Baby Bag

მედიტაციური სავარჯიშოები გადაღლილი მშობლებისთვის

მედიტაციური სავარჯიშოები გადაღლილი მშობლებისთვის

მშობლობა საკმაოდ სტრესული საქმიანობაა, ამიტომ მნიშვნელოვანია იმ სტრატეგიების ცოდნა, რაც დაგვეხმარება რელაქსაციაში. სეირნობა და ვარჯიში საუკეთესო ვარიანტია, თუმცა სხვა გზაც არსებობს და ეს არის მედიტაცია: გონების დამშვიდება აწმყოს სრულად შესაგრძნობად. ეს გარკვეულ დროს და სიმშვიდეს მოითხოვს თქვენგან, მაგრამ შედეგი ნამდვილად აქვს. გთავაზობთ 2 მარტივ სტრატეგიას, ყოველდღიურად გამოსაყენებელს.

ტექნიკა #1: ფოკუსირდით თქვენს სუნთქვაზე

არსებობს ბევრი სუნთქვითი ტექნიკა, რასაც ნახავთ კიდევც ინტერნეტში და გირჩევთ აუცილებლად წაიკითხოთ დეტალურად მისი აუცილებლობის შესახებ. ჩემს მიერ შემოთავაზებული ტექნიკის გამოყენება შეგიძლიათ როგორც თვალდახუჭულებს, ისე პირიქით. ისუნთქეთ ცხვირით, ფოკუსირდით მთლიანად სუნთქვაზე ისე, თითქოს პირველად აკეთებდეთ ამას. დეტალურად დააკვირდით შეგრძნებებს, შეამჩნიეთ როგორ შედის და გამოდის ჰაერი ნესტოებიდან, თქვენი მხრების ნაზ მოძრაობას, ასევე გულმკერდის მოძრაობას შიგნით და გარეთ, მუცლის მოძრაობას შიგნით და გარეთ. გთავაზობთ ლინკებს, სადაც ვიზუალურად კარგად არის ნაჩვენები ეს ტექნიკები.

https://www.youtube.com/watch?v=lPJAtHWq08

https://www.youtube.com/watch?v=Wemm-i6XHr8

ტექნიკა #2 შეგრძნებებზე დეტალური დაკვირვება

დააკვირდით ყველა ფიზიკურ შეგრძნებას, რასაც ამ მომენტში განიცდით, შემდეგ გაიჭიმეთ და ნელა მიაწექით ფეხებით იატაკს, შესაძლოა თქვენ იგრძნოთ სადმე დაჭიმულობა ან ტკივილი, შეამჩნიეთ დადაარქვით ამ შეგრძნებებს სახელი ყოველგვარი განსჯისა და კრიტიკის გარეშე,მაგალითად, გამოთქვით: „მე ვგრძნობ ზეწოლას მხრებზე“ და არა „მე ზეწოლას ვგრძნობ მხრებზე, ეს იმის ბრალია, რომ ბევრს ვმუშაობ“ დაინტერესდით იმით, რასაც ხედავთ ამ წამს, რაც გესმით,ნუ მოახდენთ იდენტიფიკაციას თუ რისი ხმა შეიძება იყოს ეს, უბრალოდ უსმინეთ ყურადღებით, შეიგრძენით გემოები, სურნელი და აღიქვით რასაც ეხებით, ამ სავარჯიშოს გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერ დროსა და ადგილას, დაახლოებით 30 წამის განმავლობაში.

რეალობაა, ის რომ მშობლები ხშირად ვარდებიან ისეთ სიტუაციებში, როცა არ შესწევთ უნარი გაუმკლავდნენსტრესს, სიბრაზეს, გადაღლილობას, კარგავენ თავდაჯერებულობასა და საკუთარი თავისადმი რწმენას.

ჩვენი ფიქრები აშენებენ ჩვენსავე შეგრძნებებს, რომლებიც გვეხმარებიან საკუთარი ცხოვრების „აწყობაში“. საკუთარი ფიქრების გაგება და მართვა აუცილებელი პროცესია და ასევე იმის სწავლა, თუ როგორ მივმართოთ ჩვენი ემოციები იქეთკენ, რომ საბოლოოდ შევქმნათ ის, რაც გვჭირდება სრულფასოვანი ცხოვრებისთვის.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ მშობლებმა უნდა გავაანალიზოთ ის ფაქტი, რომ ჩვენ შეიძლება ვერ ვაკონტროლებდეთ იმას, თუ რა ხდება ჩვენს ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს კონტროლი იმაზე, თუ როგორია ჩვენი ფიქრები, რა მნიშვნელობას ვანიჭებთ და როგორ ვრეაგირებთ მათზე.

შესაძლოა ირგვლივ არსებული გარემოებები ჩვენს კონტროლის გარეთ აღმოჩნდეს, ამიტომ აუცილებელია ვფოკუსირდეთ საკუთარ ფიქრებზე და მიზანმიმართულად „ვავარჯიშოთ“ ისინი, რაც სწორედ მედიტაციით მიიღწევა, მისი ნაწილია მანტრაც, რომლის მიხედვითაც ბგერით-რეზონანსული ჟღერადობა და სიტყვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც აზროვნებაზე, ასევე გარე ობიექტებზე. ეს არის სუფთა ენერგია ცნობიერებაში. მანტრის ბევრჯერ გამეორება ავლენს ძალას და ენერგია უერთდება თქვენს ზრახვებს. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისაკენ.

მე გიზიარებთ რამდენიმე მანტრას, რომელიც ყველა მშობელს გამოადგება. ჩაიწერეთ ისინი დღიურში ან ტელეფონში, სადაც ასევე შეგიძლიათ დააყენოთ „რიმაინდერი“, რომელიც შეგახსენებთ ყოველდღიურად თითო ფრაზას. წაიკითხეთ ისინი ჩუმად დაშემდეგ წარმოთქვით ხმამაღლა. რაც მეტს ივარჯიშებთ და გაიმეორებთ მით უკეთესი იქნება თქვენთვის.

  1. დღევანდელი დღე იქნება ჩემთვის უკეთესი

გუშინდელი დღე შესაძლოა თქვენთვის არც ისე კარგი ყოფილიყო, რაღაც ვერ მოასწარით ან ვერ შეძელით გაგეკეთებინათ, მაგრამ ენერგიის დაკარგვა იმაზე თუ როგორ დაადანაშაულოთ საკუთარი თავი ან შეცვალოთ წარსული, უსარგებლოა. თქვენ სწორედ დღევანდელი დღისგან იღებთ ამ ენერგიას, რასაც შემდეგ უსარგებლოდ ხარჯავთ, ასე რომ, აპატიეთ საკუთარ თავს გუშინდელის გამო და დაიწყეთ ყოველი დღე ამ მანტრით, ჩადეთ მთელი თქვენი ენერგია ყველაფერ იმაში, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ.

  1. მე შევძლებ ყველაფრისთვის გამოვნახო დრო

თუ თქვენ იტანჯებით იმით, რომ ვერ პოულობთ დროს ყველაფრის მოსასწრებად, ცადეთ ეს სავარჯიშო: ჩამოწერეთ ყველაფერი რისი გაკეთებაც გინდათ და გჭირდებათ, ამოირჩიეთ რომელია პრიორიტეტული და დაამატეთ ის თქვენს კალენდარში, ეგრევე გამორიცხეთ ის, რისი გაკეთებაც ამ ეტაპზე არ გჭირდებათ, გადაწყვიტეთ თუ რა შეიძლება გადაუნაწილოთ სხვას.

  1. მე ავირჩიე ვიამაყო საკუთარი თავით დღეს

მას შემდეგ, რაც დედა ხდები, დღის რუტინა იცვლება, მოლოდინები, შეხედულებები და ზოგადად მთელი ცხოვრება ხდება სხვანაირი. ბევრი რამ, რაც ცხოვრებაში გაგიკეთებია ან რაზეც გიმუშავია წლების განმავლობაში, შესაძლოა უსარგებლო და აზრს მოკლებული გახდეს და იგრძნო, რომ ყველაფერში მარცხს განიცდი, ვერ უმკლავდები ბევრ რამეს, არ გაქვს ის,რაც სხვებს და ა.შ

წარმოიდგინე სანამდე შეიძლება ამ ფიქრებმა მიგიყვანონ და რას შეიძლება გრძნობდე ამ დროს. ნაცვლად ამისა, ამოირჩიე ის ფიქრი, რომელიც გაძლევს საშუალებას შენი თავით იამაყო, ყოველ დღე ახსენე ის, რისი მადლიერიც ხარ და მასზე ფოკუსირდი, აღნიშნე შენი წარმატება, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდ საქმეზეა საუბარი, წვრილმანებიც შეიძლება ჩამოთვალო. უკეთესი იქნება თუ ყოველი გაღვიძების შემდეგ, „სუფთა გონებაზე“ შენს პატარა წიგნაკში ჩაწერ 10 მადლობას სხვადასხვა პიროვნების მიმართ და ამ მადლობების მიზეზსაც მიაწერ, ეცადე გააკეთო ეს 21 დღე და დააკვირდე შენს ემოციებს და ცხოვრების დინებას. ბევრი ფსიქოლოგი გვირჩევს, რომ ეს აქტივობა შედეგიანია და გვაძლევს მოტივაციას და ენერგიას.

  1. ვდისტანცირდები იმათგან, ვინც ჩემზე ცუდ გავლენას ახდენს

გაქვთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც შენთვის სასიხარულო არაფერი მოაქვთ? არ გსიამოვნებთ მის წრეში ყოფნა? გაიძულებენ აკეთოთ ის, რაც თქვენ არ მოგწონთ ან განგიკითხავენ ყოველწამს, გაძლევენ არასასურველ რჩევებს?

დაიმახსოვრეთ, თქვენ არ ხართ პასუხისმგებელი სხვის გრძნობებზე, მაგრამ პასუხისმგებელი ხართ საკუთარზე. გააკეთეთ არჩევანი იმისთვის, რომ იყოთ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია. მიეცით თავს პირობა, რომ იტყვით „არას“ როცა საჭიროება დაგიდგებათ. ნუ შეგეშინდებათ აღიარება იმისა, რომ რაღაც თქვენთვის არ არის შესაფერისი. ეცადეთ თავად განსაზღვროთ რა მუშაობს თქვენთვის და რა არა, რას მოაქვს თქვენთვის სიხარული და ა/შ

  1. მე ზუსტად იქ ვარ, სადაც უნდა ვყოფილყავი

შენ არაფერი გაკლია, შენ არაფერს ჩამორჩები და შენ არ დგახარ არასწორ გზაზე. ზუსტად იქ ხარ, სადაც უნდა იყო. შენი გამოცდილება შესაძლოა განსხვავებულად ჩანდეს ვიდრე სხვების, მაგრამ ის გამოცდილება, რასაც შენ დღეს იღებ არის ყველაზე მნიშვნელოვანი, უნიკალური შენთვის. მიიღეთ ის, ისწავლეთ და გაიზარდეთ მისი დახმარებით.

ავტორი: უფროსი მასწავლებელი დიანა მაკალათია

შეიძლება დაინტერესდეთ

„ასეთი მშობლები სკოლას არ უყვარს, შეიძლება თქვან: მოვიდა ეს ინტრიგანი და დაიწყებს რაღაცებს,“ - ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

„ასეთი მშობლები სკოლას არ უყვარს, შეიძლება თქვან: მოვიდა ეს ინტრიგანი და დაიწყებს რაღაცებს,“ - ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურაბ მხეიძემ სკოლასთან დამოკიდებულების მიხედვით მშობლის სამი ტიპის შესახებ ისაუბრა და მათი მახასიათებლები აღწერა:

„პირველ რიგში, შევეხოთ მშობლის გარკვეულ ტიპებს. კონტროლის მიხედვით ასე იყოფა: პირველი, ​მშობელი სრულად აკონტროლებს სკოლას, არ აკონტროლებს შვილს. მეორე ვარიანტია, რომ სრულად აკონტროლებს შვილს, არ აკონტროლებს სკოლას. მესამე ვარიანტია, რომ არც შვილს არ აკონტროლებს და არც სკოლას. ასეთ მშობელს ეხვეწებიან ხოლმე, იქნებ ნიშანი მაინც გაიგო და ჟურნალში ჩაიხედო. მშობელს მიშვებული აქვს ეს პროცესი.“

ზურაბ მხეიძის თქმით, მშობელი, რომელიც სკოლას აკონტროლებს, სასწავლო დაწესებულებაში არ უყვართ:

„თუ არის მშობელი, რომელიც სულ სკოლას აკონტროლებს, ყველაფერზე პრეტენზია აქვს: აგურზე, საპირფარეშოს სუნზე, თუ მისი შვილი არ სწავლობს ან ვერ სწავლობს, მთლიან პასუხისმგებლობას აკისრებს სკოლის მხარეს. ასეთი მშობლები სკოლას თვითონ არ უყვარს ხოლმე. შეიძლება ხშირად ასეთ მშობელზე თქვან: მოვიდა ეს ინტრიგანი და დაიწყებს რაღაცებს...“

ზურაბ მხეიძემ აღნიშნა, რომ შვილის მუდმივი კონტროლი და სკოლის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება ბავშვს უსამართლობის განცდას უჩენს:

„მეორე მომენტი, როდესაც შვილს აკონტროლებს მუდმივად და სკოლა უკონტროლოდ რჩება მშობელს, შვილია დამნაშავე ყველაფერში. ასეთ შემთხვევაში ცუდ შედეგს ვღებულობთ ბავშვთან ურთიერთობაში, იმიტომ, რომ შეიძლება გავაჩინოთ არასამართლიანობის კომპონენტი. შეიძლება სკოლა იყოს არასწორი და მე მაინც ჩემს შვილთან ვარჩევდე ურთიერთობებს. ეს ბავშვზე იმოქმედებს.“

„კიდევ ერთი სიტუაციაა, რომლითაც სკოლა სარგებლობს.​ ბავშვები დღის დიდ ნაწილს ატარებენ სკოლაში. ზოგიერთ მშობელს განცდა რჩება, რომ ეს ბავშვები მძევლები არიან ვიღაცების ხელში. მშობლებმა იციან, რომ მათ მიერ სკოლის კრიტიკული შეფასება, შესაძლოა, აისახოს შემდეგ ომში ბავშვთან ურთიერთობაში. ამ მხრივ მე ვუფრთხილდები, რომ სკოლაში მასწავლებელი არ გაბრაზდეს, არ ეწყინოს, დირექტორს არ ეწყინოს,“ - აღნიშნა ზურაბ მხეიძემ.

წყარო:​ „მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად