Baby Bag

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში?

როგორ დავეხმაროთ ბავშვს ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაში?

მშობლები გადაჭარბებული მზრუნველობით შვილებს გაუცნობიერებლად უბიძგებენ მსხვერპლის როლის მორგებისკენ, რის გამოც ზრდასრულ ასაკში ბავშვები ტრაგიკულ ადამიანებად ყალიბდებიან. მათ ადამიანებთან ნორმალური ურთიერთობის დამყარება უჭირთ და გამუდმებით ტანჯვისკენ ისწრაფვიან. ძლიერი პიროვნების აღსაზრდელად მშობლებმა გარკვეული რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ.

1. ბავშვს უსიამოვნო ემოციებთან და დანაშაულის გრძნობასთან გამკლავება ასწავლეთ

ბავშვები, რომლებმაც ემოციების გაკონტროლება იციან, რთულ გამოწვევებს მარტივად უმკლავდებიან და მყარ გადაწყვეტილებებს იღებენ. არცერთი ბავშვი დაბადებისთანავე არ ფლობს ემოციებთან გამკლავების უნარს. ეს მან მშობლებისგან უნდა ისწავლოს. ბავშვს უნდა აუხსნათ, როგორ გაუმკლავდეს შიშს, ბრაზს, სევდას და სასოწარკვეთას. ამისთვის აუცილებელია ბავშვის ქცევის და არა მისი ემოციების კორექტირება. ბავშვს აუხსენით, რომ უსიამოვნო ემოციები ცუდ ქცევას არ ამართლებს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ გაბრაზების გამო დას არ უნდა დაარტყას, მას ისიც უნდა ესმოდეს, რომ მოწყენილობა სიზარმაცის გასამართლებლად საკმარისი მიზეზი არ არის. თქვენს შვილს ასწავლეთ, როგორ მართოს ემოციები და როგორ დააღწიოს თავი მათ ტყვეობას. ზოგიერთ ბავშვს ხატვა ამშვიდებს, ზოგს მეგობრებთან ურთიერთობა. ყველა ბავშვს ინდივიდუალური მიდგომა ესაჭიროება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც გრძნობთ, რომ თქვენი შვილი ცუდ განწყობაზეა, ის რამით გაართეთ, ისეთი საქმე გააკეთებინეთ, რომელიც მას უყვარს. ამგვარად ბავშვი ხუთ წუთში დაივიწყებს, რომ ცუდ ხასიათზე იყო.

2. ბავშვს პასუხისმგებლობის გრძნობა განუვითარეთ

ადამიანებს პრობლემები ყოველთვის აწუხებთ. რაც უფრო ადრე ასწავლით ბავშვს სირთულეებთან გამკლავებას, მით უფრო კარგ სამსახურს გაუწევთ მას. ბავშვი, რომელმაც არ იცის, როგორ გადაჭრას პრობლემა, მთელ ენერგიას მისგან გაქცევაზე ხარჯავს. ზოგჯერ ის მოქმედებას გაუცნობიერებლად იწყებს და არჩევანში დარწმუნებული არ არის. როდესაც ბავშვმა პრობლემებთან გამკლავება არ იცის, ის კლასს მაშინვე დატოვებს, როგორც კი კლასელები მის დაცინვას დაიწყებენ. მშობელმა ბავშვს პრობლემის გადაჭრა უნდა ასწავლოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოს ეს თავად. თქვენს შვილს პრობლემის ფორმულირებაში დაეხმარეთ და მისი გადაჭრის რამდენიმე გზა შესთავაზეთ. ბავშვმა მათ შორის საუკეთესო თავად უნდა აარჩიოს. თუ ბავშვს ვარჯიშზე წასვლისას ფორმა ყოველთვის სახლში რჩება, მას აღნიშნული პრობლემის მოგვარების რამდენიმე ალტერნატივა შესთავაზეთ, ნაცვლად იმისა, რომ ფორმა ჩანთაში თავად ჩაუდოთ.

3. ბავშვს სხვა ადამიანების დახმარება ასწავლეთ

ბავშვს სხვების თანაგრძნობა ადრეული ასაკიდანვე უნდა ასწავლოთ. იმის ნაცვლად, რომ სიკეთის მნიშვნელობა მას სიტყვიერად აუხსნათ, ყველაფერი საკუთარ მაგალითზე ასწავლეთ. თუ ბავშვი დაინახავს, რომ თქვენ დროსა და ფინანსებს დაუნანებლად ხარჯავთ გაჭირვებულთა დასახმარებლად, ის აუცილებლად მოგბაძავთ. ამგვარად თქვენი შვილი ბავშვური ეგოიზმის დამარცხებას მარტივად შეძლებს. ბავშვმა უნდა დაინახოს, რომ პრობლემები ყველა ადამიანს აქვს. ამგვარად მას სირთულეებთან გამკლავება არ გაუჭირდება.

4. ბავშვს შეცდომის დაშვების უფლება მიეცით

მშობლები ხშირად იმეორებენ, რომ ბავშვი წარმატებას ადრეული ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს, რის გამოც ისინი შვილებს მარცხისგან თავგამოდებით იცავენ. ისინი ვერ ხვდებიან, რომ ბავშვებს დათვურ სამსახურს უწევენ. თქვენს შვილს მეტი თავისუფლება უნდა მისცეთ. შეცდომების დაშვებას თავისი დადებითი მხარეები აქვს, ამას რაც უფრო მალე მიხვდებით, მით უფრო გაუხსნით თქვენს შვილს გზას წარმატებისკენ. ბავშვი, რომელიც გარკვეულ სირთულეებს პირისპირ ეჯახება, წარმატებას უფრო ადვილად აღწევს.

5. ბავშვს ნეგატიური ინფორმაციისგან ყოველთვის ნუ დაიცავთ

სამყაროში სიკეთე და ბოროტება თანაარსებობენ. რამდენიც უნდა ეცადოთ, რომ თქვენი შვილი ამ უკანასკნელისგან დაიცვათ, ის უსამართლობას ადრე თუ გვიან მაინც გამოცდის. ბავშვს ჯადოსნურ წრეში ნუ მოაქცევთ, სადაც ყველაფერი იდეალურადაა. როდესაც თქვენი შვილი გაიგებს, რომ სამყარო არც ისეთი იდეალურია, როგორც ამას ეუბნებოდით, ის თქვენდამი ნდობას დაკარგავს. ბავშვს, მისი ასაკისა და ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, გარკვეული სახის ნეგატიური ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ, რათა ის ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად მოამზადოთ.

6. არ აქციოთ ბავშვი სამყაროს ცენტრად

თქვენს ოჯახში ყველა ბავშვის გარშემო თუ იქნება შემოკრებილი და მას გამუდმებით ყურადღების ცენტრში ამყოფებთ, თქვენი შვილი ეგოისტ ადამიანად ჩამოყალიბდება. ის იფიქრებს, რომ ყოველთვის ყველა მის თაყვანისცემაში უნდა იყოს. ბავშვი იმაზე უნდა კონცენტრირდეს, თუ რას შესთავაზებს მომავალში სამყაროს და არა იმაზე, თუ რისი მიღება შეუძლია მისგან.

7. ბავშვის თვითშეფასების ამაღლებაზე იზრუნეთ

ბავშვის თვითშეფასების ჩამოყალიბებაში მშობელს უდიდესი წვლილი მიუძღვის. შვილის თვითშეფასების ამაღლებისთვის , მას ხშირად უთხარით, როგორ გიყვართ. ხშირად დაიხმარეთ ბავშვი საშინაო საქმეებში, რათა მან თავი საჭირო ადამიანად იგრძნოს. ყოველთვის შეაქეთ თქვენი შვილი დიდი და პატარა მიღწევებისთვის. როდესაც ბავშვი თქვენთვის მიუღებელ ქცევას ავლენს, ის უბრალოდ კი არ უნდა გააკრიტიკოთ, პარალელურად აუხსენით კიდეც, რა უნდა გაეკეთებინა. თუ თქვენი შვილი სკოლაში ცუდ ნიშანს იღებს, უთხარით მას, რომ უკეთესი შედეგის მისაღებად მეტი შრომა და მონდომებაა საჭირო. არასდროს უთხრათ ბავშვს (ხუმრობითაც კი), რომ მის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივი იქნებოდა. ამით მის თვითშეფასებას გაანადგურებთ. არასდროს გააკრიტიკოთ ბავშვი სხვების თანდასწრებით. ეს მის ფსიქიკაზე სამუდამო კვალს დატოვებს. ბავშვი სხვების ნეგატიურ დამოკიდებულებას ვერ გაუმკლავდება და სათანადო წინააღმდეგობას ვეღარ გაუწევს, რაც მას ყოველთვის დატანჯავს. არასდროს შეადაროთ ბავშვი სხვა ბავშვებს, განსაკუთრებით დებსა და ძმებს. ყველა ბავშვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს, რომელიმე მათგანისთვის უპირატესობის მინიჭება დაუშვებელია.


მომზადებულია​ adme.ru -ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, დედებისთვის შექმნა ახალი სივრცე. მოიწონეთ გვერდი მცოდნე დედები

შეიძლება დაინტერესდეთ

„გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს,“ - გოდერძი ჩოხელი

„გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს,“ - გოდერძი ჩოხელი

ცნობილი ქართველი მწერლის გოდერძი ჩოხელის მოთხრობა „ბებო“ მარტო დარჩენილი და ყველასგან დავიწყებული ბებოს სევდიან ისტორიას გვიყვება, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს. მწერლის მთავარი სათქმელი კი შემდეგია: „გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს.


ბებო

***

ისედაც მიტოვებულ სოფელში მიატოვეს ბებო. ზაფხულში ვერ მოიცალეს შვილებმა, ზოგი სამსახურს იმიზეზებდა, ისეთ ადგილებზე მუშაობდნენ, გაცდენა არაფრით არ შეიძლებოდა. შვებულება თითქმის ოთხივემ ერთად აიღო, ოჯახებით აიყარნენ და ზღვაზე წავიდნენ. იქიდან დაბრუნებულებს კი, ისევ უამრავი გადაუდებელი საქმე ელოდებოდათ თბილისში.

მთელი ზაფხული მოლოდინში გაატარა ბებომ. ერთთავად თვალებზე სანთელივით გაყვითლებულ ხეს იჩრდილებდა და გზას გაჰყურებდა.

გზას გასათიბი ბალახი და შამბი მოსდებოდა, აღარც კი ეტყობოდა წესიერად. დილით, ანდა ნისლიანში რომ მოგენდომებინა გავლა ამ გზით, ისე იყო ბალახი ცვარით დამძიმებული, წელს ქვემოთ უცებ დასველდებოდი.

ბებოს იმედი ჰქონდა, რომ ადრე თუ გვიან გამოჩნდებოდნენ მისი შვილები, რძლები და შვილიშვილები, ამიტომ წინასწარ თადარიგს იჭერდა ნისლიან ამინდში. რამდენიმეჯერ აივლ-ჩაივლიდა გზაზე. თან ჯოხით ცვარიან ბალახს ბერტყავდა, რომ „ქალაქელები“ არ ჩაელპო (ასე ეძახდა თავის შვილებს).

სახინკლე ხორციც რამდენჯერ გაამზადა წინასწარ. სიზმარს ნახავდა ხოლმე, რომ ყველანი სახლში იყვნენ. დილაუთენია კი, როგორც კი მამალი საგათენებლო ზარს მორთავდა, იმ წუთში ლოგინიდან წამოდგებოდა ბებო, შვილიშვილებისათვის საგულდაგულოდ ჭინჭრის ფოთლებში გახვეულ სახინკლე ხორცს კარგად გარეცხავდა, მამამთილისეული ხანჯლით წვრილად დაკეპავდა და სოფელში გავიდოდა, ერთი-ორი მასავით ბებერი კიდევ იყო ამ სოფელში. იმათთან ყვებოდა ბებო თავის წუხანდელ სიზმარს.

– დღეს აუცილებლად ვინმე მოგივა, – ეუბნებოდნენ ისინი.

ბებოც მოელოდა.

– შემოგევლოთ თქვენი ბებო, თქვე მამაძაღლებო, თქვენა, ეგრე უნდა ბებოს დავიწყება, რო ერთმა აღარ მომხედეთ.

„ქალაქელებს“ რა ყურს უგდებთ, დასხედით მანქანაზე და წამოდით. არ გიშვებენ განა? მოიცადეთ, ერთი აქ ამოვიდნენ, როგორ მივტყიპო ეგენი, რომ თქვენი თავი დამანატრეს – შვილიშვილების სურათებს ეალერსებოდა ბებო.

ამაოდ გაჰყურებდა სოფლის გზას.

ამაოდ იჩრდილავდა თვალებზე ჩამომჭკნარ ხელს.

ბინდდებოდა.

გულმოკლული ბებო ხინკალს ახვევდა. თვითონ ისე შეკვროდა მოლოდინით გული, ლუკმასაც ვერ შეჭამდა, მაგრამ ამდენ ხანს ნალოლიავებელ ხინკლის გულს ისე ხომ არ გააფუჭებდა. ზაფხულობით იმათ მთებში ცხვრის ფარები იდგა და სახინკლე ხორცს ხან რომელი მწყემსი უწყალობებდა ბებოს, ხან – რომელი.

დუღდა ხინკლიანი ქვაბი.

ნაღველი დუღდა ბებოს გულში.

მერე ხონჩაზე ამოყრილ ხინკლებს ორთქლი ასდიოდა.

მთელი სოფელი იმ ერთ პატარა ხონჩას შემოსხდომოდა და მაინც, კიდევ იყო სტუმრისთვის ადგილი დარჩენილი.

ბებოს ერთ ხელში სანთელი ეჭირა, მეორეში – წყლით სავსე ჭიქა. რომელსაც სუფრის თავზე წაღმა ატრიალებდა და ილოცებოდა:

– ღმერთმა მოიხსენოს, ვისი სულიც ამ სუფრას შემოსტრიალებდეს, ამ სახის დაკლებულებისაც და ყოველი ქრისტიანისა, ვისაც ხინკალი უყვარდა, დღეს კი ცოცხლები აღარ არიან. იმათ სულის სალხინო იყოს ეს სუფრა. იმათი სული ნათელში ამყოფოს მაღალმა ღმერთმა.

– ამინ!

– ამინ! – დასტურს იძლეოდნენ მეზობლები.

ბებო ჩქარ-ჩქარა გადიოდა გარეთ და ღამეს აყურადებდა.

მოსვლით კი მაინც არავინ მოდიოდა.

ნელ-ნელა იწურებოდა ზაფხული.

ძლივს თიბავდა ბებო ბალახს.

მხარი სტკიოდა.

მუხლებშიც ძალა აღარ ედგა.

მალ-მალე ჩაიხვეოდა ხოლმე სათიბში და ძალას იკრებდა.

შემოდგომა რომ დადგა, ტყეში გავიდა. შვილიშვილებისათვის თხილს და ძახველს კრეფდა.

იმ წელს თბილი შემოდგომა იყო.

ოქტომბრის ბოლოს აურია ცოტა.

ბებო შეაშფოთა ამინდის გაჭირვეულებამ, საზამთრო შეშაზე დაიწყო ფიქრი. ახლა უკვე შვილების მოუსვლელობაზე კი არ დარდობს იმდენად, ალბათ ვინმეს რამე უჭირსო, ის უხეთქავდა გულს.

– სად წავიდე, როგორ წავიდე, რო ესეთი საპყარი ვარ და ქალაქის გზაც არ ვიცი, – მეზობლებს შესჩიოდა ბებო.

დამოკლდა დღე და გაგრძელდა უძილო ღამეები.

ზამთრის სუნი დატრიალდა ჰაერში.

მუხლები აუკანკალდა ბებოს.

უშეშოდ დარჩენილს ზამთრის მოახლოების შეეშინდა.

ჯერ კი მაინც იმედი ჰქონდა.

გზას გაჰყურებდა.

ის დღეც მოლოდინში დაღამდა.

ღამე უსაშველოდ დიდხანს გაგრძელდა.

დილით კი …

იმ ღამით ისეთი თოვლი მოსულიყო, სოფელში მისასვლელი გზაც კი აღარ ჩანდა. წყარომდე ძლივს გარეკეს იმ დღეს საქონელი.

უშეშოდ დარჩა ბებო.

დარჩა ზეცისა და მიწის ანაბარა.

მიწაც თოვლით იყო დაფარული.

თოვდა.

გამოდარებას არ აპირებდა.

თითქმის ორ კვირამდე ითოვა ასე.

მეზობლების მიმოსვლა შეწყდა.

საქონელს თოვლს უდნობდნენ და იმას ასმევდნენ. წყაროსაკენ გზის გამკვალავი აღარავინ იყო, თანაც ზვავისა ეშინოდათ. იმხელა თოვლი იყო, კაცმა არ იცოდა, საიდან მოვიდოდა ზვავი. ბებო აქა-იქ ეძებდა შეშის ნარჩენებს და იმით ანთებდა ცეცხლს, ცეცხლს, რომ როგორმე გაედნო თოვლი.

ღამღამობით საშინელ სიზმრებს ხედავდა: გარდაცვლილი მეუღლე ეპატიჟებოდა თავისთან. ბებო უარობდა, შვილიშვილების უნახავად როგორ წამოვიდე, კაცო, რა გულმა უნდა გამიძლოს სამარეში, იმათი რომ ვერა ვიცი და ისე წამოვიდეო.

ციოდა. შიგნიდანაც შეჭირხლული იყო სახლის კედლები.

რომ გამოიდარა, მზე გამოჩნდა.

ცოტა დათბა.

აგუგუნდნენ ზვავები.

ბებო მყუდროში იჯდა და თავის დამჭკნარ ხელებს დაჰყურებდა.

ფიქრობდა.

ღმერთმა იცის, რაზე ფიქრობდა.

იქნებ შვილებზე.

იქნებ ქმარზე.

იქნებ რომელიმე დღე ახსენდებოდა თავის ბალღობიდან.

იქნება სულაც სხვა რამეზე ფიქრობდა ბებო, მაგრამ რაზეც არ უნდა ფიქრობდნენ სიბერეში ბებოები, შვილიშვილების სახე მაინც ერთთავად თვალწინ უდგათ.

ჰოდა ფიქრობდა ბებო.

დღე კი ილეოდა.

ბებომ საღამოს საქონელს თივა დაუყარა და რაკი ცეცხლი ვერაფრით დაანთო, ლოგინში ჩაწვა.

ჩაეძინა.

შუაღამისას რაღაც საშინელმა ხმაურმა გამოაღვიძა.

ტორტმანებდა მიწა და სახლის მინებს ზრიალი გაჰქონდა.

ლოგინში წამომჯდარი ბებო პირჯვარს იწერდა.

ბნელი ღამე იყო და ფანჯარაში არაფერი ჩანდა.

მიწისძვრას დააბრალა ბებომ ეს ამბავი.

ცოტა ხანში გარემო ჩაჩუმდა.

დაწყნარდა სახლი.

ისევ ჩასთვლიმა ბებოს.

დილით მამალმა გააღვიძა.

ბებომ თვალები გაახილა და ყური მიუგდო. იქვე, სახლის ეზოში ყიოდა მამალი.

– მელამა კი არ გამიწყვიტოს ქათმები – ლოგინიდან წამოდგა ბებო და გარეთ გაიხედა.

გაოცებისგან კარგა ხანს ერთ ადგილას იდგა: მის ეზოში უზარმაზარი წიფლის ხე მოეტანა ზვავს და მის კენწეროზე მამალი ყიოდა. დანარჩენი ქათმები წიფლის ტოტებზე ისხდნენ აქა-იქ. ეტყობა, ზვავის ქარს საქათმე მოეგლიჯა და უსახლკაროდ დარჩენილ მამალს ამ წიფლის ხეზე შეეხიზნა თავისი ოჯახი მელიის შიშით.

ბებო გაოცებას ვერ ფარავდა: ამდენი ხანი ამ სოფელში, ცხოვრობდა და არასოდეს ენახა აქ ზვავი.

მამალი კი ისე ხმამაღლა და ლაღად გაჰკიოდა, თითქოს თავისი დღე და მოსწრება იმ წიფლის კენწეროზე ჰქონდა გატარებული.

ბებომ საკენკი დაუყარა ქათმებს და ისინიც რიგ-რიგობით ჩამოფრინდნენ ძირს.

მარტო მამალი არ ჩამოვიდა.

მზის ამოსვლამდე იჯდა წიფლის კენწეროზე და ყიოდა.

რაღაცა უხაროდა ბებოს.

რა, თვითონაც არ იცოდა და ის-ის იყო ძროხების გამოშვება დააპირა მზეზე, რომ უცებ სახეგაბრწყინებული მიაჩერდა ეზოს კარებს.

ეზოში ხმაურით შემოვიდა მისი ოთხივე ბიჭი.

ასეთი დიდი სიხარულის განცდა ბებოს არასოდეს არ ჰქონია.

მამალი კი ხის კენწეროზე იჯდა და ისე გადმოჰყურებდა ეზო-გარემოს, როგორც ერთადერთი მბრძანებელი თავის სამეფოსი. მხოლოდ მაშინღა იკადრა ძირს ჩამოსვლა, როცა ბიჭებმა ქურქები გაიხადეს და მოსაჭრელად მიადგნენ წიფელს.

რაღაცით სჯობდა ის დღე მოლოდინით ფერმკრთალ დღეებს.

***

– მე რა მინდოდა?

– გეხვეწებით, გაუფრთხილდით სიმარტოვეში ეულად დარჩენილ ბებოებს.

წაიკითხეთ სრულად