ტყუილის ფსიქოლოგია ბავშვებში - ამ თემაზე ფსიქოლოგმა ზურა მხეიძემ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თუ რაიმეს გარკვევა გსურთ, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ:
„გირჩევთ, თუ არკვევთ, რაიმე სიმართლეა თუ არა, ბავშვებისგან ინფორმაცია არ აიღოთ. ბავშვებს ფანტაზია აქვთ ძალიან განვითარებული, არასწორი ინფორმაცია შეიძლება აიღოთ. ეცადეთ, რომ ბავშვებს ტყუილზე ინფორმაცია საერთოდ არ გამოართვათ, ან თუ სხვა გზა არ გაქვთ და მაინც და მაინც ბავშვისგან გინდათ, არასდროს არ უნდა უკარნახოთ მას არაფერი. მაგალითად, არ უნდა უთხრა, ქურთუკი ეცვა? არც ერთი თქვენი შეკითხვა არ უნდა შეიცავდეს არანაირ მინიშნებას“, - აღნიშნა ზურა მხეიძემ.
მან საკუთარი მაგალითიც მოიყვანა. მიუხედავად იმისა, ბავშვებში ტყუილის ფსიქოლოგია კარგად იცის, შეცდომა მაინც დაუშვა:
„ბავშვი იყო 3 თუ 4 წლის, სახლში დავკარგეთ ტელევიზორის პულტი. როგორ იწყება? ვეკითხები მეუღლეს, - არ აუღია. ვეკითხები ბავშვს - არ მპასუხობს. აი, შეცდომა რა არის - ვეკითხები, ხომ არ გადააგდე? ბავშვი მეუბნება, კიო. სად გადააგდე-მეთქი, გამიყვანა აივანზე და გადამახედა. არაფერი არ ჩანდა. ვიყიდეთ ახალი პულტი და ძველი აღმოვაჩინეთ საწოლებს შორის ჩავარდნილი. მე რომ ვუთხარი მეუღლეს, შვილს გადაუგდია აივნიდან-მეთქი, მერე როცა ჩემმა მეუღლემ ჰკითხა ბავშვს, რა უყავი - მან წაიყვანა და აჩვენა (აივნიდან გადავაგდეო). ბავშვმა ის ისტორია უკვე შექმნა. არ გადაუგდია“.
ზურა მხეიძის თქმით, დიდი მანიპულატორები არიან და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობის დაძაბვა შეუძლიათ:
„ბევრი ფაქტია, როდესაც ბავშვების ჩვენების გამო არის ვიღაცა დაჭერილი. ბავშვებმა შეიძლება ცოლ-ქმარს შორის დაძაბონ ურთიერთობა, ტყუილებს ლაპარაკობენ. მამას მიუტანს ამბავს დედაზე, დედას - მამაზე. ძალიან დიდი მანიპულატორები არიან. თუ დაიჭირა, რომ თქვენ რეაქციები გაქვთ და მას უჯერებთ, მერე ნახეთ რა დღეში შეუძლიათ, რომ ჩაგაგდოთ,“ - აღნიშნა ზურა მხეიძემ. წყარო: აზროვნების აკადემია
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ზნეობრივად ცუდად აღზრდილ ბავშვს, ალბათ, სჯობს სულ არ მისცე თავისუფლება,“ - პაატა ამონაშვილი
ფსიქოლოგმა პაატა ამონაშვილმა ბავშვისთვის თავისუფლების მიცემის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ბავშვები ყველაზე უკეთ ცხოვრებისეული მაგალითებითა და თამაშით სწავლობენ:
„როდესაც ბავშვს მოგზაურობა აინტერესებს და უნდა, რომ სხვაგან გაფრინდეს, თუ ეს შეუძლებელია, რომ ამ წუთას რეალობაში გავაკეთოთ, რატომ არ უნდა გავაკეთოთ წარმოსახვაში?! ჩვენ წარმოსახვას მოქმედებასაც ვუმატებდით, ოღონდ ოთახიდან არ გავდიოდით. თამაშის დროს ბავშვები ძალიან ბევრ რამეს სწავლობენ. თუ ბევრს ვათამაშებთ, რა თქმა უნდა, უფრო გაერკვევიან ბევრ რამეში.“
პაატა ამონაშვილის თქმით, აღზრდის მეთოდების გაუმჯობესება ნებისმიერ მშობელს შეუძლია, თუ მას მონდომება ექნება:
„ნებისმიერ მშობელს შეუძლია მრავალგზის გააუმჯობესოს თავისი მშობლური აღზრდის საშუალებები, თუ მოიწადინებს. თავისუფლება და ზნეობა ერთმანეთის გარეშე არ არსებობს. თავისუფლების სიფართოვეც განისაზღვრება ზნეობიდან გამომდინარე. ყველა ბავშვზე ვერ ვიტყვით, მაგრამ თუ შევამოწმებთ ბავშვის ზნეობრივი აღზრდის დონეს, იქვე შეიძლება ვთქვათ, რა დონის თავისუფლება შეიძლება მივცეთ. ზნეობრივად ცუდად აღზრდილ ბავშვს, ალბათ,სჯობს სულ არ მისცე თავისუფლება.“
„აღზრდა ბავშვს ეძლევა იმ ცხოვრების წესით, რომელი წესითაც მშობლები ცხოვრობენ. ზნეობრივი წესი თუ არის ოჯახში დამკვიდრებული, მაშინ ეს ცხადია ბავშვზეც გადადის ბუნებრივად, ყოველგვარი ახსნის და სწავლა-განათლების გარეშე. რომ არ უნდა დაანაგვიანო, უნდა მიეხმარო მშობელს, ეს ბავშვზეც გადადის, თუ მშობლები ასე იქცევიან. ასეთნაირად აღზრდილი ბავშვი თავისუფლებას გამოიყენებს უფრო გონივრულად და არა თავისი თავისა და სხვების საზიანოდ. თუ კარგად აღზრდილები არიან ბავშვები, მაშინ მათ თავისუფლება შეიძლება ძალიან ფართო ჰქონდეთ,“ - აღნიშნულ საკითხებზე პაატა ამონაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დღე“ ისაუბრა.