Baby Bag

კვლევა - ბებიებს შვილიშვილებთან უფრო ძლიერი კავშირი აქვთ, ვიდრე საკუთარ შვილებთან

კვლევა - ბებიებს შვილიშვილებთან უფრო ძლიერი კავშირი აქვთ, ვიდრე საკუთარ შვილებთან

ბებიებსა და შვილიშვილებს შორის კავშირი, შესაძლოა, იმაზე ძვირფასი იყოს, ვიდრე აქამდე წარმოედგინათ. ახალმა კვლევამ, რომელიც ბებიების ტვინის ფუნქციიას იკვლევდა, დაადგინა, რომ ბებიებს, შესაძლოა, შვილებთან შედარებით უფრო ძლიერი კავშირი შვილიშვილებთან ჰქონდეთ, რადგან ისინი შვილიშვილების მიმართ მეტ ემოციურ თანაგრძნობას განიცდიან.

ემორის უნივესიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 50-მდე ბებიამ მიიღო მონაწილეობა, რომლებსაც 3-დან 12 წლამდე ასაკის შვილიშვილები ჰყავდათ. ბებიების ტვინის აქტივობაზე დაკვირვებისთვის მათ ფუნქციური მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახულება გამოიყენეს, როდესაც ისინი შვილიშვილების, შვილებისა და სხვა ზრდასრულებისა თუ ბავშვების ფოტოებს ათვალიერებდნენ.

კვლევის ხელმძღვანელის განცხადებით, ბებიები შვილიშვილების ფოტოების დათვალიერებისას ბავშვების გრძნობებს ირეკლავდნენ და გრძნობდნენ, რას განიცდიდა მათი შვილიშვილი. როდესაც ფოტოზე ბავშვი სიხარულს გამოხატავდა, ბებიაც სიხარულს განიცდიდა. ფოტოზე ბავშვის დისკომფორტის შემჩნევისას, ბებიები სტრესს განიცდიდნენ.

ემორის უნივერსიტეტმა მსგავსი ტიპის კვლევა ადრე მამებზეც ჩაატარა და შვილების ფოტოების დათვალიერებისას მათი ტვინის ფუნქცია გამოიკვლია. ბებიების შემთხვევაში მამებთან შედარებით უფრო აქტიურდებოდა ტვინის ის უბნები, რომლებიც ემოციურ თანაგრძნობაზეა პასუხისმგებელი.

მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ბებიის შვილიშვილებისადმი დამოკიდებულებაში წამყვანი ემოციური თანაგრძნობაა.

ბებიებთან ინტერვიუებით დადგინდა, რომ მათ უფრო მეტად შეეძლოთ შვილიშვილების თანადგომა, რადგან ისინი აღარ გრძნობდნენ წნეხს მატერიალური საკითხების გამო და დროის სიმცირეს, რასაც განიცდიდნენ საკუთარი შვილების აღზრდის დროს.

ბებიების დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ მათ უფრო მეტად მოსწონთ ბებიად ყოფნა, ვიდრე დედობა.

უახლესი კვლევებით დგინდება, რომ ბებიების ჩართულობა ბავშვზე ზრუნვაში დადებითად აისახება ადრეული ასაკის ბავშვების კოგნიტურ, მოტორულ და სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე. ბავშვების ცხოვრებაში ბაბუებიც პოზიტიურ როლს ასრულებენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევით დადგინდა, რომ ბავშვებს, რომლებიც ბებია-ბაბუების აქტიური ჩართულობით იზრდებიან, ნაკლები ემოციური და ქცევითი პრობლემები აქვთ.

წყარო:​ Independent.co.uk


შეიძლება დაინტერესდეთ

„გუშინ სანი 1 წლის გახდა, უკვე დიდი ბიჭია, მე კი მრცხვენოდა, რომ მიხაროდა,“ - არჩილ სოლოღაშვილი

„გუშინ სანი 1 წლის გახდა, უკვე დიდი ბიჭია, მე კი მრცხვენოდა, რომ მიხაროდა,“ - არჩილ სოლოღაშვილი

ტელეწამყვანმა არჩილ სოლოღაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ მისი შვილი, პატარა სანი 1 წლის გახდა. არჩილ სოლოღაშვილის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენების გამო მას შვილის იუბილეზე სიხარულის შეგრძნების გამო რცხვენოდა:

„გუშინ სანი 1 წლის გახდა. უკვე დიდი ბიჭია და მე კიდე მრცხვენოდა, რომ მიხაროდა. მრცხვენოდა, რომ მავიწყდებოდა ის, რაც ხდება უკრაინაში, სადაც ამდენი უდანაშაულო ბავშვი იღუპება და ეწირება ნადირებთან ბრძოლას. ყველა ბავშვი იმსახურებს ნათელ და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრებას.

მადლობა ყველას, ვინც მოგვილოცეთ და ბოდიში ვისაც ვერ გიპასუხეთ.

დიდება უკრაინას, დიდება გმირებს,”- წერს არჩილ სოლოღაშვილი.

წაიკითხეთ სრულად