Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჰიტლერს დედა რომ დაუძახებდა: „ადოლფ!“ „ახლავე, დედიკო,“ მას ასეთი პასუხი ჰქონდა,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა მშობლების მიერ შვილებთან ურთიერთობისას დაშვებული შეცდომების შედეგებზე

„ჰიტლერს დედა რომ დაუძახებდა: „ადოლფ!“ „ახლავე, დედიკო,“ მას ასეთი პასუხი ჰქონდა,“ - ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა მშობლების მიერ შვილებთან ურთიერთობისას დაშვებული შეცდომების შედეგებზე

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ბავშვის გარდამავალი ასაკის სირთულეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრობლემები ბევრად ადრე ჩნდება, თუმცა გვიან ვლინდება:

„გარდამავალი ასაკის სირთულე მანამდეა. ​პირველი ჯიუტობის ხანა 2-დან 4-5 წლამდე გრძელდება. იქ არის ნაღმი ჩადებული, რომელიც შემდგომ აფეთქდება. მანამდე არის ფარული პერიოდი. ბავშვი არის მორჩილი მეტ-ნაკლებად. ჰიტლერს დედა რომ დაუძახებდა: „ადოლფ!“ „ახლავე, დედიკო,“ მას ასეთი პასუხი ჰქონდა, მაგრამ ორიდან ხუთ წლამდე იყო ნაღმი ჩადებული.  4-5 წლის ასაკიდან 11-12 წლამდე ბავშვი იტყვის: „ახლავე, დედიკო,“ მერე აჯანყდება.“

ნანა ჩაჩუამ მშობლებს ურჩია, სიზარმაცის გამოვლენის დროს ბავშვს გაგებით მოეკიდონ და მისი განცდა ამოიცნონ:

„არ მეცადინეობს ხომ ბავშვი? თვენ როგორ ფიქრობთ, რატომ არ უნდა ბავშვს მეცადინეობა? მას ეზარება. მაშინ ვუთხრათ: „გეზარება ხომ?“ თუ უთხარი: „გეზარება?“ ეს ბავშვისთვის მიუღებელია. „გეზარება ხომ?“ - ნიშნავს, რომ მე შენი გრძნობა ამოვიცანი და ამავდროულად შენთან ვარ.“

„საუბრის ტონსაც მნიშვნელობა აქვს. ფსიქოლოგი ასეა, ყველა სიტყვას იჭერ. რატომ აქვს ტონს მნიშვნელობა? არის ტექსტი და არის ქვეტექსტი. ​ინტონაცია და იქ მახვილი ქმნის კონტექსტს. ამის შემდეგ ბავშვს მე ვუგზავნი ჩემს განცდას. დავუშვათ ბავშვს ოთახი აქვს მოუწესრიგებელი. ვკითხავ: „დაგეზარა დალაგება, არა?“ შემდეგ ვიყენებთ პირველი პირის ნაცვალსახელს „მე.“ მე გელაპარაკები ჩემს შესახებ. შენ არ გეხები. „მე ძალიან ვწუხვარ, რომ ამის დალაგებაზე დრო უნდა დავკარგო, სხვა საქმე გამიფუჭდება. შენგან ჩემი პატივისცემა იქნება, სხვა დროს რომ ეს დაალაგო,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ ტელეკომპანია „POSTV”-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“

წაიკითხეთ სრულად