Baby Bag

„ბავშვები, რომლებიც ბაღის ასაკში მეცადინეობენ, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მიზანშეუწონლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ასაკის ბავშვის შემეცნების გზა თამაში უნდა იყოს:

„დასწავლა არის ქცევა. თამაშიც არის ქცევა. სკოლამდელ ასაკში წამყვანი ქცევა თამაშია და არა დასწავლა. ბავშვი სწავლობს თამაშით. კარგ საგანმანათლებლო სისტემებში პირველ კლასშიც ასწავლიან თამაშით. სწავლასა და დასწავლას შორის განსხვავებაა. დასწავლის წინააღმდეგი ვარ ამ ასაკში. დასწავლა ნიშნავს ძალისხმევით, ნებელობით მიზანმიმართულ აქტივობას და მეცადინეობას. ეს ამ ასაკში არის მიუღებელი. ამ ასაკში ხალისით სწავლობენ ბავშვები. ეს უნდა იყოს თამაში.

საქართველოში თამაშს ყველა უგულებელყოფს. ეს არის ბავშვის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური ქცევა. თამაში არის ფუნდამენტური ცნება ბავშვის განვითარებაში. თამაშის გარეშე ბავშვი არ ვითარდება და არ სწავლობს. 6 წლამდე ასაკში ბავშვს დასწავლა არ შეუძლია, იმიტომ, რომ მას არ აქვს მომწიფებული შესაბამისი უნარები. ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ძალადობა და მე ვარ ამის წინააღმდეგი. ბევრი კვლევაა, რომელიც გვეუბნება, რომ ბავშვები, რომლებიც მეცადინეობენ ამ ასაკში, ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგანან. მერე ინტერესი და მოტივაცია უქრებათ. არ ვარ ბაღის ასაკის ბავშვის მეცადინეობის მომხრე,“- აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

რა გავლენას ახდენს გოგონას სქესობრივ მომწიფებაზე წონა? - ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

რა გავლენას ახდენს გოგონას სქესობრივ მომწიფებაზე წონა? - ენდოკრინოლოგი ირაკლი ფაღავა

​​ენდოკრინოლოგმა ირაკლი ფაღავამ მოზარდებში წონის უეცარი ცვლილების პრობლემებზე ისაუბრა და მისი შესაძლო მიზეზებიც დაასახელა:

„წონაში უეცარი კლება, შესაძლოა, იყოს, ნივთიერებათა ცვლის უეცარი და გამოხატული აჩქარების შედეგი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს მოჭარბებული ფიზიკური დატვირთვა. ფიზიკურ დატვირთვას საზოგადოდ მივესალმები, მაგრამ ზოგჯერ ზედმეტი მოსდით მშობლებსაც და მწვრთნელებსაც. შესაძლოა, ნივთიერებათა ცვლის აჩქარება იყოს ფარისებრი ჯირკვლის მიზეზით. ყველაზე ხშირი მიზეზი არის ფსიქოლოგიური. მოზარდები, განსაკუთრებით გოგონები დიეტობენ. ისინი ფაქტობრივად შიმშილობენ და მათი დიეტა არ არის ჯანსაღი დიეტა. ეს შეზღუდული კვებაა და ისინი სასარგებლო ნუტრიენტებს იზღუდავენ.“

ირაკლი ფაღავას თქმით, წონა იზოლირებულად არ ფასდება, არამედ სიმაღლესთან ერთად:

„წონას ჩვენ იზოლირებულად არ ვაფასებთ. წონა ყოველთვის უნდა შეფასდეს სიმაღლესთან ერთად. ამისთვის მოწოდებულია სხეულის მასის ინდექსი. სიმაღლის შეფასებისას გასათვალისწინებელია მშობლების სიმაღლე. პრიმიტიული გაზომვები და აწონვა უნდა წარმოებდეს რეგულარულად. თუ ექვს თვეში ერთხელ არა, წელიწადში ერთხელ მაინც. ​მაშინ თვალსაჩინოა ყველანაირი ცვლილება. მრუდები უცებ ახტება ზემოთ ან ჩამოვა დაბლა.“

„ქალიშვილს მენსტრუალური ციკლი რომ დაეწყოს და მოწესრიგებულად გაუგრძელდეს, მას რაღაც რაოდენობით ცხიმოვანი ქსოვილი უნდა ჰქონდეს. ცხიმოვანი ქსოვილი რამდენიმე ჰორმონს გამოიმუშავებს. ეს არ არის უბრალოდ ენერგიის მარაგი. ეს არის ცალკე ორგანო. როგორც ცალკეული ორგანოს ამოკვეთის შემთხვევაში გარკვეული პრობლემები ჩნდება, ასევე ცხიმის სრული ამოღება დიეტობის გამო, ზემოქმედებს ციკლზე, ის რასაკვირველია, იგვიანებს. ​თუ გოგონას 15 წლის ასაკისთვის არ აქვს ციკლი, აუცილებელია, რომ გამოკვლეულ იქნას. ციკლის დაწყებას საშუალოდ ორი წლით ადრე წინ უსწრებს მკერდის გზა. 13 წლისთვის მაინც, თუ გოგონას მკერდი არ აქვს წამოსული რაღაც დონეზე მაინც, ის გამოსაკვლევია. გოგონას სქესობრივი მომწიფება უნდა დაეწყოს ჯერ მკერდის ზრდით,“ - აღნიშნულ საკითხზე ირაკლი ფაღავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“


წაიკითხეთ სრულად