საქართველოში საგანგებო მდგომარეობა თვეზე მეტია მოქმედებს, სახელწიფო და მედპერსონალი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. ეს ის დროა, როდესაც ყველა მშობელი სახლშია და უწევს სწორად აუხსნას ბავშვს, რატომ არ შეიძლება გარეთ გასვლა და მეგობრებთან ერთად თამაში. სწორედ ამ თემაზე გთავაზობთ ინტერვიუს ფსიქოლოგ მედიკო ოქროაშვილთან.
- ქალბატონო მედიკო, როგორ მივაწოდოთ ბავშვებს ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სწორად?
- პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ პანდემიასთან ბრძოლის გამოცდილება არც ფსიქოლოგებს გაგვაჩნია და არც მოსახლეობას, სწორედ ესაა მიზეზი, რომ ყველა მოექცა სტრესულ სიტუაციაში: ბავშვები, ზრდასრულები, მოხუცები. ჩვენ არ გაგვაჩნია ინფორმაცია, რამდენ ხანს გაგრძლედება ეს ყოველივე, რაც სიტუაციას აქცევს სტრესულს, სწორედ ამიტომ დაგვეუფლა შფოთი და ეს სავსებით ნორმალურია. რაც შეეხება ბავშვებს, აუცილებელია, მათ გაუსწორონ თვალი ამ მდგომარეობას. სწორად მიწვდილი ინფორმაციის შედეგად ბავშვს არ გაუჭირდება, აღიქვას რეალობა, რადგან პატარები ყველაზე მეტად ბრძოლისუნარიანები არიან. ერთადერთი, რასაც ბავშვები უნდა მოვარიდოთ, არის გარდაცვლილებზე ინფორმაციის მიღება. მშობლებმა მინიმალურით უნდა დაიწყონ - ბავშვებს ხელების დაბანისაკენ უბიძგონ, აუხსნან, რომ ვირუსს ასე უნდა ებრძოლონ, ბრძოლის მექანიზმი ამ პატარა მომენტითაც კი ჩაერთვებათ.
- როგორ ავუხსნათ პატარებს მათ ენაზე, რომ სახლში დარჩენა აუცილებელია? ან როგორ შევუქმნათ ისეთი პირობები, რომ სახლში დარჩენა გაუმარტივდეთ?
- როგორც უკვე ვახსენე, აუცილებელია, ბავშვი ჩააყენოთ საქმის კურსში, არ მოატყუოთ და გასაგებად აუხსნათ, რა ხდება ქვეყანაში. დამერწმუნეთ, ბავშვი ბევრად მარტივად გადაიტანს ამ სიტუაციას, ვიდრე ჩვენ, ზრდასრულები. ასევე ძალიან კარგი იქნება, თუ დედა და მამა ბავშვს ცოტა ხნით მაინც გაასეირნებენ, რა თქმა უნდა, არახალხმრავალ ადგილას, სუფთა ჰაერზე. ითამაშეთ ბავშვებთან, დაიხმარეთ სამზარეულოში, ეს ყველაფერი პატარებს სტრესულ გარემოსთან გამკლავებაში დაეხმარებათ. აქვე აღვნიშნავ, რომ მშობლები განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც განცალკევდებიან და იზოლირებისკენ აქვთ მიდრეკილება, თუ მსგავს აქტივობებში ბავშვი არ ერთვება და მარტო ყოფნა ურჩევნია, ამას ყურადღება უნდა მიაქციოთ.
- არის თუ არა რაიმე საფრთხის შემცველი ბავშვის დიდი ხნით სახლში დარჩენა და რაიმე ზემოქმედებას ახდენს თუ არა ეს მის ფსიქიკაზე?
- რა თქმა უნდა, ბავშვზე მოქმედებს ეს ყოველივე. მას რომ შფოთვა აქვს და რაღაც ანერვიულებს, ეს ძალიან ნორმალურია, როგორც ბავშვთან ასევე ზრდასრულთან. წარმოიდგინეთ, ბავშვი თავს ისე გრძნობს, როგორც ციხეში. უხეში შედარებაა, მაგრამ ასეა და ჩვენ სწორად უნდა მივუდგეთ და ჩავრთოთ აქტივობებში. საბოლოო ჯამში, გირჩევთ, რომ ყველა მშობელმა მიაწოდოთ ბავშვს რეალური ინფორმაცია, გარდა ერთისა, მოერიდეთ გარდაცვლილებზე საუბარს.
- დაბოლოს, პანდემიის პირობებში ბავშვებს თავიანთ საყვარელ ადამიანებთან დროებით მოუწიათ განშორება, ბებიებთან, ბაბუებთან, დეიდებთან, როგორ უნდა ავუხსნათ, რატომ ხდება ასე?
- ბავშვისთვის ყველაზე მთავარი არის დედ-მამა. თუ ისინი აქამდე მუდმივად დაკავებულები იყვნენ, მუშაობდნენ, შესაძლოა, დღის განმავლობაში შვილს მხოლოდ 1 საათით ნახულობდნენ, ბავშვს ახლა აქვს ფუფუნება, რომ მუდმივად მშობლებთან ერთად იყოს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ბავშვი ამაზე ბედნიერი ვერასდროს იქნება.
ავტორი - სოფიო შავაძე
ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“
წაიკითხეთ სრულად