Baby Bag

ვამეცადინოთ თუ არა დაწყებითი კლასის ბავშვები - შეცდომები, რომლებსაც მშობლები უშვებენ

ვამეცადინოთ თუ არა დაწყებითი კლასის ბავშვები - შეცდომები, რომლებსაც მშობლები უშვებენ

ვამეცადინოთ თუ არა დაწყებითი კლასის ბავშვები და რა შეცდომებს უშვებენ ამ დროს მშობლები? - აღნიშნულ თემაზე ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის - „დიალოგის“ ფსიქოლოგს ქეთი მესხიშვილს ესაუბრა.

როგორც ქეთი მესხიშვილი აღნიშნავს, დაწყებითი კლასის ბავშვს, განსაკუთრებით პირველკლასელს, აუცილებლად უნდა დაეხმაროს მშობელი მეცადინეობისას:

„პირველკლასელი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გააკეთებს საშინაო დავალებას დამოუკიდებლად, ის არ არის მზად ამისთვის. მეცადინეობისას მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს და ეს პროცესი უნდა გაუმარტივოს -  აუხსნას დავალების არსი და პასუხის გასაცემად საკმარისი დრო მისცეს. სწორედ ასე ისწავლის პირველკლასელი დამოუკიდებლად მეცადინეობას. როცა შეამჩნევს მშობელი, რომ შვილი უკვე ახერხებს ამა თუ იმ დავალების შესრულებას, ამ შემთხვევაში, მეტი დამოუკიდებლობა უნდა მისცეს და ნაკლებად ჩაერიოს მეცადინეობის პროცესში. მაგალითად, თუ ადრე 4 კითხვას დაუსვამდა იმისთვის, რომ გაერკვია, როგორ გაიგო ესა თუ ის საკითხი, ახლა უკვე შეუძლია შეამციროს კითხვების რაოდენობა,“ - აღნიშნავს ფსიქოლოოგი. 

ქეთი მესხიშვილი იმ შეცდომებზეც გვესაუბრა, რომლებსაც მშობლები ბავშვების მეცადინეობისას ყველაზე ხშირად უშვებენ:

დაწყებითი კლასის მოსწავლის, განსაკუთრებით პირველკლასელის, მშობელი თვითონ უნდა იყოს მზად, რომ შვილი მიდის სკოლაში და მისთვის დრო გამონახოს.  ხანდახან მშობელს არ აქვს დრო ან არ ჰყოფნის მოთმინება,  ამიტომ თავად აკეთებს დავალებას და საქმეს უმარტივებს შვილს, რაც  დათვური სამსახურია. არაფრით არ შეიძლება შვილის მაგივრად მშობელმა ამოხსნას ამოცანები. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. დავალების შესრულება ბავშვის პასუხისმგებლობაა.

ასევე არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც ბავშვს შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევს მშობელი. არ უნდა მოსთხოვოთ შვილს, რომ პირველივე დღეს იდეალურად შეასრულოს ყველაფერი, არ ეჩხუბოთ და არ დასტრესოთ თუ შეცდომებს დაუშვებს, რადგან  ამით თვითშეფასებას დაუქვეითებთ“ - დასძინა  ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის - „დიალოგის“ ფსიქოლოგმა  ქეთ​ი მესხიშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ვეხმარები ცოლს“ - მამები ხშირად ამბობენ ამ ფრაზას, როდესაც ბავშვის მოვლას ეხება საქმე - რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ ქმარმა თავისი შვილის გაზრა/აღზრდაში თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს?

„ვეხმარები ცოლს“ - მამები ხშირად ამბობენ ამ ფრაზას, როდესაც ბავშვის მოვლას ეხება საქმე - რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ ქმარმა თავისი შვილის გაზრა/აღზრდაში თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს?

„ვეხმარები ცოლს“ - მამაკაცების მიერ ხშირად თქმული ფრაზა, რომლითაც ვიგებთ, რომ ისინი ვერ იაზრებენ თავიანთ მოვალეობას. რატომ არის დამკვიდრებული ეს სტერეოტიპი და როგორ უნდა გადაიჭრას საკითხი? - ამ და სხვა თემებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ირინა ტაბუციძე.

​- „ვეხმარები ცოლს“ - მამები ხშირად ამბობენ ამ ფრაზას, როდესაც ბავშვის მოვლას ეხება საქმე, თუმცა ეს დახმარება კი არა, მათი მოვალეობაა. რატომ არის დამკვიდრებული ეს სტერეოტიპი?
- ჩვენს საზოგადოებაში ისეთი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რომ ბავშვზე და ოჯახის საქმეებზე ზრუნვას ქალი იღებს თავის თავზე. ხშირ შემთხვევაში ქალის ხელშია, როგორ დაგეგმოს ბავშვების დღის გრაფიკი, როგორ მოამარაგოს ოჯახი, ბავშვების განათლების საკითხები და ა.შ., რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება. ამიტომ, მამაკაცისთვის, ერთი მხრივ, კომფორტულია, როდესაც დამხმარის ფუნქცია აქვს და შესაბამისად, პასუხისმგებლობა ნაკლებია. მეორე მხრივ, ვერ ერთვებიან და ქალებიც არ უშვებენ, ასე ვთქვათ, „სამზარეულოში“.
- ხშირ შემთხვევაში ცოლები ეუბნებიან ამ ფრაზას ქმრებს - ,,დამეხმარე’’, თითქოს თავადაც არა აქვთ გაცნობიერებული, რომ ქმრები მათ კი არ ეხმარებიან, არამედ თავიანთ შვილებს ზრდიან, როგორ უნდა გადაიჭრას ეს საკითხი?
- დიახ, ხშირად ისინი ამაყობენ, რომ ქმარი მათ ეხმარება. თუ რაღაცას უკეთებს, ითვლება გაკეთებულ სიკეთედ და ე.ი. კარგი მეუღლე ჰყავს. რეალურად მივდივართ პასუხისმგებლობების და პრიორიტეტების განაწილებამდე. თუ წყვილი თანხმდება თავიდანვე, რომ ერთს მთლიანად აღებული აქვს, ვთქვათ, ფინანსური მხარე და მეორეს ოჯახური საქმეები, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ურთიერთმოლაპარაკების შედეგად, ერთი მეორეს სფეროში იქნება დამხმარე. სამწუხაროდ, ასე არ ხდება ყოველთვის, ხანდახან ქალის მხრებზე გადადის ფინანსური მხარეც, საოჯახო საქმეც. ამ შემთხვევაშიც დახმარებას ეძახიან ქმრის საქმიანობას და ამაყობენ, რაც არ უნდა უცნაური იყოს. ძალიან რთულია მთელი ეს შეხედულებები და დამოკიდებულება შეცვალო, რაც მშობლებისგან მოჰყვებათ, იმათ კიდევ თავიანთი მშობლებისგან და ასე პატარაობიდან გვასწავლიან, რომ ეს ნორმაა. თუ ქალი და კაცი თანაბრად იქნება დაკავებული მთელი დღე, ბუნებრივია, საღამოს რეალობა მოითხოვს, რომ საქმე გაინაწილონ, ერთი ადამიანი ფიზიკურად ვერ შეძლებს. ალბათ, სიტუაცია თვითონ შეცვლის და გამოასწორებს ამ პრობლემას. როგორც სხვა ქვეყნებმა გაიარეს ეს გზა, ჩვენც გავივლით. მგონი, ვდგავართ უკვე ამ გზაზე და იძულებული გავხდებით, გავინაწილოთ შრომა, გვინდა თუ არ გვინდა.
- რა უნდა გააკეთოს ქალმა, რომ ქმარმა თავისი შვილის გაზრა/აღზრდაში თავისი წილი პასუხისმგებლობა აიღოს?
- ძალიან ხშირად შევსწრებივარ სიტუაციას, როდესაც ქმარი წყვეტს, ბავშვი სად წაიყვანოს, გამოუცვალოს და ა.შ, ხოლო დედები მივარდებიან ხოლმე, „ხელი არ მოკიდო, მე ვიზამ“ და მსგავსი ფრაზებით, თითქოს არ ენდობიან ან ისე ვერ მოუვლის, როგორც დედა. ადრეული ასაკიდან ვაჩვევთ ხოლმე ქმრებს, რომ ეს მათი საქმე არ არის, რაც ხშირად ჩვენდაუნებურად ხდება, ყოველთვის არ არის გააზრებული, რადგან სხვადასხვა სტერეოტიპის ქვეშ ვართ. მესმის, რომ ასეთი ქალბატონებისთვის შეიძლება დისკომფორტი იყოს, მაგრამ, როგორც კი მამა ინიციატივას იჩენს, ამისი წახალისება უნდა მოხდეს დიდი დოზით, შექება, რომ კარგად გამოსდის ბავშვის დაბანა, გასეირნება... რაც უფრო ადრეული ასაკიდან არის მამა ჩართული და ამაგი მეტი აქვს, რა თქმა უნდა, შემდეგ სხვა ურთიერთობებში გადადის და ბუნებრივად ნაწილდება მოვალეობები, ყველა მოგებული რჩება.
- ხშირად ამ საკითხში ბებიებიც ერთვებიან - თუ ქალი ქმარს ბავშვთან დახმარებას სთხოვს, ბებიები გარბიან მათთან და ქმარს ასე ვთქვათ, ასვენებენ. რამდენად ნორმალურია ეს მიდგომა?
- იდეალურ ვარიანტში ცოლ-ქმარი უნდა ცხოვრობდეს მარტო, ამ დროს მეტია ალბათობა, რომ საქმე გადანაწილდეს და ყველაზე მოგებული ბავშვი დარჩეს ამ სიტუაციაში. ბებიებს და ბაბუებს თავისი ფუნქცია აქვთ. ისინი რომ სიყვარულს, სითბოს გამოხატავენ, ასეთი ზრუნვის გამოხატვას ახალგაზრდა მშობლები ხშირად ვერ ახერხებენ, რადგან უბრალოდ არ სცალიათ ამისთვის. თუ მათ არ ჰყავთ ჩანაცვლებული ბავშვის დედ-მამა და უბრალოდ ბებია-ბაბუის როლი აქვთ, ამ დროს არ ზიანდება არაფერი, ვინაიდან ბავშვი იზრდება დედის და მამის მითითებებით. კარგ ვარიანტში, ბებია, რომელიც მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში, უნდა უთანხმებდეს დედას, რა არის ნებადართული მისი შვილისთვის, რა არ არის, რაზე შეიძლება საყვედური უთხრა და ა.შ. თუმცა, თუ დიდ ოჯახში ერთად ცხოვრობენ, ხშირად ბებია-ბაბუას ჰგონიათ, რომ შვილს უჩაგრავენ და თვითონ უვლიან ბავშვს, რადგან მათმა შვილმა, სამსახურიდან მოსულმა, დაისვენოს. საბოლოო ჯამში, გასაგებია, რომ ეს ძალიან დათვური სამსახურია და სიკეთე არ მოაქვს. ცალკე საკითხია, თუ რას ხედავდა მამა თავის ოჯახში, როგორ ექცეოდა მამამისი. მესმის, რომ ეს მთელი ჯაჭვია, მაგრამ სადღაც ამის შეცვლაც შესაძლებელია. მგონია, რომ ამასთან ხელოვნურად ბრძოლას აზრი არ აქვს, დროს თავისი მოაქვს, მაქსიმუმ ერთი თაობა და ყველაფერი შეიცვლება.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

წაიკითხეთ სრულად