Baby Bag

რა საფრთხეს შეიცავს ანიმე მოზარდებისთვის? - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

რა საფრთხეს შეიცავს ანიმე მოზარდებისთვის? - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა

​ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ბავშვის ფსიქიკაზე ანიმეს მავნე ზეგავლენის შესახებ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ანიმე მოზარდებში პოპულარობით სარგებლობს, მარინა კაჭარავას თქმით, შესაძლებელია, რომ ანიმეზე დამოკიდებულებამ ადამიანს ემოციური პრობლემები შეუქმნას:

„აქ ძალიან დიდია, როგორც სექსუალური თემები, ასევე მკვლელობა. რადგანაც არის სერიალი და ეს არასდროს არ მთავრდება, დამოკიდებულებას იწვევს. ყველაზე დიდ დამოკიდებულებას იწვევს ის, რაც არასდროს არ მთავრდება. შემდგომ ემოციური პრობლემები ექმნებათ ასეთ ადამიანებს.“

მარინა კაჭარავას თქმით, ანიმეების აქტიური ყურება ბავშვებში ადაპტაციის პრობლემებსა და ჰალუცინაციურ მდგომარეობებს იწვევს:

„ერთ-ერთმა მოზარდმა გოგონამ მითხრა, არ აქვს მნიშვნელობა, ბიჭს მოვეწონები თუ არაო, ოღონდ ანიმეს ერთ-ერთ გმირს მოვეწონოო. ერთ-ერთი გმირის სახელი თქვა. ​ეს ბავშვებში იწვევს იმას, რომ ისინი, შესაძლოა, გავიდნენ რეალობიდან, მათი ქცევა გახდეს აუტისტური სპექტრის, მათ ვეღარ შეძლონ რეალობაში ადაპტაცია. ძალიან ბევრი ბავშვი ლაპარაკობს ჰალუცინაციებისმაგვარ მდგომარეობაზე. ამბობენ, რომ კუთხეში ვიღაც უყურებს, კარადაში ვიღაც არის. შესაძლებელია ეს არ იყოს ერთი რომელიმე მულტფილმის ბრალი და იყოს იმ ზღვა ინფორმაციის ბრალი, რომელსაც იღებს ბავშვი.“

ანიმეს ქართველი მაყურებელი ნიკა შევარდნაძე აღნიშნავს, რომ ქათველ ბავშვებში პოპულარული ანიმე „ნარუტო" 15 წლამდე მოზარდებისთვის რეკომენდებული არ არის:

„მეორე ნაწილის „ნარუტოში“ არის ეროტიკული სცენები, შიშველი გოგონები, სიკვდილის სცენები, ძალადობის სცენები. „ნარუტოს“ ყურებაც არ არის რეკომენდებული 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ​ბევრი ანიმეა, სადაც დედა შვილს ჰკლავს, შვილი დედას. ისეთი სისხლიანი კადრებია, რომელიც ბევრ ფილმს შეშურდება. რატომ ვუყურებ მე თვითონ ანიმეს? იმიტომ, რომ ბევრად უფრო სრულყოფილია, ვიდრე ფილმი. ბევრს ჰგონია, რომ რადგან ანიმაციურია, აღიქვამენ, რომ ეს არის ბავშვებისთვის. რეალურად ასე არ არის.“

წყარო: ​„იმედის დღე“

შეიძლება დაინტერესდეთ

რომელი პროდუქტები უნდა მივიღოთ საუზმეზე? - ლევან რატიანის რჩევები

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა საუზმის დროს მისაღები ორი საუკეთესო პროდუქტი დაასახელა:

„შესაძლოა, უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ რძის პროდუქტები, როგორებიცაა: იოგურტი, ფერმენტირებული მაწონი, არაჟანი, შეიძლება მშიერ კუჭზე საზიანოც აღმოჩნდეს, რადგან იწვევენ მჟავიანობის მომატებას. კარგია, რომ საუზმეზე მივიღოთ კვერცხი. რატომ არის მოხარშული კვერცხი უნიკალური? ის შეიცავს ცილოვან სტრუქტურებს, პროტეინებს. ეს კარგად გვანაყრებს. მცირე ულუფა შეიცავს უფრო მეტ კალორიას და უფრო მეტი ენერგეტიკული მახასიათებლები აქვს კვერცხს.“

„რაც შეეხება შვრიის ფაფას, ეს არის უნიკალური საკვები. შვრიის ფაფაში ჭარბი რაოდენობით შედის უჯრედშორისი ნივთიერებები, რომლებიც ხელს უწყობენ ნაწლავის პერისტალტიკას, ჩვენი ორგანიზმის გაღვიძებას. ეს არის ისეთი საკვები პროდუქტი, რომელსაც წუნს ვერ მოუნახავთ,“- აღნიშნულ საკითხზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.

წყარო: ​„ექიმები“

წაიკითხეთ სრულად