Baby Bag

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმისთვის, რომ ბავშვი სწორად ამეტყველდეს, მას თავად უნდა ესმოდეს სწორი და გამართული მეტყველება,“ - ეკა ჭავჭავაძე

„იმისთვის, რომ ბავშვი სწორად ამეტყველდეს, მას თავად უნდა ესმოდეს სწორი და გამართული მეტყველება,“ - ეკა ჭავჭავაძე

მეტყველების თერაპევტმა ეკა ჭავჭავაძემ ბავშვებში მეტყველების შეფერხების გამომწვევ უმთავრეს მიზეზებზე ისაუბრა და ერთ-ერთ მიზეზად მშობლებთან კომუნიკაციის დეფიციტი დაასახელა:

„იყო პერიოდი, როდესაც ​ყველაზე მეტ დროს ბავშვთან ატარებდნენ მისი მშობლები, განსაკუთრებით დედა. ბავშვების უმრავლესობა, რომელთაც ფსიქო-ემოიცური წრის გარკვეული დარღვევები აქვთ, დროის ძირითად ნაწილს ატარებენ ძიძებთან, ნათესავებთან და არა მშობლებთან. ფსიქო-ემოციური წრის დარღვევებზე გავლენას ახდენს კომპიუტერი, ტელევიზია, მრავალენოვან არხებზე ხელმისაწვდომობა.“

ეკა ჭავჭავაძის თქმით, ბავშვის სწორად ამეტყველებისთვის აუცილებელია, რომ მას თავას ესმოდეს გამართული და სწორი მეტყველება:

​იმისთვის, რომ ბავშვი სწორად ამეტყველდეს, მას თავად უნდა ესმოდეს ნორმალური, სწორი და გამართული მეტყველება. დღეს არის სიტყვიერი კომუნიკაციის გლობალური დეფიციტი. როგორც ბავშვები, ასევე დიდები აღარ ურთიერთობენ ერთმანეთთან. ბავშვებში დაგვიანებული მეტყველების უპირველესი მიზეზი არის ის, რომ მასთან არ ხდება ნორმალური კომუნიკაცია და ის ურთიერთობის დეფიციტს განიცდის.“

„რა თქმა უნდა, ძალიან დაღლილები ვართ და შვებაა, როდესაც ბავშვი თავისთვის ერთობა, მაგრამ​ ეს შემდგომში ნეგატიურ შედეგებს იძლევა და ამიტომ სჯობს, რომ ცოტათი მაინც მოვიცალოთ მათთვის. შევარჩიოთ ძიძა, რომელიც არ შემოიფარგლება მხოლოდ ბავშვის მოვლა-პატრონობით და კვებით, არამედ შეეცდება, რომ რამდენადმე მაინც ჩაუნაცვლოს ბავშვს დედაც, მამაც. უფრო აქტიური ძიძები რომ შევარჩიოთ ამ კუთხით, კარგია,“ - აღნიშნულ საკითხებზე ეკა ჭავჭავაძემ საზოგადოებრივი რადიოს ეთერში ისაუბრა.

წყარო​: საზოგადოებრივი რადიო

წაიკითხეთ სრულად