Baby Bag

რა როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში მშობელთან მიჯაჭვულობა?

რა როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში მშობელთან მიჯაჭვულობა?

რა როლს თამაშობს ბავშვის განვითარებაში მშობელთან მიჯაჭვულობა? - ამ თემაზე ​MomsEdu.ge-ის ფსიქოლოგი ნინო ბუაძე ესაუბრა.
- ქალბატონო ნინო, როგორც ვიცით, მნიშვნელოვანია ბავშვს მცირე ასაკიდან ჩამოუყალიბდეს უსაფრთხო მიჯაჭვულობის შეგრძნება აღმზრდელთან. რა როლს თამაშობს ის ბავშვის განვითარებაში?
- პირველად ეს სიტყვა - „მიჯაჭვულობა“ ძლიერი ემოციური კავშირის აღსანიშნავად გამოიყენა ბრიტანელმა ფსიქიატრმა და ფსიქოანალიტიკოსმა ჯონ ბოულბიმ. ეს არის ყველაზე მჭიდრო ემოციური კავშირი, რომელიც ხანგრძლივი დროით ნარჩუნდება. მიჯაჭვულობას გააჩნია თავისი ფაზები და სხვადასხვა ტიპის გვხვდება, მათ შორის არის უსაფრთხო მიჯაჭვულობა, რომელიც აღმზრდელთან, მშობელთან კონტაქტის, ბავშვის მოთხოვნილებების დროული დაკმაყოფილების შედეგად ყალიბდება და მის უსაფრთხო ბაზისს წარმოადგენს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ უსაფრთხო მიჯაჭვულობა არის ფუნდამენტი ბავშვის სიმშვიდის, თავდაჯერებულობის, ინიციატივის, პოზიტიურობის, კომუნიკაბელურობის, რთული სიტუაციების მართვის, გარემოს მიმართ დაინტერესებისა და ნდობის.
მიჯაჭვულობა - ეს არის ძლიერი ემოციური კავშირი, რომელიც ჩნდება ბავშის ცხოვრების პირველ წლებში, იგი ფიზიკური და ემოციური სიახლოვის სურვილს აჩენს და ბავშვის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

​- რას იწვევს მიჯაჭვულობის დარღვევა?
- მიჯაჭვულობის დარღვევის მიზეზი და ფორმა მრავალია, მაგრამ მოდი, დავყოთ სანდო და არასანდო მიჯაჭვულობად. არასანდო მიჯაჭვულობა წარმოადგენს საფრთხეს მომავალში, რადგან პიროვნებასთან იკვეთება სტრესის და სიძნელეების მართვის სირთულე, გაუცხოვება, იზოლაცია და განრიდება სოციუმისგან, უჭირს ხანგრძლივი ურთიერთბები, ეჭვით უყურებს საკუთარ შესაძლებლობებს, დაბალი თვითშეფასება, ინტელექტის და დასწავლის უნარის სირთულეები და ა.შ. ზემო აღნიშნული წარმოადგენს იმ რისკ-ფაქტორს, რაღა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად.
- ბავშვებს 6-7 წლამდე ახასიათებთ განშორების შიში, თუ ეს შფოთვები დიდხანს და მძაფრად ვლინდება, როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?
- გეთანხმებით, მაგრამ შესაძლოა, ყველა შემთხვევა არ მივაწეროთ მიჯაჭვულობის დარღვევას, აქ გასათვალისწინებელია ინდივიდუალური გამოცდილება, ინფორმაცია, ცოდნა და დამოკიდებულება იმ გარემოს მიმართ, სადაც მიდის ბავშვი. 6-7 წელი სასკოლო ცხოვრება ახალი ეტაპია, სადაც ბევრი გამოწვევის წინაშე დგას ბავშვი. იცვლება რიტმი, ახალი მოთხოვნების და ვალდებულებების წინაშეა მოსწავლე. მნიშვნელოვანია წინასასკოლო მზაობა, საუბარია, არა მხოლოდ სწავლებისათვის აუცილებელი უნარების ჩამოყალიბებაზე, არამედ ფსიქო-ემოციურ მზაობასა და განწყობაზე.
- როგორ უნდა დავამყაროთ ბავშვთან ისეთი ურთიერთობა, რომ მას მომავალში დამოუკიდებლობის შეგრძნება ჩამოუყალიბდეს?

​​- დამოუკიდებლობისა და თავდაჯერებულობისათვის აუცილებელია ვაღიაროთ, მივიღოთ მისი უნიკალურობით, არ შევადაროთ და მხოლოდ მის ნეგატიურ გამოცდილებებზე არ ვიყოთ კონცენტირებულნი, ხშირად წავახალისოთ, გამოვყოთ მისი დადებითი ქცევა და მცდელობა. მივცეთ არჩევანის ნება, მისი ასაკის შესაბამისად დავუსვათ კითხვები, მოვერიდოთ მზა პასუხებს და ხშირად ვაფიქროთ.
ესაუბრა მარიამ ჩოქური

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ბაბუა ამას მეუბნება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

„შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ბაბუა ამას მეუბნება,“ - ფსიქოლოგი ზურა მხეიძე

ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ხანდაზმულობასთან და საპენსიო ასაკთან შეგუების უნარების მიხედვით ქალებსა და მამაკაცებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ ისაუბრა:

„ქალები უფრო ადაპტირებულები არიან ამასთან. საპენსიო ასაკში, სამსახურიდან თუ გამოუშვეს ქალი, მას შეუძლია დატვირთვა უფრო სწრაფად აკრიფოს, ბავშვს მოუაროს, სახლი დაალაგოს. მას ფუნქცია აქვს. კაცმა არ იცის რა გააკეთოს. სამსახური არ აქვს და ბოდიალს იწყებს სახლში, ფეხებში გედება.“

ზურა მხეიძის თქმით, ბაბუებს შვილიშვილები ფუნქციას სძენენ, რის გამოც მათ ისინი განსაკუთრებუთ უყვართ:

„ამიტომ უხარიათ ბაბუებს შვილიშვილები. შვილები დიდი ჰყავს, არავინ ეფერება. ერთი სული აქვს შვილიშვილი ჰყავდეს, იმიტომ, რომ შვილიშვილს უყვარს ბაბუ. მე ბაბუა ჯერ არ ვარ, მაგრამ ბაბუებს რომ ვეკითხები, შვილიშვილი შვილზე ტკბილიაო, ყველა ამას მეუბნება. სულ სხვა განცდააო, ამბობენ. ფუნქციას ნახულობს ადამიანი.“

„კაცისთვის სამსახურიდან გათავისუფლება უფრო რთულად ასატანია. სამსახური რომ არ აქვს კაცს, იმის გამო, რომ „ამტკიცოს, რომ კაცია,“ სახლში ყვირის, სვამს. სხვანაირად ვერაფერს ვერ ამტკიცებს,“- აღნიშნა ზურა მხეიძემ.

წყარო: ​„აზროვნების აკადემია“

წაიკითხეთ სრულად