Baby Bag

„ბავშვის პიროვნებას არ უნდა შევეხოთ“ - რა ასაკში უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ბოდიშის მოხდა

„ბავშვის პიროვნებას არ უნდა შევეხოთ“ - რა ასაკში უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ბოდიშის მოხდა

რა ასაკში უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ბოდიშის მოხდა? - ამ და სხვა დედებისთვის აქტუალურ საკითხებზე „დიალოგის“ ფსიქოლოგი ქეთი მესხიშვილი საუბრობს. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანს ეუფლება ძლიერი, ყოვლისმომცველი შფოთვა, უჭირს ყოველდღიური საქმიანობების შესრულება“ - რა არის შფოთვითი აშლილობა, რა იწვევს მას და როგორ უნდა ვუმკურნალოთ?

„შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანს ეუფლება ძლიერი, ყოვლისმომცველი შფოთვა, უჭირს ყოველდღიური საქმიანობების შესრულება“ - რა არის შფოთვითი აშლილობა, რა იწვევს მას და როგორ უნდა ვუმკურნალოთ?

რა არის შფოთვითი აშლილობა, რა იწვევს მას და როგორ უნდა ვუმკურნალოთ? - ​MomsEdu.ge-ს ამ და სხვა კითხვებს ფსიქოთერაპევტმა ანა ღვინიანიძემ უპასუხა. 


- პირველ რიგში, რა არის შფოთვითი აშლილობა, რა იწვევს მას და იმატა თუ არა ამ დაავადების სიხშირემ? 

- შფოთვითი აშლილობები ფსიქიკური აშლილობების ჯგუფია, რომელსაც ხელისშემშლელი შფოთვა, მისგან გამომდინარე აზრები, ქცევები და სხეულებრივი შეგრძნებები ახასიათებს. შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანს ეუფლება ძლიერი, ყოვლისმომცველი შფოთვა, უჭირს ყოველდღიური საქმიანობების შესრულება, მისი ქცევა იმართება შფოთვასთან დაკავშირებული აზრებით.

მაგალითად, თუ ადამიანს აქვს გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა (გშა), ის შფოთავს მოსალოდნელ უსიამოვნებებზე ან უბედურებაზე, მოცულია მათზე ფიქრით, ერთსა და იმავე აზრებს უბრუნდება გონებაში, აქვს განცდა, რომ შფოთვა მთლიანად მოიცავს და მის მართვას ვერ შეძლებს, თუმცა, მეორე მხრივ, ვერ წყვეტს მოსალოდნელ უსიამოვნებებზე ფიქრს. მსგავსი შფოთვითი აშლილობა იწვევს კუნთების დაძაბულობას და სხვა, სხეულებრივ მდგომარეობებს, რომელთაც ექიმები ვერ ხსნიან სხეულის დაავადების არსებობით.

არსებობს შფოთვითი აშლილობების სხვა სახეები, მაგალითად, პანიკური აშლილობა. ამ აშლილობის მთავარ სიმპტომს მოულოდნელად აღმოცენებული ძლიერი შფოთვის, განგაშის შეტევები წარმოადგენს, რაც მეტისმეტად უსიამოვნო სხეულებრივი შეგრძნებებით ვლინდება და ადამიანში გარემოდან გაქცევის ძლიერ სურვილს აღძრავს. გარდა ამისა, ის ვლინდება გარდაცვალების, „შეშლის“, საკუთარ ქმედებებზე კონტროლის დაკარგვის და, აქედან გამომდინარე, შერცხვენის ძლიერი შიშით, რომელიც ადამიანს პანიკის შეტევის დროს ეუფლება. პანიკურ შეტევებს შორის ყალიბდება მორიგი შეტევის მოლოდინი და შეტევის განმეორებაზე შფოთვა.

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა - ამ აშლილობისთვის დამახასიათებელია გონებაში შემოჭრილი, განმეორებული, დაჟინებით შემოჭრილი ერთი და იმავე შინაარსის უსიამოვნო აზრები, გამოსახულებები, იმპულსები და ამ ფსიქიკური განცდების თანმხლები შფოთვისგან გათავისუფლებისთვის შექმნილი რიტუალები.

შფოთვით აშლილობებს მრავალი გამოწვევი მიზეზი აქვს. დღესდღეობით, ივარაუდება, რომ შფოთვით აშლილობებს იწვევს როგორც მემკვიდრეობით მიღებული წინასწარგანწყობები, ასევე - ფსიქიკური თავისებურებები, როგორიცაა, მაგალითად, ე. წ. ნევროტულობის მაღალი მაჩვენებლები და სხვა სახის რწმენები, რომლებიც ადამიანმა განვითარების მანძილზე გაიშინაგანა, ასევე - მისი სოციალური გარემო, რამდენად სტრესულ გარემოში ცხოვრობს და ა. შ. როგორც წესი, შფოთვითი აშლილობების გამოვლენას წინ უძღვის სტრესული მდგომარეობა, ან ადამიანებს უჭირთ კონკრეტული სტრესული მდგომარეობის დასახელება.

რთული სათქმელია, რამდენად იმატა 21-ე საუკუნეში შფოთვითი აშლილობების გავრცელების სიხშირემ. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, გამოკითხვებში მონაწილე ადამიანების, დაახლოებით, 33.7%-ს აღენიშნება შფოთვითი აშლილობებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. თუმცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ შფოთვითი აშლილობების გავრცელების სიხშირე საგრძნობლად იცვლება. ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების შედეგების განსხვავებას შეფასებისას გამოყენებული სხვადასხვა შეფასების კრიტერიუმები ხსნის.

- როდის არის საჭირო სპეციალისტის ჩარევა?

- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ორი ძირითადი სპეციალისტი, ვინც მონაწილეობას იღებს შფოთვითი აშლილობების მკურნალობაში არის ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი. ფსიქიატრი განსაზღვრავს მედიკამენტურ მკურნალობას და თვალყურს ადევნებს მედიკამენტების მოქმედებას, ხოლო ფსიქოთერაპევტი ზრუნავს საუბრით მკურნალობაზე. 


ფსიქიატრთან ვიზიტი იმ შემთხვევაში გჭირდებათ, თუ ადამიანს უვლინდება:

  • სოციალური აქტივობისაგან განრიდება და სხვა ადამიანებისადმი ინტერესის დაკარგვა
  • ფუნქციონირების გაუარესება – ფუნქციონირების უჩვეულო გაუარესება სკოლაში, სამსახურში, ან ისეთი სოციალური აქტივობების შეწყვეტა, როგორებიცაა: სპორტული აქტივობა, წარუმატებლობა სკოლაში ან ჩვეული ამოცანების შესრულების სირთულე
  • აზროვნების სირთულე – ყურადღების კონცენტრირების სირთულე, მეხსიერების ან ლოგიკური აზროვნებისა და მეტყველების რთულად ასახსნელი ცვლილება
  • მომატებული მგრძნობელობა – მხედველობის საშუალებით აღქმული შეგრძნებების, ხმაურის, სურნელებისა და შეხებისადმი გაძლიერებული მგრძნობელობა, სტიმულების ჭარბად შემცველი სიტუაციებისათვის თავის არიდება
  • აპათია – ნებისმიერ ჩვეულ აქტივობაში ჩართვის ინიციატივის ან სურვილის დაკარგვა
  • განცალკევების განცდა – საკუთარი თავისა და გარემოსაგან განცალკევების ბუნდოვანი განცდა, არარეალობის განცდა
  • ალოგიკური აზროვნება – სიტუაციის გაგების ან მასზე ზემოქმედების პიროვნული ძალის უჩვეულო ან გაზვიადებული რწმენა, ზრდასრულ ადამიანს აღენიშნება ბავშვობის ასაკისათვის დამახასიათებელი ალოგიკური და „მაგიური“ აზროვნება
  • აღგზნებადობა – სხვა ადამიანების შიში, უსაფუძვლო ეჭვიანობა მათი განზრახვების კეთილსინდისიერების შესახებ ან ძლიერი ღელვა
  • უჩვეულო ქცევა – უცნაური, კონკრეტული პიროვნებისათვის უჩვეულო, ახირებული ქცევა
  • ძილის ან მადის ცვლილებები – ძილის ან მადის მკვეთრი ცვლილება ან საკუთარ თავზე ზრუნვაზე უარის თქმა
  • გუნება-განწყობის ცვლილებები – გუნება-განწყობის სწრაფი და მკვეთრი ცვლილებები

​ხოლო ფსიქოთერაპევტის დახმარება გჭირდებათ იმ შემთხვევაში, თუ:

  • გაშფოთებთ თქვენი რომელიმე ემოცია, აზრი ან ქცევა
  • გაშფოთებთ თქვენი რომელიმე ემოციის, აზრის ან ქცევის გავლენა ირგვლივმყოფებთან ურთიერთობაზე
  • შემაწუხებელი და ხელისშემშლელი ემოციების, აზრების ან ქცევების გამოვლენა ხშირდება
  • სცადეთ, ხელისშემშლელი ან მტანჯველი ემოციებისაგან, აზრებისა ან ქცევებისაგან თქვენი ძალისხმევით გათავისუფლება, თუმცა, თქვენი მცდელობა წარუმატებელია
  • გიჭირთ ყოველდღიურ სტრესულ გარემოებებთან გამკლავება
  • გიჭირთ სამსახურებრივ და სხვა სახის საქმიანობაზე ყურადღების კონცენტრაცია
  • ხელისშემშლელი ემოციები, აზრები და ქცევები ვლინდება სულ მცირე, ორი კვირის მანძილზე

- როგორ მკურნალობენ შფოთვით აშლილობებს?

- შფოთვითი აშლილობების მკურნალობისთვის, ძირითადად, მედიკამენტური მკურნალობა და ფსიქოთერაპია გამოიყენება.

როგორც აღვნიშნეთ, ფსიქიკური აშლილობების, მათ შორის, შფოთვითი აშლილობების მქონე ადამიანებისათვის დიაგნოზის დადგენისა და მედიკამენტური მკურნალობის განსაზღვრის უფლება აქვს ფსიქიატრს.

არსებობს ბევრი ფსიქოთერაპიული მიდგომა. თუმცა, არ არსებობს ისეთი მიდგომა, რომელიც ყველაზე თანაბრად დადებითად იმოქმედებს. ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანზე სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიდგომა ან სხვადასხვა მიდგომის კომპლექსი მოქმედებს დადებითად.

მაგალითად, რეკომენდებულია, შფოთვითი აშლილობების მქონე ადამიანმა მიმართოს კოგნიტურ-ბიჰევიორულ თერაპიაში სპეციალიზებულ ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს, პიროვნების აშლილობის მქონე ადამიანმა - სქემაზე ფოკუსირებული თერაპიის კურსი გაიაროს და ა. შ.

მნიშვნელოვანია, ფსიქოთერაპიული მიდგომა ფსიქიატრის მიერ დადგენილ დიაგნოზს შევუსაბამოთ და ამ მიდგომაში სპეციალიზებული ფსიქოთერაპევტის მოძიება ვცადოთ.

- როგორც ფსიქოთერაპევტი, რა რჩევებს მისცემთ შფოთვითი აშლილობის მქონე პირებს, როგორ უნდა მოერიონ საკუთარ თავს? ასევე რისი გაკეთება შეიძლება დაავადების თავიდან აცილების (პრევენციის მიზნით) მიზნით?

- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ შფოთვითი აშლილობები საკმაოდ გავრცელებული ფსიქიკური მდგომარეობებია. არაფერია სასირცხვილო იმაში, რომ შესაბამის სპეციალისტს - პირველ რიგში, ფსიქიატრს - მივმართოთ დახმარებისთვის, თუ შფოთვა გვტანჯავს, ხელს გვიშლის კმაყოფილების და სიხარულის განცდაში, გვიქმნის დაბრკოლებებს სამსახურებრივ თუ აკადემიურ საქმიანობაში. შესაძლოა, ჩვენ ვცადეთ „თავი ხელში აგვეყვანა“ და ამ მიდგომამ არ იმოქმედა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან შფოთვითი აშლილობის მქონე ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, იმდენად ძლიერ, ყოვლისმომცველ და ხელისშემშლელ შფოთვას განიცდიან, რომ მათ დამოუკიდებლად ამ მდგომარეობის მართვა არ შეუძლიათ. ამდენად, გაუმართლებელია ის ტანჯვა, რომელსაც ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანები მხოლოდ იმიტომ განიცდიან, რომ ცდილობენ დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ იმას, რასთანაც გამკლავებასაც, როგორც წესი, შესაბამისი სპეციალისტების მხარდაჭერა სჭირდება. ამიტომ, პირველ რიგში, თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები გაწუხებთ, ნუ შეგრცხვებათ, ითხოვეთ დახმარება. შესაბამისი მკურნალობისა და მდგომარეობის გაუმჯობესების საკმარისად ძლიერი სურვილის არსებობის შემთხვევაში, შფოთვითი აშლილობების მქონე ადამიანების დიდი ნაწილი სწავლობს ამ მდგომარეობების მართვას და შეუძლია, დაუბრუნდეს სრულფასოვან ცხოვრებას.

რაც შეეხება პრევენციას, იზრუნეთ სტრესული მდგომარეობის მართვაზე. ამ მდგომარეობის მართვის ძირითადი კომპონენტებია:

  • სრულფასოვანი, საჭირო ნივთიერებებით მდიდარი საკვების მიღება
  • სრულფასოვანი ძილი - ზრდასრულ ადამიანს დღე - ღამის მანძილზე, სულ მცირე, 7-8 საათიანი, უწყვეტი, მაცოცხლებელი ძილი სჭირდება. გარდა ამისა, ზრდასრულ ადამიანს ჩაძინება დასაძინებლად დაწოლიდან, დაახლოებით, 20 წუთის მანძილზე უნდა შეეძლოს
  • შესატყვისი სამუშაოს მოცულობის უზრუნველყოფა - მართალია, ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი ადამიანის ნებაზე ხშირად არის დამოკიდებული. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, ვიზრუნოთ შესასრულებელი ამოცანების თანმიმდევრობის განსაზღვრაზე. მართალია, ეს შრომატევადი პროცესია, თუმცა, ბოლო ვადების სტრესული მდგომარეობებისგან სწორედ დაგეგმვის უნარების გამოყენება გვიცავს
  • აქტიური სხეული - ნებისმიერი რამ, რაც სხეულის მოძრაობას უწყობს ხელს, გვეხმარება თავის ტვინის საჭირო ნივთიერებებით მომარაგებაში. უკანასკნელი კვლევების თანახმად, კვირაში სხეულის აქტიურობისთვის გამოყოფილი 150 წუთიც კი გვეხმარება ფსიქიკური კეთილდღეობის განცდაში. თუ 150 წუთი ბევრი გეჩვენებათ, ყოველდღიურად, სულ რაღაც 20-21 წუთია საჭირო მსუბუქი, აერობიკული დატვირთვისთვის, მეტიც კი არა. ეს ის მინიმუმია, რის სანაცვლოდაც უფრო ძლიერ იმუნურ სისტემას და ფსიქიკური კეთილდღეობის გაძლიერებულ განცდას ვიღებთ
  • სიამოვნებისა და კმაყოფილების აღმძვრელი საქმიანობების გაწონასწორება - ამ ორი განცდის აღმძვრელი საქმიანობების გაწონასწორება გვეხმარება, ერთი მხრივ, თვითშეფასებაში საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენების გაძლიერებაზე ვიზრუნოთ და, ამავდროულად, მხოლოდ ჩვენთვის საინტერესო თუ სასიამოვნო საქმიანობებისთვის დროის დათმობით, ჩვენს თავს დავუთმოთ დრო. აქვე აღვნიშნავ, რომ ფსიქიკური კეთილდღეობისთვის სასარგებლოდ ითვლება ისეთი სასიამოვნო საქმიანობები, რომლებიც არც ჩვენ გვაზიანებს და არც სხვას. 


ესაუბრა მაკა ქაფიანიძე ​

ფოტო: აზროვნების აკადემია

წაიკითხეთ სრულად