Baby Bag

„ემოციების გამოხატვისგან თავი არ უნდა შევიკავოთ“

„ემოციების გამოხატვისგან თავი არ უნდა  შევიკავოთ“

უნდა შევიკავოთ თუ არა თავი ემოციების გამოხატვისგან? - აღნიშნულ კითხვას ​ფსიქოთერ​აპიისა და კონსულტაციის სახლ „დიალოგის ფსიქოლოგმა ქეთი მესხსიშვილმა უპასუხა.

„ემოციების გამოხატვისგან თავი არ უნდა  შევიკავოთ. თუმცა მნიშვნელოვანია, რა ფორმით გამოვხატავთ ემოციას. ყოველი შეკავებული ემოცია დროთა განმავლობაში ძალიან ცუდად მოქმედებს თითოეულ ჩვენგანზე. ადამიანი ნელ-ნელა ივსება შეკავებული ემოციისგან და მერე, ვისაც რომელი ორგანო აქვს სუსტი, იმაზე ხდება ჩაჭიდება და პრობლემების გაჩენა. მაგალითად, ინსულტი, თრომბი...

გაბრაზება მოძრაობას, მოქმედებას ითხოვს. სტრესის, გაღიზიანების დროს სისხლძარღვებში დიდი რაოდენობით გამოიყოფა ადრენალინი, რომელიც სისხლძარღვებში მოძრაობს და „გამოსტყორცნა“ სჭირდება. ამ დროს სუნთქვა ხდება ზედაპირული, ადრენალინის ინტენსივობა ნელ-ნელა იკლებს, თუმცა აგრძელებს მოძრაობას და ჩერდება კუნთებში, რადგან ეს ის ორგანოა, რომელიც მუდმივად მოქმედებაშია და ადრენალინს კი როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ მოძრაობა სჭირდება.

ბავშვები როდესაც ბრაზდებიან, ხელ-ფეხს აქნევენ, ყვირიან, კივიან... ეს კარგია. მთავარია, ამ დროს ბავშვი არ დაზიანდეს. ემოციებისგან განთავისუფება აუცილებელი და საჭიროა.

ჩვენი კულტურული და აღზრდის თავისებურებიდან გამომდინარე, გაბრაზება უმეტესად აკრძალულია, განსაკუთრებით მძაფრი ფორმებით (წივილ-კივილი, ჩხუბი). გაბრაზება კი ზუსტად ასეთი ძლიერი ემოციაა, რომლისგანაც ადამიანი აუცლებლად უნდა დაიცალოს. როცა ემოციების გამოხატვისგან თავს ვიკავებთ და გონებით ვაკონტროლებთ ამ ყველაფერს, ეს კი წლების განმავლობაში გრძელდება, მერე საკმაოდ ბევრ დაავადებას იწვევს. როგორც უკვე ვახსენე,  ნებისმიერი დაავადება შეიძლება იყოს ფსიქო-სომატური, ანუ ემოციების ფონზე გაჩენილი. თუნდაც დაავადებამდე სანამ მივალთ, უძილობა, ქრონიკული თავის ტკივილები, გადაღლიილობა, დაღლილი გაღვიძება. ეს ის მდგომარეობაა, როცა კუნთები ამდენი შეკავებული ემოციისგან ძალიან არის დაჭიმული, ვეღარ ხერხდება მოდუნება და შესაბამისად, თუ კუნთები არ მოდუნდა, ვერ ისვენებს ადამიანი.

რა არის გამოსავალი?

გაბრაზებას სჭირდება კონკრეტული ადრესატი, მე თუ ვინმეზე ვარ გაბრაზებული, უნდა მივიდე და ვუთხრა. როგორ უნდა მოხდეს ეს? - კი არ უნდა უთხრათ, თუ როგორი უპასუხისმგებლო და უზრდელია, არამედ უნდა აუხსნათ, რას გრძნობთ. ეს შეგიძლიათ შემდეგი სიტყვებით გამოხატოთ - შენ რომ ასე მოიქეცი, მე გავბრაზდი, მე მეწყინა, მე გავღიზიანდი. აქცენტი უნდა გაკეთდეს „მეზე“. მე წინადადებებით ნათქვამს მეორე ადამიანი თავდასხმად არ აღიქვამს, გისმენს და შემდეგ მისი ნებაა, მიიღებს შენს ნათქვამს თუ არა. აქ ყველზე მნიშვნელოვანია, რომ მე ვთავისუფლდები შეკავებული ემოციისგან. იმის გაჟღერებაც კი, რომ „მე გაბრაზებული ვარ“, ზოგჯერ საკმარისია ემოციების დაცლისთვის. თუ ეს არ არის საკმარისი, მაშინ კარგია, განმარტოება და თუნდაც კედელს მიარტყა ხელი (თავი არ უნდა დაიზიანო), კალამი გადატეხო და თქვა - უხ, როგორი გაბრაზებული ვარ. საკუთარ თავთან გულახდილი ლაპარაკი ასევე საუკეთესო საშუალებაა ემოციებისგან დასაცლელად“, - აღნიშნა ​ფსიქოლოგმა ქეთი მესხიშვილმა.

შეიძლება დაინტერესდეთ

3 მიზეზი თუ რატომ ვერ ვიკლებთ წონაში

3 მიზეზი თუ რატომ ვერ ვიკლებთ წონაში

რატომ ვერ ვიკლებთ წონაში - ამ კითხვაზე პასუხი ბევრ თქვენგანს აინტერესებს. ფიქრობთ, რომ ამას ასე იოლად ვერ ახსნით, თუმცა ყველაფერი იმაზე მარტივადაა, ვიდრე წარმოგიდგენიათ.


აღნიშნულ თემაზე momsedu.ge ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლ „დიალოგის“ ფსიქოლოგს, გეშტალტთერაპევტსა და კვებითი ჩვევების სპეციალისტს ქეთი მესხიშვილს ესაუბრა: 

„როგორც დიაგნოზის დასმა მკურნალობის სწორად წარმართვისთვის აუცილებელი პირობაა, ასევე მნიშვნელოვანია კითხვაზე სწორი პასუხის გაცემა. იმისთვის, რომ ზედმეტი კილოგრამები დაიკლოთ და შემდეგ სასურველი წონა შეინარჩუნოთ, აუცილებელია, არა მარტო ჯანსაღი კვება და ვარჯიში, არამედ ამ ყველაფერზე ფსიქოლოგიური მუშაობა,“ - აღნიშნავს ქეთი მესხიშვილი. 

- ქეთი, პირველ რიგში, რომ განვმარტოთ, რა არის ჭარბი წონა? 

-ჭარბი წონა ბიო-ფსიქო-სოციალური პრობლემაა. 
ბიოლოგიურ დონეზე იგულისხმება - ნივთიერებათა ცვლა, სისხლის მიმოქცევა, ორგანიზმში მიმდინარე პროცესები, ჯანმრთელობის პრობლემები...

სოციალურ პრობლემაში იგულისხმება სოციუმის გავლენა. გარემოს დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, არის შემთხვევები, სტუმრად მისულს იმდენს დაგაძალებენ ჭამეო, სულაც რომ არ იყო მშიერი, მაინც მოგინდება ჭამა. 

რა იგულისხმება ფსიქოლოგიურ დონეზე - ადამიანები ჭამენ გაუცნობიერებელი ემოციების გამო. წონაში მატებას კი დიდი რაოდენობით კალორიების მიღება განაპირობებს. არ ვჭამ და ვიმატებ, მსგავსი რამ არ არსებობს. როცა დიდი ხანი არ ჭამ, აშიმშილებ ორგანიზს, მერე ერთ ჭამაზე ბევრს ჭამ. დიეტაც რომ მთავრდება, რაც არ გიჭამია, ინაზღაურებ და ბევრს ჭამ. 

სწორედ ამ სამი მიზეზის გამო ვერ იკლებს ადამიანი წონაში. შეიძლება ვარჯიშობს, დიეტაზეა, მაგრამ სასურველ შედეგს ამ გარემოებების გამო მაინც ვერ აღწევს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, იმისთვის, რომ ადამიანმა წონაში დაიკლოს და შეინარჩუნოს, აუცილებელია, არა მარტო ჯანსაღი კვება და ვარჯიში, არამედ ამ ყველაფერზე ფსიქოლოგიური მუშაობა. 

- რა კავშირშია წონასთან სტრესი? 

- სტრესი არსებობს ორი სახის: მწვავე სტრესის დროს ვერ ჭამს ადამიანი და ქრონიკული სტრესის დროს სულ სუსნაობა უნდა, გაუცნობიერებლად ბევრს ჭამს.

ადამიანები წონაში მატებას მაშინ იწყებენ, როცა ფსიქოლოგიური სირთულეების წინაშე დგანან. მაგალითად, ორსულობა ქალის ცხოვრებაში ერთ-ერთი რთული ეტაპია - ძალიან მაგარი შეგრძნებაა, დედა უნდა გახდე, მაგრამ დადებითი ემოციებიც სტრესთან არის დაკავშირებული. 

- დიეტაც ხომ ერთგვარი სტრესია? 

- დიახ, დიეტა არის ორგანიზმისთვის გარკვეული სახის სირთულე, სტრესი. დიეტის დასრულების შემდეგ მიღებული კალორიები ასე ვთქვათ, ორმაგად ერგება ორგანიზმს და იწყებს წონაში სწრაფად მატებას. დიეტით და შიმშილით წონაში კლება არ არის მართებული მიდგომა, აუცილებელია რეგულარული კვება - 4 საათში ერთხელ და ეს ციკლი არ უნდა დაირღვეს. კუჭს საჭმელი სჭირდება 3-4 საათში ერთხელ, მისი ფუნქციაა საჭმლის გადამუშავება, თუ არ მივაწვდით საჭმელს, მას ამ ფუნქციას დავუკარგავთ. 

- რატომ ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში ასაკის მატებასთან ერთად წონაშიც იმატებს ადამიანი?

- ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს მეტი საზრუნავი უჩნდება და ნაკლებად ზრუნავს საკუთარ თავზე, არ აქცევს ყურადღებას კვების რეჟიმს, რაც წონაზე აისახება. 

- რომ შევაჯამოთ, რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ წონაში დავიკლოთ?

- აუცილებელია რეგულარული კვება, ანუ 3-4 საათში ერთხელ ჭამა. კარგი იქნება, კვების დღიურის წარმოება - ყველა პროდუქტის ჩამოწერა, რასაც დღის განმავლობაში მიირთმევს ადამიანი. კვების დღიურის საშუალებით  დააფიქსირებთ, თუ რა რაოდენობის კალორიას იღებთ, რომელ პროდუქტებს ჭამთ და სად უშვებთ შეცდომას. ასევე, კარგია, როცა ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხართ მიზნამდე. მაგალითად, საწყის ეტაპზე მიზნად დაისახეთ არა 10 კგ-ს, არამედ ჯერ 2 კგ-ს დაკლება და ასე ნელ-ნელა. ასევე უნდა დააკვირდეთ, როდის გინდებათ ტკბილი, ანუ როგორც ფსიქოლოგები ვუწოდებთ, როდის ხდება ემოციური შიმშილი - როდესაც კუჭს არ უნდა და ადამიანი მაინც ჭამს. 

დაელოდეთ ჩვენს მორიგ სტატიას აღნიშნულ თემაზე. 

ფსიქოთერაპიისა და კონსულტაციის სახლ „დიალოგის“ ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი და კვებითი ჩვევების სპეციალისტი ქეთი მესხიშვილი დროდადრო მოგვაწვდის წონასთან დაკავშირებულ საჭირო რჩევებს. 

წაიკითხეთ სრულად