Baby Bag

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი გამუდმებით მულტფილმების ყურებას გვთხოვს?

როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვი გამუდმებით მულტფილმების ყურებას გვთხოვს?

ბავშვებს მულტფილმების ყურება ძალიან უყვართ. თქვენი შვილი მათ გარეშე თუ ვერ ძლებს და სხვა ვერაფრით ერთობა, თუ გამუდმებით გთხოვთ, რომ ანიმაციურ ფილმებს აყურებინოთ, ჩვენი რჩევები ძალიან გამოგადგებათ.

ბავშვს მულტფილმების ყურებას რაც უფრო გვიან დააწყებინებთ, მით უკეთესია მისთვისაც და თქვენთვისაც. იმის ნაცვლად, რომ ბავშვი პასიურად იჯდეს და ანიმაციურ ფილმებს უყურებდეს, აჯობებს, თუ დამოუკიდებლად თამაშს მიეჩვევა, ფანტაზიას განივითარებს და კოგნიტურ უნარებს გაიუმჯობესებს. ეცადეთ, ბავშვი ხშირად დაიხმაროთ საოჯახო საქმეების კეთებისას, რათა მას ნატიფი მოტორიკა განუვითარდეს, პატარებს მარტივი ექსპერიმენტების მოწყობაში დაეხმარეთ. მულტფილმების საუკეთესო ალტერნატივა აუდიოზღაპრებია. მათი დახმარებით ბავშვს წარმოსახვა უვითარდება და აზროვნების უნარიც უუმჯობესდება.

ყველამ ვიცით, რომ ანიმაციური ფილმების ყურებისას ბავშვები მშვიდდებიან, ისინი ჩუმად სხედან და არ ცელქობენ, რაც დაღლილ დედებს ძალიან დიდ დახმარებას უწევს. მიუხედავად ამისა, ეცადეთ, ბავშვს ეკრანთან გატარებული დრო მაქსიმალურად შეუზღუდოთ. სკოლამდელი ასაკის ბავშვების დიდი ნაწილი ანიმაციურ ფილმებს საათობით უყურებს, რაც ნერვულ სისტემაზე უკიდურესად ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. ბავშვი სხვა აქტივობებით ვეღარ ერთობა და მულტფილმებზე დამოკიდებული ხდება.

არასდროს გამოიყენოთ მულტფილმი, როგორც კვების დროს ყურადღების გადატანის საშუალება.

ბავშვებისთვის აუცილებელია თანმიმდევრულობა და სტაბილურობა. პედიატრები და ნევროპათოლოგები რეჟიმის აუცილებლობაზე ამდენს სწორედ ამიტომ საუბრობენ. ბავშვის ნერვული სისტემა მოვლენათა განვითარების გარკვეულ ციკლს ეჩვევა. მულტფილმების ყურებისთვის დღის გარკვეული მონაკვეთი უნდა გამოყოთ. თუ ბავშვს ეცოდინება, რომ ანიმაციურ ფილმებს მხოლოდ სადილამდე, სეირნობის შემდეგ ან დილით უყურებს, ის ჭირვეულობას აღარ დაიწყებს.

ბავშვი წინასწარ გააფრთხილეთ, რამდენი ხნის მანძილზე შეძლებს მულტფილმის ყურებას. ყურების პროცესში მას შეახსენეთ, რომ ხუთ წუთში კომპიუტერს გამოურთავთ. ამგვარად, ბავშვი ყურების შეწყვეტისთვის მომზადებული იქნება და ისტერიკას აღარ მოგიწყობთ.

არასდროს შეუსრულოთ ბავშვს თხოვნა, როდესაც ის გეუბნებათ, რომ კიდევ ერთ მულტფილმს უყურებს. თუ ასე მოიქცევით, ის დარწმუნდება, რომ თქვენ მიერ წაყენებული პირობები არაფერს ნიშნავს და მათი შეცვლა ძალიან მარტივია.

ბავშვებს ასაკის შესაბამისი მულტფილმები უნდა აჩვენოთ. თუ თქვენი შვილი ყოველდღიურად ერთსა და იმავე ანიმაციური ფილმის ყურებას ითხოვს, მას ამის შესაძლებლობა უნდა მისცეთ. ბავშვს საყვარელი მულტფილმის ყურება თვეების განმავლობაში შეუძლია, რაც სავსებით ნორმალურია და მას ამის გაკეთება არ უნდა დაუშალოთ.

მომზადებულია​ ipsyholog.ru-ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები-qe-


წაიკითხეთ სრულად