Baby Bag

„ასოციალური ქცევა, ცუდი მოქცევა, ჩხუბი, კონფლიქტები, დაზიანება - ამით მოზარდი გვთხოვს: მომაქციეთ ყურადღება!“

„ასოციალური ქცევა, ცუდი მოქცევა, ჩხუბი, კონფლიქტები, დაზიანება - ამით მოზარდი გვთხოვს: მომაქციეთ ყურადღება!“

ექიმმა, ფსიქიატრმა ნატალია ნანეიშვილმა ბავშვთა და მოზარდთა ასაკში დემონსტრაციულ ქცევაზე ისაუბრა. მისი თქმით, ასოციალური ქცევით, ცუდი მოქცევით, ჩხუბით, კონფლიქტებით მოზარდი ითხოვს: მომაქციეთ ყურადღება!

„სამედიცინო თვალსაზრისით, დესტრუქციული ქცევაც და აგრესიაც არის დემონსტრაციული ქცევის ​ერთ-ერთი გამოვლინება. დემონსტრაციული ქცევა ყალიბდება ბავშვთა ასაკიდან. დემონსტრაციული ქცევით ბავშვი ცდილობს, ყურადღება მიიპყროს ყველანაირი გზით. თუ მისი დემონსტრაცია და სურვილი, იყოს მუდმივად ყურადღების ცენტრში, არის ნოყიერ ნიადაგზე, მაშინ შეიძლება ბავშვმა თავისი სწრაფვები გადაიტანოს სწავლაზე, სპორტზე და იყოს წარმატებული. თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ ის სწავლობს უკეთესად იქ, სადაც აქებენ, რადგან სულ უნდა შექება. თუ რაღაცაში წაიბორძიკა და ვერ ისწავლა, ადანაშაულებს მასწავლებელს... გარემო ფაქტორია მისთვის ყოველთვის დამნაშავე. დემონსტრაციული ქცევის მეორე სახე უფრო პასიურია. დემონსტრაცია ვლინდება იმაში, რომ ვიღაცას თავი შეაცოდოს. იქ, ერთ ადგილას საშინებელებს ჰყვება ოჯახზე, სკოლაზე, ანუ ყურადღების ცენტრში უნდა იყოს იმით, რომ სხვას შეაცოდოს და შეაყვაროს თავი. მესამე დესტრუქციული ქცევა ეს არის აგრესიული, დეზორგანიზაციული ქცევა, რომელიც მოზარდებში ასევე ყურადღების მიპყრობის საშუალებაა. ასოციალური ქცევა, ცუდი მოქცევა, ადიქტური ქცევა ან დამოკიდებულება, ჩხუბი, კონფლიქტები, დაზიანება... ამით რას გვთხოვს მოზარდი? - მომაქციეთ ყურადღება! დეფიციტია ყურადღების,“ - აღნიშნა ნატალია ნანეიშვილმა.

ფსიქიატრის თქმით, ბავშვთა და მოზარდთა ასაკში ჩამოყალიბებული ქცევის პატერნი პიროვნებას მთელი სიცოცხლის მანძილზე გასდევს:

„მოზარდის ქცევა მრავალფაქტორიანია. ყველა უნდა იყოს ჩართული მის გარშემო ქცევაში. რა არის პერსონოლოგიური აშლილობა, ადრე რომ ფსიქოპატია ერქვა? - ეს არის ბავშვთა და მოზარდთა ასაკში ჩამოყალიბებული ქცევის პატერნი, რომელიც მას გასდევს მთელი სიცოცხლის მანძილზე და ხელს უშლის ნორმალურ სოციალურ ურთიერთობებში. ანუ როგორც გაიზარდა, მისი ჩამოყალიბების გარკვეულ ეტაპზე ან მისი სოციალური სფერო იყო აგრესიული, ანუ მისთვის ნორმაა ასეთი ქცევა, თუ იჩხუბებ, ვიღაცას სცემ, წაართმევ, წაგახალისებს, ამით ყურადღება მიიპყრო და წაგახალისა, ან პირიქით, ისე გჩაგრავდნენ და არაფრის უფლებას არ გაძლევდნენ, რომ გინდა გამოავლინო. და უკვე მოზარდ ასაკში ეს დესტრუქციული ქცევა არის ქცევის მოდელი, რომელიც სტრესულ სიტუაციაში, ყველგან არის თავის გამოჩენის საშუალება. დესტრუქციული ქცევა და აგრესია არ არის მხოლოდ ფიზიკური აგრესია, მათ შორის არის, ვერბალური აგრესია - გინება, შეურაცხყოფა, უხეში მიმართვა, სხვების აზრის დემონსტრაციული უგულვებელყოფა. ამის უკან დგას ადამიანის სურვილი, თავი გამოიჩინოს, როგორც ბავშვმა. ასეთ ადამიანებს ძალიან დაბალი თვითშეფასება აქვთ შინაგანად, გარეგნულად არა. ეს არის იარლიკებდაკერებული, მიწებებული ფასადი. სინამდვილეში მხოლოდ ეს აგრესია აძლევს საშუალებას, თავი აიმაღლოს სხვაზე, მაგრამ ამავე დროს, წახალისებულია მისი გარემოს მიმართ და ამით ის იმ გარემოში თავს იმკვიდრებს,“ - აღნიშნა ექიმმა, ფსიქიატრმა ნატალია ნანეიშვილმა.

წყარო: გადაცემა ​„შემდეგი გაჩერება“

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედე​ბის ჯგუფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს,“ - ნანა ჩაჩუას რეკომენდაცია მშობლებს

ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დედებს ურჩია, შვილებს განსაკუთრებული სიტყვებით მოეფერონ და მოესიყვარულონ, რათა ბავშვებს სილამაზის, მშვენიერების, სისავსის განცდა ჩაუნერგონ და სიტყვების მარაგიც შეუვსონ:

„ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ველაპარაკებით ბავშვებს ოჯახურ გარემოში, განსაკუთრებით ჩვილობის ასაკში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ არ ესმით, არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ჩემს შვილიშვილებს და შვილთაშვილსაც, როდესაც მე ვეფერებოდი, მივმართავდი, საალერსო სიტყვებს ვეუბნებოდი, სულ მაგონდებოდა გიორგი ლეონიძის მოგონებები, თუ როგორ ელაპარაკებოდა მას დედა.

დედებს მინდა ვუთხრა, როგორ უნდა მოეფერონ, როგორ მოესიყვარულონ ბავშვებს. ჩემი სიტყვები ასეთია, ჩემს შვილთაშვილს და შვილიშვილებს ასე ვეფერებოდი: „შენ ხარ ჩემი გაზაფხულის მახარობელი ია და ენძელა, დილის ცვარ-ნამით დანამული ვარდის კოკორი...“ რომ დავიწყებდი ამას: „დილის ცვარ-ნამით დანამული...“ თვითონ დაასრულებდა: „ვარდის კოკორი.“ „მორაკრაკე ნაკადული, თურაშაულის ვაშლი...“ ეს ყველაფერი მასში ილექება. მასში შედის ეს ყველაფერი: სიტყვების მარაგი, სილამაზე, მშვენიერება, სისავსე. ყველას მინდა ვურჩიო წაიკითხონ გიორგი ლეონიძის წიგნი, სადაც მას აქვს ჩამოწერილი, რა სიტყვებით მიმართავდა დედებს,“- მოცემულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​რადიო „იმედი“

წაიკითხეთ სრულად