Baby Bag

,,უმეტეს შემთხვევაში ბავშვებში აგრესიის მაპროვოცირებელი კომუნიკაციის სირთულეები და ყურადღების უკმარისობაა''

,,უმეტეს შემთხვევაში ბავშვებში აგრესიის მაპროვოცირებელი კომუნიკაციის სირთულეები და ყურადღების უკმარისობაა''

უკმაყოფილება მშობლების მიმართ, გაღიზიანება, დეპრესია - რა შეიძლება იყოს მიზეზი და როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს? - აღნიშნულ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ფსიქოლოგი ქრისტინე კარანაია ესაუბრა. 

- დაწყებით კლასის მოსწავლეებზე რომ ვისაუბროთ, ამ ასაკში ყველაფრის მიმართ უკმაყოფილება, აგრესია მშობლების მიმართ. რა წარმოშობს ასეთ ქცევას?

- უმეტეს შემთხვევაში ბავშვებში აგრესიის მაპროვოცირებელი კომუნიკაციის სირთულეები და ყურადღების უკმარისობაა. როგორც წესი, სკოლაში წასვლამდე ბავშვი თავს სამყაროს ცენტრად გრძნობს, მთელი ოჯახი თავს ევლება და გარშემომყოფთათვის ცხოვრების მთავარი საზრისია. უცებ ხვდება გარემოში, სადაც დანარჩენების თანასწორია, არავისგან გამორჩეული, აქვს ყველასთან თანაბარი უფლებები და მასწავლებლების ყურადღებასაც სხვების მსგავსად იღებს. ზოგ ბავშვს ამ ფაქტთან შეგუება უჭირს, მითუმეტეს თუ საბავშვო ბაღში არ უვლია, უფრო მეტად უჭირს კომუნიკაციის დამყარება. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თამაშის ეტაპიდან სასკოლო ეტაპზე გადასვლა, სადაც მეტად სთხოვენ დისციპლინას, რეჟიმში ყოფნას და აქვს მეტი ვალდებულება, რთული შესაგუებელია და ეს სირთულეები აგრესიული ფორმებით ვლინდება. მშობლებთან ბავშვები მეტად ბუნებრივები არიან და უფრო თამამად შეუძლიათ გამოამჟღავნონ საკუთარი ემოციები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კლასშიც საკმაოდ ხშირად ავლენენ აგრესიულ ქცევას.

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ დროს?

- პირველ რიგში, გავარკვიოთ რა დგას ამ აგრესიული ქცევის მიღმა, ბავშვს სკოლა არ მოსწონს, სწავლა უჭირს, ურთიერთობებს ვერ ამყარებს, მასწავლებელთან შეგუება უჭირს, თუ სხვა მიზეზი აწუხებს. აგრესიული ქცევის მიღმა ყოველთვის კონკრეტული მიზეზები არსებობს ხოლმე, რომელსაც ბავშვი ვერ გვაგებინებს, რადგან ან თავადაც ვერ ხვდება, ან ვერბალური მარაგი არა აქვს, ან არ იცის როგორ გაგვაგებინოს. როგორც კი მიზეზს გავარკვევთ, მერე უფრო ადვილი ხდება სირთულეების მოგვარება.

- შეიძლება ამ ასაკში დეპრესია ჰქონდეთ, რა ნიშნებით ხასიათდება დეპრესია ბავშვებში?

- 6 წლამდე ბავშვებშიც ისმევა დეპრესიის დიაგნოზი, თუმცა ეს ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად ხდება და აუცილებლად სპეციალისტმა უნდა შეაფასოს. თუმცა, დეპრესიისკენ მიდრეკილება მოზარდობის ასაკში უფრო ვლინდება. სიმპტომები, როგორც ზრდასრულებში, ასევე პატარა ასაკშიც არის უმადობა, ძილის დარღვევები, უხასიათობა, უენერგიობა, მუდმივი ტირილი, სუიციდური აზრები, კომუნიკაციის სურვილის დაკარგვა, ინტერესების დაქვეითება, მუდმივი გაღიზიანება, დაღლილობა და ა.შ. თუ სიმპტომები გაგრძელდა 2 კვირაზე მეტ ხანს, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.

- რა შეიძლება იყოს დეპრესიის მიზეზი ბავშვებში?

- მიზეზი მრავალნაირი შეიძლება იყოს. დეპრესიისკენ განსაკუთრებით მიდრეკილები არიან ბავშვები, რომლებიც კონფლიქტურ ოჯახებში იზრდებიან, ხშირად ხედავენ მშობლების ჩხუბს, ან მათ ეჩხუბებიან ხშირად. შესაძლოა ოჯახში არსებობდეს ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მომხარების პრობლემები. ასევე, დეპრესიული მშობლების შვილები და სომატური დაავადებების მქონე ბაშვები უფრო მეტად არიან მიდრეკილები.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

შეიძლება დაინტერესდეთ

ეს სამი დაავადება ბავშვებში ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის გამო ხდება - ქირურგი შალვა გაბადაძე

ქირურგმა შალვა გაბადაძემ ბავშვებზე ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესის ნეგატიური ზეგავლენების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხოვრების უძრავი სტილი ბავშვებში გარკვეული დაავადებების განვითარებას უწყობს ხელს:

„ჰიპოდინამიოზს უზარმაზარი უარყოფითი გავლენა აქვს ბავშვთა ასაკში ბავშვებზე. ეს უპირველესად გამოიხატება ხერხემლის ოსტეოქონდროზით. შეიძლება ეს გამოიხატოს მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ფუნქციების დარღვევით, როგორიც არის შარდვის გახშირება ან შარდვის შეკავება.

მესამე შეიძლება იყოს სქოლიოზი, რომელიც ვითარდება ნელა, შემპარავად და იწვევს ტანდეგობის დარღვევას, რაც მშობლებში თავდაპირველად გამოიწვევს გაკვირვებას, შემდგომ კი შიშს.

ეს სამი დაავადება ბავშვებში სწორედ ცხოვრების ჰიპოდინამიური სტილის გამო ხდება,“- მოცემულ საკითხზე შალვა გაბადაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად