Baby Bag

5 შეცდომა, რომლის დაშვების უფლება ნებისმიერ ბავშვს უნდა მივცეთ

5 შეცდომა, რომლის დაშვების უფლება ნებისმიერ ბავშვს უნდა მივცეთ

მშობლების უმთავრეს მოვალეობას შვილების საფრთხისგან დაცვა წარმოადგენს. ისინი თვლიან, რომ ბავშვები შეცდომების დაშვებისგან უნდა დაიცვან და მათ უსაფრთხოებაზე იზრუნონ. მშობლები ვერ აცნობიერებენ, რომ ხშირად შვილებს მეტი თავისუფლება უნდა მისცენ. ადამიანები ყველაზე უკეთ საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ. ბავშვის არასწორი ქმედებები უმეტეს შემთხვევაში მშობლებს ტკენს გულს, თუმცა უშუალოდ მისთვის სიკეთის მომტანიც შეიძლება იყოს.

​ჩვენს სტატიაში იმ 5 შეცდომაზე გესაუბრებით, რომელთა დაშვების უფლება შვილებს აუცილებლად უნდა მისცეთ.

• არასასურველი სამეგობრო წრე
თქვენი შვილი, შესაძლოა, ისეთ ადამიანებს დაუმეგობრდეს, რომლებიც თქვენ არ მოგეწონებათ. რა თქმა უნდა, ბავშვს კრიმინალებთან ან საშიშ ადამიანებთან ახლობლობის ნება არ უნდა დართოთ, მაგრამ მას შესაძლებლობა უნდა მისცეთ, სამეგობრო წრე თავად აირჩიოს. ცხადია, თქვენს შვილს შეცდომებზე უნდა მიუთითოთ და მას სასარგებლო რჩევებიც უნდა მისცეთ, მაგრამ მის ურთიერთობებში უხეშად ნუ ჩაერევით. აკრძალვები მხოლოდ სავალალო შედეგამდე მიგიყვანთ. თუ ბავშვს თავის მეგობართან ურთიერთობას დაუშლით, მას პროტესტის გრძნობა გაუჩნდება. თქვენი შვილი თქვენთვის არასასურველ ადამიანთან უფრო მეტად დაახლოებას მოინდომებს. უმჯობესია, მას დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანის საშუალება მისცეს. ბავშვი თავადვე მიხვდება, რომ ცუდი სამეგობრო წრე ჰყავს. ის ადამიანების უკეთ ცნობასაც ისწავლის და ახალ ურთიერთობებს უფრო ფრთხილად წამოიწყებს.

• სკოლის დავალების შესრულებაზე უარის თქმა

მშობლები, რომლებიც ბავშვებს საშინაო დავალებების შესრულებას აიძულებენ, იძულებულები ხდებიან, ყოველ ჯერზე მეტი სიმკაცრე გამოიჩინონ. თუ თქვენს შვილებს გამუდმებით უმეორებთ, რომ სკოლისთვის უნდა მოემზადონ, შესაძლოა, ამგვარი ქცევით მათი გაღიზიანება გამოიწვიოთ. შეგიძლიათ შვილებს მეგობრული რჩევები მისცეთ, საშინაო დავალების შესრულებაში დახმარება შესთავაზოთ, ხოლო სხვა დანარჩენი მთლიანად მათ უნდა მიანდოთ. თუ ისინი სკოლის ტესტირებისთვის მომზადებაზე უარს იტყვიან, მათ გადარწმუნებას ნუ ეცდებით. ბავშვებმა თავიანთი შეცდომების შედეგები თავადვე უნდა ნახონ და გააცნობიერონ. მშობლები საკუთარ რეპუტაციას უფრთხილდებიან და თვლიან, რომ თუ მათი შვილები ცუდად სწავლობენ, მასწავლებლების თვალში ისინი ცუდ მშობლებად წარმოჩინდებიან. მსგავსი ფიქრები თავიდან ამოიგდეთ და თქვენს შვილებზე კონცენტრირდით. მთავარია, მათ სწავლისადმი ინტერესი გაუღვივოთ.

• სხვა ადამიანისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამოვლენა

ზრდასრულების დიდმა ნაწილმა კარგად ვიცით, რომ სხვა ადამიანებზე ზრუნვა და მათი პირადი სივრცის პატივისცემა აუცილებელია. მსგავს დასკვნებამდე ჩვენ ჯერ კიდევ მოზარდობაში მიღებული გაკვეთილებით მივდივართ. თუ ისეთ ადამიანებს იცნობთ, რომლებიც სხვების განცდებს არაფრად აგდებენ და მათზე არასდროს ზრუნავენ, ე.ი. მათი მშობლები აღზრდის არასწორი მეთოდებით ხელმძღვანელობდნენ. ბავშვებს შეცდომის დაშვების უფლება უნდა მისცეთ. თუ მათ წინასწარ შეზღუდავთ და გარკვეულ ქმედებებს აუკრძალავთ, ისინი სწორი დასკვნების გამოტანას ვერასდროს შეძლებენ. თუ თქვენი შვილი მოხუც ბებიას ან ბაბუას დაბადების დღეს არ ულოცავს, მას მსგავსი ქცევის განხორციელება არ უნდა აიძულოთ. მასთან გულახდილად გაისაუბრეთ და უთხარით, რომ მოხუცმა ბებიამ ან ბაბუამ, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე წელს იცოცხლოს და დაბადების დღის მილოცვების მოსმენის შესაძლებლობა ბევრჯერ აღარ მიეცეს. ბავშვი თქვენი საუბრის პათოსს აუცილებლად ჩაწვდება და თქვენი მშობლებისადმი გამოვლენილ გულგრილობას ინანებს.

• ეპატაჟური ვარცხნილობებისა და ტანისამოსის ტარება

ტინეიჯერებს განსაკუთრებით ხიბლავთ ეპატაჟური ტანისამოსის ტარება. როგორც წესი, ისინი ერთმანეთს ბაძავენ და ცდილობენ მოდას მისდიონ. შესაძლოა, ბევრ მათგანს სრულებით არ მოსწონდეს მუქი ფერის მაისურებისა და დიდი ზომის ფეხსაცმელების ტარება, მაგრამ ყველა მათგანი ცდილობს თანატოლების თვალში მოსაწონი და მისაღები ადამიანი იყოს. ბავშვებს მსგავსი ქმედებები არ უნდა შეუზღუდოთ. გაიხსენეთ, თავად როგორ ცხოვრობდით ტინეიჯერობის ეტაპზე. სავარაუდოდ, თმების ნაირფრად შეღებვა, ტატუების და პირსინგების გაკეთება თქვენც ორიგინალურად გეჩვენებოდათ. არ აქვს მნიშვნელობა მათ მიერ გარეგნობაში შეტანილი ცვლილებები მოგწონთ თუ არა, მთავარია, რომ ბავშვების არჩევანს პატივი სცეთ. ასაკის მატებასთან ერთად ისინი დამოუკიდებლობას მეტად მიეჩვევიან და სხვების გემოვნებაზე ნაკლებად იქნებიან დამოკიდებულნი.

• ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელსაც მომავალში ინანებენ

ნებისმიერ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიუღია ისეთი გადაწყვეტილება, რომელსაც ძალიან ნანობს. ბავშვები ხშირად აცხადებენ უარს გარკვეული საგნების სიღრმისეულ შესწავლაზე, ისინი საკუთარ ნიჭს არ უფრთხილდებიან და მის განვითარებაზე ნაკლებად ზრუნავენ. ადამიანები სწორედ საკუთარი შეცდომების გაანალიზების წყალობით იზრდებიან. თუ ისინი საკუთარ ნიჭს ბავშვობაში უდიერად მოექცნენ, სამომავლოდ მსგავსი შეცდომის დაშვებისგან თავს მაქსიმალურად შეიკავებენ.
მომზადებულია alphamom.com-ის მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედაშვილობის ქრისტიანულ მოდელში მასწავლებელი შვილია და ის შენ არ გეკუთვნის,“ - ნათია ფანჯიკიძე

„დედაშვილობის ქრისტიანულ მოდელში მასწავლებელი შვილია და ის შენ არ გეკუთვნის,“ - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგმა ნათია ფანჯიკიძემ მშობლების მხრიდან ბავშვის წარმატების ხელშეწყობისთვის საჭირო მიდგომების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მშობელმა შვილს არ უნდა მოახვიოს თავს თავისი აუხდენელი ოცნებები:

„რატომ არის ქრისტიანული რელიგია ასეთი პროგრესული, რატომ არის ინდივიდის რელიგია? ამ მოდელში დედაშვილობის მასწავლებელი შვილია და ის შენ არ გეკუთვნის. თქვენ მთავარი პრობლემა წამოჭერით. მშობლის აუსრულებელი ოცნება ძალიან ხშირად ბავშვს ძვირად უჯდება. პატარა ბავშვს მშობელი ღმერთად წარმოუდგენია. მას ყოველთვის უნდა, რომ მშობლის მოსაწონი იყოს. გარდატეხის ასაკში ბავშვი გაებრძოლება მშობელს და დამოუკიდებლობის მოპოვებას ცდილობს, მაგრამ ​ბორკილები, რომელიც ადრეულ ბავშვობაში დაადეს, მთელი ცხოვრება მიჰყვება.“

​ნათია ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ შვილებს ბორკილები არ უნდა დავადოთ და მათ თავისუფლება მივანიჭოთ:

„ბორკილები შეიძლება იყოს ელემენტარული. რაც მე მინდა, ის უნდა ჭამო, მაგრამ ცუდ ბიჭებს და ცუდ გოგოებს არ დაუჯერო. როგორ შეიძლება, რომ ადამიანი თან მორჩილი იყოს და თან არა?! ხასიათის ჩამოყალიბების პროცესშიც შეცდომებია. რაც შეეხება წარმატებული მოდელის მოლოდინებს, თუ შვილს დავუსახავთ უპირობოდ რაღაც მაღალ სტანდარტს, რასაკვირველია, მას წარუმატებლის სინდრომი განუვითარდება ყოველი შეცდომის გავლისას.“

​თუ ბავშვს საერთოდ გულგრილად ვექცევით და მის მიმართ არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, არ ავღნიშნავთ მის უნარებს, რომელშიც ის ძლიერია და კარგია, მაშინ გამოვა, რომ მას ყოველთვის ექნება ფოკუსში მოქცეული ის, რაც არ შეუძლია. ის ერთი-ორი თვისება, რომელიც ჩვენ გვაქვს, სრულიად საკმარისია წარმატებისთვის,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნათია ფანჯიკიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“

წაიკითხეთ სრულად