Baby Bag

,,პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია" - ყარამან ფაღავა

,,პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია" - ყარამან ფაღავა

,,​ბავშვი რომ იბადება, მის წინ არის მთელი ცხოვრება. მშობლების, საზოგადოების ამოცანაა, რომ ის იყოს მაქსიმალურად განვითარებული, მაქსიმალურად მოხდეს მისი თვითრეალიზება", - ამის შეხახებ პედიატრმა, თსსუ-ის პროფესორმა, ყარამან ფაღავამ ,,პირველი არხის" გადაცემაში ,,პირადი ექიმი მარი მალაზონია" განაცხადა.

,,მილიარდობით ნეირონი არის ტვინში, მათ შორის კავშირებია. ყოველი ახალი შთაბეჭდილება, ყოველი ახალი სტიმულაცია, ხედი, საგანი, მოფერება და ა.შ. ამ ნეირონებს შორის განაპირობებს გაღვივებას და ასე ხდება ბავშვი უფრო მეტად გონიერი, აქტიური. ამიტომაც უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ხელი შევუწყოთ ამ პროცესებს. თუ არ მიექცა სათანადო ყურადღება, ჩვეულებრივი ამბავია - ორგანო, რომელიც არ მუშაობს, იწყებს დაკნინებას. მინდა, მშობლებმა და საზოგადოებამ არ დაივიწყოს, რომ პირველი სამი წელი ბავშვისთვის განსაკუთრებულია. სამწუხარო ტენდენციას აქვს ადგილი - ერთი, რომ დემოგრაფიულად ვმცირდებით და მეორე - კულტურული კოდის ელემენტები მცირდება.  წინათ ქართული ახალგაზრდობა არ დადიოდა ექსკურსიებზე. ახლა შედარებით გაუმჯობესდა მდგომარეობა. ცოტა ხნის წინ სამშვილდეში ვიყავი და იქ რამდენიმე ქართული ჯგუფი იყო. ეს კარგია, მაგრამ ბავშვებს  უფრო მეტი უნდა ვაჩვენოთ, მოვასმენინოთ, ველაპარაკოთ, მოვუყვეთ... სიცოცხლის პირველ დღეებში, პირველ თვეებში, წლებში და, თქვენ წარმოიდგინეთ, სკოლის პერიოდშიც კი რაც ჩაიბეჭდება, ის მარადიულად ცნობიერში იქნება შენახული.

ჩვენ გვინდა, ჩვენი შვილი იყოს ბედნიერი, გონიერი, წარმატებული, ჯანმრთელი და, ამავე დროს, გვინდა, რომ იყოს პატრიოტი. ადრე ვიყავი ახლობელ ოჯახში. იქ იყვნენ 4 და 5 წლის გოგონები. ოთხი წლის გოგონა გაბრაზდა ყველაზე, არც მამა მინდა, არ დედა მინდა, ჩემს თოჯინასთან ვიქნებიო. ერთი წლის უფროსმა დამ ჰკითხა - როგორ, სამშობლოც არ გიყვარსო?  ნახეთ, როგორ არის განმსჭვალული პატრიოტიზმის გრძნობა - როგორ შეიძლება, სამშობლო არ გიყვარდეს. ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა მოვიმოქმედოთ ამ მიმართულებით", - აღნიშნა ყარამან ფაღავამ.

წყარო: ​,,პირადი ექიმი მარი მალაზონია"

შეიძლება დაინტერესდეთ

„სცადეთ, ენით შეეხოთ ცხვირის წვერს ან თავზე დაიდოთ რაიმე საგანი, წაახალისეთ ბავშვი, რომ მანაც იგივე გაიმეოროს“ - ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი იმიტაციის უნარზე

დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე საუბრობს იმიტაციის უნარზე.

უნარი, რომ ბავშვმა შეძლოს ახალი, მისთვის უჩვეულო მოქმედებების გამეორება, წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს ახალი ქცევის დასწავლის პროცესში. ეს უნარი არის მნიშვნელოვანი ურთიერთობების, კომუნიკაციის და მეტყველების განვითარებისთვის. ტრადიციულად, გთავაზობთ რამდენიმე მარტივად შესასრულებელ რეკომენდაციას, რომლებიც დაგეხმარებათ ამ უნარის განვითარების ხელშეწყობაში:

  • ხშირად ჩართეთ ბავშვი ინტერაქტიულ თამაშებში. ერთად დაუკარით ხოლმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე. თუ არ გაქვთ მუსიკალური ინსტრუმენტი, შეგიძლიათ ნებისმიერი რამ გამოიყენოთ, მაგალითად, მაგიდა, სკამი და ა.შ.
  • ერთად ააშენეთ ხოლმე კოშკები კუბიკებით. მონაცვლეობით დადეთ კუბიკები კოშკზე. რა თქმა უნდა, ნებისმერი მოქმედება, რასაც თქვენ გააკეთებთ, ძალიან კარგად უნდა ნახოს ბავშვმა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოგბაძოთ. 
  • როდესაც ბავშვი თქვენს სახეს აკვირდება, ცვალეთ ხოლმე გამომეტყველება, მიმიკები და დააკვირდით, ცდილობს თუ არა ბავშვი იმავეს გამეორებას.
  • როდესაც სარკესთან ხართ, ეცადეთ ხოლმე, სხვადასხვა სახალისო მოქმედება გააკეთოთ. მაგალითად, სცადოთ, რომ ენით შეეხოთ ცხვირის წვერს ან თავზე დაიდოთ რაიმე საგანი. წაახალისეთ ბავშვი, რომ მანაც იგივე გაიმეოროს.
  • დაბოლოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერი ახალი მოქმდების გამეორების მცდელობისას შეაქეთ ბავშვი და გაამხნევეთ თქვენი სიტყვიერი შეძახილებით.

წაიკითხეთ სრულად