Baby Bag

,,ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვი უბრალოდ იღლება, იფიტება და ამ დროს ეწყება გაღიზიანება" - თამარ გაგოშიძე

,,ხშირია შემთხვევები, როდესაც ბავშვი უბრალოდ იღლება, იფიტება და ამ დროს ეწყება გაღიზიანება" - თამარ გაგოშიძე

,,ცნება ,,აგრესიას" როგორ იყენებენ ხოლმე მშობლები, ეს არის ძალიან საინტერესო. როდესაც ვეკითხებით, რომ გთხოვთ, აღწერეთ, რას უწოდებთ ,,აგრესიულ ქცევას", აღმოჩნდება ხოლმე, რომ ქცევა არ არის  აგრესიული. ეს უბრალოდ არის ბავშვის მინიშნება მის საჭიროებაზე, იმაზე - თუ რა აწუხებს მას. ბავშვს რაღაც აწუხებს - აქვს ემოციური მდგომარეობა, ამას ვერ გამოთქვამს და  გარედან ეს ჩანს აგრესიულ ქცევად", - ამის შესახებ ნეიროფსიქოლოგმა, თამარ გაგოშიძემ ,,რადიო  ფორტუნას" ეთერში ისაუბრა.

,,მაგალითად, ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც ის უბრალოდ იღლება, იფიტება და ამ დროს ეწყება გაღიზიანება. ჩვენ ეს უნდა გავიგოთ - რომ ბავშვი დაიღალა და შესაბამისი პრევენციული ზომები გავატაროთ. საბავშვო ბაღში ხდება ხოლმე ასე, რომ ამბობენ აღსაზრდელზე - აგრესიულად იქცევა. რომ ვეკითხებით, რომელ საათზე იქცევა ,,აგრესიულად", გვეუბნებიან, მაგალითად, რომ ასე პირველი საათისთვის, სადილამდე. იქნებ, ბავშვი დაიღალა და ეძინება? ამას ყურადღებას არ აქცევენ. ჩვენ ჩვენი გადმოსახედიდან ვმოქმედებთ და გვგონია, რომ ისინი ყველაფერს იტანენ. იქნებ, შია? ასევე, მაგალითად, წაიყვანეთ ბავშვი მოლში და, მადლობის ნაცვლად, გაგიმართათ ისტერიკა. ჯერ კარგად უნდა გაარკვიოთ, რატომ იქცევა ასე. ბავშვის ეს ქცევა არ არის მექანიკური, მას აქვს საკუთარი მიზეზები. 

როდესაც ჩვენ ვეუბნებით მშობლებს, იგნორირება გაუკეთონ არასასურველ ქცევას, ამ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი კანფეტს ითხოვს და ის შიშით აძლევს იმის გამო, რომ მისმა შვილმა რაიმე არ დაიშავოს, ამასთან, იგნონირება გაუკეთა ბავშვის ტირილს, ამას ისინი მექანიკურად ავრცელებენ ყველაფერზე. მაგალითად, შენ ვერ გაუკეთებ იგნორირებას ფაქტს, როდესაც ბავშვი შუა მოლში დაიღალა და ტირის. ამ დროს მას უნდა მოეფერო, დაამშვიდო, გადაატანინო ყურადღება... იცით, რა არის მთავარი რჩევა? შენს შვილს უყურო, გაიგო, რატომ იქცევა ის ასე. ჩვენთვის უფრო ადვილია რეცეპტი - დავსაჯოთ-არ დავსაჯოთ, მივაქციოთ ყურადღება - არ მივაქციოთ ყურადღება. ეს ასე არის არის. არსებობს შემთხვევები, როდესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, ასევე, როდესაც უნდა გავუკეთოთ იგნორირება და  არის შემთხვევები, როცა დასჯა ნიშნავს სიამოვნების მოკლებას, ფსიქოლოგების ენაზე", - აღნიშნა თამარ გაგოშიძემ.

წყარო: ,,​რადიო ფორტუნა"

შეიძლება დაინტერესდეთ

„ტოტალური კონტროლი შეიძლება ისეთივე დამღუპველი აღმოჩნდეს, როგორც სრული თავისუფლება, როცა ეს ეხება ბავშვების აღზრდას“

„ტოტალური კონტროლი შეიძლება ისეთივე დამღუპველი აღმოჩნდეს, როგორც სრული თავისუფლება, როცა ეს ეხება ბავშვების აღზრდას“

უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს სრული თავისუფლება და როგორ უნდა მივუდგეთ, რომ ჯანსაღი ფსიქოლოგიური საზღვრების მქონე პიროვნება ჩამოყალიბდეს? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნატა თუმანიშვილი.

- რას ნიშნავს თავისუფლება?
- თავისუფლება ადამიანის ბუნებრივი სწრაფვაა და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ბავშვი ამ იდეოლოგიით იზრდებოდეს, რომ მას ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის უფლება, გააჩნდეს საკუთარი აზრი, შეძლოს იმაზე საუბარი, რაზეც სურს და არ ეშინოდეს განსხვავებული აზრის.
- უნდა მივცეთ თუ არა ბავშვს სრული თავისუფლება (ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით)?
- ნამდვილ თავისუფლებას მშობელი ასწავლის ჩვილობიდან და ეს ყალიბდება დაბადებიდან პირველივე წელს, როდესაც ხდება უმნიშვნელოვანესი უნარების ჩამოყალიბება, როგორებიცაა: ინტელექტუალური, ფიზიკური და ემოციური სფერო. ამ დროს დედა სრულ სიმბიოზში (ერთობაში) იმყოფება თავის შვილთან, ის კარგად გრძნობს მის მოთხოვნილებებს და იდეალურ ვარიანტში უნდა აკმაყოფილებდეს მათ. შემდგომში უკვე ბავშვის ზრდა-განვითარებასთან ერთად დედა ხვდება და ითვალისწინებს მის სურვილებს, მიდრეკილებებს და სწრაფვებს. მაგალითად, უთანხმებს, რა ჭამოს, რა ჩაიცვას, რა ზღაპარი წაუკითხოს, რით გაერთოს თავისუფალ დროს. ასე ბავშვს უყალიბდება თავისუფალი არჩევანის უფლება, ხოლო ჭკვიანი მშობელი ყოველთვის გააკეთებინებს არჩევანს იმ მოცემულობიდან, რაც თვითონ გააჩნია. აი, ასე იწყება ბავშვის ნების გამოხატვა და მისი ინდივიდუალურობის გათვალისწინება. ოღონდ ნუ აურევთ ერთმანეთში თავისუფლებასა და ნებადართულობას, სადაც წესები და აკრძალვები მტკიცედ უნდა იყოს განსაზღვრული ოჯახის ყველა წევრის მიერ, ეს ნიშნავს, რომ მათი აკრძალვა უნდა იყოს ერთსულოვანი და თანმიმდევრული!!
ბავშვს ყოველთვის უნდა ჰქონდეს თავისუფალი დრო, რომ დაკავდეს იმ საქმით, რაც მხოლოდ მას სურს ან სულაც არაფერი აკეთოს. რაც შეეხება სკოლის გარეთ წრეებს და სპორტს, ესეც მასთან უნდა იყოს შეთანხმებული, უნარების და ნიჭის გათვალისწინებით. მშობელი მხოლოდ მიმართულებას აძლევს, რაშიც სურს, რომ მისი შვილი განვითარდეს.
ბავშვს უნდა გააჩნდეს თავისი პირადი სივრცე, ეს შეიძლება იყოს ოთახი, სადაც დაკაკუნების გარეშე არ უნდა შევდიოდეთ, პირადი ადგილი მაგიდასთან, რომელსაც სხვა არ უნდა იკავებდეს, დაუკითხავად. აუცილებელია პირადი ნივთების სივრცე, რომელსაც ნებართვის გარეშე არ გადავაადგილებთ. ეს ასევე ეხება მის კომპიუტერს თუ ტელეფონს, რომელში ჩახედვის სურვილი ყველა მშობელს უჩნდება კონტროლის მიზნით, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ თვალთვალის, ქექვის და მიყურადების გამო ჩვენ ვკარგავთ ბავშვის ნდობას. ამიტომ, სჯობს თავიდანვე დავამყაროთ ბავშვთან თბილი ურთიერთობა, ვიყოთ ემოციურად ჩართულები მის ცხოვრებაში, ხშირად ჩავხედოთ თვალებში, რომ შევიტყოთ მისი განწყობა და ხასიათი, რათა არაფერი გამოგვეპაროს. ესაა რეალური კონტაქტი და ასე ყალიბდებიან სრულფასოვანი, ჯანსაღი ფსიქოლოგიური საზღვრების მქონე ადამიანები. ზუსტად მშობლის ჩართულობისა და ყურადღების დამსახურებით ვლინდება, თუ რა უნარები, შესაძლებლობები გააჩნია მის შვილს, რა შეუძლია და რა გამოსდის კარგად, ეს კი იმის საშუალებას იძლევა, რომ სწორი მიმართულება მივცეთ ბავშვს მის განვითარებაში და წარმატების მიღწევაში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, ბავშვი არ არის ჩვენი საკუთრება, ის ცალკე პიროვნებაა და გარკვეულ ასაკში მოხდება მისი სეპარირება მშობლისაგან, ამიტომ გამოვიყენოთ პირველი წლები სწორი ღირებულებების ჩამოსაყალიბებლად, რაც შემდგომში განაპირობებს მის პიროვნულ თვისებებს და იმას, თუ როგორ გამოიყენებს იგი თავისუფლებას, როგორ გაუმკლავდება შეცდომებს თუ წარუმატებლობას და რაც უფრო მეტად შეიზღუდება მოზარდი ოჯახში, მით უფრო მეტ შეცდომებს დაუშვებს გარეთ - ცუდ წრეში ტრიალი, ადრეული ალკოჰოლიზმი, დაუცველი სქესობრივი ცხოვრება, ნარკოტიკები, სხვადასხვა სექტაში გაწევრიანება და ა.შ.
რა ხდება შემდეგ? - მუქარა, მანიპულაცია და ნამუსზე აგდება მშობლების მხრიდან.
რას ვღებულობთ?- ან ვკარგავთ შვილს, ან ვიმტერებთ საბოლოოდ, ვტეხთ პიროვნულად და ვტოვებთ მუდმივად ინფანტილურ პოზიციაში, სადაც ის ვეღარაა თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებელი, ერთგვარი „დედიკოს ბიჭები“ და ყველა სფეროში შეუმდგარი ქალები.
- შეიძლება თუ არა გადამეტებულმა თავისუფლებამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ბავშვზე და ზოგადად, როგორ აისახება?
- ტოტალური კონტროლი შეიძლება ისეთივე დამღუპველი აღმოჩნდეს, როგორც სრული თავისუფლება, როცა ეს ეხება ბავშვების აღზრდას. ჰიპერზრუნვას მოაქვს შიში დამოუკიდებელი ქცევის წინაშე, ბავშვმა არ მიიღო ცხოვრებისეული გამოცდილება და ცოდნა, ის უსუსური და მოუმზადებელი ხვდება ყველანაირ გამოწვევას, ხოლო გადამეტებულ თავისუფლებას მოაქვს მხარდაჭერის არქონის შიში, მოზარდს ეშინია ზედმეტად მინიჭებული პასუხისმგებლობისა და შეცდომების დაშვების.
ეს რომ ავიცილოთ და ჰარმონიულად ვიურთიერთოთ ჩვენს შვილებთან, ზემოთ აღნიშნული პუნქტებია გასათვალისწინებელი.

​ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად