Baby Bag

ბავშვი აუცილებლად სიყვარულის ფონზე უნდა დაისაჯოს

ბავშვის დასჯა - აღნიშნულ თემაზე ფსიქოლოგი პაატა ამონაშვილი საუბრობს. 

​როგორც თავად აღნიშნავს, ბავშვის დასჯა უნდა მოხდეს უკიდურეს შემთხვევაში:

„ზოგიერთ შემთხვევაში ბავშვის დასჯა შეიძლება. თუმცა ეს უნდა იყოს უკიდურეს შემთხვევაში. ბავშვის დასჯა იმ დროს, როცა ჩვენ თვითონ შინაგანად გაცოფებულები ვართ  და ბავშვის მიმართ აგრესია გვაქვს, არ შეიძლება. საუკეთესო დასჯის ფორმა მშობლებმა უნდა მოიფიქრონ, ანუ რა სიტუაციაში როგორ უნდა დაისაჯოს ბავშვი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს საღი გონებით. ბავშვი უნდა დავსაჯოთ სიყვარულის ფონზე. ჯერ ვუხსნით ბავშვს, რომ ძალიან გვიყვარს, მაგრამ იმ ფონზე, რაც მოხდა, უნდა გამოვიყენოთ დასჯის ქმედებები. მას შემდეგ, რაც ამ დასჯის ქმედებებს გამოვიყენებთ, ბავშვს კიდევ ერთხელ უნდა ავუხნათ, რომ გვიყვარს...“ - აღნიშნავს პაატა ამონაშვილი. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„მშობლების მთავარი შეცდომა არის, რომ ბავშვის მეცადინეობას პირდაპირ იწყებენ ყველაზე რთული ნაწილით,“- ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე

ბავშვთა ნევროლოგმა თამარ ედიბერიძემ მშობლებს ბავშვის მეცადინეობისას დაშვებული შეცდომების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა:

„ნებისმიერი ინფორმაციის დამახსოვრებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოტივაცია და ემოცია. მნიშვნელოვანი კომპონენტია ყურადღების კონცენტრირება. მოტივაცია შეიძლება იყოს ბევრნაირი. სასკოლო ასაკის ბავშვის შემთხვევაში დადებითი ემოცია პრიორიტეტია და გადამწყვეტია. დადებითად მოტივირებული ბავშვი უკეთესად კონცენტრირდება ამ აქტივობაზე. შესაბამისად მას ნაკლები დრო სჭირდება კონკრეტული ინფორმაციის დამახსოვრებისთვის. უარყოფითი ემოციის წილი ნაკლები უნდა იყოს. ძალდატანების კომპონენტი ამ ემოციას აფუჭებს. თუ მხოლოდ იძულებაზეა დამოკიდებული, ბავშვი ვერ აცნობიერებს რატომ, რისთვის, თუ მეცადინეობის პროცესი ცუდ ემოციასთან ასოცირდება, ბუნებრივად იბლოკება რაღაც. გეგონება ტვინი თვითონ ებრძვის, რომ ეს ინფორმაცია არ დაიმახსოვროს.

მნიშვნელოვანია, როგორ არის მოწყობილი სამუშაო გარემო. თუ ჩვენ ცოტა არასწორად ვეხმარებით ბავშვს, ეს პრობლემაა. თუ ჩვენთვისაც ეს ისეთი მომენტია, რომ „ვაიმე, ახლა ამას სამეცადინო აქვს,“ ან მე სამზარეულოში ვარ და გეუბნები: „წადი ახლა შენ იმეცადინე იქ და არ გამოხვიდე, სანამ არ ისწავლი და მერე მოვალ და უნდა ჩამაბარო, არ ვნახო, რომ რამე შეგეშალოს,“ ეს იმდენად სტრესული მომენტია, რომ ბავშვზე პირიქით მოქმედებს. მას ემატება სტრესი, ემატება სტრესის ჰორმონები.

ჩვენ უნდა გავარკვიოთ, როგორია ბავშვის აკადემიური უნარები, ინტელექტუალური შესაძლებლობები რამდენად სრულყოფილია. რამდენად შეუძლია მას მიწოდებული ინფორმაციის გადამუშავება. შეიძლება მიწოდებული ინფორმაციის ტემპი იყოს შესაცვლელი, მოცულობა, ფორმა იყოს შესაცვლელი. მთავარი შეცდომა არის, რომ ბავშვის მეცადინეობას პირდაპირ იწყებენ ყველაზე რთული ნაწილით, რომ დროზე მოვითაოთ. წესით, ეს არ არის სწორი. როგორც კვებაში, გვჭირდება სტარტერი, მთავარი კერძი და მერე დესერტი, მეცადინეობის პროცესსაც სჭირდება უფრო მარტივი, ნაცნობი, უკვე გაშიფრული, დამუშავებული ინფორმაცია. თითქოს გონება გახურდა, უნარები გავარჯიშდა. მერე გადავიდეთ რთულ ნაწილზე და ბოლოსთვის ვიტოვებთ მარტივ, სახალისო ნაწილს,“- მოცემულ საკითხზე თამარ ედიბერიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ ისაუბრა.

წყარო: ​„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ 

წაიკითხეთ სრულად