ბავშვის სწორად განვითარებას უშლის თუ არა ხელს, ხშირი შექება ან პირიქით კრიტიკა მშობლების მხრიდან და როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი? - ამ და სხვა საკითხებზე MomsEdu.ge-ს ესაუბრა ფსიქოლოგი ნანა ფაცაცია.
- მშობლების მხრიდან შექებაზე მეტად ბავშვების გაკრიტიკება რამდენად ცუდია მათი ფსიქიკისთვის და უშლის თუ არა ხელს განვითარებაში?
- ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი მშობლების მხრიდან ბავშვის ქცევაზე. რა თქმა უნდა, უმჯობესია აქცენტი დადებითზე გაკეთდეს, რათა უფრო მეტად განვამტკიცოთ მოზარდის პოზიტიური ქცევა. თუმცა, თუ ბავშვი იქცევა ისე, რომ მშობელს ან უფროს ადამიანს ეს არ მოსწონს, საჭიროა ფაქიზად მივცეთ უკუკავშირი, რასაც, მოდი, კრიტიკას ნუ დავარქმევთ. ავუხსნათ ბავშვს, რატომ არ არის ესა თუ ის ქცევა მისაღები მშობლისთვის, ანუ შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული ჩვენი უკუკავშირი. მშობლის მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ადეკვატური უკუკავშირი. ჩვენს რეალობაში ხშირად გვესმის მშობლებისგან, გადატვირთული გრაფიკის გამო, გადაღლილებს აღარ ჰყოფნით ენერგია ახსნისთვის, თუმცა აუცილებელია გამოვნახოთ დრო და რესურსი, რომ ბავშვებს კრიტიკის ნაცვლად, ადეკვატური უკუკავშირი მივცეთ. ის, რაც არ მოგვწონს, კი არ გავუკრიტიკოთ, არამედ ვუთხრათ, რატომ არის საზიანო კონკრეტული ქმედება მათთვის და რა შედეგს მისცემს. ამით არჩევანის წინაშე დავაყენებთ, თავად აირჩიონ ქცევა, რომელიც ნაკლებად საფრთხის შემცველი იქნება.
- თუ პირიქით, მეტად აქებენ და ნაკლებად აძლევენ შენიშვნებს, ხომ არ მოვადუნებთ მათ და დავუკარგავთ მოტივაციას, კრიტიკულად შეხედონ საკუთარ თავს?
- ამ შემთხვევაშიც, როდესაც ვამბობთ მეტად შექებას ან მეტად გაკრიტიკებას, ისევ არაადეკვატურ უკუკავშირთან გვაქვს საქმე. მნიშვნელოვანია, რისთვის ვაქებთ ბავშვს. ხშირად იმისთვის ვაქებთ, რაშიც წვლილი არ მიუძღვის, მაგალითად, სილამაზე. იქ, სადაც იზრდებიან ესმით ფრაზები: „რა კარგი ხარ, პრინცესა“, „რა ლამაზი ხარ“ და ა.შ. როდესაც იზრდებიან და გადადიან მიკროსოციუმიდან მაკროსოციუმში (ბაღი, სკოლა და ა.შ.) იქ უკვე იქმნება პრობლემები, რადგან იგივე უკუკავშირს საზოგადოების მხრიდან ვეღარ ხედავენ, რამაც დიდი ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს მათ თვითშეფასებაზე. ბავშვებს აუცილებელია დადებითი უკუკავშირი მივცეთ რაღაცის კეთებისთვის, ეს იქნება სწავლა თუ სხვა რამ. მეტად ან ზედმეტად შექება არასწორია, ყოველთვის მიზანშეწონილია ჩარჩოში, ზომიერების ფარგლებში ადეკვატური რეაქციები.
- როგორ დავიჭიროთ ოქროს შუალედი, შექებასა და კრიტიკას შორის?
- მშობლები კვალდაკვალ უნდა მივყვებოდეთ შვილების ქმედებებს. იმას, რაც ჩვენთვის მიუღებელია და მივუთითებთ, ახსნაც უნდა მოჰყვებოდეს, ეს კი მათ შედეგების გაანალიზების საშუალებას მისცემს. მნიშვნელოვანია ფრაზები, რომლებსაც მშობელი იყენებს კომუნიკაციის დროს. თუ ჩვენ მოკლე ფრაზებს ვიყენებთ, მაგალითად, „არ შეიძლება“, ბავშვს კითხვა უჩნდება, რატომ არ შეიძლება, აუცილებელია დასაბუთებულად ავუხსნათ. ასევე სიტყვა „რატომ“, რომელსაც იყენებენ მშობლები. ხშირად ბავშვს უნდა კონკრეტული რამ, თუმცა არ იცის, რატომ უნდა, შესაბამისად, ამაზე პასუხს ვერ გაგვცემს და მეტ გაუგებრობას შეუქმნის ბავშვს. ასე რომ, არსებობს ფრაზები ეფექტური კომუნიკაციისთვის, რაც მშობლებს დაეხმარება დაიჭირონ ოქროს შუალედი. ჩვენ უნდა ვიყოთ ადეკვატური ანარეკლი შვილების ქმედების.
- რას ურჩევდით მშობლებს, როგორ ასწავლონ შვილებს იყვნენ თავდაჯერებულები და ამასთანავე არ შეწყვიტონ განვითარებაზე ზრუნვა?
- მნიშვნელოვანია ბავშვს და ზოგადად ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფის ადამიანს, ჰქონდეს ადეკვატური თვითშეფასება. ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რა არის თვითშეფასება, ვინაიდან თავდაჯერებულობა პირდაპირ კავშირშია ამასთან. თვითშეფასება არის ინდივიდის სუბიექტური წარმოდგენა საკუთარ თავზე, უნარებზე, თვისებებზე. ეს ყალიბდება ზუსტად იმ უკუკავშირებით, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ეს იქნება საკუთარი თავისგან, ოჯახისგან, მეგობრებისგან, თუ ნებისმიერი იმ სოციუმისგან მიღებული უკუკავშირი, სადაც უწევს ყოფნა, ასე ყალიბდება ადამიანის თვითშეფასება. შესაბამისად, ადრეული ასაკიდან უნდა ჩაეყაროს საფუძველი ბავშვის ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებას მისი ჯანსაღი განვითარებისთვის. ერიქსონის თეორიას გავიხსენებ, სადაც ის გამოყოფს ყველაზე მნიშვნელოვან პერიოდს თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში, 18 თვიდან 3 წლამდე. ამ დროს ძალიან დიდი როლი აქვთ მშობლებს. ეს ერთ-ერთი კრიზისის გადალახვის პერიოდია, როდესაც ბავშვი სწავლობს თვითონ კვებას, ჩაცმას, ნაბიჯების გადადგმას. ამ დროს თუ მშობელი იქნება მხარდამჭერი და ბავშვის ნებისმიერი ინიციატივა იქნება სწორად მხარდაჭერილი, ბავშვი სწავლობს თავდაჯერებულობას, საკუთარი ძალების რწმენას, ხოლო კრიზისი ილახება ჯანსაღად. თუ მშობელი ზემზრუნველია, ანუ არ აძლევს საშუალებას თვითონ გააკეთოს რამე, ასეთ დროს პატარას უყალიბდება ეჭვის განცდა საკუთარ თავის და შესაძლებლობების მიმართ. ამით შესაძლოა, საფუძველი ჩაეყაროს დაბალ თვითშეფასებას, რაც თავდაჯერებულობას უშლის ხელს. თუ 3 წლამდე კრიზისი ჯანსაღად გადაილახა, შემდეგი კრიზისის გადალახვა უფრო მარტივი იქნება მოზარდებისთვის, აქ უკვე შემოდის სკოლა, სადაც დიდი როლი აქვთ პედაგოგებს, თანატოლებთან ურთიერთობას.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ თავდაჯერებულობა ფსიქიკური განვითარების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ადეკვატური თვითშეფასება ეს არის სუიციდის საუკეთესო პრევენცია. თუ მშობლები (ოჯახის წევრები) და სააღმზრდელო დაწესებულებები სწორი უკუკავშირით ხელს შევუწყობთ, შვილები ჩამოყალიბდნენ თავდაჯერებულ პიროვნებებად, ეს მათთვის წარმატების საწინდარი იქნება. თავდაჯერებულობა გულისხმობს მუდმივ სწრაფვას თვითგანვითარებისკენ და თვითრეალიზაციისკენ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მშობლებს აუცილებლად სურთ, გადასხმა ჩატარდეს, რაც, მათი აზრით, სწრაფად გამოაჯანმრთელებს ბავშვს
როდის გვჭირდება გადასხმა დიარეის შემთხვევაში? - აღნიშნულ თემაზე პედიატრი თამარ ობგაიძე საუბრობს:
„ასე ხშირად ხდება-ვიზიტზე მოჰყავთ ბავშვი ნაწლავთა აშლილობით. მშობლებს აუცილებლად სურთ, გადასხმა ჩატარდეს, რაც, მათი აზრით, სწრაფად გამოაჯანმრთელებს ბავშვს. თუმცა ირკვევა, რომ ის ელექტოლიტური ხსნარს და სხვა სითხეებს კარგად სვამს. გაუწყლოების ნიშნები არ აქვს.
ფიქრობთ, რომ მაინც უნდა გადავუსხათ სითხეები?
მოდით, სულ თავიდან დავიწყოთ. ინტრავენური თერაპია ნიშნავს მედიკამენტის ან სისხლის შეყვანას ვენაში სამკურნალო მიზნით. მისი ისტორია უხსოვარი დროიდან იწყება. მას შემდეგ, რაც ადამიანმა ისწავლა სისხლის გამოშვება ვენიდან და ეს მეთოდი საუკუნეთა მანძილზე გამოიყენებოდა მძიმე დაავადებათა სამკურნალოდ, ხშირად სრულიად გაუმართლებლად და ფატალური შედეგით. ცნობილია, რომ კოლხი მედეა ცხვრის სისხლის გადასხმას ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად ატარებდა. ცოტა ფანტასტიკის სფერო კია, მაგრამ ლეგენდა სწორედ ასე მოგვითხრობს.
სითხეების ინტრავენური გადასხმა მე-19 საუკუნეში წარმატებით გამოიყენეს ქოლერის ეპიდემიის დროს, ხოლო მას შემდეგ, რაც მე-20 საუკუნეში სისხლის ჯგუფები აღმოაჩინეს, სისხლის გადასხმისათვის ი/ვ მანიპულაციების გამოყენება ხშირად ხდებოდა და და მან ათასობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
რა დროს მივმართავთ ინტრავენურ თერაპიას?
ეს სამი მიზეზით ხდება: სისხლის გადასხმა, სითხეების გადასხმა, მედიკამენტის შეყვანა ვენაში.
დიარეის დროს ელექტროლიტური ხსნარის ინტრავენური შეყვანა მაშინაა ნაჩვენები, როცა ბავშვი სითხეებს ვერ ან არ იღებს, ვთქვათ, ღებინების გამო, ძალიან მისუსტებულია, აქვს ძლიერი გაუწყლოების ნიშნები. შეფასებას ექიმი ახორციელებს და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს.
ასე, რომ დასაწყისში ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე თუ თქვენი პასუხია „არა”, თქვენ მართალი ხართ - თუ ბავშვი სითხეებს კარგად იღებს, მას ყველა შემთხვევაში გადასხმა არ სჭირდება.
მრავალრიცხოვანი კვლევით დადგენილია, რომ თუ პატარს ელექტროლიტური ხსნარის დალევა შეუძლია და აქტიურად იღებს მას, სარწმუნოდ უფრო სწრაფად უწყდება დიარეა, ვიდრე ელექტროლიტების ინტრავენური გადასხმისას.
ასე, რომ დიარეის დროს შეეცადეთ, აქტიურად მისცეთ ბავშვს სითხეები და ელექტროლიტური ხსნარი გაუწლოების თავიდან ასაცილებლად. გაუწყლოების ნიშნების გამოჩენისას კი გადაუდებლად უნდა მიაკითხოთ ექიმს,“ - აღნიშნავს პედიატრი.