Baby Bag

,,როდესაც ბავშვი ბრაზობს, შესაძლოა, ამის მიღმა ძალიან ბევრი ემოცია იმალებოდეს"

,,როდესაც ბავშვი ბრაზობს, შესაძლოა, ამის მიღმა ძალიან ბევრი ემოცია იმალებოდეს"

რას გამოხატავს ბავშვი გაბრაზებით და როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რაც განიცდის ამ დროს მისი შვილი - ამის შესახებ ფსიქოლოგმა, ხათუნა დოლიძემ ისაუბრა.

,,როდესაც ბავშვი ბრაზობს, შესაძლოა, ამის მიღმა ძალიან ბევრი ემოცია იმალებოდეს. მაგალითად, შესაძლოა, ის გვეუბნება, რომ აკლია უსაფრთხოების განცდა  და უფროსებისგან სურს, მოაქციონ გარკვეულ ჩარჩოებში... ან იმედგაცრუებულია, დაღლილია და ა.შ. ბრაზი არის ადაპტაციური ემოცია, რომელიც ადამიანს ეხმარება, რომ საფრთხე აღიქვას. ერთი შეხედვით, ის თითქოს ადვილი გამოსახატავია, მაგრამ რეალურად სიბრაზის დროს ვართ სუსტები და მოწყვლადები. პატარები ამ დროს განსაკუთრებით იმპულსურები არიან, რადგან განვითარების პროცესში იმყოფებიან, ჯერ არ აქვთ გამომუშავებული თვითკონტროლი. 

მცირე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, ისწავლონ ბრაზის მართვა, მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებათ თანმიმდევრული მიდგომა და მოთმინება. როდესაც ის ბრაზს განიცდის, შიშის განცდაც ეუფლება. ის ფიზიოლოგიური ცვლილებები, რაც ამ დროს მის ორგანიზმში მიმდინარეობს, გონებას იმდენაც მოიცავს, რომ ბავშვებს უძნელდებათ გონივრულად მოქმედება. იმის გაგება, რომ ბრაზი არის სხეულის განგაში, რომელიც რაღაცას გატყობინებს, უკვე ეხმარება ბავშვს იმაში, რომ გაუმკლავდეს განცდებსა და ემოციებს. მათ უმეტესობას სჭირდება უფროსების დახმარება, რათა მართოს ბრაზი და დაარეგულიროს ნერვული სისტემა. უფროსის მხრიდან მნიშვნელოვანია იმის ძიება, თუ რა ამშვიდებს და რა აღადგენს ბავშვის ემოციურ ბალანსს. პატარებისთვის  პირველი დახმარება გახლავთ მშობლის მხრიდან სიმშვიდის შენარჩუნება. როდესაც ბავშვი ბრაზობს და ხედავს მშობელს, რომელმაც ასევე დაკარგა კონტროლი, ეს კიდევ უფრო ზრდის შიშს. ბრაზის მართვის სწავლების საუკეთესო იარაღი არის ემპათიით მოსმენა. ამით არა მხოლოდ ემოციურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ბავშებს, არამედ ვუმტკიცებთ რწმენას, რომ უარყოფით ემოციებთან გამკლავება შესაძლებელია. 

გაზარდეთ ბავშვების ემოციების ცოდნა, ესაუბრეთ ემოციებზე, ასწავლეთ სიტყვები ემოციების გამოსახატავად. როდესაც სიტყვებით იწყებ ემოციების გამოხატვას, იქ უკვე გრძნობების ქმედებით გამოხატვა აღარ გჭირდება. ბავშვმა უნდა ისწავლოს, რომ ბრაზი ნიშანია, რათა დაფიქრდე, შეჩერდე, დაამშვიდო შენი თავი და იფიქრო გამოსავალზე", - ამბობს ხათუნა დოლიძე.


წყარო: ,,​რჩევები მშობლებს"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჩემს შვილებს ვასწავლი ხოლმე, რაღაც რომ გეწყინებათ და გაბრაზდებით აუცილებლად გამოხატეთ და თქვით-მეთქი,“ - თიკა ფაცაცია

„ჩემს შვილებს ვასწავლი ხოლმე, რაღაც რომ გეწყინებათ და გაბრაზდებით აუცილებლად გამოხატეთ და თქვით-მეთქი,“ - თიკა ფაცაცია

ტელეწამყვანმა თიკა ფაცაციამ ბრაზის დაძლევისა და მასთან გამკლავების იმ წესებზე ისაუბრა, რომელსაც შვილებს ასწავლის:

„ჩემს შვილებს ვასწავლი ხოლმე, რაღაც რომ გეწყინებათ და გაბრაზდებით აუცილებლად გამოხატეთ და თქვით-მეთქი. რაღაც ფორმის ჩარჩოში აუცილებლად თქვი, რა გწყინს, რა გტკენს გულს. თუ რაღაცნაირად ბრაზობ, აუცილებლად თქვი ხმამაღლა, რომ მეც გავიგო, სხვამაც გაიგოს, ვისგანაც გწყინს. თუ გვინდა ურთიერთობის გაგრძელება, რომ ვიცოდეთ, ერთმანეთისგან რა გვწყინს და რა გვიხარია.“

„ჩემი შვილი რომ ტირის ხოლმე, ვასწავლი: „მოდი, აბა ნელა ჩავისუნთქოთ, მერე ნელა გამოვუშვათ ჰაერი. როდესაც ტირი სუნთქვა ხომ გიჩქარდება და როდესაც სუნთქვას ამშვიდებ, ემოციაც მშვიდდება. ახალი ამბავი არ არის ნამდვილად, რომ ყველას სტრესსა და ბრაზში გვიწევს ყოფნა ყოველდღიურად. ყველას სხვადასხვა მიზეზი გვაქვს გასაბრაზებლად, მაგრამ ემოცია ყველას აკითხავს ხოლმე,“- აღნიშნულ საკითხზე თიკა ფაცაციამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.

წყარო: ​„სხვა შუადღე“ 

წაიკითხეთ სრულად