Baby Bag

„მეუღლეებმა გაბუტვა იციან ხოლმე ხანდახან, დაიბოღმებიან, დიდხანს არ ელაპარაკებიან, არაფრით არ არის ეს საჭირო,“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა სიჩუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბრძნული და უგუნური სიჩუმის მახასიათებლები დაასახელა:

„მე ორი სიჩუმე გამოვყავი: ერთი არის ბრძნული სიჩუმე. ჩვენ გვინდა სიმშვიდე, რომ დავისვენოთ, ამიტომ გამოვეყოფით სამყაროს. ეს არის ბრძნული სიჩუმე. გვინდა, რომ მივეცეთ ჩვენს განცდებსა და მოგონებებს. რაღაც გვინდა გავიხსენოთ, ვიღაცას დაველაპარაკოთ სულში, მადლობა ვუთხრათ, რაღაც გავუზიაროთ. სულში დიდი ცხოვრება მიმდინარეობს. სიჩუმეს ზრუნვა სჭირდება. მე ამ ზრუნვით შეიძლება თქვენ კეთილი განცდები და ფიქრები გამოგიგზავნოთ. თუ ოცნებებს არ მივეცი თავი დროდადრო, ჩემი ცხოვრება გაღარიბდება. ასევე მნიშვნელოვანია ლოცვა, სიჩუმე და ლოცვა. ყველაზე კარგი ლოცვა მაშინ არის, როდესაც განყენდები ყველაფრისგან, აღარაფერი გაწუხებს. დახუჭე თვალები, ახედე ცას და თქვი, რაც გინდა. ეს სიტყვა მაღლა წავა. ბრძნული სიჩუმის ნიშანია, რომ მე სხვათა სიჩუმეს გავუფრთხილდე. შეიძლება მე ხმაური მინდა, მაგრამ აგერ მეუღლე ისვენებს, ვიღაცას სჭირდება, რომ რაღაცაში ჩაფიქრდეს. არ უნდა გამოვიყვანოთ მდგომარეობიდან.

რა არის უგუნური სიჩუმე? ზოგჯერ დაბოღმილი, განაწყენებული კაცი ჩაიგუბებს პირში წყალს, გაჩუმდება, განდგება, არავის არაფერს გაუზიარებს, მაგრამ შიგნით იწვის. შიგნით ბოღმა ტრიალებს და ეს დამანგრეველი სიჩუმეა. მეუღლეებმა გაბუტვა იციან ხოლმე ხანდახან, დაიბოღმებიან, დიდხანს არ ელაპარაკებიან, რა არის ეს სიჩუმე? არაფრით არ არის საჭირო. უნდა ვისწავლოთ ბრძნული სიჩუმეები. მე მიყვარდა ხოლმე სახლში ხმაურით მოსვლა. ჩემი მეუღლე ზოგჯერ მეტყოდა: „რატომ ხმაურობ? მოდი, ჩუმად ვილაპარაკოთ.“ ხანდახან უნდა ვიხმაუროთ კიდეც, ხალისიანი ხმაურით, როდესაც ბავშვებთან ვცელქობთ. ზოგჯერ გრძნობებს ვერ შეიკავებ, დაგაყვირებენ გრძნობები, ხმამაღლა გათქმევინებენ რაღაცას. მინდა, გირჩიოთ ახალგაზრდებს ჩემი მეუღლისგან: „მოდი, ჩუმად ვილაპარაკოთ.“ მეც ჩუმად ვესაუბრებოდი მას, მოდი, ეს გავაკეთოთ, მოდი, ახლა ასე მოვიქცეთ. ერთმანეთისა გვესმოდა, გვქონდა უსიტყვო საუბარი, ფიქრით საუბარი, გულით საუბარი. ეს ძალიან ძვირფასი რამ არის და გვინარჩუნებს ჰარმონიას ცხოვრებასთან,“- მოცემულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

შეიძლება დაინტერესდეთ

„კოვიდ-19-ის ვირუსის ფონზე აღინიშნა გარკვეული ცვლილებები მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაში,“ - რეპროდუქტოლოგი ლალი ფხალაძე

„კოვიდ-19-ის ვირუსის ფონზე აღინიშნა გარკვეული ცვლილებები მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაში,“ - რეპროდუქტოლოგი ლალი ფხალაძე

გინეკოლოგმა, რეპროდუქტოლოგმა ლალი ფხალაძემ კოვიდ-19-ის ვირუსის მამაკაცების რეპროდუქციულ სისტემაზე ზემოქმედების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კვლევებით მამაკაცების სათესლეებსა და პროსტატაში გარკვეული ცვლილებები გამოვლინდა:

„საინტერესო მონაცემები იქნა მიღებული.​ აღმოჩნდა, რომ ამ ვირუსის ფონზე აღინიშნა გარკვეული ცვლილებები მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაში. იყო ანთებითი ცვლილებები სათესლეებში, პროსტატაში, ასევე თრომბოზის ნიშნები და გარკვეული ცვლილებები სპერმის პარამეტრებში. რამდენიმე კვლევა არსებობს. ეს ცვლილებები გამოვლინდა უშუალოდ დაავადების მიმდინარეობის და დაავადების გადატანიდან უახლოეს ინტერვალში.“

„ძალიან რთულია დღეს დამაჯერებლად ვისაუბროთ გართულებებზე. ალბათ, ამას წლები დასჭირდება, რომ ჩვენ დავდოთ რეალური დასკვნა. ამ ეტაპზე ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ ვისარგებლოთ იმ კვლევებით, იმ მონაცემებით, რაც დღეისთვის არსებობს. ეს კვლევები მუდმივად მიმდინარეობს, მუდმივად ხდება ინფორმაციის განახლება. არსებული მონაცემებით კოვიდ-19 მნიშვნელოვან გავლენას ​მამაკაცის რეპროდუქციულ ფუნქციაზე არ ახდენს. გარკვეული ცვლილებები ჰორმონულ პარამეტრებთან მიმართებაში აღინიშნა, მათ შორის სპერმის პარამეტრებთან მიმართებაშიც,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლალი ფხალაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად