ბავშვის სწორად განვითარებას უშლის თუ არა ხელს, ხშირი შექება ან პირიქით კრიტიკა მშობლების მხრიდან და როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია.
- მშობლების მხრიდან შექებაზე მეტად ბავშვების გაკრიტიკება რამდენად ცუდია მათი ფსიქიკისთვის და უშლის თუ არა ხელს განვითარებაში?
- ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი მშობლების მხრიდან ბავშვის ქცევაზე. რა თქმა უნდა, უმჯობესია აქცენტი დადებითზე გაკეთდეს, რათა უფრო მეტად განვამტკიცოთ მოზარდის პოზიტიური ქცევა. თუმცა, თუ ბავშვი იქცევა ისე, რომ მშობელს ან უფროს ადამიანს ეს არ მოსწონს, საჭიროა ფაქიზად მივცეთ უკუკავშირი, რასაც, მოდი, კრიტიკას ნუ დავარქმევთ. ავუხსნათ ბავშვს, რატომ არ არის ესა თუ ის ქცევა მისაღები მშობლისთვის, ანუ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენი უკუკავშირი. მშობლის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი. ჩვენს რეალობაში ხშირად გვესმის მშობლებისგან, გადატვირთული გრაფიკის გამო, გადაღლილებს აღარ ჰყოფნით ენერგია ახსნისთვის, თუმცა აუცილებელია გამოვნახოთ დრო და რესურსი, რომ ბავშვებს კრიტიკის ნაცვლად, ადეკვატური უკუკავშირი მივცეთ. ის, რაც არ მოგვწონს, კი არ გავუკრიტიკოთ, არამედ ვუთხრათ, რატომ არის საზიანო კონკრეტული ქმედება მათთვის და რა შედეგს მისცემს. ამით არჩევანის წინაშე დავაყენებთ, თავად აირჩიონ ქცევა, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველი იქნება.
- თუ პირიქით, მეტად აქებენ და ნაკლებად აძლევენ შენიშვნებს, ხომ არ მოვადუნებთ მათ და დავუკარგავთ მოტივაციას, კრიტიკულად შეხედონ საკუთარ თავს?
- ამ შემთხვევაშიც, როდესაც ვამბობთ მეტად შექებას ან მეტად გაკრიტიკებას, ისევ არაადეკვატურ უკუკავშირთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანია, რისთვის ვაქებთ ბავშვს. ხშირად იმისთვის ვაქებთ, რაშიც წვლილი არ მიუძღვის, მაგალითად, სილამაზე. იქ, სადაც იზრდებიან ესმით ფრაზები: „რა კარგი ხარ, პრინცესა“, „რა ლამაზი ხარ“ და ა.შ. როდესაც იზრდებიან და გადადიან მიკროსოციუმიდან მაკროსოციუმში (ბაღი, სკოლა და ა.შ.) იქ უკვე იქმნება პრობლემები, რადგან იგივე უკუკავშირს საზოგადოების მხრიდან ვეღარ ხედავენ, რამაც დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მათ თვითშეფასებაზე. ბავშვებს აუცილებელია დადებითი უკუკავშირი მივცეთ რაღაცის კეთებისთვის, ეს იქნება სწავლა თუ სხვა რამ. მეტად ან ზედმეტად შექება არასწორია, ყოველთვის მიზანშეწონილია ჩარჩოში, ზომიერების ფარგლებში ადეკვატური რეაქციები.
- როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი, შექებასა და კრიტიკას შორის?
- მშობლები კვალდაკვალ უნდა მივყვებოდეთ შვილების ქმედებებს. იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია და მივუთითებთ, ახსნაც უნდა მოჰყვებოდეს, ეს კი მათ შედეგების გაანალიზების საშუალებას მისცემს. მნიშვნელოვანია ფრაზები, რომლებსაც მშობელი იყენებს კომუნიკაციის დროს. თუ ჩვენ მოკლე ფრაზებს ვიყენებთ, მაგალითად, „არ შეიძლება“, ბავშვს კითხვა უჩნდება, რატომ არ შეიძლება, აუცილებელია დასაბუთებულად ავუხსნათ. ასევე სიტყვა „რატომ“, რომელსაც იყენებენ მშობლები. ხშირად ბავშვს უნდა კონკრეტული რამ, თუმცა არ იცის, რატომ უნდა, შესაბამისად, ამაზე პასუხს ვერ გაგვცემს და მეტ გაუგებრობას შეუქმნის ბავშვს. ასე რომ, არსებობს ფრაზები ეფექტური კომუნიკაციისთვის, რაც მშობლებს დაეხმარება დაიჭირონ ოქროს შუალედი. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატური ანარეკლი შვილების ქმედების.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ ასწავლონ შვილებს იყვნენ თავდაჯერებულები და ამასთანავე არ შეწყვიტონ განვითარებაზე ზრუნვა?
- მნიშვნელოვანია ბავშვს და ზოგადად ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანს, ჰქონდეს ადეკვატური თვითშეფასება. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა არის თვითშეფასება, ვინაიდან თავდაჯერებულობა პირდაპირ კავშირშია ამასთან. თვითშეფასება არის ინდივიდის სუბიექტური წარმოდგენა საკუთარ თავზე, უნარებზე, თვისებებზე. ეს ყალიბდება ზუსტად იმ უკუკავშირებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს იქნება საკუთარი თავისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან, თუ ნებისმიერი იმ სოციუმისგან მიღებული უკუკავშირი, სადაც უწევს ყოფნა, ასე ყალიბდება ადამიანის თვითშეფასება. შესაბამისად, ადრეული ასაკიდან უნდა ჩაეყაროს საფუძველი ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას მისი ჯანსაღი განვითარებისთვის. ერიქსონის თეორიას გავიხსენებ, სადაც ის გამოყოფს ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში, 18 თვიდან 3 წლამდე. ამ დროს ძალიან დიდი როლი აქვთ მშობლებს. ეს ერთ-ერთი კრიზისის გადალახვის პერიოდია, როდესაც ბავშვი სწავლობს თვითონ კვებას, ჩაცმას, ნაბიჯების გადადგმას. ამ დროს თუ მშობელი იქნება მხარდამჭერი და ბავშვის ნებისმიერი ინიციატივა იქნება სწორად მხარდაჭერილი, ბავშვი სწავლობს თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას, ხოლო კრიზისი ილახება ჯანსაღად. თუ მშობელი ზემზრუნველია, ანუ არ აძლევს საშუალებას თვითონ გააკეთოს რამე, ასეთ დროს პატარას უყალიბდება ეჭვის განცდა საკუთარ თავის და შესაძლებლობების მიმართ. ამით შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს დაბალ თვითშეფასებას, რაც თავდაჯერებულობას უშლის ხელს. თუ 3 წლამდე კრიზისი ჯანსაღად გადაილახა, შემდეგი კრიზისის გადალახვა უფრო მარტივი იქნება მოზარდებისთვის, აქ უკვე შემოდის სკოლა, სადაც დიდი როლი აქვთ პედაგოგებს, თანატოლებთან ურთიერთობას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაჯერებულობა ფსიქიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ადეკვატური თვითშეფასება ეს არის სუიციდის საუკეთესო პრევენცია. თუ მშობლები (ოჯახის წევრები) და სააღმზრდელო დაწესებულებები სწორი უკუკავშირით ხელს შევუწყობთ, შვილები ჩამოყალიბდნენ თავდაჯერებულ პიროვნებებად, ეს მათთვის წარმატების საწინდარი იქნება. თავდაჯერებულობა გულისხმობს მუდმივ სწრაფვას თვითგანვითარებისკენ და თვითრეალიზაციისკენ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
წონის დეფიციტის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში - ეკა უბერის რეკომენდაციები მშობლებს
პედიატრი ეკა უბერი ბავშვებში წონის დეფიციტის პრობლემის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ მშობლები ხშირად პრობლემას სწორად ვერ აფასებენ:
„პირველ რიგში, უნდა შეფასდეს ბავშვს წონის დეფიციტი აქვს თუ არა, მშობლების ღელვა საფუძვლიანია თუ არა. ძალიან ხშირად მშობელი ჩივის, რომ ბავშვი უმადოა, თუმცა ვხვდებით ჭარბ წონას. ასეთ მდგომარეობას შერჩევითი უმადობა ეწოდება. ბავშვი იმაზე მეტ კალორიას იღებს, ვიდრე სჭირდება, მაგრამ არა იმ პროდუქტებით, რომლებიც მშობელს უნდა. პირველ რიგში, ამ შემთხვევაში დამნაშავე მშობელია, რადგან მან ბავშვს გაასინჯა ისეთი პროდუქტი, რომელიც მისთვის არ იყო სასურველი: პურ-ფუნთუშეული, შაქარი, ტკბილეული.“
ეკა უბერის თქმით, წონის დეფიციტის პრობლემის შეფასება ექიმის საქმეა:
„ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეაფასოს ექიმმა და არა მშობელმა. ექიმი ბავშვს ანთროპომეტრულად აფასებს. არსებობს ანთროპომეტრული ასაკობრივი ნორმები. ერთი წლის ბავშვი უნდა იყოს 8,5 -დან 11,5 კილომდე. ამ შუალედში ყველა მონაცემი არის ნორმა. აქედან გამომდინარე, როდესაც მშობელი ამბობს: „მეზობლის ბავშვი 11 კილოა, რა კარგი წონა აქვს და ჩემი არ არის ასე,“ უკვე არასწორია. როდესაც ექიმი შეაფასებს ბავშვს და აღმოჩნდება, რომ მას წონის დეფიციტი აქვს, მნიშვნელოვანია გაირკევს, როდის დაიწყო წონის დეფიციტი. წონის დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს სამედიცინო ან ფსიქო-სოციალური პრობლემა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რა წონით დაიბადა ბავშვი. დღენაკლულობა, ნევროლოგიური სიმპტომატიკა, ქრონიკული დაავადებები, ქრომოსომული დაავადებები, მემკვიდრეობითი დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, ეს ყველაფერი შეიძლება იყოს წონის დეფიციტის მიზეზი.”
ეკა უბერი იმ მიზეზებზე საუბრობს, რომლებიც წონის დეფიციტის პრობლემას განაპირობებს:
„წონის დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს კალორიების დეფიციტი ან შეწოვის დარღვევა. ბავშვი იღებს საჭირო რაოდენობის საკვებს, მაგრამ ორგანიზმის შეწოვადობა არის დარღვეული. შესაძლოა იყოს პირის ღრუს ანატომიური დეფექტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევები. შესაძლოა, საკვების მიღების უნარების ნაკლებობაც იყოს. ეს განსაკუთრებით ეხება დღენაკლულებს, რომლებიც ზონდით კვებას არიან მიჩვეული. მოზარდებში მადის მყარი დაკარგვის მიზეზი შეიძლება გახდეს ნევროზი. ამიტომ სასურველია, რომ მშობელმა ექიმს ყოველთვიურად შეამოწმებინოს ბავშვის ანთროპომეტრული მონაცემები. იმის მიხედვით, თუ რომელ ასაკში წყვეტს ბავშვი წონის მატებას, სხვადასხვა დაავადებებზე შეგვიძლია ეჭვის მიტანა.“
ეკა უბერის თქმით, ბავშვებში წონის დეფიციტის გამომწვევი უმთავრესი პრობლემა ცელიაკიაა:
„წონაში დეფიციტის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბავშვებში არის ცელიაკია. ცელიაკია არის გლუტენის აუტანლობა. გლუტენი არის ნივთიერება, რომელიც შედის მარცვლეულში. ამ შემთხვევაში, პირველი ექვსი თვის მანძილზე, როდესაც ბავშვი დედის რძით იკვებება, წონის დანაკლისი ფაქტობრივად არ არის. როდესაც გლუტენის შემცველი კომპონენტები შედის კვებაში, თანდათან 8-9 თვის ასაკიდან შეინიშნება წონის დეფიციტი. ცელიაკიის გამოვლინება კლინიკურად არის ძალიან ფართო. შესაძლოა, ის იყოს მინიმალური გამოვლინებით და ადამიანმა მთელი ცხოვრება ვერც გაიგოს, რომ ეს პრობლემა აქვს. შეიძლება იყოს დიარეა, ყაბზობა, გულძმარვა, ღებინება. ცელიაკია პირველ ეტაპზე, შესაძლოა, წონის დეფიციტით გამოვლინდეს და მეტი არაფრით.“
ეკა უბერი მშობლებს ურჩევს პირველი წლის განმავლობაში ბავშვი ყოველთვიურად აჩვენონ ექიმს:
„პირველი წლის განმავლობაში მშობელმა ყოველთვიურად უნდა მიაკითხოს ექიმს პროფილაქტიკის მიზნით. ექიმმა უნდა შეაფასოს ბავშვის განვითარების მრუდი. ცელიაკიის ქვეფონური დაავადება შეიძლება იყოს დიაბეტი, დაუნის სინდრომი, სხვა ქრომოსომული დაავადებები. ცელიაკიის მკურანლობის პრაქტიკა არ არის მედიკამენტოზური, ხდება მარცვლეულის გამორიცხვა.“
„გასტროეზოფაგური რეფლუქსი ექვს თვემდე ასაკში აბსოლუტურად ბუნებრივია. ის პიკს აღწევს ექვსი თვის ასაკისთვის და ექვსი-შვიდი თვიდან ნელ-ნელა გადის. მოზრდილ ასაკში ეს უკვე ფიზიოლოგიური არ არის. ის, რომ ცოტა წამოქაფებაა, განსაკუთრებით პოზიციის შეცვლის შემდეგ, ეს ფიზიოლოგიურია. თუ ამის გამო წონის დეფიციტის პრობლემა არ არის, მაშინ ამოქაფება საშიში არ არის,“ - აცხადებს ეკა უბერი.