Baby Bag

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ღამის შიშების დაძლევაში?

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ღამის შიშების დაძლევაში?

​ბავშვის ფსიქიკა სამი წლის ასაკიდან სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. პატარას გონებრივი შესაძლებლობები იზრდება და მისი წარმოსახვა წარმოუდგენლად მდიდრდება. ამავე დროს, სამი წლის ბავშვს რეალობისა და ფანტაზიის ერთმანეთისგან გარჩევის უნარი არ შესწევს. საკუთარი წარმოდგენებითა და უარყოფითი ფიქრებით შეპყრობილ პატარას, შიშის გრძნობა უჩნდება. შესაძლოა, ბავშვი ღამით ფანჯრიდან მის საძინებელში „შეპარულმა“ რომელიმე ზღაპრულმა მონსტრმა დააფრთხოს ან ტელევიზორში ნანახმა ქვეწარმავალმა შეაშინოს, რომელიც პატარას წარმოდგენით, ღამით მისი საწოლის ქვეშ იდებს ბინას. მსგავსი აზრები, როგორც წესი, ბავშვს ძილის წინ ებადება, როდესაც ოთახში შუქი ქრება და ის საძინებელში მარტო რჩება.

ბავშვმა შიშის გადალახვა რომ შეძლოს, მას უნდა აუხსნათ, რომ პრობლემა მის წარმოსახვაშია და რეალური საფრთხე არ არსებობს. თუ ხედავთ, რომ ბავშვს ატრაქციონზე დაჯდომის ეშინია, დაეხმარეთ მას სისუსტის დაძლევაში. ეცადეთ, პატარა დაარწმუნოთ, რომ საშიში არაფერია. თქვენი შვილი ამას თავადვე მიხვდება, როდესაც თავის შიშს თვალებში ჩახედავს. ბავშვი ატრაქციონზე დაჯდომისთანავე იგრძნობს, რომ ცდებოდა და საკუთარი წარმოსახვის მსხვერპლი იყო. პატარა, რომელსაც ღამის შიშები აქვს, ამავე მეთოდით უნდა განკურნოთ. თქვენი შვილი უნდა მიხვდეს, რომ შიში მისი ფანტაზიის ნაწილია და მას რეალური საფუძველი არ გააჩნია. მშობელი ბავშვს მეტი გამბედაობისა და თავდაჯერების შეძენაში უნდა დაეხმაროს.

ჩვენს სტატიაში სპეციალური სტრატეგიების შესახებ ​გესაუბრებით, რომელთა დახმარებით ბავშვს დამოუკიდებლად დაძინებას მიაჩვევთ, რასაც ის ყოველგვარი შიშისა და შფოთვის გარეშე შეძლებს.

ესაუბრეთ ბავშვს ადამიანის ტვინის ამოუწურავი შესაძლებლობების შესახებ

ბავშვს აუცილებლად უნდა აუხსნათ, რომ ადამიანის ტვინი ძალიან ძლიერია. ის ფანტაზიის ამოუწურავი წყაროა, თუმცა ამავე დროს, რეალობისა და წარმოსახვის ერთმანეთისგან გარჩევაშიც გვეხმარება. ზოგჯერ ჩვენი წარმოსახვა გვაბნევს და გვაფიქრებინებს, რომ საფრთხე გვემუქრება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან რეალურად სრულიად უსაფრთხოდ ვართ. უთხარით ბავშვს, რომ როდესაც მას შიში იპყრობს და ფიქრობს, რომ დედა სამსახურიდან არასდროს დაბრუნდება, ის თავისი წარმოსახვის მსხვერპლი ხდება, რადგან დედა სახლში ყოველთვის ბრუნდება. აუხსენით თქვენს შვილს, რომ მას საკუთარი ფიქრების მართვა შეუძლია, რადგან ადამიანს პრობლემის განსჯისა და გაანალიზების საოცარი უნარი აქვს. თუ თქვენი შვილი საკუთარ გონებრივ შესაძლებლობებს სწორად გამოიყენებს, ფანტაზიისა და რეალობის ერთმანეთისგან გარჩევას აუცილებლად შეძლებს.

ძილის წინ ბავშვს მისი შიშების შესახებ ესაუბრეთ და პრობლემის გადაჭრის გზებზე ერთად იმსჯელეთ

თუ ბავშვს სიბნელე აშინებს, საძინებელში შუქი აუნთეთ. თუ მას მონსტრები აფრთხობენ, მასთან ერთად შემოიარეთ ოთახი და ყველა კუთხე-კუნჭული დეტალურად დაათვალიერეთ, რათა პატარა დარწმუნდეს, რომ მის საძინებელში არავინაა. თუ ბავშვი ფიქრობს, რომ შესაძლებელია მის ოთახში ღამით ფანჯრიდან ვინმე შეიპაროს, აჩვენეთ მას, რომ ფანჯარა საგულდაგულოდ არის დაკეტილი და მის გაღებას ვერავინ შეძლებს. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ ის უსაფრთხოდ არის, ღამით მშვიდად დაძინებას შეძლებს. ესაუბრეთ ბავშვს მისი შიშების შესახებ და ეცადეთ, პრობლემის მოგვარების გზები ერთად იპოვოთ.

ბავშვის საყვარელი სათამაშო პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ

ბავშვებს უყვართ სათამაშოების ან ნივთების ამოჩემება. მიეცით თქვენს შვილს საშუალება, თავის საყვარელ თოჯინასთან ან დათუნიასთან ერთად დაიძინოს. უთხარით ბავშვს, რომ სათამაშოს მასთან დაძინება სურს, რადგან მარტო ყოფნის ეშინია. აუხსენით პატარას, რომ მას შეუძლია საყვარელ თოჯინას შიშების გაქრობაში დაეხმაროს. სათამაშოს ბავშვის თანდასწრებით უთხარით, რომ შიში მისი წარმოსახვის ნაწილია, რეალურად კი საშიში არაფერია, რადგან მის გვერდით ძლიერი ადამიანი (იგულისხმება თქვენი შვილი) წევს და ის მას ყველა განსაცდელისგან დაიფარავს. ბავშვი თავს საჭირო ადამიანად იგრძნობს, რომელსაც სხვაზე ზრუნვა და სხვისი დაცვა ევალება. მისი თვითშეფასება ერთიორად ამაღლდება, რაც პატარას შიშის დათრგუნვაში დაეხმარება. თქვენს შვილს ყურადღება საყვარელი თოჯინის დაცვასა და მოვლაზე უნდა გადაატანინოთ, რაც მას საკუთარ შიშებს დაავიწყებს.

აუხსენით ბავშვს რა მოხდება, როდესაც ის გაიღვიძებს

აუხსენით თქვენს შვილს, რომ თუ ის ღამით მოულოდნელად გაიღვიძებს და შეშინდება, საშველად, პირველ რიგში, საკუთარ გონებას და ფიქრებს უნდა მოუხმოს. გაიხსენოს, რომ ძილის წინ ოთახი დეტალურად შემოწმდა და მის საძინებელში მონსტრები არ არიან. თუ ის შიშის დაძლევას ვერ მოახერხებს, უთხარით, რომ ყოველთვის შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ შიში ძალიან შეაწუხებს, თქვენი გაღვიძების უფლება აქვს და თქვენ მას ამის გამო არ გაუბრაზდებით. თუ ბავშვი ღამით გაგაღვიძებთ, დაამშვიდეთ, აუხსენით, რომ მას უსაფუძვლოდ ეშინია. მიაცილეთ თავის საძინებლამდე და ეცადეთ დაარწმუნოთ, რომ საშიში არაფერია. იყავით მაქსიმალურად პოზიტიური. დილით კი ბავშვი შეაქეთ და უთხარით, რომ მან შიში გმირულად დაძლია.

მოაწყვეთ სპეციალური წარმოდგენები

ბავშვთან ერთად გაითამაშეთ სხვადასხვა სცენა. წარმოიდგინეთ, რომ მას ღამით ცუდი სიზმარი აღვიძებს. გააკეთეთ ყველაფერი სწორედ ისე, როგორც რეალურად გააკეთებდით. ბავშვთან ერთად სხვადასხვა სტრატეგია შეიმუშავეთ, რათა მას შიშთან გამკლავებაში დაეხმაროთ. მსგავსი წარმოდგენების დახმარებით, ბავშვი თავის ფანტაზიებს სხვა თვალით შეხედავს. ის მიხვდება, რომ მისი პრობლემის მოგვარება შესაძლებელია და შიშის გადალახვა რთული სულაც არ არის.

მშობლები ძალიან ღელავენ, როდესაც შეშინებულ შვილებს ხედავენ. თუმცა მათ შეუძლიათ ზემოთ ჩამოთვლილი სტრატეგიების გამოყენებით ბავშვს სწორად განვითარებაში დაეხმარონ და ღამის შიშები საბოლოოდ დააძლევინონ.

თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

არასდროს უთხრათ ბავშვს, რომ ტირილი შეწყვიტოს, მას ემოციების გამოხატვის შესაძლებლობა მიეცით

არასდროს უთხრათ ბავშვს, რომ ტირილი შეწყვიტოს, მას ემოციების გამოხატვის შესაძლებლობა მიეცით

მშობლები შვილებს ხშირად ეუბნებიან, რომ ტირილი შეწყვიტონ. პატარები ზოგჯერ უფროსებისთვის უმნიშვნელო პრობლემების გამო ტირიან, რის გამოც მშობლებს მათი წუწუნის მოსმენის სურვილი არ აქვთ. როდესაც სამყაროში უამრავი ბავშვი შიმშილობს და ტერორისტები უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ, სერიოზულად ვერ აღვიქვამთ დაკარგული თოჯინის გამო ატირებული ბავშვების სატკივარს.

ბავშვების გონება სხვაგვარად არის მოწყობილი. ისინი უმანკოები არიან. პატარებმა არ იციან, რომ სამყარო სავსეა ბოროტებით, რომ მათი თანატოლები შიმშილით იხოცებიან. ბავშვისთვის საყვარელი სათამაშოს დაკარგვა უდიდესი ტრაგედიაა, რადგან ის მისთვის ნაცნობ სამყაროში ყველაზე ძვირფას ნივთად მიაჩნია.

მშობლები, რომლებიც შვილს ტირილის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, ბავშვს აგრძნობინებენ, რომ მისი საქციელი მისაღები და სწორი არ არის. ისინი შვილის ემოციებს აკრიტიკებენ და მისგან იმის ცოდნას მოითხოვენ, რაც შეუძლებელია იცოდეს მცირეწლოვანმა ბავშვმა. როდესაც ბავშვს ტირილს ვუკრძალავთ, მას ვაგრძნობინებთ, რომ მისი გრძნობები და განცდები ჩვენთვის უმნიშვნელოა.

ბავშვი, რომელსაც ეუბნებიან, რომ სისულელის გამო არ უნდა იტიროს, ტირილს უფრო ძლიერად აგრძელებს, რადგან უფროსების გულგრილობა მისთვის ძალიან მტკივნეულია. დროთა განმავლობაში ბავშვები ემოციების დამალვას იწყებენ. ისინი ცდილობენ მშობლებისთვის მისაღები ქცევა განახორციელონ, რის გამოც მათთვის მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო ტირილს აღარ იწყებენ. ბავშვის ამგვარი ქცევა მის შინაგან მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება.

„დიდი გოგოები/ბიჭები არ ტირიან,“ „სატირალი არაფერია,“ - ეს ის ცნობილი ფრაზებია, რომლებსაც მშობლები განუწყვეტლივ იმეორებენ. როდესაც შვილებს ვასწავლით, რა იგრძნონ, როდის იგრძნონ და როგორ გამოხატონ თავიანთი ემოციები, ჩვენ მათ ნამდვილი განცდების დაფარვისკენ მოვუწოდებთ. ემოციების შეკავება ბავშვებში ფრუსტრაციისა და იმედგაცრუების განცდას ბადებს, რაც მათ მოზარდობისა და ზრდასრულობის ასაკშიც გაჰყვებათ.

ზრდასრული ადამიანები საჯაროდ ემოციების გამოხატვის დროს ხშირად ბოდიშს იხდიან, რადგან მათ ასწავლეს, რომ ეს ნორმალური არ არის. ადამიანი ბუნებით მგრძნობიარეა, ის ხშირად განიცდის შიშს, სირცხვილს, ტკივილსა და სიხარულს. ჩვენი გრძნობები ჩვენთვის ყოველთვის გასაგებია. ყველამ ვიცით, რატომ ვიწყენთ, რატომ გვინდა ტირილი ან სიცილი. ადამიანს საკუთარი განცდებისა და გრძნობების მიღება უნდა შეეძლოს. როდესაც ბავშვი სკვერში თამაშის დროს ჭარბი ემოციებით იტვირთება, სიხარულით დახტის და იცინის, შესაძლოა, ეს უფროსისთვის გასაგები არ იყოს, მაგრამ მისი დადებითი ემოციების გაზიარება აუცილებელია. სწორედ ასევე უნდა მივიღოთ ბავშვის ბრაზისა და სევდის გამომხატველი ემოციებიც.

მშობლები შვილებს ტირილის შეწყვეტისკენ განსაკუთრებით მაშინ მოუწოდებენ, როდესაც ისინი საჯარო სივრცეში იმყოფებიან. უფროსებს არ სურთ, რომ სხვებს მათზე ნეგატიური წარმოდგენა შეექმნათ. მშობლებს არ უნდათ, რომ გარშემომყოფებმა მათი შვილი გათამამებულად ჩათვალონ. როგორც წესი, უცხო ადამიანებს საერთოდ არ ადარდებთ, როგორ იქცევა თქვენი შვილი, ხოლო თუ ეს მათთვის მნიშვნელოვანია, ნურც ამის გამო აღელდებით. ეს მათი პრობლემაა და არა თქვენი. ბავშვს შესაძლებლობა მიეცით, რომ საკუთარი ემოციები გამოხატოს.

მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ ბიჭებიც ისევე ტირიან, როგორც გოგონები. ბიჭი ისეთივე ადამიანია, როგორიც გოგო. ემოციები და განცდები მასაც აქვს, რომელთა გამოხატვა მისთვის მნიშვნელოვანია. როდესაც ბავშვი ტირის, ნაცვლად იმისა, რომ მას ტირილის შეწყვეტა უბრძანოთ, მიუახლოვდით და უთხარით, რომ მისი გესმით. ბავშვს აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის მისი განცდები გასაგებია, რომ მისი სათამაშოს დაკარგვას ძალიან განიცდით. აუხსენით თქვენს შვილს, თუ რატომ ვერ ხერხდება მისი პრობლემის მოგვარება. რაც მთავარია მოსიყვარულე ხმით ესაუბრეთ და თანაგრძნობა გამოხატეთ.

თქვენს შვილს ტკბილეულის მირთმევა თუ სურს და ამის გამო ტირის, მას შემდეგი სიტყვებით მიმართეთ: „მესმის, რომ გიყვარს ტკბილეული, რადგან ძალიან გემრიელია, მაგრამ თუ ბევრ ტკბილს შეჭამ, მუცელი გეტკინება. დედიკოს და მამიკოს უნდათ, რომ ჯანმრთელი იყო. თუ ტკბილეულს ზომიერად შეჭამ, ყოველთვის შეძლებ თავისუფლად თამაშს და სირბილს, რადგან ჯანმრთელი იქნები.“

ყვირილისა და ტირილის მოსმენა სასიამოვნო არ არის, მაგრამ ეს ცუდ ქცევად არ უნდა მონათლოთ. ბავშვს შესაძლებლობა მიეცით, რომ ემოციებისგან დაიცალოს. შეგიძლიათ, ბავშვს აკოცოთ და ჩაეხუტოთ. თუ მისი ქცევა გაღიზიანებთ და ემოციებს ვერ უმკლავდებით, რამდენიმე წუთით მოშორდით ბავშვს, ღრმად ჩაისუნთქეთ, დამშვიდდით და მასთან მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდით.

ბავშვს ემოციების მართვა რომ ასწავლოთ, ამისთვის დიდი შრომა დაგჭირდებათ. ნუ აიძულებთ მას უარი თქვას ნამდვილი განცდების გამომჟღავნებაზე. ტირილი ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ნუ ეტყვით ბავშვს, რომ ეს ასე არ არის. თუ შვილს ემოციების გამოხატვის შესაძლებლობას მისცემთ, ამით მას ბედნიერებას მოუტანთ.

მომზადებულია ​educateinspirechange.org- ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

წაიკითხეთ სრულად