Baby Bag

ბულინგის პრევენცია სახლიდან იწყება - როგორ დავეხმაროთ ბავშვს ბულინგთან და სტრესთან გამკლავებაში

ბულინგის პრევენცია სახლიდან იწყება - როგორ დავეხმაროთ ბავშვს ბულინგთან და სტრესთან გამკლავებაში

თანამედროვე სამყაროში ბულინგი საერთაშორისო მნიშვნელობის ​პრობლემაა. თუ გარკვეული წლების წინ ბავშვის მიერ თავის თანატოლზე განხორციელებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, ჩვენს დროში ბულინგს გაცილებით მეტ ყურადღებას უთმობენ, რადგან ბავშვთა შორის ძალადობამ კატასტროფულ მასშტაბებს მიაღწია. ამერიკელი ბავშვების ძალიან დიდი ნაწილი, დაახლოებით 160 000 ბავშვი, ყოველდღიურად უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე, რადგან თანატოლების მხრიდან გამოვლენილი აგრესიის შიში აქვს. საუბედუროდ, ბულინგი მხოლოდ სკოლის ტერიტორიაზე არ ხდება.

სკოლიდან სახლში დაბრუნებული ბავშვი ბულინგის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. ბავშვზე ფსიქოლოგიური ძალადობა ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელებისა თუ სატელეფონო შეტყობინებების წყალობით არცთუ იშვიათ მოვლენას წარმოადგენს და ძალადობის ამ ფორმას ფატალური შედეგების გამოწვევაც შეუძლია. ბულინგი სერიოზულ საფრთხეს უქმნის თქვენი შვილის ფსიქიკასა და ჯანმრთელობას. გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა დახმარებით ბავშვს ბულინგთან და სტრესთან გამკლავებას ასწავლით.

ყურადღება მიაქციეთ დეტალებს

ბავშვის ქცევა ან მისი ზოგადი ფიზიკური მდგომარეობა ძალიან ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. თუ თქვენი შვილის სხეულზე რაიმე სახის ჩალურჯებას ამჩნევთ, ან ხედავთ, რომ ბავშვს ნორმალურად გადაადგილება უჭირს, შესაძლოა ეს მის მიმართ გამოვლენილ ფიზიკურ ძალადობაზე მიანიშნებდეს. თუ თქვენი შვილი გეუბნებათ, რომ მას სკოლაში წასვლა არ სურს, სიღრმისეულად გამოიკვლიეთ მისი უარყოფითი განწყობის მიზეზები. ბავშვები თავიანთ განცდებს ხშირად მეტად თვალსაჩინოდ გამოხატავენ. მათში დაგროვილი აგრესია ქცევის მოულოდნელ (აუცილებლად უარყოფით) ცვლილებაში ვლინდება. ისინი უფრო ემოციურები, აგრესიულები, მოუსვენრები ხდებიან, უჭირთ ღრმად ჩაძინება, მეტისმეტად უქვეითდებათ ან უმძაფრდებათ მადა, მათი აკადემიური მოსწრება მნიშვნელოვან გაუარესებას განიცდის. თუ თქვენს შვილს მსგავს ცვლილებებს ატყობთ, სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ, რადგან აღნიშნული ცვლილებები, შესაძლოა, სწორედ ბულინგის უარყოფითი ეფექტების გამოვლინება იყოს. თუ ბავშვის ქცევა უარესობისკენ იცვლება, ეს აუცილებლად არ გულისხმობს იმას, რომ მას აბულინგებენ, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ყურადღების გამოჩენა გმართებთ.

ისაუბრეთ თქვენს შვილთან

ბავშვს აუცილებლად დაუსვით კითხვები. მიეცით მას საშუალება თავის გრძნობებსა და ცხოვრებაზე გულახდილად გესაუბროთ. ჰკითხეთ თქვენს შვილს, ვისთან მეგობრობს და ვისი გაგება უჭირს. ბავშვთან ჯანსაღი კომუნიკაცია მანამდე უნდა გქონდეთ, ვიდრე მას რაიმე სახის პრობლემა შეექმნება, რათა მასზე გამოვლენილი ძალადობის შემთხვევაში გულახდილად გესაუბროთ თავის მდგომარეობაზე. თუ ატყობთ, რომ ბავშვი განსაცდელშია, აუცილებლად გამოიკვლიეთ, თუ რა პრობლემის წინაშე დგას. გამოიძიეთ ყოველი დეტალი და არცერთი ფაქტი უყურადღებოდ არ დატოვოთ. ბავშვთან ყოველთვის გულახდილი იყავით და მას პირდაპირი კითხვები დაუსვით, რადგან ბავშვები გახსნილობას ძალიან აფასებენ. ყურადღებით მოუსმინეთ თითოეულ სიტყვას, რომელსაც თქვენი შვილი გეუბნებათ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ. გაბრაზებას ერიდეთ, რადგან ბავშვები თქვენგან მკაცრ ქმედებებს არ მოელიან. მათ საკუთარ პრობლემებზე გულახდილი საუბარი და თქვენგან მხარდაჭერის მიღება სურთ. ბულინგს ბავშვი ხშირად დეპრესიამდე მიჰყავს, რამაც, შესაძლოა, მას საბედისწერო გადაწყვეტილების მიღებაც კი აიძულოს. იყავით თქვენი შვილის საიმედო მეგობარი, რათა მძიმე ვითარებაში მან საკუთარ პრობლემაზე ღიად საუბარი შეძლოს.

იყავით პოზიტიური

ბავშვისთვის მშობელი მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს. თქვენი ქცევით ბავშვს გარკვეული მიმართულება უნდა მისცეთ. მასთან ურთიერთობაში ყოველთვის თავაზიანი და მოსიყვარულე იყავით. შენიშვნის მიცემისასაც სიფრთხილე გამოიჩინეთ. ნუ მიაყენებთ ბავშვს შეურაცხყოფას. ასწავლეთ მას, რომ სხვისთვის ტკივილის მიყენება არ არის კარგი საქციელი. ბავშვს აუცილებლად უნდა უთხრათ, რომ ის სხვის დაჩაგვრას არ უნდა შეეგუოს და თუ ბულინგის სცენის მომსწრე გახდება, აუცილებლად დაიცვას ჩაგრული. ბავშვმა თქვენგან უნდა ისწავლოს, როგორ მოიქცეს მსგავს ვითარებაში. მან უნდა იცოდეს, თუ რა მოლოდინები უნდა ჰქონდეს უფროსებისგან ან თანატოლებისგან, როდესაც ის ბულინგის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს. თქვენი სიტყვითა და ქცევით ბავშვს უნდა ასწავლოთ, თუ როგორ უნდა იქცეოდეს ღირსეული ადამიანი სხვებთან ურთიერთობისას.

ბულინგის პრევენცია სახლიდან იწყება

გაზარდეთ თავდაჯერებული ბავშვი

თავდაჯერებული ბავშვის თვითშეფასებას ბულინგი ვერ დააზიანებს. დაეხმარეთ მას საკუთარი ჰობის აღმოჩენაში, შეუქმენით ისეთი სოციალური გარემო, სადაც მას საკუთარ თავში საუკეთესო თვისებების აღმოჩენისა და განვითარების შესაძლებლობა მიეცემა. მყარი მეგობრული ურთიერთობები ბავშვს ნებისმიერი სახის დაბრკოლების გადალახვაში დაეხმარება. დაეხმარეთ თქვენს შვილს იყოს მეტად აზარტული და არ შეუშინდეს ახალ გამოწვევებს. აუცილებლად უთხარით თქვენს შვილს კომპლიმენტები, აუხსენით, რა მოგწონთ მასში ყველაზე მეტად, რათა მისი დადებითი თვისებები და პოზიტიური ქცევები წაახალისოთ. მშობლები ხშირად ბავშვის უარყოფით ქცევებზე ამახვილებენ ყურადღებას, მაგრამ აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილი ყველაზე უკეთ მაშინ გისმენთ, როდესაც მის მიღწევებზე ესაუბრებით. ძლიერი ხასიათის მქონე, თავდაჯერებული ბავშვის აღზრდა საკმაოდ რთულია, მაგრამ თუ თქვენს შვილს სწორად აღზრდით, მას ბულინგისგან მარტივად დაიცავთ.

დაეხმარეთ ბავშვს პრობლემის დაძლევაში

თუ თქვენი შვილი ბულინგის მსხვერპლია, აუხსენით მას, რომ ის დამნაშავე არ არის და რომ მას არაფრის უნდა ეშინოდეს, რადგან თქვენ მის გვერდით ხართ. ესაუბრეთ ბავშვს თქვენს განცდებზე, აუხსენით, როგორ მოიქცეოდით მის მდგომარეობაში რომ ყოფილიყავით. როდესაც თქვენს შვილს ზურგიდან უზარმაზარი ტვირთის მოხსნაში დაეხმარებით, მის ნდობას მოიპოვებთ, რაც მას პრობლემის დაძლევაში დაეხმარება. ასწავლეთ ბავშვს იყოს მეტად გახსნილი და გულახდილი. დაეხმარეთ მას თავდაცვითი უნარების განვითარებაში. უთხარით ბავშვს, რომ მჩაგვრელის ძალაუფლებას არ უნდა დანებდეს და თავისი უფლებების დასაცავად იბრძოლოს. თქვენს შვილს აგრძნობინეთ, რომ ის ძლიერია და არ უნდა დანებდეს.

ებრძოლეთ ბულინგს სახლში

თუ ბავშვს სახლში უფროსი და-ძმა ჰყავს, რომლებიც მას, როგორც სუსტსა და პატარას, ჩაგრავენ და ცუდად ექცევიან, დიდია იმის ალბათობა, რომ ოჯახის წევრებისგან დაჩაგრული ბავშვი აგრესიას თანატოლებთან გამოავლენს. ის აუცილებლად იპოვის სკოლაში თავისზე უფრო სუსტს, რომელსაც დაჩაგრავს. ბავშვები, რომლებიც სხვებზე ძალადობენ, თავადაც ძალადობის მსხვერპლები არიან, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ხშირად კარგად აღზრდილი, ჯანსაღ სოციალურ გარემოში მყოფი ბავშვიც ავლენს აგრესიას და სხვების დაჩაგვრას ცდილობს. მსგავს შემთხვევაში აუცილებელია მოზარდის აგრესიულობის მიზეზის დადგენა. შესაძლოა, ბავშვი თავს მეტისმეტად შეზღუდულად გრძნობდეს, არ ჰქონდეს არჩევანის გაკეთების თავისუფლება. მიეცით ბავშვს საშუალება გარკვეული გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.

ითანამშრომლეთ სკოლასთან

სკოლასთან თანამშრომლობა ნებისმიერი მშობლისთვის აუცილებელია. ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ სკოლის ადმინისტრაცია ნებისმიერი კონფლიქტისა და ინციდენტის სრულად აღმოფხვრას თავად შეძლებს. აუცილებლად აცნობეთ მასწავლებელს თითოეული უსიამოვნო შემთხვევის შესახებ, რომელიც თქვენთვის ცნობილია. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები ბულინგს უფრო და უფრო აქტიურად ებრძვიან, მშობლების მხრიდან მეტი ჩართულობა აუცილებელია, რადგან მხოლოდ სკოლას ბულინგის სრულად აღმოსაფხვრელად სათანადო რესურსი არ გააჩნია. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ყოველდღიურ ქცევას. ფრთხილად იყავით, რათა ის კიბერბულინგის მსხვერპლად არ იქცეს. სოციალური ქსელების ხელმისაწვდომობა ბავშვებს სხვების ჩაგვრის უფრო დაუნდობელი მეთოდების ძიების საშუალებას აძლევს, რადგან მათ შესაძლებლობა აქვთ საკუთარი აგრესია ანონიმურად გამოავლინონ. ჩაერთეთ სკოლის მიერ წამოწყებულ ნებისმიერ ანტიძალადობრივ კამპანიაში, ითანამშრომლეთ პედაგოგებთან, მოიძიეთ მეტი ინფორმაცია ბულინგის შესახებ და რაც მთავარია, იყავით თქვენი შვილის უახლოესი მეგობარი.

ავტორი: ია ნაროუშვილი

შეიძლება დაინტერესდეთ

„დაღლილი რომ მოდის მშობელი, ნერვები რომ არ ჰყოფნის, უჭირს, რომ ბევრი დრო დაუთმოს ბავშვს,“ - თამარ გაგოშიძე

„დაღლილი რომ მოდის მშობელი, ნერვები რომ არ ჰყოფნის, უჭირს, რომ ბევრი დრო დაუთმოს ბავშვს,“ - თამარ გაგოშიძე

ნეიროფსიქოლოგმა თამარ გაგოშიძემ მშობლებს ბავშვთან წარმატებული კომუნიკაციისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა და გარკვეული ჩარჩოების დაწესება ურჩია:

„მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი არ არის ჩამოყალიბებული პიროვნება, ​ის არის უნიკალური ინდივიდი, რომელსაც აქვს თავისუფალი ნება. ნებისყოფა ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული, მაგრამ თავისუფალი ნება აქვს. აქ არის ხოლმე სერიოზული დილემა. ხშირად მშობლები ვერ ხვდებიან, რა სტრატეგია უნდა აირჩიონ. ერთია, რომ ვცემ ჩემს შვილს პატივს, ამიტომ ყველაფრის უფლებას ვაძლევ. ძირითადად არის გავრცელებული ასეთი შეხედულება. ბავშვის განვითარებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა არ გულისხმობს უჩარჩოო სიტუაციას და ყველაფრის უფლების მიცემას.“

თამარ გაგოშიძის თქმით, მცირეწლოვან ბავშვებთან მნიშვნელოვანია არავერბალური კომუნიკაციის წესების ცოდნა:

„რაც უფრო მცირეწლოვანია ბავშვი, მით უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ჩვენს არა მეტყველებით, არამედ არავერბალურ კომუნიკაციას. იმისთვის, რომ ჩვენმა ინფორმაციამ მიაღწიოს ბავშვთან სწორად, მნიშვნელოვანია, როგორ ვეტყვით მას რამეს, რას ვეტყვით, ეს ნაკლებად. მნიშვნელოვანია ბავშვის სპეციფიკაც. ნულიდან ათ წლამდე არის ძალიან დიდი ინტერვალი. ბავშვები ძალიან სწრაფად იზრდებიან. ერთი სტადიიდან გადადიან მეორეზე. განვითარების ორი ტიპი არსებობს: ფსიქო-სოციალური და მორალური. ​მორალური განვითა​რების თვალსაზრისით ბავშვები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგანსხვადასხვა ასაკში. პირველ საფეხურზე ბავშვისთვის მთავარია, რომ თავი აარიდოს უსიამოვნო, ნეგატიურ ემოციას და მოსალოდნელ დასჯას. მან არ იცის რა არის მისაღები და მიუღებელი. აქ საუბარი არ არის მორალზე. ეს ეხება თვრამეტ თვემდე ასაკის ბავშვებს. ამ შემთხვევაში ბავშვთან მორალის კითხვას და ახსნა განმარტებებს აზრი არ აქვს.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ სკოლამდელ ასაკში ბავშვი მისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებას ანგარიშს უწევს:

„მეორე საფეხურზე ბავშვი ჯილდოს ითხოვს წესების შესრულებისთვის. მისი მიზანია, რომ რაც შეიძლება ბევრი სასიამოვნო შედეგი მიიღოს. ამ სასიამოვნო შედეგის მოლოდინში ის ანგარიშს უწევს სხვა ადამიანს. ეს არის სკოლამდელი ასაკი, ექვს წლამდე ასაკის ბავშვები. ​ექვსი წლიდან ბავშვი უკვე ანგარიშს უწევს მისთვის მნიშვნელოვან საზოგადოებას. მისთვის მნიშვნელოვანი ხდება ახლო ადამიანებთან ურთიერთობა. ბავშვს უნდა, რომ მათთვის იყოს კარგი გოგო ან ბიჭი.მას უნდა, რომ სხვების სიყვარულს, მოწონებას და აღიარებას მიაღწიოს. ის ცდილობს თავიდან აიცილოს სხვების განაწყენება და იმედგაცრუება.“

თამარ გაგოშიძის თქმით, თვრამეტ თვემდე ასაკის ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კომფორტული გარემოს შექმნა:

„თვრამეტ თვემდე ბავშვთან ჩვენი მოლაპარაკება გულისხმობს იმას, რომ მას შევუქმნათ კომფორტული გარემო. თუ ერთ ოთახში ხართ, იქაც მას უნდა ჰქონდეს თავისი კუთხე, პატარა ფარდაგი, სათამაშოები. ბავშვი აქედანვე ეჩვევა მოწესრიგებულ გარემოს. სიტყვა ამ შემთხვევაში არ არის წამყვანი ბავშვისთვის და აზრი არ აქვს არც ახსნა-განმარტებებს და არც ჩხუბს. ​სამ წლამდე ბავშვი ცდილობს დამოუკიდებლობის მიღწევას. დამოუკიდებლობა ბავშვის მომავალი პიროვნების და ნებელობის ჩამოყალიბებისთვის არის მთავარი. როდესაც ბავშვი ცდილობს ყველაფერი თვითონ გააკეთოს, მშობლებს ზოგჯერ ეჩქარებათ, ეშინიათ, რომ ბავშვი ყველაფერს კარგად ვერ გააკეთებს, შესაბამისად ეს ხაზი წყდება. მას რაღაც ასაკში აღარ აქვს ავტონომიის სურვილი. ის დამოკიდებული ხდება მშობელზე. ჩვენ ეს ეტაპი არ უნდა გავუშვათ.“

თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, რომ მშობლებს ბავშვთან კომუნიკაცია მონოლოგის რეჟიმში წარმოუდგენიათ, რაც არასწორია:

„კომუნიკაცია არ არის მონოლოგი. როგორც წესი, მშობლები მონოლოგის პოზაში ვართ ხოლმე. არ ვუსმენთ და არ ვუყურებთ ბავშვს. ​ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნა, შესაბამისად ეს მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. ისმის კითხვა, არ უნდა წავუყენოთ მოთხოვნები ჩვენს შვილებს? ბავშვს ყველაფრის უფლებას უბრალოდ ვერ მისცემ. ბავშვს თავისუფალი ნება აქვს და არჩევანის თავისუფლება გააჩნია. ყველაფრის უფლება არ არის არჩევანის შესაძლებლობა. ის ვეღარ იყენებს ამ არჩევანს. ჩვენ უნდა მოვუსმინოთ და შევხედოთ ჩვენს შვილს. ჩვენ არც ერთმანეთს ვუსმენთ. შევხედოთ ჩვენს გარშემო რა ხდება. საზოგადოებაში ერთმანეთს არ ვუსმენთ, ოჯახში ერთმანეთს არ ვუსმენთ, მით უმეტეს, ბავშვს არ ვუსმენთ. ვიღაც იკითხავს, ორი წლის ბავშვს რა უნდა მოვუსმინოო. მნიშვნელოვანია, რომ კარგად შევხედოთ ორი წლის ბავშვს, გავიგოთ, რა არის მისი ქცევა. შეიძლება სიტყვით არა, მაგრამ ქცევით გამოხატავს ბავშვი თავის სათქმელს, რაც უფრო მცირეწლოვანია ის.“

„მთავარი რამ გვრჩება ყურადღების მიღმა, ბავშვს არ ვუსმენთ. საკუთარი ემოციის გასაკონტროლებლად სამი რამ არსებობს. ერთი, რომ ბავშვს დავაცადოთ, თვითონ გვითხრას, რა აწუხებს, გამოვიწვიოთ ის საუბარში. დამოუკიდებლობის ხარისხი მივცეთ ბავშვს, რომ პასუხისმგებლობა აიღოს თვითონ. ერთად გავაკეთოთ ჩვენი ემოციების ვენტილაცია. ბავშვმა რა განიცადა დღის განმავლობაში და მე რა განვიცადე, ერთმანეთს უნდა გავუცვალოთ. მართალია ჩვენ ვთხოვთ მშობლებს, რომ ბავშვისთვის გამოყონ დრო, მაგრამ ეს დრო შეიძლება იყოს 10 წუთი, რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ან ნახევარი საათი, ორი საათი. მთავარია, რომ ეს იყოს თქვენი სრულფასოვანი ეგზისტენცია ბავშვებთან, სრული ჰარმონიის პირობებში. მშობლებს ხშირად უთქვამთ: „ბავშვი მეუბნება, რომ დადე ტელეფონი და ისე მეთამაშე.“ ძალიან კარგად ვიცით, რომ მშობლები დაკავებულები არიან. ​დაღლილი რომ მოდის მშობელი, ნერვები რომ არ ჰყოფნის, უჭირს, რომ ამდენი დრო დაუთმოს კიდევ ბავშვს. ნახევარი საათი რომ დაუთმო ბავშვს სრულფასოვნად ყოველდღიურად, ოღონდ მოთხოვნების გარეშე, უბრალოდ საუბარი და დიალოგი, ეს არის ოპტიმალური ვარიანტი. შენ უბრალოდ უსმენ ბავშვს, არ ეუბნები ,რომ „ეს რა სისულელე გააკეთე.“ მოსმენა არის უნიკალური ფენომენი,“ - აღნიშნულ საკითხებზე თამარ გაგოშიძემ ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„მშობლები განათლებისთვის“

წაიკითხეთ სრულად