დღეს ხუთშაბათია და მედიაპორტალი MomsEdu.ge ტრადიციულ რუბრიკას - ფსიქოლოგის რეკომენდაციებს წარმოგიდგენთ. ამჯერად ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, მარი ჯოხარიძე საუბრობს მშობლისთვის თავისუფალი დროის მნიშვნელობაზე.
ძალიან ბევრი მშობელი, განსაკუთრებით კი დედები, მთელს თქვენს დროს უთმობთ ბავშვს და არ გრჩებათ დღის განმავლობაში თუნდაც ნახევარი საათი იმისთვის, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ, დაკავდეთ საყვარელი და სასურველი აქტივობის კეთებით. ხშირად ისეც ხდება, რომ თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ სანდო პირისთვის ბავშვის დატოვებას და მეგობრებთან ერთად ერთი საათით სადმე წასვლას, მოსდევს ხოლმე დანაშაულის განცდა, რომ ეს ძვირფასი დრო საკუთარ შვილს მოაკელით. შედეგი კი არის ის, რომ ძალიან ხშირად ხართ ემოციურად დაღლილი, დაძაბული და გაღიზიანებული.
მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ მაგალითი თქვენი შვილისთვის. ამიტომ ბავშვმა უნდა ნახოს, რომ თქვენ არ გაქვთ მხოლოდ მშობლის როლი, თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი როლი ცხოვრებაში, გაქვთ თავისუფალი, აქტიური, საინტერესო, მრავალფეროვანი ცხოვრების უფლება და სურვილი.
დაიწყეთ იმით, რომ, როდესაც ბავშვს სძინავს, ეს დრო მაინც არ გამოიყენოთ ხოლმე საოჯახო საქმეები კეთებისთვის (როგორც ხშირად ხდება ხოლმე). დაუთმეთ ეს დრო საკუთარ თავს, გააკეთეთ ის, რისი კეთებაც გსიამოვნებთ, რა თქმა უნდა, რის შესაძლებლობასაც გარემოება მოგცემთ. ასევე, კვირის განმავლობაში ერთხელ ან ორჯერ ეცადეთ, რომ ნახოთ მეგობრები. დაუტოვეთ ბავშვი თქვენთვის სანდო პირს და წადით მეგობრებთან ერთად რამდენიმე საათით გასართობად, განსატვირთად.
როგორც კი გაიხსენებთ, რომ თქვენ არ ხართ მხოლოდ მშობელი, ნახავთ, რომ თქვენს შვილს ბევრად უფრო ხალისიანი, პოზიტიური და ენერგიული მშობელი ეყოლება. ის დრო, რომელსაც ბავშვს დაუთობთ და ბავშვთან ერთად გაატარებთ, ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება.