Baby Bag

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

როდის არის ბავშვის სიმორცხვე პრობლემა

უცხო ადამიანებთან ან ახალ გარემოში მოხვედრისას, სიმორცხვე ბავშვის ბუნებრივი რეაქციაა. მნიშვნელოვანია მან იცოდეს ახლობელი და უცხო ადამიანების გარჩევა და ისიც, რომ მათთან განსხვავებული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს: გამოიჩინოს სიფრთხილე, უფრო მეტად ენდოს ახლობლებს და ნაკლებად - უცხოებს. 

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: როდის არის ბავშვის სიმორცხვე ნორმალური მოვლენა და როდის ხდება საჭირო დახმარება? როგორ უნდა ამოიცნოს მშობელმა სირთულე და როგორ მოიქცეს ასეთის არსებობის შემთხვევაში? სიმორცხვე პრობლემაა, როდესაც:

  • ის ხელს უშლის ბავშვს სხვა ადამიანებთან (უფროსებთან თუ თანატოლებთან) ურთიერთობის პროცესში;
  • აფერხებს სხვადასხვა სოციალურ გარემოში (ბაღში, სკოლაში) მისი ადაპტაციისა და ფუნქციონირების პროცესს.
  • აუარესებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.
  • აღნიშნული სირთულეების გამო ბავშვს უყალიბდება უარყოფითი დამოკიდებულება საკუთარ თავზე;
  • უჭირს მეგობრების შეძენა და შენარჩუნება;
  • უჭირს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზება.      


ავტორი: ირინე დოღაძე

წყარო: თამარ გაგოშიძის ნეიროფსიქოლოგიის ცენტრი

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის ქცევის პრობლემის მიღმა, შესაძლოა, სწავლის პრობლემები იმალებოდეს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

„ბავშვის ქცევის პრობლემის მიღმა, შესაძლოა, სწავლის პრობლემები იმალებოდეს,“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ბავშვებში სასკოლო მზაობის პრობლემების შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა ენისა და მეტყველების დარღვევების დროული გამოვლენის მნიშვნელობას:

„სკოლებში ბავშვებს ხშირად უჭირთ ხოლმე წერა-კითხვის ათვისება. დროული ჩარევის შემდეგ არანაირი პრობლემა არ არის ხოლმე. ეს არის გამოწვეული ენისა და მეტყველების დარღვევებით. ძალიან მნიშვნელოვანია ბაღის ასაკში ამ დარღვევების გამოვლენა. მერე სკოლაში რომ მიდის ბავშვი, მას უჭირს წერა-კითხვა. ამას წინათ ჩვენთან იყო მოსული რვა წლის ბავშვი, რომელიც ვერ კითხულობს და ვერ წერს, მარტო იმიტომ, რომ მეტყველების დარღვევა ჰქონდა თავის დროზე. თავის დროზე არ მიექცა ყურადღება.​ „რა მოხდა მერე? ბიჭია, გვიან დაიწყო ლაპარაკი.“ შესაბამისად მივედით ამ მდგომარეობამდე.“

თამარ გაგოშიძის თქმით, სკოლამდელი ასაკის ნეიროფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია:

„მე ვისაუბრე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სკოლამდელი ასაკის ნეიროფსიქოლოგია. ძალიან ხშირად ჩვენ მოგვმართავენ საბავშვო ბაღებიდან მასწავლებლები და დირექტორები. ჩვენგან მიაქვთ რეკომენდაციები და მშვენივრად ასრულებენ ამ რეკომენდაციებს. ეს რეკომენდაციები არის იმის შესახებ, თუ როგორ წავახალისოთ ბავშვი, ​თუ ის კარგად ვერ მეტყველებს ან ქცევა აქვს პრობლემური. როგორ შეიძლება, რომ საბავშვო ბაღშივე გავაკეთოთ ეს?! მინდა გითხრათ, რომ შემდგომში ეს პრობლემები თითქმის აღარ არის ხოლმე ბავშვების ძალიან დიდ პროცენტში, თუ ჩვენ ეს ექვს წლამდე აღმოვფხარით.“

„თუ პრობლემა მივუშვით, მერე არის ხოლმე სერიოზული სასკოლო პრობლემები. რაც შეეხება სასკოლო პერიოდს, აქ სკოლისადმი მზაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პრობლემა ის არის, რომ ბავშვი შეიძლება კითხულობდეს კიდეც, წერდეს კიდეც, ყველაფერს აკეთებდეს, მაგრამ ემოციურად არ იყოს მზად. ეს არის სწავლის პრობლემები. სწავლის პრობლემით კი არ მოჰყავთ ბავშვი მშობლებს, არამედ ქცევის პრობლემით. „უზრდელი, უსაქციელო, კონფლიქტური,“ - აღმოჩნდება, რომ ამის უკან სწავლის პრობლემა იმალება. შესაბამისი დახმარება ცვლის ხოლმე ბავშვის ქცევას.“

წყარო:​ ნნი დასავლეთ საქართველოს რეგიონული ცენტრი

წაიკითხეთ სრულად