Baby Bag

ნამდვილი ბედნიერება არ ნიშნავს, რომ თავს ყოველთვის ბედნიერად უნდა ვგრძნობდეთ

ნამდვილი ბედნიერება არ ნიშნავს, რომ თავს ყოველთვის ბედნიერად უნდა ვგრძნობდეთ
ნამდვილი ბედნიერება იმას სულაც არ ნიშნავს, რომ თავს ყოველთვის ბედნიერად გრძნობთ ან ყოველწამიერად კარგ განწყობაზე ხართ. თანამედროვე ადამიანები კულტურის ზეგავლენით გამუდმებით თავგადასავლების, მოგზაურობის და სიახლეების სურვილით არიან შეპყრობილები. ისინი თვლიან, რომ ბედნიერება მათ უმაღლეს მიზანს წარმოადგენს. ბედნიერების ძიებაში ცუდი არაფერია. ადამიანებს სურთ, რომ ყოველდღიურობაში მეტი სიხალისე და მრავალფეროვნება შეიტანონ. ეს სავსებით ნორმალური მოვლენაა. თუმცა მარადიულად ბედნიერების დევნა და მისი მოპოვების დაუოკებელი სურვილი მიზანს მნიშნელოვნად გვაშორებს.

ადამიანების უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ბედნიერება ყოველდღიურად კარგ განწყობაზე ყოფნას გულისხმობს, რის გამოც ისინი ნებისმიერ უსიამოვნებას ტრაგიკულ მოვლენად აღიქვამენ და სირთულეებთან გამკლავება უძნელდებათ. რა ხდება, როდესაც დროის გარკვეულ მონაკვეთში თავს ბედნიერად არ გრძნობთ? ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უბედური ხართ? იქნებ ბედნიერება რეალობის უპირობოდ მიღებასა და საკუთარი ცხოვრებით კმაყოფილებას გულისხმობს? ვფიქრობთ, რომ ბედნიერი ადამიანები ემოციური ავთენტურობის შენარჩუნებას მთელი ცხოვრების მანძილზე ახერხებენ, ისინი უფრო ძლიერები, მყარები და შესაბამისად, სხვებთან შედარებით მეტად ბედნიერებიც არიან.

• ემოციური მოწიფულობა ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ

ადამიანები ემოციური მოწიფულობის მიღწევას რთულად ახერხებენ. სხვებისადმი ემპათიის გამოვლენის უნარი და საკუთარი გრძნობების შეცნობის შესაძლებლობა ემოციურად გზრდით და ძლიერ ადამიანად გაყალიბებთ. ეს სულაც არ გულისხმობს იმას, რომ თქვენ ეჭვები არასდროს შეგაწუხებთ ან არასდროს შეგეშინდებათ. რა თქმა უნდა, თქვენ საკუთარ შესაძლებლობებში არაერთხელ დაეჭვდებით. თუმცა თქვენ თამამად აღიარებთ საკუთარ ეჭვებსა და შიშებს. როდესაც რაღაცის გაგებას ვერ შეძლებთ, ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და ახლობლებს გულწრფელად გამოუტყდებით, რომ მათი არ გესმით და ყველაფრის გარკვევის სურვილი გაქვთ. საკუთარი და სხვების გრძნობების გაგების, ასევე ემოციების სწორად გამოხატვის უნარი ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე ძალიან დიდ დახმარებას გიწევთ.

• ბედნიერებაზე ზედმეტად კონცენტრირება მის მიღწევაში ხელს გიშლით

ადამიანები, რომლებიც გამუდმებით ბედნიერების მიღწევაზე ფიქრობენ, უმეტეს შემთხვევაში თავს უბედურად გრძნობენ. მოლოდინები თუ არ გაგიმართლდებათ, პესიმიზმმა არ უნდა შემოგიტიოთ. წარუმატებლობის შიში ნებისმიერი ადამიანისთვის დამღუპველია და მისი დაძლევა აუცილებლად უნდა შეძლოთ. პოზიტიური ემოციების განცდის სურვილი მისასალმებელი და დასაფასებელია, მაგრამ მარცხის აუტანლობა და წარუმატებლობის შემთხვევაში თვითშეფასების დაკარგვა თქვენს ყოველდღიურობას ნეგატივით დატვირთავს. მიზნების მიღწევა თუ გსურთ, თითოეულ მიზნამდე მისასვლელი აქტივობები ჩამოწერეთ, აღნიშნული აქტივობები დროში სწორად გადაანაწილეთ, რათა ზემდეტად არ დაისტრესოთ, არ იჩქაროთ და მარცხი არ იწვნიოთ.

• ყოველთვის ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენ გეგმავდით

ყველაფრის დაგეგმვა თუ გიყვართ, იმედების გაცრუებას და გეგმების ჩაშლას უნდა შეეგუოთ. ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა ან წარმოგვიდგენია. ბედნიერების მოპოვებაში წინასწარი მოლოდინებისგან გათავისუფლება დაგეხმარებათ. რა თქმა უნდა, გეგმების ჩაშლა იმედგაცრუებას იწვევს და გაფრთხობთ კიდეც, მაგრამ იმედების გაცრუება ტრაგედიად არ უნდა მიიღოთ. მოლოდინები თუ არ გაგიმართლდათ, თავს ნუ დაიტანჯავთ. მიღებული გამოცდილება მომავალში შეცდომების დაშვებისგან დაგიცავთ.

• ადამიანების რეალური ცხოვრების შესახებ სოციალური ქსელიდან ვერაფერს შეიტყობთ

სოციალური ქსელები ხშირად სხვა ადამიანების ცხოვრებაზე არასწორ წარმოდგენებს გიქმნიან. ახლობლების ან უბრალო ნაცნობების ბედნიერი ფოტოების დანახვისას, თვლით, რომ ყველა ადამიანი, ვისაც იცნობთ, თქვენზე ბედნიერი და წარმატებულია. შესაძლოა, ძალიან კარგად იცით, რომ სოციალურ ქსელებში ადამიანები საკუთარი ცხოვრების უმთავრეს მოვლენებზე არასდროს საუბრობენ და ფალსიფიცირებულ რეალობას ქმნიან, თუმცა მაინც ვერ ახერხებთ საკუთარი ეჭვების დაძლევას. როდესაც სოციალურ ქსელში სხვების გაღიმებულ და ბედნიერ სახეებს უყურებთ, საკუთარ თავზე იფიქრეთ. თქვენ არასდროს ატვირთავთ facebook-ზე მეუღლესთან კონფლიქტის შესახებ უახლეს ცნობებს, თქვენ არც ოჯახურ პრობლემებზე გაამახვილებთ ყურადღებას. მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც სოციალური მედიის გავლენის ქვეშ ექცევით და ყველაფერს იჯერებთ, რასაც ხედავთ. უმჯობესია, თუ საკუთარ ცხოვრებაზე კონცენტრირდებით. მთავარია, თქვენი ყოველდღიურობა თქვენთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. ყოველდღიურ პრობლემებს კი, სხვების მსგავსად, ვერსად გაექცევით. გახსოვდეთ, რომ კომპიუტერის ეკრანს მიღმა ადამიანებს ერთმანეთთან გაცილებით მეტი საერთო აქვთ, ვიდრე სოციალურ ქსელებში.

• ბედნიერება დანიშნულების პუნქტი არ არის, რომლამდეც აუცილებლად უნდა მიხვიდეთ


ადამიანების უბედურების უმთავრეს მიზეზს ბედნიერების არასწორი ხედვა წარმოადგენს. მათი უდიდესი ნაწილი თვლის, რომ ბედნიერება დანიშნულების ადგილია, რომლამდეც აუცილებლად უნდა მივიდნენ. როგორ ფიქრობთ, სად შეიძლება ბედნიერება იპოვოთ? თუ ჩათვლით, რომ მას რომელიმე კონკრეტულ ადგილას იპოვით, ძალიან ცდებით. გახსოვდეთ, ბედნიერება ყოველდღიურად უნდა განიცადოთ. მისი პოვნა ყველგან და ყველაფერში შეგიძლიათ. ადამიანები ბედნიერებას სხვა დიდ გრძნობებთან ერთად განიცდიან, როგორებიცაა შიში, მღელვარება, სიყვარული, სიძულვილი, მრისხანება ან მარტოსულობა. ცხოვრება უამრავ შესაძლებლობას გაძლევთ, რომელთა დახმარებით ბედნიერების პოვნას აუცილებლად შეძლებთ. თავგასავლებით სავსე მოგზაურობაში, რომელსაც სიცოცხლე ჰქვია, ბედნიერებას მარტივად იპოვით. მთავარია, ამისთვის მზად იყოთ! 

მომზადებულია littlethings.com-ის მიხედვით
თარგმნა ია ნაროუშვილმა 

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი სახლში რაღაცას გააფუჭებს? - ფსიქოლოგი ცირა ბარქაია

ფსიქოლოგმა ცირა ბარქაიამ ბავშვის მიერ რაიმე ნივთის დაზიანების შემთხვევაში მასთან კომუნიკაციის სწორ მეთოდებზე ისაუბრა:

„ბავშვმა რაღაც გააფუჭა, „შემოეფუჭა,“ ის ამასთან დაკავშირებით იღებს ძალიან უარყოფით რეაქციებს. ადრეული ასაკის ბავშვებში, ჩვენი ერთი შეფასებით შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ბავშვმა დაამტვრია ან გატეხა სათამაშო, შეიძლება გამოვართვათ, ვთქვათ: „შენ არაფრის ღირსი არ ხარ, მოგიტანე და გააფუჭე.“ სინამდვილეში, როდესაც ბავშვი რაღაცის აღმოჩენას აკეთებს, თვალიერების პროცესში შეიძლება დაინტერესდეს, როგორია ეს ნივთი შიგნიდან და ამ ჩხირკედელაობაში გაფუჭდეს ეს ნივთი. ეს მნიშვნელოვანია ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. ამით ისინი სწავლობენ და ვითარდებიან.

შესაძლოა, ბავშვმა დააზიანოს ისეთი ნივთი, რომელიც მშობლისთვის არის ღირებული. რატომ გატეხე ნივთი? რა პასუხი უნდა მიიღონ ამ დროს ორი წლის ბავშვისგან ან სამი წლის ბავშვისგან? მოდი, ასე შევხედოთ: რა არის უფრო მნიშვნელოვანი? ის პიროვნება, რომელიც ჩვენ წინ დგას თუ ნივთი, რომელიც ღირებული იყო, მაგრამ ნივთი იყო?! თუ ბავშვს შემთხვევით გაუტყდა ჭიქა და გაოგნებული, შეშფოთებული სახით იყურება, მნიშვნელოვანია, ვუთხრათ: „არაუშავს, ვიცი, რომ შემთხვევით გაგიტყდა, მეც დამმართნია. მოდი, მომეხმარე.“ უსაფრთხოების წესების დაცვით, შესაძლებელია, ბავშვის ჩართვა პროცესებში. ბავშვი გრძნობს, რომ მას რაღაც მოუხდა, მაგრამ მშობელი მასთანაა. ის გრძნობს: „ის დისკომფორტი, რაც მე შევქმენი ჭიქის გატეხვით, დავაკომპენსირე იმით, რომ მშობელს დავეხმარე პრობლემის მოგვარებაში.“

მესმის, რომ მშობელს შეიძლება ეწყინოს, გაბრაზდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ემოციურად დაცული და უსაფრთხო უკუკავშირი მიიღოს. ეს არ იყოს გალანძღვა, დადანაშაულება. ბავშვს გავუზიაროთ ჩვენი ემოციები, ვუთხრათ: „მე მეწყინა, რომ ეს ჭიქა გატყდა. არაუშავს, ხდება ხოლმე, მაგრამ შემდეგისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფრო ფრთხილად იყო. მე მითხარი, რა ნივთი დაგაინტერესებს და მე შენ ამ ნივთს აუცილებლად მოგცემ!“ ბავშვი ასეთ სიტუაციებში ემოციურად დაცულად უნდა გრძნობდეს თავს და არ უნდა იყოს დასჯის, განკითხვისა და გაკიცხვის ობიექტი,“ - მოცემულ საკითხზე ცირა ბარქაიამ საქართველოს პირველ არხზე „ტელესკოლის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​„ტელესკოლა“

წაიკითხეთ სრულად