Baby Bag

ვამეცადინოთ თუ არა დაწყებითი კლასის ბავშვები - შეცდომები, რომლებსაც მშობლები უშვებენ

ვამეცადინოთ თუ არა დაწყებითი კლასის ბავშვები - შეცდომები, რომლებსაც მშობლები უშვებენ

ვამეცადინოთ თუ არა დაწყებითი კლასის ბავშვები და რა შეცდომებს უშვებენ ამ დროს მშობლები? - აღნიშნულ თემაზე ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის - „დიალოგის“ ფსიქოლოგს ქეთი მესხიშვილს ესაუბრა.

როგორც ქეთი მესხიშვილი აღნიშნავს, დაწყებითი კლასის ბავშვს, განსაკუთრებით პირველკლასელს, აუცილებლად უნდა დაეხმაროს მშობელი მეცადინეობისას:

„პირველკლასელი ვერცერთ შემთხვევაში ვერ გააკეთებს საშინაო დავალებას დამოუკიდებლად, ის არ არის მზად ამისთვის. მეცადინეობისას მშობელი უნდა დაეხმაროს ბავშვს და ეს პროცესი უნდა გაუმარტივოს -  აუხსნას დავალების არსი და პასუხის გასაცემად საკმარისი დრო მისცეს. სწორედ ასე ისწავლის პირველკლასელი დამოუკიდებლად მეცადინეობას. როცა შეამჩნევს მშობელი, რომ შვილი უკვე ახერხებს ამა თუ იმ დავალების შესრულებას, ამ შემთხვევაში, მეტი დამოუკიდებლობა უნდა მისცეს და ნაკლებად ჩაერიოს მეცადინეობის პროცესში. მაგალითად, თუ ადრე 4 კითხვას დაუსვამდა იმისთვის, რომ გაერკვია, როგორ გაიგო ესა თუ ის საკითხი, ახლა უკვე შეუძლია შეამციროს კითხვების რაოდენობა,“ - აღნიშნავს ფსიქოლოოგი. 

ქეთი მესხიშვილი იმ შეცდომებზეც გვესაუბრა, რომლებსაც მშობლები ბავშვების მეცადინეობისას ყველაზე ხშირად უშვებენ:

დაწყებითი კლასის მოსწავლის, განსაკუთრებით პირველკლასელის, მშობელი თვითონ უნდა იყოს მზად, რომ შვილი მიდის სკოლაში და მისთვის დრო გამონახოს.  ხანდახან მშობელს არ აქვს დრო ან არ ჰყოფნის მოთმინება,  ამიტომ თავად აკეთებს დავალებას და საქმეს უმარტივებს შვილს, რაც  დათვური სამსახურია. არაფრით არ შეიძლება შვილის მაგივრად მშობელმა ამოხსნას ამოცანები. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. დავალების შესრულება ბავშვის პასუხისმგებლობაა.

ასევე არასწორი დამოკიდებულებაა, როდესაც ბავშვს შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევს მშობელი. არ უნდა მოსთხოვოთ შვილს, რომ პირველივე დღეს იდეალურად შეასრულოს ყველაფერი, არ ეჩხუბოთ და არ დასტრესოთ თუ შეცდომებს დაუშვებს, რადგან  ამით თვითშეფასებას დაუქვეითებთ“ - დასძინა  ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლის - „დიალოგის“ ფსიქოლოგმა  ქეთ​ი მესხიშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

„მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში... ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით,“- გია მურღულია

ფილოლოგმა გია მურღულიამ წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარები დაასახელა:

„ყველა კვლევით დადასტურებულია, რომ მარტო განათლება არ უზრუნველყოფს წარმატებას ცხოვრებაში. ჩვენ ვიცნობთ ბევრ ადამიანს, რომელიც არის ძალიან განათლებული, მაგრამ ძალიან წარუმატებელი. ადამიანი უნდა იყოს შეიარაღებული შესაბამისი უნარებით. რა უნარებია ეს? ნებისყოფა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფვა, ალგორითმის გააზრების უნარი, დროის შეგრძნებისა და გაფრთხილების უნარი. ეს არსებითია, ეს უნდა ისწავლებოდეს ყველა სკოლაში.

მე ვეკითხები ხოლმე სკოლის დირექტორებს: „რას აკეთებთ თქვენს სკოლაში საიმისოდ, რომ ბავშვებში ეს უნარები ჩამოაყალიბოთ?“ უხერხულად ეღიმებათ, იმიტომ, რომ ბევრი არაფერი კეთდება ჩვენს სკოლებში ამისთვის. ბავშვებში ამ უნარების ჩამოყალიბება არის ლამის გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორი. ხშირად უნდა მისცე ბავშვს ისეთი დავალება, რომელიც მას აიძულებს, რომ მართებულად გადაანაწილოს დრო, სხვაგვარად ის ვერ მოახერხებს ამ დავალების შესრულებას. დავალება უნდა იყოს მრავალკომპონენტიანი. რაც ბუნებითად მოგდგამს ეს ერთია, მაგრამ რასაც სკოლა და ოჯახი უნდა გაძლევდეს, ეს მეორეა. ორივემ უნდა იცოდეს, როგორ გააკეთოს ეს,“- მოცემულ საკითხზე გია მურღულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „წითელი სკამი“ ისაუბრა.

წყარო: ​„წითელი სკამი“


წაიკითხეთ სრულად