Baby Bag

ადრეულ ასაკში დადებითი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის აუცილებელია

ადრეულ ასაკში დადებითი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის აუცილებელია
როდესაც მშობლები პატარას დააძინებენ და მათ გვერდით რჩებიან, ბავშვები მშვიდად აგრძელებენ ძილს, თუმცა ხშირად საკმარისია, ორი წუთით გავიდეს მშობელი, ისინი მაშინვე იღვიძებენ. ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი მაკო გაგნიძე.
- თავიდან, როდესაც ბავშვი ჩვილია, შესაძლოა მშობელი შფოთავდეს, განიცდიდეს, ნერვიულობდეს და ერჩივნოს ის ახლოს ჰყავდეს. ამასთან, ჩვილი დაბადებამდე 9 თვეს დედის სხეულში ატარებს, მიჩვეულია იმ გარემოს და სამყარო მისთვის უცხოა, ამიტომ საწყის ეტაპზე, მშობლის სიახლოვე ძალიან სჭირდება. ამ პერიოდში შესაძლოა, ეძინოს მასთან ახლოს, მაგალითად, გვერდზე მოიდგას მისი საწოლი ან გამოიყენოს საწოლი-მანეჟი, ასე ვთქვათ, მშობლის საწოლზე მისადგამი. რადგან ყველა ბავშვი და შემთხევა ინდივიდუალურია, მიდგომაც უნდა იყოს ინდივიდუალური, მზა და საყოველთაო რეცეპტი ამ სიტუაციისთვის არ არსებობს.
6 თვემდე ასაკში ბავშვს მუდმივად სჭირდება დედა, მისი მზრუნველობა და მოვლა. 6-დან 1,5 წლამდე ვითარდება წარმოსახვა, პატარა ხდება მეტად ემოციური, შესაძლოა დაეწყოს შფოთვა, რამაც ხელი შეუშალოს ძილს. ასეთ დროს ბავშვი თავს დაცულად გრძნობს მშობლების სიახლოვეს. 1,5-დან 2,5 წლმდე ბავშვეს ეშინიათ სიბნელის, მარტო ყოფნის. ვთანხმდებით, რომ ბავშვს შესაძლოა ეძინოს ჩვილობიდან გარკვეულ ასაკამდე მშობლის საძინებელში, თუმცა არა მათ საწოლში. ამასთან, დროთა განმავლობაში, იქნება ეს ცალკე საწოლი თუ საწოლი-მანეჟი ნელ-ნელა, სანიტიმეტრ-სანტიმეტრ უნდა დავაშოროთ მშობლების საწოლს, რათა უმტკივნეულოდ გადავიდეს 3-4 წლის ასაკში, ჯერ საწოლში, რომელიც ცოტა მოშორებით დგას და შემდეგ, დაახლოებით, 6 წლიდან უკვე საკუთარ ოთახში. შესაძლოა, ეს უფრო ადრე მოხდეს. გავიმეორებ, რომ ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და თავისებურ მიდგომას საჭიროებს.
- არის თუ არა ეს მიჯაჭვულობა?
- რაც შეეხება მიჯაჭვულობას, ადრეულ ასაკში დადებითი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება ბავშვის ფსიქო-ემოციური განვითარებისთვის აუცილებელია. მიჯაჭვულობა გულისხმობს არა ამ სიტყვის პირდაპირ გაგებას. მიჯაჭვულობა არის ძლიერი ემოციური კაშირი, რომელიც ყალიბდება შვილს და მშობელს შორის (ან ადამიანს, რომელიც ზრუნავს და პასუხისმგებლობა აკისრია), რისი გადატანაც შემდგომში სამყაროზე და სხვა ადამიანებზე ხდება, ასე ვთქვათ, ეს უნარი გენერალიზდება. 0-1 წლის ასაკში არის ნდობა-უნდობლობის პერიოდი სამყაროსთან მიმართებაში, ხოლო 1-2 წლამდე უკვე სწავლობენ ზემოთ აღნიშნულს და პირველადი შთაბეჭდილებით, თუ როგორი იქნება პირველადი გამოცდილება ურთიერთობებში, ყალიბდება ნდობა ან უნდობლობა. ასე რომ, ეს სიახლოვე საწყის ეტაპზე ამ მდგომარეობისთვის კარგიც არის, თუმცა დრო და დრო საჭიროა დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა.
- ზოგ შემთხვევებში დიდხანს გრძელდება და უკვე მოზრდილებსაც უჭირთ მშობლის გარეშე ძილი. რა უნდა გააკეთოს მშობლებმა, რომ ბავშვი მიეჩვიოს მარტო ძილს?
- საწყის ეტაპზე გავუსი ხაზი ინდივიდუალიზმს, ახლაც მინდა ვახსენო, თუმცა თუკი რაიმე განსკუთრებული საჭიროება არ აქვს ბავშვს (მოზარდს), 6 წლიდან სასურველია ეძინოს ცალკე ოთახში. აღსანიშნავია, რომ ცალკე საწოლში წოლის გამოცდილების მქონე ბავშვები უფრო ადვილად ეჩვევინ სხვა ოთახში ძილს, თუმცა მშობელმა აუცილებლად უნდა შეიმუშავოს რუტინა, რაც ბავშვს მშობლების ოთახში ძილის ასოციაციას დაურღვევს. მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული დრო, საუბარი და შემზადება აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ასევე, მშობელსაც უნდა ჰქონდეს ფსიქოლოგიური მზაობა და მყარი პოზიცია, რომელსაც არ დათმობს. არსებობს გარკვეული სტრატეგიები, თუკი მშობელს დამოუკიდებლად უჭირს ამ პროცედურის განხორციელება და სიტუაციასთან გამკლავება. სამოქმედო გეგმის შესადგენად უნდა მიმართოს სპეციალისტს (ფსიქოლოგი, ქცევითი თერაპევტი). 
ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„მე მიყვარს ძილის წინ აღზრდის პედაგოგიკა, ეს იშვიათი მომენტია...“- შალვა ამონაშვილი

„მე მიყვარს ძილის წინ აღზრდის პედაგოგიკა, ეს იშვიათი მომენტია...“- შალვა ამონაშვილი

აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ბავშვებს შორის კონფლიქტის აცილების გზებზე ისაუბრა და მშობლებს საინტერესო რჩევები მისცა:

„პირველ რიგში, ვურჩევდი, რომ მშობელმა ბავშვები ერთმანეთს არ შეადაროს. ვინ უფრო გააკეთა, ვინ ვერ გააკეთა, ვინ ვის უნდა დაუთმოს, ეს შეფასებები ბავშვებს არ უნდა გავუკეთოთ ჩვენ. არ ივარგებს დიდს ვთხოვოთ, რომ სულ დაუთმოს. პატარას კი უნდა ვთხოვოთ, რომ მოუსმინოს უფროსს, უფროსია ის, იცის რაღაცები. დიდი უნდა გამოვიყენოთ ჩვენ პატარას აღზრდაში. ცალკე უნდა ესაუბროთ უფროსს. უნდა უთხრათ: „ის ჯერ გამოუცდელია, შენ დიდი ხარ. შენ ეს იცი, ის იცი. დაგვეხმარე, რომ ჩვენ ეს პატარა აღვზარდოთ.“ ნელ-ნელა ვასწავლოთ, როგორ დაგვეხმაროს, ყურადღებიანი იყოს, დამთმობი იყოს, დაიცვას ის, ეთამაშოს მას.

„თუ უფროსს გამოუვა და კარგი გამოუვა უმცროსის მიმართ, უნდა გავაზვიადოთ და უთუოდ მადლობა ვუთხრათ უფროსს. მადლობა ვუთხრათ ძილის წინ. მე მიყვარს ძილის წინ აღზრდის პედაგოგიკა. ეს იშვიათი მომენტია ძილის წინ დასარიგებლად, გზაზე დასაყენებლად, მადლობის გადასახდელად, რაღაცის თხოვნა რომ გვინდა ბავშვისთვის. ძილის წინ მიუჯდეს დედა, მამა, უთხრას ბავშვს: „შვილო, მადლობა, რომ დღეს ასე დაგვეხმარე. მადლობა, რომ კარგად მოექეცი შენს ძმას, დიდი მადლობლები ვართ ამისთვის.“ მშობელმა უნდა დაარწმუნოს, რომ მან რაღაც გააკეთა. ეს მისი თვითშეფასება იქნება. პატარასაც თავისი უნდა ვუთხრათ, რომ გაუგონა, დაუჯერა უფროსს. ეს კარგი იყო ძალიან. მადლობა გამოუცხადეთ ბავშვს,“- აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​ამონაშვილის აკადემია

წაიკითხეთ სრულად