Baby Bag

​„შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს, თუ ასე არ მოხდა, ესე იგი აღზრდა დავაკელით“

​„შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს, თუ ასე არ მოხდა, ესე იგი აღზრდა დავაკელით“

,,შვილი რაღაცით ჩვენზე წინ უნდა წავიდეს - ან გონიერებით, ან განათლებით, ან კულტურით. შვილი, რაღაცით თუ არ დაწინაურდა ჩვენთან შედარებით, ესე იგი დავაკელით აღზრდა. უკლებლივ ყველა ბავშვში არის რაღაც, რითაც მანდ უნდა გაგვისწროს,'' - აღნიშნულის შესახებ აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ისაუბრა. 

,,ვარ თუ არა უფლებამოსილი რომ შვილი აღვზარდო, როგორ უნდა განვსაზღვროთ ეს? - ძალიან მარტივად.

დავალებას გაძლევთ:

ავიღოთ ფურცელი, გავყოთ შუაზე. მარცხენა მხარეს ჩამოწერეთ ის თვისებები, რომლებიც გეამაყებათ საკუთარ თავში, ოღონდ მართალი იყავით თქვენს თავთან, რადგან ეს თქვენი სარკეა. მარჯვენა მხარეს ჩამოწერეთ თვისებები, რომლებიც მიგაჩნიათ რომ არ უნდა გქონდეთ, მაგრამ გაქვთ. დაფიქრდით, რამდენი რამე გქონიათ გასაშალაშინებელი საკუთარ თავში? არადა ბავშვი გიდგას წინ და სწორედაც მას გინდათ ჰქონდეს ყველა კარგი თვისება. სიკეთე - სიკეთით აღიზრდება, სიყვარული-სიყვარულით, კულტურა-კულტურით, სილამაზე-სილამაზით. ბოროტება ვერ ზრდის სიკეთეს - ეს კანონი არ არსებობს. სიკეთეს კი შეუძლია ბოროტება გაადნოს,'' - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.

წყარო: ​,,ამონაშვილის აკადემია'' 

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვის ტემპერამენტს ჩვენ ვერ შევცვლით, მაგრამ ნახეთ, რა შეგვიძლია შევცვალოთ...“ - ნეიროფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ ემოციური რეგულაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს ურჩია, ბავშვებს საკუთარი სისუსტეების აღიარება ასწავლონ:

„მშობლები გეუბნებიან: „როგორ ბავშვმა თავი არ უნდა დაიცვას?! ჩაგრავენ ჩემს შვილს.“ ჩვენ ერთ წრეზე ვტრიალებთ. ჩვენ რაც ვიცით, ჩვენს საზოგადოებაში რაც არის მიღებული, არის ის, რომ შენ უნდა დარჩე მოგებული, არ უნდა იყო არასდროს წაგებული, ​სისუსტე არ არის სტატუსი, სუსტი არ უნდა იყო. ემოციური რეგულაცია რას გვეუბნება? ჩვენ უნდა ვაღიაროთ ჩვენი სისუსტეც. თუ არ აღიარე და თუ არ დაინახე, როგორ მოახერხებ ამის კორეგირებას. ამის მართვას შენ ვერ მოახერხებ, თუ არ ხედავ, თუ არ იცი.“

თამარ გაგოშიძის თქმით, ბავშვი მიმბაძველია და ის მშობლის მაგალითზე სწავლობს:

„ჩვენს შვილებს მაგალითს ვაძლევთ ჩვენ. მშობელი რომ მოვიდა ჩივილით და მეუბნება, რომ მისი ექვსი წლის ბიჭი იგინება და უწმაწურ სიტყვებს იძახის, კარგად რომ გამოკითხავ, მამაც ასე იგინება. რაც გვესმის ქალაქში ყოველი ფეხის ნაბიჯზე, იმ სიტყვებს ამბობს ეს მამაც. ​ბავშვები არიან ძალიან მიმბაძველი არსებები. ამას ჩემი ლაპარაკი არ უნდა. ცნობილი თეორიაა სოციალური დასწავლის თეორია, რომელიც გეუბნება, რომ მოდელი არის და იმის მიხედვით სწავლობს ყველა ბავშვი. მშობელი თვითონ სწავლოს და თვითონ რომ სწავლობს, ბავშვსაც ასწავლის.“

​ბავშვის ტემპერამენტს ჩვენ ვერ შევცვლით, მაგრამ ნახეთ, რა შეგვიძლია შევცვალოთ: თუ მე ვიცი, რომ ჩემი შვილი ცოტა აგრესიულია, შემართებითია, პლუსად ვაქცევ ამას. რის მიმართ უნდა იყოს აგრესიული? უსამართლობის მიმართ, ჩაგვრის მიმართ. მე ღირებულებებს ვაძლევ ჩემს შვილს, ტემპერამენტს ვერ შევუცვლი. იმას კი არ ვასწავლი, რომ „მოგკლავთ და ბედნიერს გაგხდით,“ შენ რომ კარგის გაკეთება გინდა და ლამის მოკალი ადამიანი, ასე არა, არამედ მისაღები გზით. ამაში ვასწავლი ემოციურ რეგულაციას. ჩვენ ვერ შევცვლით ადამიანებს, მათ შორის, შვილებსაც. ეს უნდა გვახსოვდეს. ისინი ასეთი ტემპერამენტით თქვენგან დაიბადნენ. ასეთი კონსტიტუცია აქვთ. ჩვენ შეგვიძლია აღზრდით ამ კუთხეების მორბილება, პლუსად ქცევა იმ მინუსების,“ - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად