Baby Bag

,,ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ინტელექტუალური თამაშები არის სარგებლობის მომტანი, სინამდვილეში ყველაფერი სასარგებლოა, რაც კონტაქტს და ენერგიის კონსტრუქციულ ხარჯვას გულისხმობს"

,,ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ინტელექტუალური თამაშები არის სარგებლობის მომტანი, სინამდვილეში ყველაფერი სასარგებლოა, რაც კონტაქტს და ენერგიის კონსტრუქციულ ხარჯვას გულისხმობს"

უბიძგებს თუ არა აგრესიისკენ ვიდეო თამაშები, რა ზეგავლენას ახდენს გონებაზე, როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ასეთ შეთხვევაში - ​MomsEdu.ge-ს ამ და სხვა კითხვებზე NLP Coach მასტერმა, Enneagrama პრაქტიკოსმა, საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაციის PR-ისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ფსიქოლოგიური ინტერნეტჟურნალის დამფუძნებელმა ილია ნიკაჭაძემ უპასუხა. 

- პირველ რიგში, უბიძგებს თუ არა აგესიისკენ ძალადობრივი ვიდეო თამაშები ადამიანს? 

- ჩვენზე მოქმედებს ყველაფერი, რასაც გარშემო ვხედავთ. ჩვენი ტვინი აღიქვამს და ინახავს სურათებს, რომელიც ვიდეო თამაშებით ან რაიმე სხვა სახით შემოვიდა ჩვენში. როდესაც ვირტუალურად ვხედავ აგრესიას, ჩვენში შემოდის აგრესია. უფრო ზუსტად თუ ვიტყვით, ჩვენში აგრესია ისედაც არის, მაგრამ მას ინსტრუმენტული სახე აქვს, რაც ნიშნავს რომ მას კონსტრუქციულად ვიყენებთ. აგრესიული ვიდეო თამაშები კი მას არაკონსტრუქციულ მიმართულებას აძლევს, რადგან თავად ამ თამაშებში ადამიანს არაკონსტრუქციული სახე აქვს.  

- როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ გარკვეული ზომები უნდა მიიღოს? 

- როდესაც მშობელი ხედავს რომ ბავშვი დამოკიდებული გახდა ვიდეო თამაშებზე, მას არ შეუძლია ამ თამაშების გარეშე ყოფნა, საჭირო ხდება მშობლის ჩარევა. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს არ ჰქონდეს მიჯაჭვულობა ვიდეო თამაშებისადმი. 

- რა შედეგამდე შეიძლება მივიდეს ბავშვი და რა პრობლემები წარმოიშობა ასეთ დროს? 

- ვიდეო თამაშების ხშირი გამოყენების შედეგი შეიძლება იყოს აგრესიის დონის ზომაზე მეტად ზრდა. ამ დროს ბავშვი კონფლიქტური ხდება კლასელების, მეგობრების და ოჯახის წევრების მიმართ. კონფლიქტი შეიძლება სიტყვიერი სახით გამოიხატოს, ხშირია ხოლმე ფიზიკური დაპირისპირებებიც. ვიდეო თამაშების გამოყენება აქვეითებს კინესტეტიკურ შეგრძნებებს (ინფორმაცია ჩვენი სხეულისა და მისი ნაწილების მოძრაობისა და მდგომარეობის შესახებ). იკარგება საკუთარი სურვილებისა და გარემოს ადეკვატური აღქმა. ეს თავად თამაშის პროცესშიც ადვილად შესამჩნევია, ადამიანი სრულიად წყდება რეალობას. როდესაც „გარემოს მოწყვეტა“ ხშირად მეორდება, ხდება მისი ფიქსაცია და ეს ნორმად იქცევა ხოლმე. 

- როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, როცა ხვდება, რომ ცუდ ზეგავლენას ახდენს თამაში ბავშვზე? 

- მშობელმა უნდა შესთავაზოს ჯანსაღი ალტერნატივა ბავშვს, რაც გულისხმობს ისეთ თამაშებს, რომლებშიც კინესტეტიკა აქტიურად მონაწილეობს. ბავშვს იზიდავს ყველაფერი საინტერესო, როცა ის გრძნობს რომ მშობელთან ერთად დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვს, ის ამას სიამოვნებით გააკეთებს. ეს ეხება მათ შორის „აგრესიულ თამაშებსაც“, მათი რეალურად გაცოცხლება ნაკლები ზიანის მომტანია და ხშირ შემთხევაში სასარგებლოც. მაგალითად, თუ ვატყობთ, რომ ბავშვს აქვს მიდრეკილება აგრესიული თამაშებისკენ, შეგვიძლია ვეჭიდავოთ, ან ვატაროთ კრივზე, ვეთამაშოთ რაგბი. ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ მხოლოდ ინტელექტუალური თამაშები არის სარგებლობის მომტანი, სინამდვილეში ყველაფერი სასარგებლოა, რაც კონტაქტს და ენერგიის კონსტრუქციულ ხარჯვას გულისხმობს. 

- დასაშვებია თუ არა სრულიად აეკრძალოს მას თამაში ან რამდენია სათამაშოდ რეკომენდებული დრო? 

- რა დონით უნდა მოხდეს ვირტუალურიდან ბავშვის რეალობაში გადმოყვანა, ეს მშობელმა ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს. მთავარი აქ არის სისტემურობა, რაც გულისხმობს არჩეული სტრატეგიის ბოლომდე მიყოლას. მაგალითად, თუ ნელ-ნელა გადაჩვევა გადაწყვიტა მშობელმა, ამ მეთოდს უნდა მიჰყვეს ბოლომდე, რომ ბავშვში გაუგებრობის შეგრძნება არ აღძრას.

ესაუბრა მაკა ქაფიანიძე


შეიძლება დაინტერესდეთ

რამდენი ნაჭერი პურის მირთმევაა დასაშვები ბავშვისთვის სადილზე? - პედიატრი ანა მაღრაძე

პედიატრმა ანა მაღრაძემ ბავშვის ჯანსაღი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებისთვის სწორი კვების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ჯანსაღი იმუნური სისტემა ყალიბდება ჯანსაღი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, რასაც ბავშვები თავიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ამაში იგულისხმება სწორი კვებაც. ვიცით, რომ ბავშვს დაბადებისას არ აქვს გემოვნების რეცეპტორები. რაც უფრო ადრე შევაჩვევთ ბავშვს სწორი საკვების მიღებას, რეჟიმში კვებას, მისი გემოვნებაც ყალიბდება სწორად.

რა ითვლება სწორ კვებად? პირველ რიგში, ყველაზე ძლიერი იმუნომოდულატორი არის დედის რძე. უფრო დიდ ასაკში, თეფში რომ დავყოთ ოთხ ნაწილად, ეს არის: ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული, რძის ნაწარმი და ხორცის პროდუქტები. არ არის აუცილებელი ეს იყოს დიდი რაოდენობით. თუნდაც ცოტა, მაგრამ ხშირად უნდა მიიღოს ბავშვმა.

სადილზე ორი ნაჭერი პური აბსოლუტურად დასაშვებია ბავშვისთვის. რა თქმა უნდა, ცომეული უნდა ვაკონტროლოთ. როდესაც ბავშვი რაღაც პროდუქტს არ იღებს, ამ დროს მშობლებს რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ რაღაც ფორმა გამოინახოს ბავშვისთვის პროდუქტის მისაწოდებლად. თუ ხილს არ ჭამს, რაღაც საკვებში უნდა აურიოთ, თუნდაც ხაჭოში, რძის ნაწარმში. არსებობს მიდგომები, რომლითაც ვახერხებთ, რომ ბავშვებში ეს საკვები ჩავრთოთ,“- მოცემულ საკითხზე ანა მაღრაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.

წყარო: ​„დღის პოსტი“ 

წაიკითხეთ სრულად