ბავშვის სწორად განვითარებას უშლის თუ არა ხელს, ხშირი შექება ან პირიქით კრიტიკა მშობლების მხრიდან და როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია.
- მშობლების მხრიდან შექებაზე მეტად ბავშვების გაკრიტიკება რამდენად ცუდია მათი ფსიქიკისთვის და უშლის თუ არა ხელს განვითარებაში?
- ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი მშობლების მხრიდან ბავშვის ქცევაზე. რა თქმა უნდა, უმჯობესია აქცენტი დადებითზე გაკეთდეს, რათა უფრო მეტად განვამტკიცოთ მოზარდის პოზიტიური ქცევა. თუმცა, თუ ბავშვი იქცევა ისე, რომ მშობელს ან უფროს ადამიანს ეს არ მოსწონს, საჭიროა ფაქიზად მივცეთ უკუკავშირი, რასაც, მოდი, კრიტიკას ნუ დავარქმევთ. ავუხსნათ ბავშვს, რატომ არ არის ესა თუ ის ქცევა მისაღები მშობლისთვის, ანუ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენი უკუკავშირი. მშობლის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი. ჩვენს რეალობაში ხშირად გვესმის მშობლებისგან, გადატვირთული გრაფიკის გამო, გადაღლილებს აღარ ჰყოფნით ენერგია ახსნისთვის, თუმცა აუცილებელია გამოვნახოთ დრო და რესურსი, რომ ბავშვებს კრიტიკის ნაცვლად, ადეკვატური უკუკავშირი მივცეთ. ის, რაც არ მოგვწონს, კი არ გავუკრიტიკოთ, არამედ ვუთხრათ, რატომ არის საზიანო კონკრეტული ქმედება მათთვის და რა შედეგს მისცემს. ამით არჩევანის წინაშე დავაყენებთ, თავად აირჩიონ ქცევა, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველი იქნება.
- თუ პირიქით, მეტად აქებენ და ნაკლებად აძლევენ შენიშვნებს, ხომ არ მოვადუნებთ მათ და დავუკარგავთ მოტივაციას, კრიტიკულად შეხედონ საკუთარ თავს?
- ამ შემთხვევაშიც, როდესაც ვამბობთ მეტად შექებას ან მეტად გაკრიტიკებას, ისევ არაადეკვატურ უკუკავშირთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანია, რისთვის ვაქებთ ბავშვს. ხშირად იმისთვის ვაქებთ, რაშიც წვლილი არ მიუძღვის, მაგალითად, სილამაზე. იქ, სადაც იზრდებიან ესმით ფრაზები: „რა კარგი ხარ, პრინცესა“, „რა ლამაზი ხარ“ და ა.შ. როდესაც იზრდებიან და გადადიან მიკროსოციუმიდან მაკროსოციუმში (ბაღი, სკოლა და ა.შ.) იქ უკვე იქმნება პრობლემები, რადგან იგივე უკუკავშირს საზოგადოების მხრიდან ვეღარ ხედავენ, რამაც დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მათ თვითშეფასებაზე. ბავშვებს აუცილებელია დადებითი უკუკავშირი მივცეთ რაღაცის კეთებისთვის, ეს იქნება სწავლა თუ სხვა რამ. მეტად ან ზედმეტად შექება არასწორია, ყოველთვის მიზანშეწონილია ჩარჩოში, ზომიერების ფარგლებში ადეკვატური რეაქციები.
- როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი, შექებასა და კრიტიკას შორის?
- მშობლები კვალდაკვალ უნდა მივყვებოდეთ შვილების ქმედებებს. იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია და მივუთითებთ, ახსნაც უნდა მოჰყვებოდეს, ეს კი მათ შედეგების გაანალიზების საშუალებას მისცემს. მნიშვნელოვანია ფრაზები, რომლებსაც მშობელი იყენებს კომუნიკაციის დროს. თუ ჩვენ მოკლე ფრაზებს ვიყენებთ, მაგალითად, „არ შეიძლება“, ბავშვს კითხვა უჩნდება, რატომ არ შეიძლება, აუცილებელია დასაბუთებულად ავუხსნათ. ასევე სიტყვა „რატომ“, რომელსაც იყენებენ მშობლები. ხშირად ბავშვს უნდა კონკრეტული რამ, თუმცა არ იცის, რატომ უნდა, შესაბამისად, ამაზე პასუხს ვერ გაგვცემს და მეტ გაუგებრობას შეუქმნის ბავშვს. ასე რომ, არსებობს ფრაზები ეფექტური კომუნიკაციისთვის, რაც მშობლებს დაეხმარება დაიჭირონ ოქროს შუალედი. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატური ანარეკლი შვილების ქმედების.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ ასწავლონ შვილებს იყვნენ თავდაჯერებულები და ამასთანავე არ შეწყვიტონ განვითარებაზე ზრუნვა?
- მნიშვნელოვანია ბავშვს და ზოგადად ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანს, ჰქონდეს ადეკვატური თვითშეფასება. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა არის თვითშეფასება, ვინაიდან თავდაჯერებულობა პირდაპირ კავშირშია ამასთან. თვითშეფასება არის ინდივიდის სუბიექტური წარმოდგენა საკუთარ თავზე, უნარებზე, თვისებებზე. ეს ყალიბდება ზუსტად იმ უკუკავშირებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს იქნება საკუთარი თავისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან, თუ ნებისმიერი იმ სოციუმისგან მიღებული უკუკავშირი, სადაც უწევს ყოფნა, ასე ყალიბდება ადამიანის თვითშეფასება. შესაბამისად, ადრეული ასაკიდან უნდა ჩაეყაროს საფუძველი ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას მისი ჯანსაღი განვითარებისთვის. ერიქსონის თეორიას გავიხსენებ, სადაც ის გამოყოფს ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში, 18 თვიდან 3 წლამდე. ამ დროს ძალიან დიდი როლი აქვთ მშობლებს. ეს ერთ-ერთი კრიზისის გადალახვის პერიოდია, როდესაც ბავშვი სწავლობს თვითონ კვებას, ჩაცმას, ნაბიჯების გადადგმას. ამ დროს თუ მშობელი იქნება მხარდამჭერი და ბავშვის ნებისმიერი ინიციატივა იქნება სწორად მხარდაჭერილი, ბავშვი სწავლობს თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას, ხოლო კრიზისი ილახება ჯანსაღად. თუ მშობელი ზემზრუნველია, ანუ არ აძლევს საშუალებას თვითონ გააკეთოს რამე, ასეთ დროს პატარას უყალიბდება ეჭვის განცდა საკუთარ თავის და შესაძლებლობების მიმართ. ამით შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს დაბალ თვითშეფასებას, რაც თავდაჯერებულობას უშლის ხელს. თუ 3 წლამდე კრიზისი ჯანსაღად გადაილახა, შემდეგი კრიზისის გადალახვა უფრო მარტივი იქნება მოზარდებისთვის, აქ უკვე შემოდის სკოლა, სადაც დიდი როლი აქვთ პედაგოგებს, თანატოლებთან ურთიერთობას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაჯერებულობა ფსიქიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ადეკვატური თვითშეფასება ეს არის სუიციდის საუკეთესო პრევენცია. თუ მშობლები (ოჯახის წევრები) და სააღმზრდელო დაწესებულებები სწორი უკუკავშირით ხელს შევუწყობთ, შვილები ჩამოყალიბდნენ თავდაჯერებულ პიროვნებებად, ეს მათთვის წარმატების საწინდარი იქნება. თავდაჯერებულობა გულისხმობს მუდმივ სწრაფვას თვითგანვითარებისკენ და თვითრეალიზაციისკენ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ბავშვების გასაგონად არ თქვათ, რომ უიღბლო ხართ და არასდროს არაფერში გიმართლებთ - როგორ ვასწავლოთ შვილს პოზიტიურად აზროვნება
ოპტიმისტ ადამიანებს ცხოვრებისეულ გამოწვევებთან გამკლავება უადვილდებათ. ისინი ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავენ და პრობლემების წინაშე ქედს არასდროს იხრიან. ბავშვს სამყაროს ოპტიმისტური აღქმა ადრეული ასაკიდანვე უნდა განუვითაროთ, რათა მან ძლიერ და გამბედავ პიროვნებად ჩამოყალიბება შეძლოს. ჩვენს სტატიაში საინტერესო მეთოდებს შემოგთავაზებთ, რომელთა დახმარებით თქვენს შვილს პოზიტიურად აზროვნებას მარტივად ასწავლით.
ბავშვების თანდასწრებით ნუ იწუწუნებთ
თუ ბავშვები მშობლებისგან პესიმისტურ ფრაზებს ხშირად ისმენენ, ისინი ნეგატიურ აზროვნებას ეჩვევიან. როდესაც შვილებთან ერთად საცობში მოხვდებით, წუწუნს ნუ დაიწყებთ. ბავშვების გასაგონად არ თქვათ, რომ სახლამდე ვერასდროს მიაღწევთ, რომ უიღბლო ხართ და არასდროს არაფერში გიმართლებთ. თუ სამსახურში საქმე ცუდად მიგდით, თქვენი შვილების თანდასწრებით ამაზე ხმამაღლა საუბარს არ გირჩევთ. ბავშვები უფროსების ნათქვამ თითოეულ სიტყვას ისრუტავენ. თუ თქვენ გამუდმებით ნეგატივზე ორიენტირდებით, მომავალში თქვენი შვილებიც ასევე მოიქცევიან. ყოველთვის ისაუბრეთ თქვენს წარმატებებზე, იყავით მაქსიმალურად პოზიტიური და თქვენს შვილებს მომავლის იმედი ჩაუნერგეთ.
ყოველთვის გქონდეთ განსაკუთრებული მოლოდინები
ბავშვებს გამუდმებით მიეცით დავალებები. მათ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს. სანამ ბაღში მიიყვანდეთ, თქვენს შვილს უკვე ბევრი რამ უნდა ასწავლოთ. შეგიძლიათ მას საკუთარი საწოლის მოწესრიგება, კბილების გახეხვა და ხელ-პირის დაბანა დაავალოთ. ბავშვი უნდა დაარწმუნოთ, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია. თქვენს შვილს ოპტიმიზმს სხვაგვარად ვერ ჩაუნერგავთ. ის საკუთარ შესაძლებლობებში თავად უნდა დარწმუნდეს. ყოველთვის გქონდეთ განსაკუთრებული მოლოდინები. მიეცით მას საშუალება დაგიმტკიცოთ, თუ რა შეუძლია. აუცილებლად შეაქეთ თქვენი შვილი, როდესაც დაინახავთ, თუ როგორ ასრულებს მიცემულ დავალებებს.
ასწავლეთ ბავშვს რისკზე წასვლა
მშობლები შვილების ჯანმრთელობას და ფსიქიკას ძალიან უფრთხილდებიან. როდესაც პატარებს ველოსიპედით გასეირნების ან ციგურებით სრიალის სურვილი აქვთ, მშობლებს შვილების გამოუცდელობა აშინებთ და შესაძლოა, მათ ამის გამო გარკვეული შეზღუდვები დაუწესონ, რაც დაუშვებელია. ბავშვები, რომლებსაც მშობლები გამოუცდელობის გამო ზღუდავენ, როგორც წესი, გაუბედავ და არათავდაჯერებულ პიროვნებებად ყალიბდებიან. ბავშვს სიახლეებისადმი გახსნილობის უფლება უნდა მისცეთ. ნუ გაჰყვებით მას სასკოლო ექსკურსიებზე, ნება დართეთ ციგურებით დამოუკიდებლად ისრიალოს, გამოსცადოს ყველაფერი, რაც აინტერესებს (ცხადია, ასაკის შესაფერისი აქტივობები იგულისხმება).
მიეცით ბავშვს საშუალება საკუთარი პრობლემები დამოუკიდებლად მოაგვაროს
თუ თქვენი შვილი გეტყვით, რომ მას სკოლაში დასცინიან ან შეურაცხყოფას აყენებენ, შესაძლოა, რისხვა ვერ დაიოკოთ და მჩაგვრელი ბავშვების მშობლებთან აგრესიული სატელეფონო ზარი განახორციელოთ, ან სკოლაში მიხვიდეთ და ყველას თავისი ადგილი მიუჩინოთ. გირჩევთ, მსგავსი ქცევისგან თავი შეიკავოთ და თქვენს შვილს საკუთარი თავის დაცვა ასწავლოთ. უთხარით მას, როგორ მოიქცეს, როდესაც მის დაჩაგვრას ცდილობენ, დაეხმარეთ თქვენს შვილს მეტი სიმამაცისა და გამბედაობის გამოჩენაში. როდესაც ის თავისი პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარებას ისწავლის, მისი თავდაჯერება ერთიორად მოიმატებს.
ბავშვი ხშირად გაამხნევეთ
თუ თქვენი შვილი ამტკიცებს, რომ მას მათემატიკის სწავლის უნარი არ აქვს ან ხატვის ნიჭი არ გააჩნია, მის გულგატეხილობას უყურადღებოდ ნუ დატოვებთ. უთხარით, რომ მათემატიკა გარკვეულ ეტაპზე საკმაოდ რთული ასათვისებელია, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი სწავლა მარტივდება, ხოლო ხატვა ყველა ადამიანს შეუძლია, თუ ამის სურვილი აქვს. გაახსენეთ თქვენს შვილს დაბრკოლებები, რომელთა გადალახვა მან წარმატებით შეძლო და უთხარით, რომ თქვენ მის შესაძლებლობებში აბსოლუტურად დარწმუნებული ხართ.
ბავშვს მოვლენების რეალისტური აღქმა ასწავლეთ
თუ საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადახვედით და თქვენი შვილი მეგობრების დანაკლისს განიცდის, მას არარეალურ მოლოდინებს ნუ შეუქმნით. ნუ ეტყვით ბავშვს, რომ ის ძალიან მალე უამრავ მეგობარს შეიძენს და მისით ყველა აღფრთოვანდება. თუ თქვენს შვილს ცრუ დაპირებებით ხშირად დააიმედებთ, ის თქვენს ნათქვამ სიტყვას აღარ დაიჯერებს. უმჯობესია, ბავშვს მოვლენების რეალისტური აღქმა ასწავლოთ. უთხარით თქვენს შვილს, რომ ახალ გარემოსთან ადაპტაცია საკმაოდ რთულია, მაგრამ ნელ-ნელა ის მეგობრების შეძენას აუცილებლად შეძლებს. მართალია, ყველასთან კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბება გაუჭირდება, მაგრამ მარტო ნამდვილად არ დარჩება. როდესაც თქვენი შვილი დაინახავს, რომ თქვენი ნათქვამი ყველა სიტყვა საბოლოოდ სიმართლე აღმოჩნდა, ის სამყაროს რეალისტური თვალით შეხედავს და სამომავლოდ იმედგაცრუებებისგან დაზღვეული იქნება. ოპტიმისტი ადამიანები ილუზიებით არ იკვებებიან, ისინი მოვლენებს ყოველთვის სწორად და ობიექტურად აფასებენ, რის გამოც პრობლემებთან გამკლავება უადვილდებათ.