Baby Bag

​რატომ ეშინიათ ბავშვებს სიბნელის? - რეკომენდაციები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგისგან

​რატომ ეშინიათ ბავშვებს სიბნელის? - რეკომენდაციები ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგისგან

რატომ ეშინიათ ბავშვებს სიბნელის და როგორ დავეხმაროთ მათ? - ამ საკითხებზე MomsEdu.ge-ს ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე ესაუბრა.

რატომ ეშინიათ ბავშვებს სიბნელის?

შიში ისეთივე მნიშვნელოვანი ემოციაა, როგორც სიხარული, ბრაზი და ა.შ. ხშირად სამუშაო პროცესში ვხვდები დამოკიდებულებას, რომ შიში ცუდი ემოციაა და სირცხვილთანაც აკავშირებენ. ზოგადად, ემოციებთან და მათ შორის, შიშთანაც, არასწორი შეფასებაა - ცუდი ან კარგი. სინამდვილეში შიშს დიდი როლი აქვს ადამიანის ცხოვრებაში, გვიცავს აღქმული საფრთხეებისგან.

შიშს ყველა ბავშვი გრძნობს ბავშვობაში, ეს ბუნებრივი და ნორმალურია. ჩვეულებრივ, პირველად 3-დან 6 წლამდე ასაკში ჩნდება. ამ ასაკში ბავშვებს უჭირთ გამიჯნონ ფანტაზია და რეალობა, ამიტომ საწოლის ქვეშ ან კარადაში შესაძლოა წარმოიდგინონ სხვადასხვა პერსონაჟი.

- თუ პრობლემას ყურადღებას არ მივაქცევთ, შესაძლებელია თუ არა მომავალში გართულდეს?

ისეთი ფრაზები, როგორიც არის „არაფერია საშიში”, „ნუ გეშინია”, „ამხელა ბიჭს/გოგოს როგორ გეშინია, სირცხვილია” - დაუშვებელია. ბავშვის ემოციის იგნორით, გაბრაზებით, შერცხვენით ან გაუფასურებით, მას ვერ ვეხმარებით, პირიქით, უკიდურესი შედეგები შეიძლება მივიღოთ.

- როგორ დავეხმაროთ და ავუხსნათ პატარას, რომ არაფერია საშიში?

სიბნელის შიში არ არის მხოლოდ და მხოლოდ სიბნელის შიში. ეს შიში გულისხმობს სიბნელეში რაიმე საფრთხის არსებობის და მისი ვერ დანახვის შიშს. აქედან გამომდინარე, ფანტაზიის დახმარებით ბავშვისთვის ჩრდილი ბნელ კუთხეში შეიძლება მონსტრად გადაიქცეს. მაშინ, როდესაც ბავშვს აქვს ძლიერი შიში, რომ საწოლის ქვეშ მონსტრია და ჩვენ ვუხსნით რომ საწოლის ქვეშ საფრთხე არ არის, მაგრამ მას ისევ ეშინია, ამ დროს, შესაძლოა მშობელი გაღიზიანდეს, გაბრაზდეს ან საკუთარი თავი დაადანაშაულოს რომ საკმარისად კარგად ვერ უხსნის. მნიშვნელოვანია, გავიხსენოთ ასაკობრივი თავისებურება, ბავშვს აღნიშნულ ასაკში უჭირს ფანტაზიის და რეალობის გამიჯვნა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა თქვენ გისმენდეთ, მაგრამ ამან გავლენა არ იქონიოს და კიდევ უფრო მეტად დატვირთოს ბავშვის ემოციური მდგომარეობა.

- რა გზები არსებობს შიშის დასაძლევად?

რეკომენდაციები:

- მნიშვნელოვანია, ამოვიცნოთ და ვაღიაროთ ბავშვის შიში, ვალიდურად მივიღოთ და არავითარ შემთხვევაში არ გავაუფასუროთ. ასევე, არ არის რეკომენდებული ისეთი სქემების მიწოდება, როგორიც არის „კარგ ბავშვებს არ ეშინიათ”, „კარგ ბავშვებთან მონსტრები არ მოდიან”.

როგორც აღვნიშვნე, მნიშვნელოვანია ვალიდაცია მივცეთ ბავშვს, ვაგრძნობინოთ თანაგანცდა, რომ მარტო არ არის ამ შიშთან და გვსურს მისი დახმარება. თუ ჩვენ ვალიდურად მივიღებთ მის შიშს, დავეხმარებით ამ შიშის გამოკვლევაში და შესწავლაში, ბავშვი მნიშვნელოვან გამოცდილებას მიიღებს და აუცილებლად გაუმკლავდება.

თუ ბავშვს ეშინია ბნელ ოთახში მარტო დარჩენის და დაძინების, ამ შემთხვევაში, შეგვიძლია ხშირად გავატაროთ დრო ერთად ბნელ ოთახში. მაგალითად, ჩაბნელებულ ოთახში მოვაწყოთ ფანრებით განძის ძიება ან კედელზე ჩრდილებით ვითამაშოთ. რაც უფრო მეტ დროს გავატარებთ მხიარულად სიბნელეში, ბავშვი უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და ისწავლის როგორ გამოიკვლიოს შიში, არსებული გარემო. ასევე, შესაძლოა დაეხმაროს ძილის მეგობარი, სათამაშო, რომელიც თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს.

შეგვიძლია ძილის წინა რიტუალის შემდეგ ერთად ფანრით გამოვიკვლიოთ ოთახის კუთხეები, საწოლის ქვეშ არსებული სივრცე და ეს ფანარიც დავუტოვოთ ბავშვს, რათა საჭიროების შემთხვევაში მარტომაც გააგრძელოს გამოკვლევა.

ესაუბრა მარიამ ჩოქური

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბავშვს ახლა აქვს ფუფუნება, რომ მუდმივად მშობლებთან ერთად იყოს, ამაზე ბედნიერი ვერასდროს იქნება“ - ფსიქოლოგი მედიკო ოქროაშვილი

„ბავშვს ახლა აქვს ფუფუნება, რომ მუდმივად მშობლებთან ერთად იყოს, ამაზე ბედნიერი ვერასდროს იქნება“ - ფსიქოლოგი მედიკო ოქროაშვილი

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა თვეზე მეტია მოქმედებს, სახელწიფო და მედპერსონალი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ეს ის დროა, როდესაც ყველა მშობელი სახლშია და უწევს სწორად აუხსნას ბავშვს, რატომ არ შეიძლება გარეთ გასვლა და მეგობრებთან ერთად თამაში. სწორედ ამ თემაზე გთავაზობთ ინტერვიუს ფსიქოლოგ მედიკო ოქროაშვილთან.

- ქალბატონო მედიკო, როგორ მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სწორად?

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილება არც ფსიქოლოგებს გაგვაჩნია და არც მოსახლეობას, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ყველა მოექცა სტრესულ სიტუაციაში: ბავშვები, ზრდასრულები, მოხუცები. ჩვენ არ გაგვაჩნია ინფორმაცია, რამდენ ხანს გაგრძლედება ეს ყოველივე, რაც სიტუაციას აქცევს სტრესულს, სწორედ ამიტომ დაგვეუფლა შფოთი და ეს სავსებით ნორმალურია. რაც შეეხება ბავშვებს, აუცილებელია, მათ გაუსწორონ თვალი ამ მდგომარეობას. სწორად მიწვდილი ინფორმაციის შედეგად ბავშვს არ გაუჭირდება, აღიქვას რეალობა, რადგან პატარები ყველაზე მეტად ბრძოლისუნარიანები არიან. ერთადერთი, რასაც ბავშვები უნდა მოვარიდოთ, არის გარდაცვლილებზე ინფორმაციის მიღება. მშობლებმა მინიმალურით უნდა დაიწყონ - ბავშვებს ხელების დაბანისაკენ უბიძგონ, აუხსნან, რომ ვირუსს ასე უნდა ებრძოლონ, ბრძოლის მექანიზმი ამ პატარა მომენტითაც კი ჩაერთვებათ.

- როგორ ავუხსნათ პატარებს მათ ენაზე, რომ სახლში დარჩენა აუცილებელია? ან როგორ შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ სახლში დარჩენა გაუმარტივდეთ?

- როგორც უკვე ვახსენე, აუცილებელია, ბავშვი ჩააყენოთ საქმის კურსში, არ მოატყუოთ და გასაგებად აუხსნათ, რა ხდება ქვეყანაში. დამერწმუნეთ, ბავშვი ბევრად მარტივად გადაიტანს ამ სიტუაციას, ვიდრე ჩვენ, ზრდასრულები. ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ დედა და მამა ბავშვს ცოტა ხნით მაინც გაასეირნებენ, რა თქმა უნდა, არახალხმრავალ ადგილას, სუფთა ჰაერზე. ითამაშეთ ბავშვებთან, დაიხმარეთ სამზარეულოში, ეს ყველაფერი პატარებს სტრესულ გარემოსთან გამკლავებაში დაეხმარებათ. აქვე აღვნიშნავ, რომ მშობლები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც განცალკევდებიან და იზოლირებისკენ აქვთ მიდრეკილება, თუ მსგავს აქტივობებში ბავშვი არ ერთვება და მარტო ყოფნა ურჩევნია, ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ.

- არის თუ არა რაიმე საფრთხის შემცველი ბავშვის დიდი ხნით სახლში დარჩენა და რაიმე ზემოქმედებას ახდენს თუ არა ეს მის ფსიქიკაზე?

- რა თქმა უნდა, ბავშვზე მოქმედებს ეს ყოველივე. მას რომ შფოთვა აქვს და რაღაც ანერვიულებს, ეს ძალიან ნორმალურია, როგორც ბავშვთან ასევე ზრდასრულთან. წარმოიდგინეთ, ბავშვი თავს ისე გრძნობს, როგორც ციხეში. უხეში შედარებაა, მაგრამ ასეა და ჩვენ სწორად უნდა მივუდგეთ და ჩავრთოთ აქტივობებში. საბოლოო ჯამში, გირჩევთ, რომ ყველა მშობელმა მიაწოდოთ ბავშვს რეალური ინფორმაცია, გარდა ერთისა, მოერიდეთ გარდაცვლილებზე საუბარს.

- დაბოლოს, პანდემიის პირობებში ბავშვებს თავიანთ საყვარელ ადამიანებთან დროებით მოუწიათ განშორება, ბებიებთან, ბაბუებთან, დეიდებთან, როგორ უნდა ავუხსნათ, რატომ ხდება ასე?

ბავშვისთვის ყველაზე მთავარი არის დედ-მამა. თუ ისინი აქამდე მუდმივად დაკავებულები იყვნენ, მუშაობდნენ, შესაძლოა, დღის განმავლობაში შვილს მხოლოდ 1 საათით ნახულობდნენ, ბავშვს ახლა აქვს ფუფუნება, რომ მუდმივად მშობლებთან ერთად იყოს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ბავშვი ამაზე ბედნიერი ვერასდროს იქნება.

ავტორი - სოფიო შავაძე

ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედე​ბის ჯგუფი“

წაიკითხეთ სრულად