Baby Bag

,,როცა ბავშვმა იცის, რას რის მერე გააკეთებს და მას უკვე აქვს მოლოდინი, წინასწარგანწყობა, უფრო მეტად განახორციელებს რუტინის აქტივობებს და ჩაერთვება''

,,როცა ბავშვმა იცის, რას რის მერე გააკეთებს და მას უკვე აქვს მოლოდინი, წინასწარგანწყობა, უფრო მეტად განახორციელებს რუტინის აქტივობებს და ჩაერთვება''
ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღის რუტინის ჩამოყალიბება ყოველდღიური უნარების განმტკიცებისთვის. რა სარგებელი მოაქვს ამას პატარებისთვის, როგორ მივაჩვიოთ და რა ხდება მათ ფსიქიკაში, თუ უკვე ჩამოყალიბებული დღის რუტინა დაირღვა? - ამ საკითხებზე ​MomsEdu.ge-ს ესაუბრა ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, სოფო მელაძე.

- სოფო, რომ განვმარტოთ, რა მნიშვნელობა აქვს დღის რუტინას ბავშვისთვის?

- დღის რუტინა ბავშვებს აძლევს უსაფრთხოების განცდას. როცა ბავშვმა იცის, რას რის მერე გააკეთებს და მას უკვე აქვს მოლოდინი, წინასწარგანწყობა, უფრო მეტად განახორციელებს რუტინის აქტივობებს და ჩაერთვება. რუტინა გულისხმობს გარკვეული პროცედურების თუ აქტივობების ყოველდღიურ განმეორებას, შესაბამისად, მისთვის უკვე უცხო და „საშიში“ აღარ არის შეთავაზებული საქმიანობა და მეტად ჩართულია.

გარდა ამისა, დღის რუტინაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ყოველდღიური უნარები, როგორებიცაა: კვება, თავის მოვლა, ჰიგიენა, გახდა, ჩაცმა, თამაშის, მეცადინეობის დრო და ა.შ. რუტინა გვაძლევს საშუალებას, ეს უნარები განვუმტკიცოთ ბავშვს და მივცეთ ყოველდღიური სახე, ამიტომ მნიშვნელოვანია რუტინად ვაქციოთ ის აქტივობები თუ საქმიანობა, რაც ამ ეტაპზე ბავშვისთვის მნიშვნელოვანია.

რუტინა ასევე ბავშვს აძლევს საშუალებას, გახდეს მეტად დამოუკიდებელი. როცა რაიმე რუტინულ საქმიანობას ის დამოუკიდებლად, უკვე სხვისი დახმარების ან თუნდაც შეხსენების გარეშე აკეთებს, ეს ზრდის მისი კომპეტენციის შეგრძნებას. ბავშვი მეტად აქტიური, დამოუკიდებელი და თავდაჯერებულია.

რუტინა გვეხმარება ემოციურ თვითრეგულაციაში, თვითორგანიზებულობის განვითარებაშიც. როცა ბავშვი ცდილობს რუტინის შეცვლას, მაგრამ ჩვენ ვეუბნებით ჯერ ეს უნდა გავაკეთოთ, რაც რუტინულად არის გათვალისწინებული და შემდგომ დაუკმაყოფილებ მის თხოვნას, ის ახდენს იმპულსების შეკავებას და მის კონტროლს ეუფლება.

- ხშირად პატარებს უჭირთ მიჩვევა, ამა თუ იმ რუტინის, რას ურჩევდით მშობლებს, როგორ მიაჩვიონ?

- რუტინა იწყება ჩვილობის ასაკიდან, რაც გამოიხატება ჩვილის ძილის და კვების რეჟიმში, მაგრამ აქ მშობელს წინააღმდეგობა არ ხვდება. აი, როცა უკვე ბავშვი იწყებს სიარულს და ხდება მეტად აქტიური, საჭიროა გარკვეული რუტინა. სანამ ბავშვს განუვითარდება მეტყველება და მოლაპარაკებების უნარი, ჩვენ ვიყენებთ ვიზუალურ რუტინას, ანუ ბარათებით და ნახატებით კომუნიკაციას. მშობელს ბავშვთან ერთად შეუძლია დახატოს ბავშვის რუტინა. 

მაგალითად, ფურცელი გაყოს რამდენიმე ნაწილად, სადაც იქნება - დილა, შუადღე, საღამო და ღამე. თითოეულ სურათს დაახატოს საქმიანობები რუტინიდან, მარტივად და ბავშვისთვის გასაგები ფორმით. შემდგომ ნახატი გამოვაკრათ ბავშვისთვის თვალსაჩინო ადგილას. დაგვჭირდება ხშირი ინსტრუქცია, ნახატებზე თითის დადება და ვერბალური კომუნიკაციაც. მიუხედავად იმისა, რომ მათ ამ ეტაპზე რთული მოლაპარაკებები არ ესმით, ჩვენ შეგვიძლია ვუთხრათ, რომ ჯერ ბაღში წასვლის დროა და თითი დავადოთ ბაღის შენობას ნახატზე, რომ მოხვალ შემდეგ წავიდეთ შენს მეგობართან. ვიზუალური თვალსაჩინოება ეხმარებათ ყოველდღიურობის უკეთ აღქმაში.

ასევე მშობლებს ვურჩევ, ნუ დაარღვევენ ბავშვის რუტინას, თუნდაც დაღლილობის ან გარკვეული გარემო ფაქტორების გამო. ეს რუტინას დაასუსტებს ბავშვის თვალში. ასევე მნიშვნელოვანია ოჯახის სხვა წევრებიც იზიარებდნენ იგივე ყოველდღიურობას, რასაც მშობელი სთავაზობს ბავშვს. მაგალითად, თუ ბავშვმა იცის, რომ დილას ბაღში უნდა წავიდეს, მაგრამ ოჯახის რომელიმე წევრი ეუბნება, მოდი დავტოვოთ დღეს, ეს ბავშვის აზროვნებაში ბაღში წასვლის რუტინის მნიშვნელობას შეასუსტებს და სხვა დროს თვითონაც გააპროტესტებს.

- ერთი მაგალითი რომ გვითხრათ, როგორი უნდა იყოს დღის რუტინა?

დღის რუტინა იწყება გაღვიძებით და ადაპტური უნარე-ჩვევებით, ანუ ჩაცმით, თავის მოვლით და კვებით. შემდგომ უკვე ინდივიდუალურად ბავშვი მიდის ბაღში ან რაიმე თერაპიაზე. ბაღშიც აქვს თავისი რუტინა, წრეზე ჯდომა, ჯგუფური თამაში თუ ეზოს აქტივობები. საღამოს მშობელს დაწესებული აქვს სეირნობის, კვების და თამაშის დრო. თამაშის დროს ვცდილობთ მივცეთ მას მეტი თავისუფლება, არჩევანის უფლება, თუ რისი გაკეთება სურს, რომელი თამაში უნდა. ბავშვმა იცის, რომ თამაშის შემდეგ ვიძინებთ. უკვე ბაღიდან მოყვანის შემდეგ, ანუ შუადღიდან ვიწყებთ მისთვის იმის თქმას, რომ ახლა ვითამაშოთ, მერე კი დავიძინებთ. ეს ძილის რუტინის შექმნაშიც დაგვეხმარება. განწყობის შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს რუტინის წარმატებულად განხორციელებისთვის.

აქვე მინდა ხაზი გავუსვა ერთ ფაქტორს, რუტინა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ნებისმიერი ინიციატივა დათრგუნულია და მას მხოლოდ წესების მორჩილება ევალება. არა, ჩვენ მას ვთავაზობთ გონივრულ საზღვრებს, რომელშიც ის თავისუფალი იქნება. მაგალითად, კვება შესაძლოა, სულ შუადღის 2 საათზე იყოს, მაგრამ კვების დროს რომელ საკვებს შევარჩევთ, აქ ბავშვიც ჩავრთოთ, მივცეთ საშუალება, საკუთარი სურვილები გაგვიზიაროს.

- მაშინ, როცა უკვე მიეჩვია პატარა თავის ყოველდღიურობას, რა ხდება მის ფსიქიკაში რუტინის დარღვევის შემთხვევაში?

- რუტინის არევა ბავშვის ფსიქიკაში ქაოტურობას და დაბნეულობას იწვევს.

ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ რუტინის მიუხედავად შევძლოთ, ვიყოთ მრავალფეროვანნი და თავისუფალ დროს განსხვავებული და მისთვის ახალი, საინტერესო აქტივობები შევთავაზოთ. თამაშის დრო ძალიან კარგი შესაძლებლობაა, შევთავაზოთ სხვადასხვა სახის თამაში, განსხვავებული სათამაშოები, ვცვალოთ კვების მენიუ, ჰქონდეს შეხება სხვადასხვა ტექსტურის ტანსაცმელთან, სხვადასხვა გზით დავბრუნდეთ სახლში, არ ვისეირნოთ ერთი და იმავე პარკში და ა.შ.

ასევე შეგვიძლია დასვენების დღეები გამოვიყენოთ მსგავსი სპონტანურობის და განსხვავებული საქმიანობის დღეებად, თუნდაც კვირაში 1 დღე, მაგალითად, კვირა დღე. ეს მას განუვითარებს მზაობას სიახლეების და მრავალფეროვნების მიმართ.

ესაუბრა მარიამ ჩოქური 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგ​უფი“)

შეიძლება დაინტერესდეთ

„არ არის საჭირო არანაირი ტესტირება, არანაირი PCR ტესტი. ნუ მივაყენებთ ზედმეტ ტრავმას ბავშვს,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„არ არის საჭირო არანაირი ტესტირება, არანაირი PCR ტესტი. ნუ მივაყენებთ ზედმეტ ტრავმას ბავშვს,“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ვირუსული ინფექციების სეზონზე ბავშვებში ტემპერატურის მატების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მშობლებს ყველაზე მეტად კოვიდის ეშინიათ:

„თუ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, დღევანდელ სიტუაციაში მშობლებს ძალიან ხშირად აინტერესებთ: კოვიდი არ იყოს... პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, ეს არის. თუ ოჯახში ვინმეს აქვს კოვიდი და ბავშვს უდასტურდება ტემპერატურა, ეს უსათუოდ იქნება კოვიდი.“

ინგა მამუჩიშვილის თქმით, ბავშვის ზედმეტი ტესტირებებით დასტრესვა საჭირო არ არის:

„მშობლებს ძალიან ხშირად ვეუბნები ხოლმე, რომ არ არის საჭირო არანაირი ტესტირება, არანაირი PCR ტესტი. ნუ მივაყენებთ ზედმეტ ტრავმას ბავშვს. კოვიდიც ჩვეულებრივად იმართება, როგორც სხვა ვირუსული ინფექციები. მას განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება, თუ ბავშვი არ დამძიმდა.“

„მარტივი ვირუსის სიმპტომებია: ცხვირის გაჭედვა, ცხვირიდან გამონადენი. ეს ძალიან დიდ დისკომფორტს ანიჭებს ბავშვს. ამ შემთხვევაში ცხვირს სჭირდება სანაცია და მოვლა. თუ ვირუსი მოხვდა ყელში, არის ფარინგიტები, ტონზილიტები, წამოხველება. ხშირად არის ხოლმე ხველა და მშობლები კითხულობენ: ჩემს შვილს პნევმონია ან ბრონქიტი არ ჰქონდეს... ხშირად ამის მიზეზი არის ის, რომ ცხვირის შიგთავსის გადადენა ხდება ხახის უკანა კედელზე, რაც ხველის პროვოცირებას იწვევს,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა „მთავარი არხის“ გადაცემაში „შენი დილა“ ისაუბრა.

წყარო:​ „შენი დილა“

წაიკითხეთ სრულად