Baby Bag

„კარგი იქნებოდა, რომ მშობლები ადრეული ასაკიდან გვასწავლიდნენ საკუთარი თავის მიმართ მიმტევებლობას,“- ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე

ფსიქოლოგმა ირინა ტაბუციძემ თვითთანაგრძნობისა და საკუთარი თავისადმი მიმტევებლობის გამოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„უნდა ვიყოთ მიმტევებლები საკუთარი თავის მიმართ. კარგი იქნებოდა, რომ ამას მშობლები გვასწავლიდნენ ადრეული ასაკიდან. მაგალითად, საბავშვო ბაღში ან სკოლაში კონფლიქტი მოუვიდა ბავშვს მეგობართან, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე დედა და მამა ასეთ დროს ბავშვს აუხსნიდა, რომ ხდება ასეთი სიტუაციები და მოდი, ახლა მოვიფიქროთ, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია უკეთესად, როგორ შემოვირიგოთ შენი მეგობარი, როგორ გამოვასწოროთ ეს ყველაფერი. რაღაც გზებს უნდა გვასწავლიდნენ მშობლები.

ხანდახან ხდება ასე, რომ ძალიან მკაცრია მშობელი. არ გამოვიდა? შენი ბრალია! ასევე არის მეორე უკიდურესობა, რომ ის არის ცუდი და შენ არაფერში დამნაშავე არ ხარ. ორივე არის აღზრდის მახინჯი, რადიკალური გზა. ადამიანი ამისგან დისკომფორტს იღებს. შემდეგ გვიწევს მეტი წვალება.

ზრდასრულ ასაკში საკუთარ თავს შეგიძლია უთხრა, რომ კი, ეს ასეა, მაგრამ შენ მაინც კარგი ხარ. ჩვენ რაც უნდა მოვინდომოთ, რომ კარგად ვიქცეოდეთ და იდეალურები ვიყოთ, ერთია, რომ არ გამოგვდის და მეორეა, რომ ახლობლებს და მეგობრებს ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ. დასვით კითხვა: იგივე შეცდომა ჩემს მეგობარს რომ დაეშვა, რას ვეტყოდი? იმის მიმართ, რა თქმა უნდა, უფრო მიმტევებლები ვართ, ვიდრე საკუთარი თავის მიმართ. ის ტექსტები, რასაც სხვას ეტყოდით რეალურად თქვენია და თქვენთვისაა,“- მოცემულ საკითხზე ირინა ტაბუციძემ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დილის შოუ“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილის შოუ“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად