Baby Bag

,,პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია" - ყარამან ფაღავა

,,პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია" - ყარამან ფაღავა

,,​ბავშვი რომ იბადება, მის წინ არის მთელი ცხოვრება. მშობლების, საზოგადოების ამოცანაა, რომ ის იყოს მაქსიმალურად განვითარებული, მაქსიმალურად მოხდეს მისი თვითრეალიზება", - ამის შეხახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა, ყარამან ფაღავამ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" განაცხადა.

,,მილიარდობით ნეირონი არის ტვინში, მათ შორის კავშირებია. ყოველი ახალი შთაბეჭდილება, ყოველი ახალი სტიმულაცია, ხედი, საგანი, მოფერება და ა.შ. ამ ნეირონებს შორის განაპირობებს გაღვივებას და ასე ხდება ბავშვი უფრო მეტად გონიერი, აქტიური. ამიტომაც უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესებს. თუ არ მიექცა სათანადო ყურადღება, ჩვეულებრივი ამბავია - ორგანო, რომელიც არ მუშაობს, იწყებს დაკნინებას. მინდა, მშობლებმა და საზოგადოებამ არ დაივიწყოს, რომ პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია. სამწუხარო ტენდენციას აქვს ადგილი - ერთი, რომ დემოგრაფიულად ვმცირდებით და მეორე - კულტურული კოდის ელემენტები მცირდება.  წინათ ქართული ახალგაზრდობა არ დადიოდა ექსკურსიებზე. ახლა შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა. ცოტა ხნის წინ სამშვილდეში ვიყავი და იქ რამდენიმე ქართული ჯგუფი იყო. ეს კარგია, მაგრამ ბავშვებს  უფრო მეტი უნდა ვაჩვენოთ, მოვასმენინოთ, ველაპარაკოთ, მოვუყვეთ... სიცოცხლის პირველ დღეებში, პირველ თვეებში, წლებში და, თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლის პერიოდშიც კი რაც ჩაიბეჭდება, ის მარადიულად ცნობიერში იქნება შენახული.

ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილი იყოს ბედნიერი, გონიერი, წარმატებული, ჯანმრთელი და, ამავე დროს, გვინდა, რომ იყოს პატრიოტი. ადრე ვიყავი ახლობელ ოჯახში. იქ იყვნენ 4 და 5 წლის გოგონები. ოთხი წლის გოგონა გაბრაზდა ყველაზე, არც მამა მინდა, არ დედა მინდა, ჩემს თოჯინასთან ვიქნებიო. ერთი წლის უფროსმა დამ ჰკითხა - როგორ, სამშობლოც არ გიყვარსო?  ნახეთ, როგორ არის განმსჭვალული პატრიოტიზმის გრძნობა - როგორ შეიძლება, სამშობლო არ გიყვარდეს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ ამ მიმართულებით", - აღნიშნა ყარამან ფაღავამ.

წყარო: ​,,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ქალების უმრავლესობა გადასულია ვეგეტარიანულ კვებაზე, აღარ ვლაპარაკობ მკაცრ ვეგანობაზე. ორსულობისას იწყება ტირილი: ბავშვს ხომ არ დაემართება რამე?“ - ნანა ლოლაშვილი

„ქალების უმრავლესობა გადასულია ვეგეტარიანულ კვებაზე, აღარ ვლაპარაკობ მკაცრ ვეგანობაზე. ორსულობისას იწყება ტირილი: ბავშვს ხომ არ დაემართება რამე?“ - ნანა ლოლაშვილი

ჰემატოლოგი ნანა ლოლაშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“ ანემიის და ვიტამინების დეფიციტის პრობლემის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ანემია უმეტესად ქალბატონებს აწუხებთ:

„ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის, სხვადასხვა პათოლოგიისა თუ ფიზიოლოგიური მდგომარეობისთვის, როდესაც მომატებულია რკინაზე მოთხოვნილება, მხოლოდ კვებით ამ საკითხს ვერ გადავწყვეტთ. თუ უკვე არის დაავადება, აქ აუცილებლად პრეპარატებია საჭირო. ამ საკითხს დიდი სიფრთხილით უნდა მიდგომა. პირველ რიგში, პაციენტების დიდი ნაწილი არის ქალები, ანემია დაკავშირებულია სისხლის ჭარბად დაკარგვასთან. მამაკაცები ბუასილის კვანძებიდან სისხლის დენის დროს, სანამ არ წაიქცევიან, მანამდე არ მოდიან ჩვენთან. ამ დროს შეიძლება უბრალოდ აბების მიღება და პრობლემა გადაწყდება.“

ნანა ლოლაშვილის თქმით, ორსულებისთვის მნიშვნელოვანია ხორცის მიღება და ვეგეტარიანული კვება მათ ბევრ პრობლემას უქმნის:

„ორსულობა არის ფიზიოლოგიური პროცესი. თუ ქალი რკინის და ვიტამინ B 12-ის ნორმალური რაოდენობით შედის ორსულობაში, მას მთელი ორსულობის განმავლობაში ვიტამინებიც, რკინაც - ყველაფერი ეყოფა. მერე მას სჭირდება ორი წელიწადი, რომ ყველაფერი აღიდგინოს, მაგრამ რას ვხედავთ ჩვენ? ქალების უმრავლესობა გადასულია ვეგეტარიანულ კვებაზე, აღარ ვლაპარაკობ მკაცრ ვეგანობაზე. ეს არ არის სოციალურ პირობებთან დაკავშირებული. ქალები ხშირად ამბობენ: „ხორცი არ მიყვარს, არ ვჭამ.“ მერე იწყება ტირილი: „ბავშვს ხომ არ დაემართება რამე?“ ელემენტარული რამ მაინც არის საჭირო, რომ ორსულობამდე სისხლის საერთო ანალიზი მაინც გაკეთდეს. მივაღწიეთ იმას, რომ პირველი ტრიმესტრის შემდეგ კეთდება ანალიზები, რომ დრო დაგვრჩეს პრობლემის მოსაგვარებლად. ამას ერთ კვირაში ვერ გამოასწორებ. რკინადეფიციტური ანემია აქამდეც ხშირი იყო და დღემდე პრობლემად რჩება, მაგრამ ამას დაემატა B12. ადრე ითვლებოდა, რომ B12-ის დეფიციტი ასაკოვანი ადამიანების დაავადება იყო. ეს დაავადება რომ განვითარდეს, შვიდი წელი არ უნდა მიიღო ხორცი, კვერცხი, ცილა.“

ნანა ლოლაშვილი აცხადებს, რომ ორსულისთვის დაუშვებელია ვიტამინების თვითნებურად მიღება:

„ორსულებში არ არის პრობლემა B12-ის განსაზღვრა, რკინის განსაზღვრა. ახლა სრულებით შეცვლილია დამოკიდებულება ვიტამინების მიმართ. პირველ ტრიმესტრში B ჯგუფის ვიტამინები, ფოლიუმის მჟავის გარდა არ უნდა დაინიშნოს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებში კატეგორიულად არის მითითებული, რომ თუ ორსულს ვიტამინის დეფიციტი არ აქვს, არ შეიძლება მისთვის ვიტამინების მიცემა. მხოლოდ ერთი ვიტამინი შეიძლება დაინიშნოს ყოველგვარი განსაზღვრის გარეშე მწეველებში. სამწუხაროდ, გვყავს ასეთი ორსულებიც. ამ დროს ბევრი C ვიტამინი იხარჯება. ბევრი ორსული ამბობს: „ვერ დავანებებ თავს მოწევას.“ ასეთი დედების ბავშვები ბრონქიალური ასთმის განვითარების საშიშროების წინაშე არიან. იმ რეგიონებში, სადაც D ვიტამინის ნაკლებობაა, ისიც შეიძლება დაინიშნოს. დანარჩენი ვიტამინები უნდა განისაზღვროს.“

ნანა ლოლაშვილის თქმით, ვიტამინ B12 -ის დეფიციტი ძალიან ბევრ ორსულს აწუხებს, რის გამოც მეცნიერები და ექიმები მცენარეულ კვებასთან შედარებით უკვე ხორცის მირთმევის უპირატესობებზე ღიად საუბრობენ:

„ფოლიუმის მჟავის დეფიციტი ასე თუ ისე დავძლიეთ. პირველი ტრიმესტრის განმავლობაში თითქმის ყველა ორსული იღებს ამას, თუმცა არის რეგიონები სადაც ეს დეფიციტი გამოხატულია. ეს ის რეგიონებია, სადაც ორსულები გვიან მიდიან მეანთან, უკვე სამი თვის ორსულობის შემდეგ. B12 ძალიან სერიოზული პრობლემაა. მოდიან და ამბობენ: „ერთი კვირაა უკვე ვჭამ ხორცს.“ ეს არ არის საკმარისი. სამწუხაროდ, იყო პერიოდი, როდესაც მეცნიერები და ექიმები წერდნენ, რომ გადავსულიყავით მცენარეულ საკვებზე. ბოლო წლების შრომები ისევ ხორცისკენ იხრება. B12 მარტო ხორცსა და კვერცხში შედის. ძალაუნებურად უნდა მიიღო ეს პროდუქტები, ამას დიდი კვლევები არ სჭირდება. ახლა წამოვიდა ნაშრომები, სადაც კატეგორიულად ამბობენ, რომ ცილის გარეშე დაორსულება კატეგორიულად არ შეიძლება.“

ნანა ლოლაშვილი იმ ძირითად სიმპტომს ასახელებს, რომელიც ანემიის უტყუარ ნიშანს წარმოადგენს და მისი გამოვლენის შემთხვევაში დიაგნოზის დასმა მარტივად შეიძლება:

„ის ორსულებიც კი, რომლებმაც იციან, რომ წინა ორსულობაზე ჰქონდათ ანემია, შემდეგი ორსულობის წინ ანალიზებს არ იკეთებენ. ანემიის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომი, რომელიც ქალებს და ბავშვებს ხშირად აქვთ, არის გაუკუღმართებული გემოვნება. ამას არ აქცევენ ხოლმე ყურადღებას. პაციენტები მიირთმევენ ყინულს, ქაღალდის ხელსახოცებს, ცარცს, ყავის მარცვლებს, შეუძლიან მთლიანი ფორთოხალი და ლიმონი კანიანად შეჭამონ, რომელიმე მწვანილი მიირთვან გაუთავებლად. არის ყნოსვის გაუკუღმართებაც, მაგრამ ამას სხვა დაავადებებიც იწვევს. თუ ეს სიმპტომი აქვს ვინმეს, უფრო ქალებს და ბავშვებს აწუხებთ, დიაგნოზიც არ სჭირდება ამას, ეს არის რკინადეფიციტური ანემია. ეს არის დაავადება, რომელიც ადვილად მოსარჩენია და სხვა ბევრი დაავადების განვითარებას უწყობს ხელს.“

„მოზარდებს უფრო მეტი რკინა სჭირდებათ, ვიდრე სხვა პერიოდში. რკინა იხარჯება კუნთების წარმოქმნაზე. ამით ვიყოლიებ ბავშვებს, ვეუბნები: „ხომ უნდა გაიზარდოთ.“ ამისთვის აუცილებელია რკინა,“ - აღნიშნავს ნანა ლოლაშვილი.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად