ბავშვის სწორად განვითარებას უშლის თუ არა ხელს, ხშირი შექება ან პირიქით კრიტიკა მშობლების მხრიდან და როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია.
- მშობლების მხრიდან შექებაზე მეტად ბავშვების გაკრიტიკება რამდენად ცუდია მათი ფსიქიკისთვის და უშლის თუ არა ხელს განვითარებაში?
- ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი მშობლების მხრიდან ბავშვის ქცევაზე. რა თქმა უნდა, უმჯობესია აქცენტი დადებითზე გაკეთდეს, რათა უფრო მეტად განვამტკიცოთ მოზარდის პოზიტიური ქცევა. თუმცა, თუ ბავშვი იქცევა ისე, რომ მშობელს ან უფროს ადამიანს ეს არ მოსწონს, საჭიროა ფაქიზად მივცეთ უკუკავშირი, რასაც, მოდი, კრიტიკას ნუ დავარქმევთ. ავუხსნათ ბავშვს, რატომ არ არის ესა თუ ის ქცევა მისაღები მშობლისთვის, ანუ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენი უკუკავშირი. მშობლის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი. ჩვენს რეალობაში ხშირად გვესმის მშობლებისგან, გადატვირთული გრაფიკის გამო, გადაღლილებს აღარ ჰყოფნით ენერგია ახსნისთვის, თუმცა აუცილებელია გამოვნახოთ დრო და რესურსი, რომ ბავშვებს კრიტიკის ნაცვლად, ადეკვატური უკუკავშირი მივცეთ. ის, რაც არ მოგვწონს, კი არ გავუკრიტიკოთ, არამედ ვუთხრათ, რატომ არის საზიანო კონკრეტული ქმედება მათთვის და რა შედეგს მისცემს. ამით არჩევანის წინაშე დავაყენებთ, თავად აირჩიონ ქცევა, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველი იქნება.
- თუ პირიქით, მეტად აქებენ და ნაკლებად აძლევენ შენიშვნებს, ხომ არ მოვადუნებთ მათ და დავუკარგავთ მოტივაციას, კრიტიკულად შეხედონ საკუთარ თავს?
- ამ შემთხვევაშიც, როდესაც ვამბობთ მეტად შექებას ან მეტად გაკრიტიკებას, ისევ არაადეკვატურ უკუკავშირთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანია, რისთვის ვაქებთ ბავშვს. ხშირად იმისთვის ვაქებთ, რაშიც წვლილი არ მიუძღვის, მაგალითად, სილამაზე. იქ, სადაც იზრდებიან ესმით ფრაზები: „რა კარგი ხარ, პრინცესა“, „რა ლამაზი ხარ“ და ა.შ. როდესაც იზრდებიან და გადადიან მიკროსოციუმიდან მაკროსოციუმში (ბაღი, სკოლა და ა.შ.) იქ უკვე იქმნება პრობლემები, რადგან იგივე უკუკავშირს საზოგადოების მხრიდან ვეღარ ხედავენ, რამაც დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მათ თვითშეფასებაზე. ბავშვებს აუცილებელია დადებითი უკუკავშირი მივცეთ რაღაცის კეთებისთვის, ეს იქნება სწავლა თუ სხვა რამ. მეტად ან ზედმეტად შექება არასწორია, ყოველთვის მიზანშეწონილია ჩარჩოში, ზომიერების ფარგლებში ადეკვატური რეაქციები.
- როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი, შექებასა და კრიტიკას შორის?
- მშობლები კვალდაკვალ უნდა მივყვებოდეთ შვილების ქმედებებს. იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია და მივუთითებთ, ახსნაც უნდა მოჰყვებოდეს, ეს კი მათ შედეგების გაანალიზების საშუალებას მისცემს. მნიშვნელოვანია ფრაზები, რომლებსაც მშობელი იყენებს კომუნიკაციის დროს. თუ ჩვენ მოკლე ფრაზებს ვიყენებთ, მაგალითად, „არ შეიძლება“, ბავშვს კითხვა უჩნდება, რატომ არ შეიძლება, აუცილებელია დასაბუთებულად ავუხსნათ. ასევე სიტყვა „რატომ“, რომელსაც იყენებენ მშობლები. ხშირად ბავშვს უნდა კონკრეტული რამ, თუმცა არ იცის, რატომ უნდა, შესაბამისად, ამაზე პასუხს ვერ გაგვცემს და მეტ გაუგებრობას შეუქმნის ბავშვს. ასე რომ, არსებობს ფრაზები ეფექტური კომუნიკაციისთვის, რაც მშობლებს დაეხმარება დაიჭირონ ოქროს შუალედი. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატური ანარეკლი შვილების ქმედების.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ ასწავლონ შვილებს იყვნენ თავდაჯერებულები და ამასთანავე არ შეწყვიტონ განვითარებაზე ზრუნვა?
- მნიშვნელოვანია ბავშვს და ზოგადად ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანს, ჰქონდეს ადეკვატური თვითშეფასება. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა არის თვითშეფასება, ვინაიდან თავდაჯერებულობა პირდაპირ კავშირშია ამასთან. თვითშეფასება არის ინდივიდის სუბიექტური წარმოდგენა საკუთარ თავზე, უნარებზე, თვისებებზე. ეს ყალიბდება ზუსტად იმ უკუკავშირებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს იქნება საკუთარი თავისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან, თუ ნებისმიერი იმ სოციუმისგან მიღებული უკუკავშირი, სადაც უწევს ყოფნა, ასე ყალიბდება ადამიანის თვითშეფასება. შესაბამისად, ადრეული ასაკიდან უნდა ჩაეყაროს საფუძველი ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას მისი ჯანსაღი განვითარებისთვის. ერიქსონის თეორიას გავიხსენებ, სადაც ის გამოყოფს ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში, 18 თვიდან 3 წლამდე. ამ დროს ძალიან დიდი როლი აქვთ მშობლებს. ეს ერთ-ერთი კრიზისის გადალახვის პერიოდია, როდესაც ბავშვი სწავლობს თვითონ კვებას, ჩაცმას, ნაბიჯების გადადგმას. ამ დროს თუ მშობელი იქნება მხარდამჭერი და ბავშვის ნებისმიერი ინიციატივა იქნება სწორად მხარდაჭერილი, ბავშვი სწავლობს თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას, ხოლო კრიზისი ილახება ჯანსაღად. თუ მშობელი ზემზრუნველია, ანუ არ აძლევს საშუალებას თვითონ გააკეთოს რამე, ასეთ დროს პატარას უყალიბდება ეჭვის განცდა საკუთარ თავის და შესაძლებლობების მიმართ. ამით შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს დაბალ თვითშეფასებას, რაც თავდაჯერებულობას უშლის ხელს. თუ 3 წლამდე კრიზისი ჯანსაღად გადაილახა, შემდეგი კრიზისის გადალახვა უფრო მარტივი იქნება მოზარდებისთვის, აქ უკვე შემოდის სკოლა, სადაც დიდი როლი აქვთ პედაგოგებს, თანატოლებთან ურთიერთობას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაჯერებულობა ფსიქიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ადეკვატური თვითშეფასება ეს არის სუიციდის საუკეთესო პრევენცია. თუ მშობლები (ოჯახის წევრები) და სააღმზრდელო დაწესებულებები სწორი უკუკავშირით ხელს შევუწყობთ, შვილები ჩამოყალიბდნენ თავდაჯერებულ პიროვნებებად, ეს მათთვის წარმატების საწინდარი იქნება. თავდაჯერებულობა გულისხმობს მუდმივ სწრაფვას თვითგანვითარებისკენ და თვითრეალიზაციისკენ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ბავშვს აქვს სამი სტიქია, მას ეს ბუნებამ ჩაუდო. ბუნება კი ღმერთის ნებით მოქმედებს ბავშვში,“ - შალვა ამონაშვილი
აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა მშობლებს თავისუფალი ადამიანის აღზრდისთვის საჭირო მიდგომები გააცნო:
„ნამდვილი თავისუფალი ადამიანი იცით ვინ არის? ვინც იცის წესი, ადათი, ღებულობს ამ ადათს, როგორც თავის კანონს და მისდევს მას. თავისუფალი ადამიანი ამავე დროს მონაა ამაღლებული წესის, ნორმების, ცხოვრების აზრის. აღზრდაში თავისუფლება თუ ისე გავიგეთ, რომ ბავშვმა რაც უნდა ის აკეთოს, ასეთი პედაგოგიკა სად არსებობს ან ვინ მოითმენს ამას?! ბავშვს აქვს სამი სტიქია, მას ეს ბუნებამ ჩაუდო. ბუნება კი ღმერთის ნებით მოქმედებს ბავშვში.“
შალვა ამონაშვილმა განმარტა, თუ რა არის ბავშვობა:
„რა არის ბავშვობა? ეს ის დროა, როდესაც არაფერზე არ ფიქრობ, მარტო ხტუნავ და ტინგიცობ, ეს არის ბავშვობა?! როდესაც მარტო შენი ნება-სურვილები ბატონობს, ეს არის ბავშვობა?! მაშ რაღაა ბავშვობა?! ჩვენი ყვირილი და ძალდატანებაა ბავშვობა?! არა, არც ეს არის ბავშვობა. ბავშვობა არის მოზარდის თანდათანობითი გადასვლა დიდობაში. მოზარდი რომ დღეს, ხვალ, ზეგ უფრო და უფრო მეტ ვალდებულების გრძნობას განიცდის, სიყვარულის განცდა ეზრდება, მორიდებულობა იბადება, ბავშვობა ამ დიდობის ნორმებში შესვლაა.“
შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვებს დიდობის ნორმებში შესასვლელად ჰუმანურად უნდა დავეხმაროთ:
„თუ ბავშვს დავეხმარებით, რომ დიდობის ნორმებში შევიდეს ჰუმანურად, წივილ-კივილისა და ჩხუბის გარეშე, აფერუმ ჩვენ! ბავშვი გაგვეზრდება მართლაც კეთილშობილი. თუ ჩვენ ბავშვს ვეტყვით: ჯერ პატარა ხარ, პატარა ხარო და პატარაობაში ჩავკეტავთ, კაცი გახდება 23 წლის და ისევ პატარა იქნება. ყელზე თოკი უნდა გამოაბათ და ატაროთ აქეთ-იქით. ბავშვს პატარა ხარო კი არ უნდა ეძახო, დიდების საქმე უნდა მისცე იმდენი, რამდენიც შეესაბამება. მეორე თავისუფლება არის, რომ ვინც ჭეშმარიტებას გაიგებს, ის გახდება თავისუფალი. ზრდილობა ხომ უნდა იყოს ჭეშმარიტება? სიყვარული ადამიანისა ხომ უნდა იყოს ჭეშმარიტება?! ეს ჭეშმარიტებები თუ მიიღე და იმათ დაემორჩილე, მაშინ ხარ თავისუფალი. „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარიო.“ ჩვენი შვილები ხომ გველები არ არიან, ანგელოზებად მოგვევლინენ. რად გვინდა მათთან ჯიჯღინი?! უნდა მოვნახოთ ჩვენს თავში სიბრძნე, რომ ჩვენმა სიბრძნემ გასჭრას მის ქცევა-ყოფაზე.“
„თუ არაფერი გამოვიდა, მაშინ ვეუბნებით ბავშვს: „გიკრძალავ!“ ეს უნდა იყოს ძალიან მაღალი გადაწყვეტილება, რომელსაც წყალი არ გაუვა. ბავშვი თუ გეტყვით, ხვალ სკოლაში აღარ მინდაო, რომელი ჭკვიანი დედა ეტყვის, შვილო, აღარ გინდა და ითამაშე და იყავი როგორც გინდაო. დავსხდეთ და ბრძნულად განვიხილოთ, რატომ არ გვინდა სკოლაში, რა გვიშლის ხელს,“ - აღნიშნა შალვა ამონაშვილმა.