ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„დასჯას ძალიან დიდი ტაქტი და ცოდნა სჭირდება და ის გადაიქცევა ყველაზე კარგ, მნიშვნელოვან სააღმზრდელო მომენტად,"- ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა
ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ ბავშვთან დასჯის აღმზრდელობით მეთოდად გამოყენების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასჯა უშუალოდ ქმედებას არ უნდა დავუკავშიროთ:
„დასჯა უშუალოდ ქმედებას არ უნდა უკავშირდებოდეს. პირველ რიგში, სიტუაცია უნდა იყოს ჩვენ მიერ შესწავლილი და გაცნობიერებული. ამის შემდეგ უნდა ვილაპარაკოთ წახალისებაზე, დასჯაზე და ა.შ. თუ ბავშვი ჭირვეულია ძალიან, მაშინ ჩვენ მისი ჭირვეულობის იგნორირებას ვაკეთებთ. შეიძლება ამის საფუძველი იყოს მოთხოვნილება იმისა, რომ ბავშვმა მიიქციოს მშობლის ყურადღება.“
ნანა ჩაჩუას თქმით, ბავშვის ჭირვეულობის იგნორირება ეფექტიანი მეთოდია:
„როდესაც ჩვენ ბავშვის ჭირვეულობას არ მივაქციეთ ყურადღება, იგნორირება გავუკეთეთ, ინსტრუმენტად ქცეული ჭირვეულობა გავაუფასურეთ. ჭირვეულობას მნიშვნელობა უნდა დავუკარგოთ. წავახალისოთ ბავშვი, თუ ის ისეთ რამეს გააკეთებს, რაც მის ასაკს წინ უსწრებს. ვთქვათ, ბავშვი ჰიგიენას არ იცავს, კბილებს არ იხეხავს დილას, სჭირდება სულ შეხსენება. ერთხელაც თავისით გაიხეხა კბილები, მაშინ უნდა წავახალისოთ, ვუთხრათ: „ყოჩაღ, შენ შეგიძლია ამის გაკეთება.“ ეს შექებაც არ უნდა იყოს გადაჭარბებული.“
„ყოველ საყვედურში, დასჯაში ბავშვის პიროვნულობა თუ იქნება არათუ ხელყოფილი, არამედ პირიქით, უფრო მეტად მივანიჭებთ ღირსებას, მაშინ დასჯასაც აზრი აქვს და რა თქმა უნდა, წახალისებასაც. დასჯას ძალიან დიდი ტაქტი და ცოდნა სჭირდება და ის გადაიქცევა ყველაზე კარგ, მნიშვნელოვან სააღმზრდელო მომენტად. ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ ყოველთვის, რომ პიროვნება არ უნდა იყოს ხელყოფილი. რაღაც ისეთი თუ გააკეთა, კი არ ვეუბნებით: „რატომ გააკეთე?“ ვეუბნებით: „ეს შენ როგორ მოგივიდა?!“ ამით ჩვენ მას ნდობას ვუცხადებთ და ვაგრძნობინებთ, რომ მისი ცუდი ქცევა გამონაკლისია,“ - აღნიშნულ საკითხზე ნანა ჩაჩუამ რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.