ცუდი ჩვევა წავა და დარჩება ეს განცდა, რომ სჯობს იყო მორიდებული. ვართ ყოველთვის მორიდებულები სიტყვაში, ქცევებში, ურთიერთობებში? როგორ გვჭირდება მორიდებულობა ცოლს ქმართან, ქმარს ცოლთან, შვილებთან, მშობლებთან.

ეს მორიდებულობა გვამშვენებს ჩვენ. ეს ჩვენი მშვენებაა. მორიდებული ადამიანი ყოველთვის პატივისცემით სარგებლობს, ვიდრე მოურიდებელი. იმას იქვე მივაწერთ თავხედიაო. თუ კაცი მოურიდებელია, თავხედიც არის, უზრდელიაო ვიტყვით კიდეც. გინდათ ეს სახელი თქვენს შვილს მიეწეროს? ამრიგად, თუ მორიდებულია ბავშვი, შეუნარჩუნეთ ეს მორიდებულობა,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო:​ „ამონაშვილის აკადემია“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„აურაცხელი რაოდენობით პოლივიტამინების მიღება არ არის რეკომენდებული,“- პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ პოლივიტამინების აქტიური გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ ისაუბრა:

„ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე წააწყდებით უამრავ ე.წ. იმუნიტეტის ასამაღლებელ საშუალებას, რომელთა რეკომენდაციაც არ არსებობს. ერთადერთი იმუნიტეტის მარეგულირებელი საშუალება არის ცხოვრების ჯანსაღი წესი. ცხოვრების ჯანსაღ წესში შედის სწორი კვება და ფიზიკური აქტივობა. წლამდე ასაკის ბავშვის ოქროს სტანდარტი არის ძუძუთი კვება, დედის რძე. შემდეგ ჩვენ ვამატებთ უკვე ბიოლოგიურად აქტიური ღირებულების საკვებ პროდუქტებს, როგორიც არის: ბოსტნეული, ხილი, ფაფა და ა.შ.

მოზრდილ ასაკში მთელი კვების რაციონის 50% უნდა იყოს ბოსტნეული, 30 % იყოს ხილი, 20 % უნდა იყოს სხვა პროდუქტები, როგორებიც არის ცხოველური ცხიმები, მცენარეული ცხიმები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ბურღულეული, პურის პროდუქცია (ასაკის მიხედვით შეიძლება 30-დან 70-100 გრამამდე დღის განმავლობაში). თუ ასე სწორად იკვებება ადამიანი, მას იმუნიტეტი ჩამოუყალიბდება.

რაც შეეხება ვიტამინების ჩართვას, თუ ჩვენ არ გვაქვს რაიმე კონკრეტული მინერალის ან ვიტამინის დეფიციტი, თუ მიზეზს არ მივაგენით, რატომ გვაქვს ეს დეფიციტი, ამ პოლივიტამინების ჩართვა არ არის რეკომენდებული და არაფრის მომცემია. პაციენტი ტყუილად გადაიხდის თანხას. თუ გვაქვს რაიმე კონკრეტული ვიტამინის დეფიციტი, მის მიზეზს უნდა მივაკვლიოთ. თუ ამ მიზეზს არ აღმოვფხვრით, რამდენი ვიტამინიც გინდა მივიღოთ, კონკრეტული დროის შემდეგ ის ისევ იმ ჰიპოვიტამინოზს დაუბრუნდება, ანუ ნაკლებობა ისევ განვითარდება.

აურაცხელი რაოდენობით პოლივიტამინების მიღება არ არის რეკომენდებული. ერთადერთი ყველაზე კარგ საშუალებას ვხმარობ, ჯერ კიდევ ჩემი მასწავლებლისგან ნასწავლს, ეს არის თაფლი, ლიმონი და ზოგ შემთხვევაში ალოე ვერას წვენი. ეს ერთმანეთში არის არეული სპეციალური დოზირებით. თუ კონკრეტულ ინგრედიენტზე არ არის ალერგია. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით ბავშვს მისცეთ,“- მოცემულ საკითხზე თემურ მიქელაძემ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო:​ „რადიო იმედი“ 

წაიკითხეთ სრულად