Baby Bag

„ბავშვისთვის კითხვის სწავლება არის სკოლის საქმე, მშობლებმა ბავშვს ინფორმაცია და უნარები ძალით არ უნდა ჩატენონ,“ - ფსიქოლოგი ცირა ბარქაია

ფსიქოლოგი ცირა ბარქაია გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვის სასკოლო მზაობის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ყველაზე მთავარი მოსწავლის ინფორმირებულობის ხარისხია:

„რას ვეძახით ზოგადად მზაობას? პირველ რიგში, იმას, რომ ბავშვი თავს კარგად გრძნობს სკოლაში, მას აქვს გარკვეული ინფორმაცია ამ დაწესებულების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ თავის დროზე მას მშობლებმა ინფორმაციით შეუწყვეს ხელი, გააგებინეს, რა დახვდება სკოლაში.“

ცირა ბარქაიას თქმით, სასწავლო მზაობა წერა-კითხვის ცოდნას არ გულისხმობს:

„ხშირად, როდესაც სასკოლო უნარებზეა საუბარი, აღვიქვამთ, რომ კითხვა უნდა იცოდეს ბავშვმა, წერა უნდა იცოდეს, ასოების ცნობა უნდა შეეძლოს. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ბავშვისთვის კითხვის სწავლება არის სკოლის საქმე. როდესაც ასაკის შესაბამის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ, რომ ბავშვი როდესაც სკოლაში შევა, მაშინ უნდა ისწავლოს კითხვა. მაშინ არის ის მზად, რომ დაეუფლოს წერა-კითხვას.“

ცირა ბარქაია აღნიშნავს, რომ მშობელმა ბავშვს კითხვა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ასწავლოს, თუ ამას ბავშვი თავად ითხოვს:

„თუ ბავშვი გამოხატავს მზაობას და ინტერესს სწავლის მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მზად არის კონკრეტული ინფორმაციის ასათვისებლად. თუ ბავშვი ამბობს, რომ კითხვა, ხატვა ან ხაზვა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებმა ბავშვს ძალით ჩატენონ ინფორმაცია და უნარები. „უნდა ისწავლო კითხვა, უნდა ისწავლო წერა,“ მსგავსი ფრაზები საჭირო არ არის.“

ცირა ბარქაია აღნიშნავს, რომ მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე მასწავლებელმა უნდა იზრუნოს:

„სკოლაში მოსწავლეები ბევრი რამით განსხვავდებიან, მაგ. ვის როგორი მობილური უჭირავს, ვის რა რესურსები აქვს, ვის წიგნი აქვს, ვის რვეული. ბავშვებს კომპლექსები რომ არ გაუჩნდეთ, ეს პროცესი აუცილებლად მასწავლებელმა უნდა დაარეგულიროს. ინკლუზიურობა მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ჩართულობას ხომ არ გულისხმობს, ინკლუზიურობა ნიშნავს, რომ ყველა ბავშვს ინდივიდუალური შესაძლებლობები აქვს და მასწავლებელმა ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს. როდესაც ვიღაცამ იცის კითხვა, ვიღაცამ არ იცის, თანატოლებმა ერთმანეთს არ უნდა დასცინონ. რა თქმა უნდა, პროცესში მშობლის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვს სჭირდება მშობლის დახმარება რუტინის აწყობაში, როგორ იმეცადინოს, როგორი რუტინა უნდა ჰქონდეს, როგორ განეწყოს სამეცადინოდ. თავიდან, ცხადია, მას მშობელი უნდა დაეხმაროს. ეს არ უნდა მოხდეს იმის მერე, რაც ბავშვი სკოლაში სიარულს დაიწყებს. რუტინის აწყობა იწყება მანამდე. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაც ამ მხრივ ძალიან დიდ როლს ასრულებს. საჭიროა, რომ ბავშვი გარკვეულ დღის წესრიგს გადიოდეს.“

„პანდემიის მოცემულობაში ვითარება სწრაფად იცვლება. ამ სპონტანურ გარემოს ზრდასრულები ვერ ვეწევით. ძალიან რთულია, რომ ბავშვი გამოყვეს ჩვენს დაბნეულობას. ამ ეტაპზე სიტუაციურად მშობელი უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული ბავშვთან მუშაობაში. მნიშვნელოვანია, რა მხარდაჭერას სთავაზობს სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებს და შემდგომ დაწესებულებები რა მხარდაჭერას სთავაზობენ მშობლებს. დამატებითი მხარდაჭერის სერვისები, ცხადია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია,“ - აცხადებს ცირა ბარქაია.

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეცეპტები

შეიძლება დაინტერესდეთ

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო მორიელი და კირჩხიბი, რაც უნდა ხდებოდეს, ერთმანეთისგან შორს ვერ მიდიან,“ - სოფია ბზეკელავა ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეთავსებაზე

„განსაკუთრებით მინდა გამოვყო მორიელი და კირჩხიბი, რაც უნდა ხდებოდეს, ერთმანეთისგან შორს ვერ მიდიან,“ - სოფია ბზეკელავა ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეთავსებაზე

ასტროლოგმა სოფია ბზეკელავამ ზოდიაქოს ნიშნებს შორის შეთავსების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ერთი სტიქიის ქვეშ გაერთიანებული ადამიანები ერთმანეთს უკეთ ეწყობიან:

„პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სტიქია. ასტროლოგიაში არის მიწის, წყლის, ცეცხლისა და ჰაერის სტიქიები. ადამიანები, რომლებიც ერთი სტიქიის წარმომადგენლები არიან, ერთ ტალღაზე არიან. მაგ. თხის რქა, კურო და ქალწული არიან მიწის სტიქიის წარმომადგენლები. მათ ბევრი ისეთი შეხედულება აქვთ, რის გამოც ადვილად თავსდებიან ერთად. ​მიწის ნიშნები უფრო ოჯახის ადამიანები არიან. ცეცხლის სტიქიის ადამიანებს პირიქით, უყვართ მოძრაობა, საზოგადოებაში ყოფნა. ცეცხლის ნიშნები კარგად უგებენ ერმანეთს, მაგრამ მათი ოჯახი ხმაურიანი იქნება და შეიძლება თეფშები დაფრინავდეს. ეს არის ხალხი, რომელიც აალდება, იჩხუბებს, აფეთქდება და მერე ისევ შერიგდება. მათი რომანები ფეიერვერკულია.“

სოფია ბზეკელავას თქმით, მიწის ნიშნები მშვიდად თანაცხოვრობენ და ხმაურიანი ცხოვრება არ იზიდავთ:

„თხის რქა და კურო შეიძლება წყნარად ცხოვრობდნენ თავისთვის და არავის შეაწუხებენ თავიანთი ურთიერთობით. ვერძი და ლომი აუცილებლად მოახერხებენ, რომ მეზობლებს გააგებინონ, როგორ უყვართ ერთმანეთი. წყლის ნიშნები ღრმა ადამიანები არიან და მათთვის მნიშვნელოვანია ემოციური ბმა პარტნიორთან. შესაძლოა, მთელი დღის მანძილზე ისინი ერთმანეთთან არც ლაპარაკობდნენ, მაგრამ ძალიან კარგად ესმით ერთმანეთის. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მორიელი და კირჩხიბი. ერთი არის მაზოხისტი, მეორე კი სადისტი. ეს არის პრინციპი მელას უყვარს თავისი მახრჩობელა. რაც უნდა ხდებოდეს მათ ურთიერთობაში და რაც უნდა აწყენინონ ერთმანეთს, ერთმანეთისგან შორს მაინც ვერ მიდიან. ​ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა არის ძალიან მსუბუქი. ეს ნიშნები არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ეჭვიანობით. მათთვის მნიშვნელოვანია სოციალური იმიჯი. ისინი ლოიალურები არიან პარტნიორების მიმართ. ისინი კარგად ახერხებენ, რომ პარტნიორს სივრცე დაუტოვონ განვითარებისთვის და თავადაც განვითარდნენ. მათთვის ურთიერთობაში ყველაზე მთავარია ინტელექტუალური კავშირი.“

„მიწის სტიქია კარგად უგებს წყლის სტიქიას. მათი ხასიათის თვისებები რაღაცით მსგავსია. ისინი უფრო პრივატულები, ოჯახზე, სიმშვიდეზე ორიენტირებულები არიან. ცეცხლი და ჰაერი კაგრად ეწყობა ერთმანეთს. ​ვერძი და ტყუპები იდეალურად შეიძლება შეეწყონ ერთმანეთს, მერწყული და მშვილდოსანი ძალიან კარგი წყვილია. არ არსებობს ნიშანი, რომელზეც შეგიძლიათ თქვათ, რომ მე ამ ნიშნით ვარ დაბადებული, შენ ვერ გეწყობი და კარგად იყავი,” - აღნიშნულ საკითხებზე სოფიო ბზეკელავამ ტელეკომპანია „მთავარის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად