Baby Bag

ბულინგის პრევენცია სახლიდან იწყება - როგორ დავეხმაროთ ბავშვს ბულინგთან და სტრესთან გამკლავებაში

ბულინგის პრევენცია სახლიდან იწყება - როგორ დავეხმაროთ ბავშვს ბულინგთან და სტრესთან გამკლავებაში

თანამედროვე სამყაროში ბულინგი საერთაშორისო მნიშვნელობის ​პრობლემაა. თუ გარკვეული წლების წინ ბავშვის მიერ თავის თანატოლზე განხორციელებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ჩვენს დროში ბულინგს გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ, რადგან ბავშვთა შორის ძალადობამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. ამერიკელი ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 160 000 ბავშვი, ყოველდღიურად უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე, რადგან თანატოლების მხრიდან გამოვლენილი აგრესიის შიში აქვს. საუბედუროდ, ბულინგი მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე არ ხდება.

სკოლიდან სახლში დაბრუნებული ბავშვი ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობა ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელებისა თუ სატელეფონო შეტყობინებების წყალობით არცთუ იშვიათ მოვლენას წარმოადგენს და ძალადობის ამ ფორმას ფატალური შედეგების გამოწვევაც შეუძლია. ბულინგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენი შვილის ფსიქიკასა და ჯანმრთელობას. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა დახმარებით ბავშვს ბულინგთან და სტრესთან გამკლავებას ასწავლით.

ყურადღება მიაქციეთ დეტალებს

ბავშვის ქცევა ან მისი ზოგადი ფიზიკური მდგომარეობა ძალიან ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. თუ თქვენი შვილის სხეულზე რაიმე სახის ჩალურჯებას ამჩნევთ, ან ხედავთ, რომ ბავშვს ნორმალურად გადაადგილება უჭირს, შესაძლოა ეს მის მიმართ გამოვლენილ ფიზიკურ ძალადობაზე მიანიშნებდეს. თუ თქვენი შვილი გეუბნებათ, რომ მას სკოლაში წასვლა არ სურს, სიღრმისეულად გამოიკვლიეთ მისი უარყოფითი განწყობის მიზეზები. ბავშვები თავიანთ განცდებს ხშირად მეტად თვალსაჩინოდ გამოხატავენ. მათში დაგროვილი აგრესია ქცევის მოულოდნელ (აუცილებლად უარყოფით) ცვლილებაში ვლინდება. ისინი უფრო ემოციურები, აგრესიულები, მოუსვენრები ხდებიან, უჭირთ ღრმად ჩაძინება, მეტისმეტად უქვეითდებათ ან უმძაფრდებათ მადა, მათი აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვან გაუარესებას განიცდის. თუ თქვენს შვილს მსგავს ცვლილებებს ატყობთ, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან აღნიშნული ცვლილებები, შესაძლოა, სწორედ ბულინგის უარყოფითი ეფექტების გამოვლინება იყოს. თუ ბავშვის ქცევა უარესობისკენ იცვლება, ეს აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ მას აბულინგებენ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღების გამოჩენა გმართებთ.

ისაუბრეთ თქვენს შვილთან

ბავშვს აუცილებლად დაუსვით კითხვები. მიეცით მას საშუალება თავის გრძნობებსა და ცხოვრებაზე გულახდილად გესაუბროთ. ჰკითხეთ თქვენს შვილს, ვისთან მეგობრობს და ვისი გაგება უჭირს. ბავშვთან ჯანსაღი კომუნიკაცია მანამდე უნდა გქონდეთ, ვიდრე მას რაიმე სახის პრობლემა შეექმნება, რათა მასზე გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაში გულახდილად გესაუბროთ თავის მდგომარეობაზე. თუ ატყობთ, რომ ბავშვი განსაცდელშია, აუცილებლად გამოიკვლიეთ, თუ რა პრობლემის წინაშე დგას. გამოიძიეთ ყოველი დეტალი და არცერთი ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვოთ. ბავშვთან ყოველთვის გულახდილი იყავით და მას პირდაპირი კითხვები დაუსვით, რადგან ბავშვები გახსნილობას ძალიან აფასებენ. ყურადღებით მოუსმინეთ თითოეულ სიტყვას, რომელსაც თქვენი შვილი გეუბნებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. გაბრაზებას ერიდეთ, რადგან ბავშვები თქვენგან მკაცრ ქმედებებს არ მოელიან. მათ საკუთარ პრობლემებზე გულახდილი საუბარი და თქვენგან მხარდაჭერის მიღება სურთ. ბულინგს ბავშვი ხშირად დეპრესიამდე მიჰყავს, რამაც, შესაძლოა, მას საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებაც კი აიძულოს. იყავით თქვენი შვილის საიმედო მეგობარი, რათა მძიმე ვითარებაში მან საკუთარ პრობლემაზე ღიად საუბარი შეძლოს.

იყავით პოზიტიური

ბავშვისთვის მშობელი მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. თქვენი ქცევით ბავშვს გარკვეული მიმართულება უნდა მისცეთ. მასთან ურთიერთობაში ყოველთვის თავაზიანი და მოსიყვარულე იყავით. შენიშვნის მიცემისასაც სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნუ მიაყენებთ ბავშვს შეურაცხყოფას. ასწავლეთ მას, რომ სხვისთვის ტკივილის მიყენება არ არის კარგი საქციელი. ბავშვს აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ ის სხვის დაჩაგვრას არ უნდა შეეგუოს და თუ ბულინგის სცენის მომსწრე გახდება, აუცილებლად დაიცვას ჩაგრული. ბავშვმა თქვენგან უნდა ისწავლოს, როგორ მოიქცეს მსგავს ვითარებაში. მან უნდა იცოდეს, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს უფროსებისგან ან თანატოლებისგან, როდესაც ის ბულინგის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. თქვენი სიტყვითა და ქცევით ბავშვს უნდა ასწავლოთ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ღირსეული ადამიანი სხვებთან ურთიერთობისას.

ბულინგის პრევენცია სახლიდან იწყება

გაზარდეთ თავდაჯერებული ბავშვი

თავდაჯერებული ბავშვის თვითშეფასებას ბულინგი ვერ დააზიანებს. დაეხმარეთ მას საკუთარი ჰობის აღმოჩენაში, შეუქმენით ისეთი სოციალური გარემო, სადაც მას საკუთარ თავში საუკეთესო თვისებების აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობა მიეცემა. მყარი მეგობრული ურთიერთობები ბავშვს ნებისმიერი სახის დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარება. დაეხმარეთ თქვენს შვილს იყოს მეტად აზარტული და არ შეუშინდეს ახალ გამოწვევებს. აუცილებლად უთხარით თქვენს შვილს კომპლიმენტები, აუხსენით, რა მოგწონთ მასში ყველაზე მეტად, რათა მისი დადებითი თვისებები და პოზიტიური ქცევები წაახალისოთ. მშობლები ხშირად ბავშვის უარყოფით ქცევებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი ყველაზე უკეთ მაშინ გისმენთ, როდესაც მის მიღწევებზე ესაუბრებით. ძლიერი ხასიათის მქონე, თავდაჯერებული ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ თქვენს შვილს სწორად აღზრდით, მას ბულინგისგან მარტივად დაიცავთ.

დაეხმარეთ ბავშვს პრობლემის დაძლევაში

თუ თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია, აუხსენით მას, რომ ის დამნაშავე არ არის და რომ მას არაფრის უნდა ეშინოდეს, რადგან თქვენ მის გვერდით ხართ. ესაუბრეთ ბავშვს თქვენს განცდებზე, აუხსენით, როგორ მოიქცეოდით მის მდგომარეობაში რომ ყოფილიყავით. როდესაც თქვენს შვილს ზურგიდან უზარმაზარი ტვირთის მოხსნაში დაეხმარებით, მის ნდობას მოიპოვებთ, რაც მას პრობლემის დაძლევაში დაეხმარება. ასწავლეთ ბავშვს იყოს მეტად გახსნილი და გულახდილი. დაეხმარეთ მას თავდაცვითი უნარების განვითარებაში. უთხარით ბავშვს, რომ მჩაგვრელის ძალაუფლებას არ უნდა დანებდეს და თავისი უფლებების დასაცავად იბრძოლოს. თქვენს შვილს აგრძნობინეთ, რომ ის ძლიერია და არ უნდა დანებდეს.

ებრძოლეთ ბულინგს სახლში

თუ ბავშვს სახლში უფროსი და-ძმა ჰყავს, რომლებიც მას, როგორც სუსტსა და პატარას, ჩაგრავენ და ცუდად ექცევიან, დიდია იმის ალბათობა, რომ ოჯახის წევრებისგან დაჩაგრული ბავშვი აგრესიას თანატოლებთან გამოავლენს. ის აუცილებლად იპოვის სკოლაში თავისზე უფრო სუსტს, რომელსაც დაჩაგრავს. ბავშვები, რომლებიც სხვებზე ძალადობენ, თავადაც ძალადობის მსხვერპლები არიან, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ხშირად კარგად აღზრდილი, ჯანსაღ სოციალურ გარემოში მყოფი ბავშვიც ავლენს აგრესიას და სხვების დაჩაგვრას ცდილობს. მსგავს შემთხვევაში აუცილებელია მოზარდის აგრესიულობის მიზეზის დადგენა. შესაძლოა, ბავშვი თავს მეტისმეტად შეზღუდულად გრძნობდეს, არ ჰქონდეს არჩევანის გაკეთების თავისუფლება. მიეცით ბავშვს საშუალება გარკვეული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.

ითანამშრომლეთ სკოლასთან

სკოლასთან თანამშრომლობა ნებისმიერი მშობლისთვის აუცილებელია. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ სკოლის ადმინისტრაცია ნებისმიერი კონფლიქტისა და ინციდენტის სრულად აღმოფხვრას თავად შეძლებს. აუცილებლად აცნობეთ მასწავლებელს თითოეული უსიამოვნო შემთხვევის შესახებ, რომელიც თქვენთვის ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები ბულინგს უფრო და უფრო აქტიურად ებრძვიან, მშობლების მხრიდან მეტი ჩართულობა აუცილებელია, რადგან მხოლოდ სკოლას ბულინგის სრულად აღმოსაფხვრელად სათანადო რესურსი არ გააჩნია. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ყოველდღიურ ქცევას. ფრთხილად იყავით, რათა ის კიბერბულინგის მსხვერპლად არ იქცეს. სოციალური ქსელების ხელმისაწვდომობა ბავშვებს სხვების ჩაგვრის უფრო დაუნდობელი მეთოდების ძიების საშუალებას აძლევს, რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ საკუთარი აგრესია ანონიმურად გამოავლინონ. ჩაერთეთ სკოლის მიერ წამოწყებულ ნებისმიერ ანტიძალადობრივ კამპანიაში, ითანამშრომლეთ პედაგოგებთან, მოიძიეთ მეტი ინფორმაცია ბულინგის შესახებ და რაც მთავარია, იყავით თქვენი შვილის უახლოესი მეგობარი.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში

ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში

არსებობს სხვადასხვა სააზროვნო (შემეცნებითი) უნარების კლასიფიკაციები, რომელთა ცოდნაც დაეხმარება მასწავლებელს, უკეთ დაგეგმოს სწავლების პროცესი და მოახდინოს მოსწავლის აზროვნების აქტივაცია.

აქ განვიხილავთ ერთ-ერთ მათგანს. ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია შეიქმნა სპეციალურად განათლების მიზნებისათვის. ზოგადად, ტაქსონომია არის კლასიფიკაციის პრინციპების ნაკრები ან სტრუქტურა. ბლუმის (Bloom, et al, 1956) მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ შეიძლება დაიყოს. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები საფეხურებად არის განლაგებული, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და მოიცავს ერთ ან რამდენიმე წინა დონეს. ცოდნა, გაგება და გამოყენება ქვედა დონეში მოიაზრება, ხოლო ანალიზი, სინთეზი და შეფასება კი - ზედა დონეში.

ბლუმის სააზროვნო უნარების კლასიფიკაცია სქემატურად შემდეგი სახით შეიძლება წარმოვიდგინოთ (იხ. ნახ 1: ბლუმის ტაქსონომია );

განვიხილოთ ეს დონეები ცალ-ცალკე:

ცოდნა ნიშნავს რაიმეს შესახებ ინფორმაციის ქონას და რაიმე საქმის ან მოქმედების შესასრულებლად საჭირო ხერხების ფლობას.

ბ. ბლუმის მიხედვით, ცოდნა განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, თარიღების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების ცნობა და დასახელება;

კონკრეტული მონაცემების, ტერმინოლოგიის, პროცედურების ცოდნა;

ინფორმაციის მოძიების პროცედურების ცოდნა;

კონკრეტულ მონაცემებთან მუშაობის ხერხების და საშულებების ცოდნა: 

ა) წესების და კანონების ცოდნა; 

ბ) კლასიფიკაციებისა და კატეგორიების ცოდნა; 

გ) კრიტერიუმების ცოდნა; 

დ) მეთოდების ცოდნა;

სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის დამახსოვრება და გახსენება მსგავსი ან ზუსტი ფორმით.

გაგება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად, იგი გულისხმობს ნასწავლი მასალის მნიშვნელობის წვდომას.

კერძოდ,

ფაქტების, წესების, პრინციპების, თეორიების, პროცესების, ობიექტების, სტილის, მოვლენების საკუთარი სიტყვებით აღწერა;

ტექსტის ძირითადი აზრის საკუთარი სიტყვებით ახსნა მშობლიურ ენაზე;

ტექსტის შინაარსის გაგებაზე მიმართულ კითხვაზე პასუხის გაცემა;

სმენითი, წერილობითი და გრაფიკული ინფორმაციის ერთი ფორმიდან მეორეში გადატანა;

შესაბამისი მაგალითის მოყვანა;

საგნების, მოვლენების, პროცესებისა და სტილის თვალსაჩინო ნიშნით დახარისხება და დაჯგუფება.

გამოყენება განიხილება, როგორც აზროვნების ქვედა დონის უნარ-ჩვევა და, ზოგადად, იგი გულისხმობს ადრე ათვისებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

კერძოდ,

ცოდნის სხვადასხვა სიტუაციაში (კონტექსტში) მოხმარება;

მოდელის მიხედვით (ნასწავლი წესის მიხედვით) დავალების, სამუშაოს შესრულება;

პროცედურის განხორციელება;

კანონზომიერების მოქმედების ფარგლების განსაზღვრა.

ანალიზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომლის დროსაც ხდება მთლიანი საგნის ცალკე ნაწილების, მხარეების და თვისებების გამოყოფა ადამიანის წარმოდგენაში. ცნობიერებაში მთლიანი საგნის ასეთ დაშლას ანალიზი ეწოდება.

ბ. ბლუმის მიხედვით, ანალიზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება

მასალის (სტრუქტურის) შემადგენელ ნაწილებად დაყოფა: ნაწილების შედარება-შეპირისპირება, ნაწილებს შორის კავშირის ან სტრუქტურის დანახვა;

მოვლენის მიზეზის (დაფარული აზრის აღმოჩენა) ახსნა;

პროცესის კანონზომიერების გამოვლენა;

მიზეზებსა და შედეგებს შორის კავშირების დადგენა.

სინთეზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც ანალიზის საწინააღდეგო პროცესს წარმოადგენს. სინთეზი გულისხმობს ცალკე მოცემული ელემენტების (ნაწილების, თვისებების) გონებაში გაერთიანებას ახალი სტრუქტურული მთლიანობის სახით: მაგალითად, ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენა, ცალკე თვისებების გაერთიანება ახალი მთლიანი შინაარსის სახით და ა.შ.

ბ. ბლუმის მიხედვით, სინთეზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის (მაგ. ტექსტის) შესაქმნელად ჰიპოთეზის წამოყენება;

კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა;

შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა;

პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება;

პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა;

ახალი პროდუქტის (ინტელექტუალური ან მატერიალური) შექმნა ან გამოგონება.

შეფასება არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და ზოგადად, იგი გულისხმობს, არჩეული კრიტერიუმების (მაგალითად, რაოდენობა, ხარისხი, ხანგრძლივობა, და ა.შ.) გარკვეული კატეგორიისადმი მიკუთვნებას, სტანდარტებზე (ამ კრიტერიუმის შესაბამისი სტანდარტული საზომი ერთეულები, საზოგადოებაში მიღებული ნორმები, ღირებულებები და წესები) და პირობებზე (კონტექსტი, საზღვრები, რესურსები, მოქმედების დრო და ადგილი, სხვა) დაყრდნობით რაიმეზე მსჯელობას ან დასკვნების გამოტანას.

კერძოდ:

საკუთარი პოზიციის (არჩევანის) არგუმენტირებული დასაბუთება;

გარკვეულ კრიტერიუმებზე ან სტანდარტებზე დაყრდნობით დასკვნების გაკეთება;

პოზიციისა და მისი კონტრარგუმენტების განხილვის საფუძველზე დასკვნის გამოტანა;

პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზიდან ერთ-ერთის არჩევის მართებულობის დასაბუთება;

მოდელის (სისტემის) მოქმედების შეფასება;

მტკიცებულების (თეორიის, პრეზენტაციის) ღირებულების (მნიშვნელოვნების) დაზუსტება;

რამდენად შეესაბამება მიღებული დასკვნა იმ მონაცემებს, რომელთა საფუძველზეც დასკვნა გაკეთდა (მონაცემებისა და დასკვნების შესაბამისობის დადგენა).

ამრიგად, პირობითად ცოდნას, გაგებას და გამოყენებას შეიძლება ვუწოდოთ აზროვნების ქვედა (დაბალი) დონის სააზროვნო უნარები, ხოლო ანალიზს, სინთეზს და შეფასებას კი აზროვნების ზედა (მაღალი) დონის სააზროვნო უნარები. სინთეზი და შეფასება შესაძლოა გადანაცვლდეს იმისდა მიხედვით, თუ რა სახისაა შეფასება. თუ შეფასება არ არის სტრატეგიული და არ უკავშირდება გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ იგი უფრო ნაკლებად რთული სააზროვნო ოპერაცია იქნება, ვიდრე სინთეზი. ქვემოთ მოცემულია მაგალითები ყველა საგანში, თუ როგორ შეიძლება ერთი თემის ფარგლებში აზროვნების სხვადასხვა დონეების აქტივაცია.

ბუნებისმეტყველება

თემა: ცხოველების და ფრინველების მოძრაობა და მასთან დაკავშირებული თვისებები

მაგალითად, ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე მასწავლებელს მიზნად აქვს დასახული, მოსწავლეებს აუხსნას ცხოველების და ფრინველების სამოძრაო საშუალებები და მათი თავისებურებები. ამ თემის განხილვა შესაძლებელია მოხდეს სხვადასხვა დონეზე. ქვემოთ დასახელებულია, თუ რას აკეთებს მოსწავლე ცოდნის, გაგების, გამოყენების, ანალიზის, სინთეზის და შეფასების დონეზე.

ცოდნა->ამოიცნობს თათს და ფრთას;
გაგება->თათს და ფრთას მიაკუთვნებს სამოძრაო ორგანოებს;
გამოყენება->ამოკლებს შინაური ფრინველის ფრთებს, რათა დედალი არ გადაფრინდეს მეზობლის ეზოში;
ანალიზი->ადარებს ფრთისა და თათის ანატომიურ აგებულებას. გამოყოფს ანალოგიურ ნაწილებს;
სინთეზი-> ქმნის ფრთისა და თათის მოდელს;
შეფასება->გამოხატავს მოსაზრებას, თუ რა სფეროში შეიძლება გამოვიყენოთ ფრთისა და თათის აგებულების ანალოგიები.

სახვითი ხელოვნება

თემა: ცივი და თბილი ფერები

მაგალითად, სახვითი ხელოვნების გაკვეთილზე მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეებს აუხსნას თბილი და ცივი ფერები და მათი თვისებები. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე.

ცოდნა->ამოიცნობს ცივ და თბილ ფერებს;
გაგება->ასახელებს ზამთრის და შემოდგომის პეიზაჟის გამოსახვისას რომელ ფერებს უნდა მიანიჭოს უპირატესობა;
გამოყენება->იყენებს ცივ და თბილ ფერებს შემოდგომის და ზამთრის პეიზაჟების შექმნისას;
ანალიზი->აანალიზებს რომელიმე ნიმუშს ფერთა გამის გამოყენების კუთხით;
სინთეზი->ისახავს ამოცანას (მაგ. რამე განწყობის გადმოცემა), გეგმავს როგორ გამოიყენებს ცივ და თბილ ფერებს ამ ამოცანის გადასაჭრელად და ქმნის ნამუშევარს;
შეფასება->აღწერს ნამუშევარს, მსჯელობს მასში გამოყენებულ ფერებზე, კომპოზიციაზე, შესრულების მანერაზე, გამოთქვამს საკუთარ დამოკიდებულებას, და ცდილობს ჩამოაყალიბოს, რამ შეუქმნა ესა თუ ის განწყობა, მოჰყავს არგუმენტები.

მუსიკა

თემა: მუსიკალური საკრავები

მაგალითად, მუსიკის გაკვეთილზე მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეებს შეასრულებინოს მუსიკალური საკრავების თემაზე სხვადასხვა დავალებები. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე.
ცოდნა->ამოიცნობს მუსიკალურ საკრავებს ვიზუალურად;

გაგება->ასხვავებს საკრავების ჟღერადობას და მიაკუთვნებს საკრავებს სხვადასხვა ჯგუფებს;

გამოყენება->სანოტო ტექსტის მიხედვით სიმღერის შესწავლის დროს იყენებს მუსიკალურ საკრავს (ფორტეპიანოს);

ანალიზი->საორკესტრო მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას გამოყოფს სხვადასხვა საკრავის ტემბრს (სმენითი ანალიზი) და მსჯელობს მათ ფუნქციაზე;
სინთეზი ->ასრულებს მუსიკალურ საკრავზე სანოტო ტექსტს;

შეფასება->ადარებს ერთი ნაწარმოების სხვადასხვა ტემბრით შესრულების ვერსიას, განსაზღვრავს რომელია უმჯობესი და ასაბუთებს თავის არჩევანს.

ქართული ენა და ლიტერტურა

თემა: ავტორის დამოკიდებულება პერსონაჟისადმი

მასალა: გ. ლეონიძის მოთხრობების კრებული „ნატვრის ხე“;

მაგალითად, ქართული ენის და ლიტერატურის გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს უხსნის გ. ლეონიძის მოთხრობას „ნატვრის ხე“. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე.

ცოდნა->მოიძიებს ტექსტში ეპიზოდებს, რომლებშიც დიაკვანი ელეფთერის თვისებები და ხასიათია აღწერილი;

გაგება->გადმოსცემს საკუთარი სიტყვებით, როგორი ადამიანია დიაკვანი ელეფთერი;

გამოყენება->განსაზღვრავს, რა გრამატიკულ საშუალებებს იყენებს ავტორი მხატვრული ეპითეტების შესაქმნელად;

ანალიზი->ხსნის, რატომ დაეძებდა მუდმივად ელიოზი ხან ოქროსმდებელ ქათამს, ხან ნათელთევზას და ხანაც - ნატვრის ხეს;

სინთეზი->ადარებს ერთმანეთს დიაკვან ელეფთერსა და ელიოზს. გამოყოფს იმ თვისებებს, რომლებითაც ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან და ადგენს მისთვის იდეალური ადამიანის პორტრეტს;

შეფასება->აფასებს ელიოზის ცხოვრების წესს. ხსნის, რატომ ,,გაიმეტა“ ავტორმა იგი ასეთი სიკვდილისთვის? მოითხოვსპასუხის დასაბუთებას.

მათემატიკა

თემა: პენროუზის დაფარვა

მაგალითად, მათემატიკის გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს სიბრტყის დაფარვის ერთ-ერთ ხერხს - პენროუზის დაფარვას. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე იხ. ქვემოთ მოცემული ნახატი პენროუზის დაფარვა:

ცოდნა->ამოიცნობს მოცემული ოთხკუთხედებიდან რომელია ამოზნექილი;

გაგება->განმარტავს, რა ნიშნით არჩევს ერთმანეთისაგან ამოზნექილ და არაამოზნექილ ოთხკუთხედს;

გამოყენება->გამოითვლის BCD კუთხის გრადუსულ ზომას;

ანალიზი->ადგენს, ტოლია თუ არა სამკუთხედები ABC, ADC და EDC, თუ ცნობილია, რომ ABED ოთხკუთხედი რომბია (პასუხს ასაბუთებს);

სინთეზი->გამოთქვამს ჰიპოთეზას A, С და E წერტილების მდებარეობის შესახებ და ამტკიცებს ჰიპითეზის სამართლიანობას;

შეფასება->ამოწმებს, გამოდგება თუ არა ოთხკუთხედის ფორმის განსაზღვრისთვის ის კრიტერიუმი, რომელიც მართებულია სამკუთხედის შემთხვევაში.

უცხო ენა

თემა: ორი ბავშვის, ნანას და გურამის დახასიათება

მაგალითად, უცხო ენის გაკვეთილზე მასწავლებელი მოსწავლეებს ასწავლის დახასიათების გაკეთებას. ამ თემის მიწოდება შესაძლებელია ისე, რომ ამოქმედდეს მოსწავლეების აზროვნების სხვადასხვა დონე.

ცოდნა->აკავშირებს ერთმანეთთან ადამიანის თვისებების გამომხატველ სისონიმებსა და ანტონიმს;

გაგება->თვისებათა ჩამონათვალიდან, ამოანჩევს ნანას მახასიათებლებს და გურამის მახასიათებლებს, ტექსტში არსებული ინფორმაციის შესაბამისად;

გამოყენება->ნიმუშის მიხედვით აგებს კონსტრუქციას: „ნანა გურამთან შედარებით უფრო ------”;

ანალიზი->ასწორებს თანაკლასელის ნამუშევარში ზედსართავი სახელის ბრუნვას (კუმშვა, კვეცა, ბრუნვის ნიშანი);

სინთეზი->წერს თანაკლასელის დახასიათებას;

შეფასება->ტექსტიდან გამომდინარე, აფასებს, ვინ უფრო გულკეთილი და ყურადღებიანია - ნანა თუ გურამი.

წყარო: www.nplg.gov.ge

წაიკითხეთ სრულად