Baby Bag

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

,,ბავშვს დაბადებიდან უნდა ეძინოს საკუთარ საწოლში, ზურგზე, მყარ ზედაპირზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო ძილისთვის''

,,ბავშვს დაბადებიდან უნდა ეძინოს საკუთარ საწოლში, ზურგზე, მყარ ზედაპირზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო ძილისთვის''
რომელ პოზაშია უნდა ეძინოს პატარას და რომელი არ არის რეკომენდებული უსაფრთხო ძილისთვის, განაპირობებს თუ არა თავის ფორმას ძილის პოზა? - ამ და სხვა საინტერესო თემებზე ​​MomsEdu.ge-ს პედიატრი თათია სხირტლაძე ესაუბრა.

- დაბადებიდან, რომელ პოზაში უნდა ეძინოს პატარას, რომელია უსაფრთხო (ზურგზე, გვერდულად, მუცელზე)?

- ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ბავშვს დაბადებიდან უნდა ეძინოს საკუთარ საწოლში, ზურგზე, მყარ ზედაპირზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უსაფრთხო ძილისთვის. არ არის რეკომენდებული მუცელზე ან გვერდზე ძილი, რადგან ასეთი პოზიციის დროს იზრდება ჩვილის უეცარი სიკვდილის განვითარების რისკი. ბავშვის საწოლში არ უნდა იყოს რბილი და ასევე მოძრავი არაფიქსირებული საგნები.

- რა დადებითი ან უარყოფითი აქვს თითოეული ძილის პოზას?

- გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩვილის ძილის საუკეთესო ფორმად მუცელზე წოლა მიიჩნეოდა, მას შემდეგ რაც აშშ-ს პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით ჩვილის უსაფრთხო ძილისთვის რეკომენდებულია ზურგზე წოლა, ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირდა. განსაკუთრებით, 4 თვემდე ასაკის ბავშვებში, რადგან მათ გადმოტრიალება არ შეუძლიათ.

მუცელზე წოლა რეკომენდებულია დღის განმავლობაში მყარ ზედაპირზე, რა თქმა უნდა, უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ, რაც ხელს უწყობს ზურგის და კისრის კუნთების განვითარებას. ასევე უადვილებს გაზებისგან გათავისუფლებას და მცირდება ნაწლავური კოლიკა.

გვერდზე წოლა არ არის მიზანშეწონილი, იმიტომ რომ გვერდიდან მუცელზე ბავშვი გაცილებით ადვილად ტრიალდება.


- განსაზღვრავს თუ არა თავის ფორმას ძილის პოზა?

- დაბადებიდან 6 თვემდე ბავშვის თავის ქალა რბილია და ადვილად იცვლის ფორმას, კისრის კუნთები კი სუსტად განვითარებული, ერთ პოზიციაში დიდხანს წოლა, რა თქმა უნდა, განაპირობებს თავის ქალას ფორმირებას. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ჩვილის უსაფრთხო ძილისთვის მიზანშეწონილია ზურგზე წოლა, ამ რეკომენდაციის შემდეგ, მართალია, ახალშობილთა უეცარი სიკვდილის სინდრომი მნიშვნელოვნად შემცირდა, მაგრამ გაიზარდა პოზიციური პლაგიოცეფალიის (თავის ქალის დეფორმაცია-გაბრტყელება) შემთხვევები. რაც უფრო პატარაა ბავშვის ასაკი, მით უფრო მარტივია ამ პრობლემის პრევენცია და მკურნალობა.

- არის თუ არა სპეციალური ბალიში, რომელიც საჭიროა თავის კარგი ფორმის მისაღებად?

- ჩვეულებრივ ბავშვს 1 წლამდე ბალიში არ სჭირდება, ჩვილებს არ შეუძლიათ გადატრიალება, შესაბამისად მისი საწოლი ზედმეტი საგნებისგან თავისუფალი უნდა იყოს, სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევები, როცა ორთოპედიული ბალიში ჩვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა. აქედან გამომდნარე, სპეციალური ბალიშები თავის კარგი ფორმის მისაღებად რეკომენდებული არ არის.   

- საძილე ტომარაზეც რომ ვისაუბროთ, ურჩევთ თუ არა მშობლებს მის გამოყენებას?

- საძილე ტომარა უსაფრთხოა ჩვილისთვის და მოსახერხებელი მშობლისთვის, საბნის მსგავსად არ ვარდება საწოლიდან და ბავშვს არ ეფარება თავზე, რა თქმა უნდა, შესაფერისი ზომით და გარემოს ტემპერატურის შესაბამისად უნდა იყოს შერჩეული. ნორმალური საძილე ტომარა არის სხეულის სიგრძის ტოლი, თავის გამოკლებით, დამატებული 10-15 სმ და არ უნდა იყოს კისერთან თავის ზომაზე ფართო.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად