Baby Bag

უფროს ბავშვს ოჯახის ახალი წევრისადმი ყურადღების გამოჩენას ნუ აიძულებთ

უფროს ბავშვს ოჯახის ახალი წევრისადმი ყურადღების გამოჩენას ნუ აიძულებთ

ორსული ქალბატონები, რომლებიც მეორე ბავშვს ელოდებიან, ხშირად ძალიან ღელავენ, რადგან არ იციან, როგორ მიიღებს ოჯახის ახალ წევრს უფროსი შვილი. ყველა ოჯახი ინდივიდუალურია. ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ რადიკალურ ცვლილებებს ოჯახის თითოეული წევრი განსხვავებულად აღიქვამს. თქვენი ახლობლებისა და უფროსი შვილის ოჯახის ახალ წევრთან შესახვედრად მომზადება თუ გიძნელდებათ, ჩვენს სტატიაში შემოთავაზებულ რჩევებს გაეცანით. მათი დახმარებით მეორე ბავშვის დაბადებით გამოწვეულ შფოთვასა და ეიფორიას თქვენც და თქვენი ოჯახის წევრებიც მარტივად გაუმკლავდებით.

დაელაპარაკეთ უფროს შვილს
ბავშვს ოჯახის ახალ წევრთან შეხვედრა რომ გაუმარტივდეს, მასთან დალაპარაკება უნდა სცადოთ. ჰკითხეთ თქვენს უფროს შვილს, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რაც მის ირგვლივ ხდება. გაარკვიეთ, რამდენად აცნობიერებს ბავშვი თქვენს მდგომარეობას. თუ ორსულად ხართ, სავარაუდოდ, მას უკვე ეცოდინება, რომ თქვენს მუცელში მისი და ან ძმა იზრდება. თუ მეორე ბავშვის შვილად აყვანას გეგმავთ, თქვენს უფროს შვილს სავარაუდოდ თქვენთან ბევრი კითხვა ექნება. მას აუცილებლად დააინტერესებს, თუ ვინ არის და საიდან მოვიდა მისი პატარა და ან ძმა. ბავშვის კითხვებს გულახდილი პასუხები უნდა გასცეთ.
ითამაშეთ როლური თამაშები
ბავშვს თოჯინა უყიდეთ, რომელსაც ის შვილივით მოუვლის, დაბანს, დავარცხნის და გამოკვებავს. მსგავსი თამაშებით თქვენს უფროს შვილს ოჯახში მოსალოდნელ ცვლილებებთან შეგუებას გაუადვილებთ. ბავშვს ასწავლეთ, როგორ უნდა მოეფეროს თოჯინას, როგორ უნდა იზრუნოს მასზე. როდესაც ოჯახში ბავშვს მოიყვანთ, შეგიძლიათ მისი მოვლისას უფროს შვილს დახმარება სთხოვოთ. ბავშვებს ძალიან უყვართ, როდესაც მნიშვნელოვან დავალებებს იღებენ და დედას დახმარების ხელს უწვდიან.
გარკვეული სახის ცვლილებები ბავშვის დაბადებამდე უნდა განახორციელოთ
ბავშვის გაჩენის შემდეგ, შესაძლოა, თქვენს უფროს შვილს თავისი საწოლის დათმობა მოუხდეს. თუ თვლით, რომ ჩვილს პირველი ბავშვის საწოლში დააძინებთ, ხოლო უფროს შვილს სხვა ოთახში მოუწყობთ საძინებელს, უმჯობესია, თუ აღნიშნულ ცვლილებას ბავშვის დაბადებამდე განახორციელებთ. თუ თქვენი უფროსი შვილი დაინახავს, რომ მას საწოლი პატარა დის ან ძმის გამო წაართვეს, ის ჩვილისადმი ნეგატიურად განეწყობა და ეჭვიანობა დატანჯავს. მეორე ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე უფროს შვილს უთხარით, რომ ის უკვე დიდია და დამოუკიდებლად ცხოვრებას უნდა მიეჩვიოს, რის გამოც მას ახალი საძინებლით ასაჩუქრებთ. მსგავსი დამოკიდებულება ბავშვს თავს განსაკუთრებულ ადამიანად აგრძნობინებს.
ყველაფერი ბუნებრივად უნდა მოხდეს
მომავალ შვილზე თავისუფლად ისაუბრეთ. მეუღლესთან ერთად განიხილეთ სამომავლო გეგმები. როდესაც ბავშვი დაინახავს, რომ თქვენ მეორე ბავშვის დაბადებას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევთ, აღნიშნულ ფაქტთან შეგუება ნამდვილად არ გაუჭირდება. თუ თქვენი უფროსი შვილი მცირეწლოვანია, შესაძლოა, საერთოდ ვერ გააცნობიეროს, რომ ოჯახში სერიოზული ცვლილება მოხდა. ბავშვის დაბადების შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივად განაგრძეთ. თქვენი უფროსი შვილი უმცროს დას ან ძმას მარტივად შეეგუება.
უფროს შვილს ახალდაბადებული ბავშვისგან საჩუქარი გადაეცით
მშობლების უდიდესი ნაწილი აღნიშნავს, რომ ჩვილისგან მიღებული საჩუქარი უფროს და-ძმებს მისდამი ძალიან დადებითად განაწყობს. ისინი სიხარულს ვერ მალავენ და თვეების მანძილზე უმცროსი დისგან ან ძმისგან მიღებულ საჩუქარზე ლაპარაკობენ. როდესაც ჩვილს სახლში მიიყვანთ, თქვენი ახლობლები და მეგობრები მის სანახავად მოვლენ და მისდამი დიდ ყურადღებას გამოიჩენენ, რაც თქვენს უფროს ბავშვს, შესაძლოა, არ მოეწონოს. ჩვილისადმი ნეგატიური განწყობა რომ არ ჩამოუყალიბდეს, უფროსი შვილისთვის სპეციალური საჩუქარი შეიძინეთ. შეგიძლიათ, ბავშვს სათამაშო ფოტოაპარატი, მანქანა ან მუსიკალური ინსტრუმენტი უყიდოთ. უთხარით თქვენს შვილს, რომ საჩუქარი მას უმცროსმა დამ ან ძმამ უყიდა. ბავშვი ახალი სათამაშოთი გაერთობა, თქვენ კი მოდუნებისა და რელაქსაციის შესაძლებლობა მოგეცემათ.
უფროს ბავშვს უმცროსისადმი ყურადღების გამოჩენას ნუ აიძულებთ

უფროსი ბავშვი ოჯახის ახალი წევრით, შესაძლოა, არც დაინტერესდეს. მსგავს შემთხვევაში მას ჩვილისადმი ყურადღების გამოჩენას ნუ აიძულებთ. თქვენს უფროს შვილს გარკვეული დრო სჭირდება, რათა პატარას დისტანციურად დააკვირდეს. დროთა განმავლობაში ის თავის უმცროს დას ან ძმას უფრო ახლოს გაიცნობს. ნუ აჩქარდებით. გარკვეული დროის შემდეგ თქვენი შვილები ეზოში ერთად ირბენენ და ითამაშებენ.
მომზადებულია verywellfamily.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა

შეიძლება დაინტერესდეთ

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მითია თუ რეალობა, რომ ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრა შეგვიძლია? - დავით გაგუას პასუხი აქტუალურ კითხვაზე

მეან-გინეკოლოგმა დავით გაგუამ ბავშვის სქესის წინასწარი დაგეგმვის მეთოდებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსგავსი მეთოდები მედიცინაში არ არსებობს:

„ბავშვის სქესს განსაზღვრავს მამაკაცი. ბავშვის სქესის წინასწარ განსაზღვრის არც უსაფრთხო და არც ეფექტიანი მეთოდი არ არსებობს. ეს არის მითი. სისხლის განახლების მეთოდით სქესის დადგენის მტკიცებულებები არ არსებობს. ეს მეთოდი არ არის მტკიცებით მედიცინაზე დაფუძნებული. ეს, რა თქმა უნდა, ხალხში გავრცელებული მითია, თუმცა რაღაც ლოგიკა შიგნით შეიძლება იყოს. რაღაც დამთხვევები არსებობს.“

დავით გაგუას თქმით, ფოლიკულის მონიტორინგის მიზანს წარმოადგენს იმის დადგენა, თუ როდის არის განაყოფიერება შესაძლებელი:

„ფოლიკულის მონიტორინგი ხდება სამედიცინო თვალსაზრისითაც, როდესაც უშვილობასთან გვაქვს საქმე, ან არ ვიცით, როდის არის ოვულაცია. ფოლიკულის მონიტორინგს აქვს ზუსტად ეს მნიშვნელობა, რომ დადგინდეს, როდის იქნება განაყოფიერების შესაძლებლობა.“

„სქესი ყალიბდება ჩასახვისთანავე. უკვე განპირობებულია, რომელი სქესის ახალშობილი იქნება. 6-7 კვირაზე ყალიბდება საკვერცხეები და სათესლე ჯირკვლები. ჩამოყალიბების შემდეგი ეტაპი არის მეთექვსმეტე-მეთვრამეტე კვირა. ეს არის, როდესაც ხდება შიდა და გარე გენიტალიების ჩამოყალიბება. 11-12 კვირაზე ცდომილება ძალიან დიდია. სქესის განსაზღვრა ზუსტად შეიძლება 16 კვირის შემდეგ,“ - აღნიშნულ საკითხზე დავით გაგუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო: ​„დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად