Baby Bag

,,დახურულ სივრცეში ბავშვს არ სიამოვნებს ხმაური და მრავალი ახალი სახის ნახვა" - წინასაახალწლო რჩევები პედიატრისგან

,,დახურულ სივრცეში ბავშვს  არ სიამოვნებს ხმაური და მრავალი ახალი სახის ნახვა" - წინასაახალწლო რჩევები  პედიატრისგან

რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა წინასაახალწლოდ, რათა შვილს აარიდოს სადღესასწაულოდ მოსალოდნელი სტრესი - ამის შესახებ პედიატრი, ეკა  უბერი პირველი არხის გადაცემაში - ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" საუბრობს.

,,სტატისტიკურად, საახალწლო, სადღესასწაულო დღეებში გაცილებით მაღალია როგორც ინფექცური, ისე - არაინფექციური პათოლოგიით განპირობებული ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევები. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს იქ, სადაც პატარა ბავშვია, მით უფრო - 6 წლამდე ასაკის ბავშვების შემთხვევაში. ძალიან მნიშვნელოვანია, დავგეგმოთ ჩვენი დღე და სადღესასწაულო ღონისძიებები, რაც სახლში თუ სახლის გარეთ უნდა ჩატარდეს და მოვარგოთ ის ბავშვის რეჟიმს. 

ბევრი მშობელი დამეთანხმება, რომ ძილის რეჟიმის თუნდაც ერთ საათით დარღვევა ბავშვს ხდის ჭირვეულს, ის ტირის, უგუნებოდაა, კვების რეჟიმი ერღვევა, იცვლება მისი ქცევა და მშობელსაც აღარ აქვს ის კომფორტი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, მას ძილის რეჟიმი არ დავურღვიოთ. ბევრი ბავშვი ვერ იტანს ხალხმრავლობას, სტუმრიანობას, ხმაურს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და უნდა მოვერგოთ ბავშვის მოთხოვნილებებს, რადგან ჩვენი ოჯახების ბედნიერება, პირველ ყოვლისა, ბავშვის კარგად ყოფნაში მდგომარეობს. შეძლებისდაგვარად, უნდა გავითვალისწინოთ მისი საჭიროებები.

შესაძლოა, ბანალურად ჟღერს, მაგრამ აღვნიშნავ - დახურულ სივრცეში ბავშვს  ნამდვილად არ სიამოვნებს ხმაური და მრავალი ახალი სახის ნახვა, ეს მათთვის არ არის სიამოვნების მომტანი. უკეთესია, ერთად გავიდეთ გარეთ, თუნდაც ბევრ ბავშვთან, მაგრამ არა - დახურულ სივრცეში", - აღნიშნავს ეკა უბერი.


წყარო:​ ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

შეიძლება დაინტერესდეთ

„საუკეთესო დედის ცნებაში არაფრით არ უნდა ჩაიდოს გადაჭარბებული ზრუნვა და ყურადღება,“ - ნანა ჩაჩუა

„საუკეთესო დედის ცნებაში არაფრით არ უნდა ჩაიდოს გადაჭარბებული ზრუნვა და ყურადღება,“ - ნანა ჩაჩუა

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ბავშვზე გადაჭარბებული მზრუნველობის ნეგატიური გავლენის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საუკეთესო დედა არ არის ის, ვინც გადაჭარბებულად ზრუნავს შვილზე:

„საუკეთესო დედობა შეიძლება იყოს დასაზუსტებელი ცნება. ​გადაჭარბებული ყურადღება და მზრუნველობა ძალიან ნეგატიურია. საუკეთესო დედის ცნებაში არაფრით არ უნდა ჩაიდოს გადაჭარბებული ზრუნვა და ყურადღება. მონადირე ცხოველები თავის ბოკვერებს ასწავლიან, ავარჯიშებენ, რომ მათ დამოუკიდებლად არსებობა შეძლონ. ჩვენთან შეიძლება მეათე-მეთერთმეტე კლასელის ჩანთა დედას მიჰქონდეს.“

ნანა ჩაჩუას თქმით, იმისთვის, რომ ​კარგი დედა, კარგი ცოლი, კარგი მეგობარი და კარგი კოლეგა იყო, მთავარია დრო სწორად გადაანაწილო:

„არავითარი დათმობა არ არის საჭირო. მთავარია, როგორ გადაანაწილებ დროს. ასევე ის, რამდენად რაციონალური, გულწრფელი და ღია ხარ ყველა ურთიერთობაში. ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ დედა თუ შეძლებს თუნდაც 20 წუთის განმავლობაში შვილთან ურთიერთობას და ბავშვს მიეცემა ის, რომ თვითონ იყოს ინიციატორი ამ ურთიერთობაში, სრულიად საკმარისია ეს დრო იმისთვის, რომ ბავშვმა დედის დეფიციტი არ განიცადოს.“

„ქალისა და მამაკაცის, ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობაში, როდესაც ყველა ხალისით აკეთებს თავის საქმეს, როდესაც ცოლ-ქმარს შორის ხდება ემოციათა გაცვლა ყველა დონეზე, მაშინ ეს ურთიერთობა შემდგარია. ​ქალების ძალიან დიდ ნაწილს აქვს ჩვევად წუწუნი, რომ „მე ამდენს ვაკეთებ.“ რაღაც განსაკუთრებულად უნდათ, რომ დააფასონ მისი შრომა. ეს არც ისე პოზიტიურად სჩანს. როდესაც თვითონ რასაც აკეთებ იმ დროში, იმ წუთში, ის ხარ თავად, ყოველთვის ხარ ის, რაც ხარ, ყოველთვის შეძლებ, რომ შენი თავი გამოხატო ამაში და განიცადო ბედნიერება,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ რადიო იმედის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო იმედი

წაიკითხეთ სრულად