Baby Bag

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ღამის შიშების დაძლევაში?

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ღამის შიშების დაძლევაში?

​ბავშვის ფსიქიკა სამი წლის ასაკიდან სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. პატარას გონებრივი შესაძლებლობები იზრდება და მისი წარმოსახვა წარმოუდგენლად მდიდრდება. ამავე დროს, სამი წლის ბავშვს რეალობისა და ფანტაზიის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი არ შესწევს. საკუთარი წარმოდგენებითა და უარყოფითი ფიქრებით შეპყრობილ პატარას, შიშის გრძნობა უჩნდება. შესაძლოა, ბავშვი ღამით ფანჯრიდან მის საძინებელში „შეპარულმა“ რომელიმე ზღაპრულმა მონსტრმა დააფრთხოს ან ტელევიზორში ნანახმა ქვეწარმავალმა შეაშინოს, რომელიც პატარას წარმოდგენით, ღამით მისი საწოლის ქვეშ იდებს ბინას. მსგავსი აზრები, როგორც წესი, ბავშვს ძილის წინ ებადება, როდესაც ოთახში შუქი ქრება და ის საძინებელში მარტო რჩება.

ბავშვმა შიშის გადალახვა რომ შეძლოს, მას უნდა აუხსნათ, რომ პრობლემა მის წარმოსახვაშია და რეალური საფრთხე არ არსებობს. თუ ხედავთ, რომ ბავშვს ატრაქციონზე დაჯდომის ეშინია, დაეხმარეთ მას სისუსტის დაძლევაში. ეცადეთ, პატარა დაარწმუნოთ, რომ საშიში არაფერია. თქვენი შვილი ამას თავადვე მიხვდება, როდესაც თავის შიშს თვალებში ჩახედავს. ბავშვი ატრაქციონზე დაჯდომისთანავე იგრძნობს, რომ ცდებოდა და საკუთარი წარმოსახვის მსხვერპლი იყო. პატარა, რომელსაც ღამის შიშები აქვს, ამავე მეთოდით უნდა განკურნოთ. თქვენი შვილი უნდა მიხვდეს, რომ შიში მისი ფანტაზიის ნაწილია და მას რეალური საფუძველი არ გააჩნია. მშობელი ბავშვს მეტი გამბედაობისა და თავდაჯერების შეძენაში უნდა დაეხმაროს.

ჩვენს სტატიაში სპეციალური სტრატეგიების შესახებ ​გესაუბრებით, რომელთა დახმარებით ბავშვს დამოუკიდებლად დაძინებას მიაჩვევთ, რასაც ის ყოველგვარი შიშისა და შფოთვის გარეშე შეძლებს.

ესაუბრეთ ბავშვს ადამიანის ტვინის ამოუწურავი შესაძლებლობების შესახებ

ბავშვს აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ ადამიანის ტვინი ძალიან ძლიერია. ის ფანტაზიის ამოუწურავი წყაროა, თუმცა ამავე დროს, რეალობისა და წარმოსახვის ერთმანეთისგან გარჩევაშიც გვეხმარება. ზოგჯერ ჩვენი წარმოსახვა გვაბნევს და გვაფიქრებინებს, რომ საფრთხე გვემუქრება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან რეალურად სრულიად უსაფრთხოდ ვართ. უთხარით ბავშვს, რომ როდესაც მას შიში იპყრობს და ფიქრობს, რომ დედა სამსახურიდან არასდროს დაბრუნდება, ის თავისი წარმოსახვის მსხვერპლი ხდება, რადგან დედა სახლში ყოველთვის ბრუნდება. აუხსენით თქვენს შვილს, რომ მას საკუთარი ფიქრების მართვა შეუძლია, რადგან ადამიანს პრობლემის განსჯისა და გაანალიზების საოცარი უნარი აქვს. თუ თქვენი შვილი საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს სწორად გამოიყენებს, ფანტაზიისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევას აუცილებლად შეძლებს.

ძილის წინ ბავშვს მისი შიშების შესახებ ესაუბრეთ და პრობლემის გადაჭრის გზებზე ერთად იმსჯელეთ

თუ ბავშვს სიბნელე აშინებს, საძინებელში შუქი აუნთეთ. თუ მას მონსტრები აფრთხობენ, მასთან ერთად შემოიარეთ ოთახი და ყველა კუთხე-კუნჭული დეტალურად დაათვალიერეთ, რათა პატარა დარწმუნდეს, რომ მის საძინებელში არავინაა. თუ ბავშვი ფიქრობს, რომ შესაძლებელია მის ოთახში ღამით ფანჯრიდან ვინმე შეიპაროს, აჩვენეთ მას, რომ ფანჯარა საგულდაგულოდ არის დაკეტილი და მის გაღებას ვერავინ შეძლებს. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ ის უსაფრთხოდ არის, ღამით მშვიდად დაძინებას შეძლებს. ესაუბრეთ ბავშვს მისი შიშების შესახებ და ეცადეთ, პრობლემის მოგვარების გზები ერთად იპოვოთ.

ბავშვის საყვარელი სათამაშო პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ

ბავშვებს უყვართ სათამაშოების ან ნივთების ამოჩემება. მიეცით თქვენს შვილს საშუალება, თავის საყვარელ თოჯინასთან ან დათუნიასთან ერთად დაიძინოს. უთხარით ბავშვს, რომ სათამაშოს მასთან დაძინება სურს, რადგან მარტო ყოფნის ეშინია. აუხსენით პატარას, რომ მას შეუძლია საყვარელ თოჯინას შიშების გაქრობაში დაეხმაროს. სათამაშოს ბავშვის თანდასწრებით უთხარით, რომ შიში მისი წარმოსახვის ნაწილია, რეალურად კი საშიში არაფერია, რადგან მის გვერდით ძლიერი ადამიანი (იგულისხმება თქვენი შვილი) წევს და ის მას ყველა განსაცდელისგან დაიფარავს. ბავშვი თავს საჭირო ადამიანად იგრძნობს, რომელსაც სხვაზე ზრუნვა და სხვისი დაცვა ევალება. მისი თვითშეფასება ერთიორად ამაღლდება, რაც პატარას შიშის დათრგუნვაში დაეხმარება. თქვენს შვილს ყურადღება საყვარელი თოჯინის დაცვასა და მოვლაზე უნდა გადაატანინოთ, რაც მას საკუთარ შიშებს დაავიწყებს.

აუხსენით ბავშვს რა მოხდება, როდესაც ის გაიღვიძებს

აუხსენით თქვენს შვილს, რომ თუ ის ღამით მოულოდნელად გაიღვიძებს და შეშინდება, საშველად, პირველ რიგში, საკუთარ გონებას და ფიქრებს უნდა მოუხმოს. გაიხსენოს, რომ ძილის წინ ოთახი დეტალურად შემოწმდა და მის საძინებელში მონსტრები არ არიან. თუ ის შიშის დაძლევას ვერ მოახერხებს, უთხარით, რომ ყოველთვის შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ შიში ძალიან შეაწუხებს, თქვენი გაღვიძების უფლება აქვს და თქვენ მას ამის გამო არ გაუბრაზდებით. თუ ბავშვი ღამით გაგაღვიძებთ, დაამშვიდეთ, აუხსენით, რომ მას უსაფუძვლოდ ეშინია. მიაცილეთ თავის საძინებლამდე და ეცადეთ დაარწმუნოთ, რომ საშიში არაფერია. იყავით მაქსიმალურად პოზიტიური. დილით კი ბავშვი შეაქეთ და უთხარით, რომ მან შიში გმირულად დაძლია.

მოაწყვეთ სპეციალური წარმოდგენები

ბავშვთან ერთად გაითამაშეთ სხვადასხვა სცენა. წარმოიდგინეთ, რომ მას ღამით ცუდი სიზმარი აღვიძებს. გააკეთეთ ყველაფერი სწორედ ისე, როგორც რეალურად გააკეთებდით. ბავშვთან ერთად სხვადასხვა სტრატეგია შეიმუშავეთ, რათა მას შიშთან გამკლავებაში დაეხმაროთ. მსგავსი წარმოდგენების დახმარებით, ბავშვი თავის ფანტაზიებს სხვა თვალით შეხედავს. ის მიხვდება, რომ მისი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და შიშის გადალახვა რთული სულაც არ არის.

მშობლები ძალიან ღელავენ, როდესაც შეშინებულ შვილებს ხედავენ. თუმცა მათ შეუძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიების გამოყენებით ბავშვს სწორად განვითარებაში დაეხმარონ და ღამის შიშები საბოლოოდ დააძლევინონ.

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ 12 შეგონებასთან ერთად გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის ყველაზე დიდი მასწავლებელი პირადი მაგალითია - თავად იყავით იმ პრინციპთა თვალსაჩინო განსახიერება, რომლებსაც მას ასწავლით

ამ 12 შეგონებასთან ერთად გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის ყველაზე დიდი მასწავლებელი პირადი მაგალითია - თავად იყავით იმ პრინციპთა თვალსაჩინო განსახიერება, რომლებსაც მას ასწავლით
ფილოლოგმა გია მურღულიამ მშობლებს შვილების აღზრდასთან დაკავშირებით  12 რჩევა მისცა:

1. არ დაგაბრმავოთ სიყვარულმა - ობიექტურობის დაკარგვა ხიფათთა შორის უპირველესია. არარეალური მოთხოვნები თქვენს შვილსაც გააუბედურებს და თქვენც - იმედგაცრუება არც ერთისთვის საჩუქარი არ არის.

2. არ გაზარდოთ საკუთარი ასლი - თქვენი ვაჟი თუ გოგონა თქვენივე მიზნების (ზოგჯერ განუხორციელებლის) მიღწევის საცდელი სივრცე არ არის. მას საკუთარი ცხოვრება უნდა ჰქონდეს და არა თქვენ მიერ დაკვეთილი თუ კონსტრუირებული.

3. დააინტერესეთ ის კულტურითა და განათლებით - სხვაგვარად სხვებისთვის ხანგრძლივად საინტერესო არ იქნება.

4. დაუტოვეთ მას თავისუფალი დრო საკუთარ თავზე დასაფიქრებლად - ადამიანი ყველაზე მეტად მაშინ ვითარდება, როდესაც მარტო რჩება - აანალიზებს და აფასებს იმას, რასაც შეიმეცნებს ან თავს გარდახდება.

5. იყავით ზომიერად მომთხოვნი - უფლებებთან ერთად ასწავლეთ შვილს, რა არის მოვალეობა და პასუხისმგებლობა ადამიანის, საზოგადოების, სახელმწიფოს, სამყაროსა და საკუთარი თავის წინაშე.

6. ასწავლეთ სამართლიანობა და კანონის პატივისცემა - უსამართლობა კლავს პიროვნებას და საზოგადოებასაც.

7. დაანახვეთ და შეაგრძნობინეთ სამყაროს, ადამიანისა და ხელოვნების მშვენიერება - ცოდვაა ადამიანი, ვინც ყველაფერში მარადიულ შეუხედაობას უმზერს და არ შეუძლია სილამაზის დანახვა.

8. გამოყავით დრო საკუთარ შვილთან ურთიერთობისთვის - მას ის ყოველთვის სჭირდება, ორმოცდაათსაც რომ გადააბიჯოს - ერთმა „დაზოგილმა“ დღემ შეიძლება წლები დაგაკარგვინოთ.

9. ასწავლეთ, რომ აუცილებელია რაციონალურობისა და ემოციურობის ბალანსი („გონიერი გული“ - როგორც სოლომონ ბრძენი და რუსთველი ახსენებდნენ). მხოლოდ ამ ბალანსით მოიპოვებს ადამიანი ბედნიერებას, რომლიც მიღწევის უფლებაც მას დაბადებიდან აქვს.

10. უთხარით და გააგებინეთ, რომ ადამიანს აქვს შეცდომის უფლება - იდეალური არავინ არის და მიტევების უნარი აუცილებელი ღირსებაა. ასწავლეთ, განასხვავოს შეცდომა და დანაშაული.

11. შეეცადეთ აუხსნათ, რომ რწმენა ვერ ჩაანაცვლებს ცოდნას და - პირიქით.

12. ასწავლეთ, რომ კაცმა მხოლოდ სიკეთესთან, სიყვარულთან და ღირსებასთან ერთად შეიძლება სძლიოს ეგოიზმს, რომელიც ნამდვილი ადამიანის ყველაზე დიდი მტერია.

ამ 12 შეგონებასთან ერთად გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის ყველაზე დიდი მასწავლებელი პირადი მაგალითია - თავად იყავით იმ პრინციპთა თვალსაჩინო განსახიერება, რომლებსაც მას ასწავლით. თუ ასე არ იქნება, ის მხოლოდ თვალთმაქცობას ისწავლის.

და ბოლოს:

რაღაც იცოდე, სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ამ ცოდნის შესაბამისად მოქმედებ.

კარგად აუხსენით თქვენს შვილს, რომ ადამიანს სამი რამ გამოავლენს სამყაროს წინაშე: მისი ფიქრი, მისი სიტყვა და მისი საქმე.

მესამე - ყველაზე მეტად.
წაიკითხეთ სრულად