Baby Bag

„ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა...“ ეს არის წაგების წინაპირობა,“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ თვითშეფასების ამაღლების გზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ადამიანმა ყველაფერი ბედს არ უნდა მიანდოს და გააცნობიეროს, რომ მისი ცხოვრება მისი არჩევანია:

„ვირჩევ სათაურს და იმ სათაურის ქვეშ ხდება ფაქტების შემოყრა. თუ ავირჩიე, რომ „ლუზერი“ ვარ, ყველა ის ფაქტი, რომელიც ამას ესადაგება, შემოვა ამ სათაურის ქვეშ. ეს გვიდასტურებს იმას, რომ „აი, ხომ ვამბობდი!“ ალბათ, ყველამ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ძალიან ცუდი ფრაზაა „ბედი არ მქონია, ჩემი ბედი ასეთი ყოფილა.“ ეს არის წაგების წინაპირობა. არავითარი ბედი! ეს არის ჩემი არჩევანი, რა თქმა უნდა, შემთხვევითობაც ზოგჯერ.

მეორე მხარე არის ის, რომ უბრალოდ ფაქტებს ვაკვირდები და სათაურს ვარქმევ. როგორ ვაკვირდები ამ ფაქტებს და რა კანონზომიერებებს აღმოვაჩენ, ეს არის მნიშვნელოვანი, ჩარჩო რომ შევცვალოთ, ახალი სათაურები შევარჩიოთ მის ქვეშ. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ღირსება არ აქვს. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც რაღაც კარგად არ გამოსვლია. მსგავსი ფაქტების შეგროვებით შესაძლებელია ჩარჩო შეიცვალოს ნებისმიერ თემაზე, რაზეც მას აქვს მწუხარება საკუთარ თავთან მიმართებაში.

ადამიანი არის პროცესი. მისი ცხოვრება პროცესია. ამ პროცესში მას შეუძლია დაანგრიოს, ააშენოს საკუთარი თავი, მიიღოს ახალი ვერსია. მას შეუძლია გენეტიკის შეცვლაც კი. მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს, რომ ფიქრი ცვლის დნმ-ს. ფსიქიკა განკარგავს ჩვენს ფიზიკას. დაავადებებიც კი არის ჩვენი აზროვნების წესის, ცხოვრების წესის პროდუქტი და შედეგი,“- მოცემულ საკითხზე მარინა კაჭარავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“ 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მართალია, ბავშვებს კორონავირუსი გადააქვთ შედარებით მსუბუქად, მაგრამ მათ შეიძლება დააინფიცირონ ირგვლივ მყოფები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

„მართალია, ბავშვებს კორონავირუსი გადააქვთ შედარებით მსუბუქად, მაგრამ მათ შეიძლება დააინფიცირონ ირგვლივ მყოფები,“ - პედიატრი თემურ მიქელაძე

პედიატრმა თემურ მიქელაძემ ბავშვებში ვაქცინაციის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბავშვთა პოპულაციაში კოვიდ-19-ით ინფიცირების რიცხვმა მნიშვნელოვნად მოიმატა:

„თუ ​დაავადების პირველ პერიოდში ბავშვთა პოპულაციაში გვქონდა 10-11 %-ში დაავადება, ახლა ავიდა 25-30%-მდეც კი. ეს უკავშირდება ბაღების, სკოლების გახსნას. მასობრივი ვაქცინაციის მიზანი რა არის? დროის მოკლე მონაკვეთში უნდა მოხდეს მოსახლეობის მაქსიმალური მოცვა.“

თემურ მიქელაძის თქმით, ვაქცინა უსაფრთხოა და ის ბავშვებს 100 %-ით იცავს:

„ვაქცინამ გაიარა უკვე ერთწლიანი გამოცდილება. ის არის უსაფრთხო. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენთანაც ბავშვთა პოპულაციაში დაწყებულიყო ვაქცინაცია. ბავშვებში ვაქცინას პრაქტიკულად 100%-მდე დაცვა აქვს.“

„მართალია, ბავშვებს კორონავირუსი გადააქვთ შედარებით მსუბუქად, მაგრამ მათ შეიძლება დააინფიცირონ ირგვლივ მყოფები, რომელთათვისაც ეს დაავადება, შეიძლება ლეტალურად დასრულდეს.​ ჩემი პაციენტი 100 ბავშვი უკვე აიცრა. მათ არანაირი გართულება არ ჰქონიათ, აბსოლუტურად ისე გადაიტანეს, როგორც აქამდე ჩატარებული ვაქცინაცია. ბავშვებისთვის ვაქცინაცია არ არის ახალი. ისინი 14 წლამდე ასაკში დაახლოებით 15-ჯერ იკეთებენ ვაქცინას. მთავარია სწორი ინფორმირებული თანხმობა, როგორც მშობლის, ისევე ბავშვის,“ - აღნიშნულ საკითხზე თემურ მიქელაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ახალი დღე“ ისაუბრა.

წყარო:​ „ახალი დღე“

წაიკითხეთ სრულად